სიკვდილი გზებზე - შეიძლება თუ არა საფრთხის თავიდან აცილება
23 აგვისტოს შატილის გზაზე მომხდარი ავტოკატასტროფის შემდეგ, ისევ განახლდა საუბარი იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში გზები უსაფრთხო არაა.
ავარიის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო სამის მდგომარეობა მძიმეა. გუშინ ცნობილი გახდა ორი დეტალი:
- ავტომობილს, რომლითაც ტურისტები ერთდღიანი ტურით შატილი-მუცოს სანახავად იმყოფებოდნენ, ტექდათვალიერება თვე-ნახევრის წინ უნდა გაევლო.
- აქამდეც არსებობდა უკმაყოფილება იმ ტურისტული კომპანიის მიმართ, რომელმაც ჯგუფი შატილში აიყვანა ერთდღიან ტურზე.
გამოძიება მიზეზებს ადგენს. დღეს კი ქვეყანაში გლოვის დღეა. ამ შემთხვევამდე იყო ათასობით ავტოსაგზაო შემთხვევა ბოლო წლების განმავლობაში და ასობით მსხვერპლი. მასშტაბების შესაფასებლად მხოლოდ 2020 წლის მონაცემებიც კმარა. წელს საქართველოს გზებზე 203 ადამიანი გარდაიცვალა.
რა გარემოებები ხდის გზებს სახიფათოს და რა ვერსიებზე საუბრობენ ექსპერტები შატილის ავტოავარიის შემდეგ, წაიკითხე მეტი ნასტასია არაბულის სტატიაში.
ოპოზიცია: შეთანხმება უთანხმოების თანხლებით
ისინი, ვისაც ლეიბორისტული პარტიის ოფისში შესაძლოა ხშირად ხედავდით, ახლა დეკლარაციის საფუძველზე გაერთიანდნენ. 30-მდე პარტიამ 24 აგვისტოს ხელი მოაწერა შეთანხმებას შემდეგ საკითხებზე:
- შეიქმნება საერთო მონაცემთა ბაზა, რომელიც ასახავს არჩევნების პროცესში გამოვლენილ ყველა დარღვევას;
- შემუშავდება საერთო სამოქმედო საკოორდინაციო მექანიზმი, დარღვევებზე შემდგომი სწრაფი რეაგირებისთვის;
- ერთობლივი ძალებით მოხდება კენჭისყრისა თუ ხმის დათვლის პროცესების მეთვალყურეობა, დარღვევების გამოვლენა-აღკვეთა თუ საჩივრების დაწერა.
ოფიციალური შეთანხმების მიუხედავად, ისევ რჩება საკითხები, რაზეც აზრთა სხვადასხვაობა რჩება. რაზეა ოპოზიციური სპექტრი ერთსულოვანი და რა რჩება ჯერ კიდევ შეუთანხმებელ საკითხად, წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.
საქართველოში კორონავირუსით მე-18 პაციენტი გარდაიცვალა - ეპიდმდგომარეობა დღეს
გუშინ საქართველოში მეთვრამეტე პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსის შედეგად. პაციენტი 87 წლის ქალი იყო ქვემო ქართლიდან.
დღეს ახალი ინფორმაცია გახდება ცნობილი კორონავირუსის შემთხვევების შესახებ. გასული 24 საათის განმავლობაში კი 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 2 მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერს უკავშირდება, 2 ადრე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტის შედეგია, 5 შემოტანილია, 1-ის ინფიცირების წყაროს დასადგენად კი კვლევა გრძელდება.
ამრიგად, ქვეყანაში კორონავირუსის 1421 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 1137 გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის გავრცელების გამო ისევ ჩაკეტილია დაბა მესტია და მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ლენჯერი.
"პატრიოტთა ალიანსმა" აფხაზეთში ხატი ჩაიტანა
რამდენიმე დღის წინ „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პარტიის ლიდერების ოკუპირებულ აფხაზეთში საიდუმლო ვიზიტის შესახებ, გამოხმაურებები მოჰყვა. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველმა ლაშა საკანიამ თქვა, რომ პარტიის ლიდერების ვიზიტი მართლაც შედგა, თუმცა ის ჰუმანიტარული ხასიათის იყო.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილიც ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა.
„ჩვენ, მე და გიორგი ლომია, ჩვენი [საპარლამენტო] ფრაქციის თავმჯდომარე, ნამდვილად ვიყავით აფხაზეთში. დიახ, ნამდვილად ვიყავით. ჩვენ ღვთისშობლის ხატი დავაბრძანეთ ილორის ტაძარში“, - განაცხადა ინაშვილმა 24 აგვისტოს პრესკონფერენციაზე.
კოლმეურნე ავტომატით ხელში
26 წლის წინ, 1994 წლის 10 ივლისს, არჩევნების მეორე ტურში მიღებული ხმების 56 %-ით, მოგილევის ოლქის შკლოვსკის რაიონის საბჭოთა მეურნეობის, „გოროდეცის“, დირექტორი, ალექსანდრ ლუკაშენკა არჩეული იქნა ბელარუსის პირველ პრეზიდენტად, რის გამოც მას მალევე მოუწია მინსკში გადასვლა, თუმცა ცნობილი ფაქტია, რომ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ლუკაშენკამ დედაქალაქში თან არ იახლა ცოლი, გალინა. ქვეყანაში გავრცელებული ხმების მიხედვით, ახალი პრეზიდენტის ამგვარი გადაწყვეტილებით შეშფოთებულ თანასოფლელებს უკითხავთ გალინასთვის, თუ რატომ არ მიდიოდა ქმართან, რაზეც ცნობისმოყვარე თანასოფლელებს ასეთი პასუხი მიუღიათ: ჩემი საშა ორ წელზე მეტხანს ვერსად ჩერდებაო. გალინა შეცდა: საშა ამ ადგილზე 26 წელი დარჩა და იმისათვის, რომ კიდევ 5 წლით დარჩეს, ხელში ავტომატი აიღო.
დღეს ლუკაშენკა ავტომატით ხელში და ძალის გამოყენებით ცდილობს შეინარჩუნოს პოსტი, რომელზეც 26 წელი უკვე გაატარა და კიდევ სურს დარჩენა. ხალხი მის სურვილს არ ეთანხმება. ბელარუსი საპროტესტო რეჟიმში ცხოვრობს.
როგორი იყო კოლმეურნის გზა პოლიტიკაში და რა მოლოდინი აქვთ ანალიტიკოსებს დღეს, წაიკითხე ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.
18 წლის გურჯაანელი ვაჟა ფურცელაძე, რამდენიმე წელია, ერთი შეხედვით უსარგებლო ნივთებს აგროვებს - რას არ ნახავთ მის სამუშაო მაგიდაზე: მონეტები, ჭანჭიკები, კალმის სახურავები, დაშლილი სანთებელები, ძველი ტექნიკის ნაწილები... მერე ამ მეორადი ნივთებისგან ხან რობოტი იქმნება, ხან სამურაი, ხან ხომალდი „ვარსკვლავური ომებიდან“. ყველა ნივთს თავისი სახელი და თავგადასავალი აქვს. ის, რაც ერთ დღეს თავშესაქცევად წამოიწყო, ამჟამად ვაჟას საყვარელი საქმიანობაა და უნდა, რომ თავის მომავალ სასურველ პროფესიას, კომპიუტერულ ინჟინერიასაც დაუკავშიროს. ვაჟა ერთ-ერთია იმ აბიტურიენტებს შორის, ვინც წელს ეროვნულ გამოცდებზე ინგლისურ ენაში უმაღლესი, 80 ქულა აიღო. გამოცდების შედეგების მოლოდინში კი ვაჟა უკვე ახალი ჩანაფიქრის განხორციელებას - აფრებიანი გემის კეთებას - შეუდგა.