„მარცვლეულის შეთანხმება“ უკრაინას, გაეროს, თურქეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული დოკუმენტია, რომელიც შავ ზღვაში უსაფრთხო დერეფანს ქმნიდა მარცვლეულის გადასაზიდად.
მარცვლეულით დატვირთული ბოლო ხომალდი უკრაინის ქალაქ ოდესის პორტიდან 16 ივლისს გამოვიდა. ამით დასრულდა გარიგება, რომელსაც შარშან ივლისში გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა „იმედის შუქურა” უწოდა.
ესკალაცია შავიზღვისპირეთში
უკრაინამ განაცხადა, რომ გააგრძელებდა მარცვლეულის ტრანსპორტირებას, რასაც რუსეთმა საპორტო ქალაქებზე შეტევით უპასუხა.
- შავიზღვისპირეთში რუსეთის საჰაერო თავდასხმების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა „გამიზნულად აირჩია მარცვლეულის შეთანხმების ინფრასტრუქტურა“.
- სოფლის მეურნეობის მინისტრმა, მიკოლ სოლსკიმ თქვა, რომ თავდასხმების შედეგად 60 000 ტონა მარცვლეული განადგურდა.
ნაწილი იმ ქვეყნებისა, რომლებსაც უკრაინა ამარაგებს, რისკის წინაშე დადგნენ. უკრაინის მთავრობის მონაცემებით, უკრაინიდან ყველაზე მეტი ხორბალი გადის თურქეთში, რუმინეთში, ეგვიპტეში, ალჟირში, ლიბიაში.
საბაზრო მოლოდინით, რუსეთის გადაწყვეტილებამ შესაძლოა დაარტყას აფრიკის სამხრეთ და აღმოსავლეთ სანაპიროების ქვეყნებს, ასევე, ახლო აღმოსავლეთს, და სასურსათო კრიზისი შექმნას.
სავალუტო ფონდი აცხადებს, რომ რუსეთის გასვლა „აუარესებს სურსათის უსაფრთხოების მხრივ არსებულ ვითარებასა და მოლოდინებს და ქმნის რისკს, რომ საკვებზე ინფლაცია გაიზარდოს, განსაკუთრებით - დაბალშემოსავლიან ქვეყნებში“.
შეეხება საქართველოს?
მაგრამ საქართველოში მარცვლეულის ინდუსტრიას მსგავსი სცენარის განვითარების მოლოდინი არა აქვს.
პირველ რიგში იმიტომ, რომ საქართველო არ მარაგდება უკრაინული მარცვლეულით - ხორბლის იმპორტში უკრაინის წილი მინიმალურია. ძირითადი - თითქმის ერთადერთი - იმპორტიორი რუსეთის ფედერაციაა.
2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში ჯამში შემოვიდა $20 მლნ-ის ღირებულების ხორბალი. $20.1 მლნ რუსეთიდან იყო. უკრაინიდან - მხოლოდ $515 000.
პროცენტულად რუსეთზე 97.5% მოდიოდა, უკრაინაზე - 2.5%.
ამ სტატისტიკისა და არსებული ლოგისტიკური ქსელის გათვალისწინებით, ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია მარცვლეულის დეფიციტს არ ელის. და ამას ადგილობრივი წარმოებაც უწყობს ხელს:
„მარაგები ფქვილადაც არის და ხორბლადაც. ამასთან, კახეთმა ახლა დაასრულა, მაგრამ შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში ახლა მიმდინარეობს მოსავლის აღება. ეს სტაბილიზაციაზე მოქმედებს. ხორბალი 3-4 თვე გარანტირებულად გვექნება“, - ამბობს ლევან სილაგავა.
მაგრამ ფასებზე ალბათ იმოქმედებს
„დიახ, ასეთი მოლოდინი ნამდვილად არსებობს და თუ დიდხანს გაგრძელდა ესკალაცია, ფასები გაიზრდება რუსეთშიც და შემდეგ საქართველოსაც გადმოეცემა“, - ეუბნება სილაგავა რადიო თავისუფლებას.
შეთანხმებიდან რუსეთის გასვლისთანავე გლობალურ სასაქონლო ბაზრებზე ხორბლისა და სიმინდის ფასები გაიზარდა.
ოთხშაბათს, 19 ივლისს, ევროპის საფონდო ბირჟაზე ერთი ტონა ხორბლის ფასი წინა დღესთან შედარებით 8.2%-ით, ხოლო სიმინდისა - 5.4%-ით გაიზარდა.
თუმცა ეს მონაცემები, შეთანხმების შეწყვეტით გამოწვეული ზრდის მიუხედავად, შარშანდელ შოკთან ახლოსაც ვერ მივა.
შარშან მარტში, - რუსეთის შეჭრიდან მალევე, - ხორბლის ფასები რეკორდულად გაიზარდა და ბუშელზე (უდრის 36.4 ლიტრს) ¢1180-ს მიაღწია, ახლა კი ბუშელის ფასი ¢728-ია.
საქართველოს ბაზარზეც მსგავსი ტენდენცია იყო: „თუკი შარშან 1 ტონა ხორბალი 350-370 დოლარად შემოდიოდა, წელს მნიშვნელოვნად არის შემცირებული. გუშინდელი ფასი 234 დოლარია. და ეს ფასი შეიძლება გაიზარდოს“, - ამბობს სილაგავა.