Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მხარდამჭერი კანონპროექტი აშშ-ის კონგრესში


საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა ტედ პომ და ჯერალდ კონოლიმ აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატას წარუდგინეს საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი, რომელშიც საუბარია საქართველოს მიმართ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერაზე და დაგმობილია რუსეთის ქმედებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამ კანონპროექტის ინიცირება დაემთხვა ვაშინგტონში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, ვიზიტს. მისი სიტყვებით, „საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი (“Georgia Support Act”) ისტორიული დოკუმენტია, რომელსაც, იმედია, კონგრესი მხარს დაუჭერს“.

ირაკლი კობახიძე: „ეს არის ისტორიული დოკუმენტი“
please wait

No media source currently available

0:00 0:00:49 0:00

კონგრესმენ ტედ პოს განცხადებით, ორპარტიული კანონპროექტი ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და, ასევე, გამოკვეთს აშშ-ის პოზიციას იმის თაობაზე, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა.

„საქართველო აშშ-ის ერთგული მეგობარია. ორ ერს შორის ამ მეგობრობის დასტურია ისიც, რომ ქართველი სამხედროები ამერიკელი სამხედროების გვერდით დგანან და იბრძვიან ერაყსა და ავღანეთში. უდავოა, რომ აშშ-მა მეტი უნდა გააკეთოს საქართველოს დასახმარებლად, მის დასაცავად ძალიან რეალური რუსული საფრთხისგან და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად“, - განაცხადა ტედ პომ.

მისმა კოლეგა კონგრესმენმა ჯერალდ კონოლიმ კი აღნიშნა, რომ:

„საქართველო არის აშშ-ის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი. ხოლო საქართველოს მხარდამჭერი აქტი ცხადყოფს აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, მისი დემოკრატიული განვითარებისა და უსაფრთხოების (განსაკუთრებით კი რუსული აგრესიის თვალსაზრისით) კუთხით“.

ორპარტიულ დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას ეთმობა და აქტის თანახმად:

  • აშშ-ის სახელმწიფო მდივანს საქართველოსთან ამ მიმართულებით თანამშრომლობის მომავალი ხუთი წლის სტრატეგიის წარდგენა ევალება.
  • კონგრესი მოითხოვს აშშ-ში შესვლის აკრძალვისა და ფინანსური აქტივების დაყადაღების გზით სანქციების დაწესებას ყველა იმ პირისათვის, ვინც პასუხისმგებელია რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე.
  • კონგრესი ავალებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, აშშ-ის ხაზინის მდივანთან კონსულტაციის გზით, კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში ზემოხსენებულ დანაშაულებრივ ქმედებებში გამოვლენილი პირების თაობაზე დეტალური ანგარიშის წარდგენას.

საკანონმდებლო აქტით, კონგრესი გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის - ოკუპაციას; ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევებს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების - არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის - მკვლელობებს.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შეხვდა ასევე აშშ-ის კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარეებს პიტერ როსკამსა და დევიდ პრაისს. კონგრესმენები აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მოწოდებით მიმართავენ.

„მოხარული ვარ, რომ ჩემს კოლეგა დევიდ პრაისთან ერთად მხარს ვუჭერ აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას, რადგან გვწამს, რომ ვაჭრობა მნიშვნელოვანია არამხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, - ის ჩვენს ორ ქვეყანას ერთმანეთთან კიდევ უფრო აახლოებს. როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ასევე საქართველოსთვის კარგია, შემცირდეს სავაჭრო ბარიერები და გაიზარდოს ვაჭრობის შესაძლებლობები. შედეგად, იქნება არა მხოლოდ უფრო მეტი კომერციული საქმიანობა, არამედ უფრო ძლიერი პოლიტიკური და სტრატეგიული ალიანსიც“, - განაცხადა პიტერ როსკამმა.

საქართველოს მხარდამჭერ ორპარტიულ კანონპროექტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც გამოეხმაურა:

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი გიორგი რუხაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში გამოყოფს სამ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომელთაც, მისი აზრით, ეს კანონპროექტი მოიცავს, და შენიშნავს, რომ ახლა მთავარია, რას გააკეთებს საქართველოს ხელისუფლება საიმისოდ, რომ ეს რეზოლუცია მივიდეს აშშ-ის აღმასრულებელ ხელისუფლებამდე, კერძოდ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპამდე.

გიორგი რუხაძე: იმედი მაქვს, გავცდებით ჯაველინებს
please wait

No media source currently available

0:00 0:01:42 0:00

იმისათვის, რომ კონგრესმა მიიღოს საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი, მას ორივე პალატის მხარდაჭერა სჭირდება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

  • 16x9 Image

    გიორგი გოგუა

    გიორგი გოგუა არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2014 წლიდან.

XS
SM
MD
LG