Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ელექტროგენერაციას 230 მეგავატი სიმძლავრის თბოელექტროსადგური შეემატა


ექსპლუატაციაში შევიდა გარდაბნის მახლობლად აშენებული ახალი, 230 მეგავატი სიმძლავრის, თბოელექტროსადგური, რომელიც წელიწადში მილიარდ 300 მილიონკილოვატ/ საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.
“გარდაბნის თბოელექტროსადგურ 2"-ის მშენებლობა სააქციო საზოგადოება "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ " 180 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსა. მისი მშენებლობა კონტრაქტორმა ჩინურმა კომპანია China Tianchen Engineering Corporation (TCC)-მა ორი წლის წინ დაიწყო.
ახალი თბოსადგური ამჟამად სატესტო რეჟიმში მუშაობს.

18 იანვარს ენერგოობიექტის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 2012 წლიდან საქართველოს ენერგოგენერაციას, დაახლოებით, 1200 მეგავატი სიმძლავრე დაემატა, თუმცა ეს საკმარისი არ არის.
„საქართველოს ეკონომიკა წლიდან წლამდე იზრდება. ამდენად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს დივერსიფიცირებული, მდგრადი და სტაბილური ელექტროგენერაცია“, თქვა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა თქვა ასევე, რომ საქართველო, ელექტროენერგიის ტრანზიტის თვალსაზრისით, ისეთივე საიმედო და გამჭვირვალე უნდა იყოს მეზობელი ქვეყნებისა და ევროპელი პარტნიორებისთვის, როგორი საიმედო და გამჭვირვალეცაა ენერგომატარებლების ტრანზიტის შემთხვევაში.


ოფიციალურ ცერემონიაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ 2019 წელს დაწყებული რეფორმის შედეგად საქართველოში შეიქმნა კონკურენტული ღია ენერგეტიკული ბაზარი, ენერგეტიკული ბირჟა.

„ახლა მთავარი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ გენერაციის ახალი ობიექტების მშენებლობას. სწორედ ასეთი ობიექტია “გარდაბნის თბოელექტროსადგური 2". ეს სადგური, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოში გამოსაყენებელი ელექტროენერგიის 10 პროცენტს უზრუნველყოფს. ეს არის ე.წ. რეზერვი, რომელიც, აუცილებლობის შემთხვევაში, სწრაფად შედის მწყობრში. ახალ თბოსადგურს შეუძლია თბილისის მიერ ელექტროენერგიის საშუალო თვიური მოხმარების 70 პროცენტის დაფარვა“, თქვა ნათია თურნავამ.

“გარდაბნის თბოელექტროსადგური 2" ელექტროენერგიას ამერიკული „ჯენერალ ელექტრიკის“ მიერ წარმოებული ტურბინების საშუალებით ბუნებრივი აირის მეშვეობით გამოიმუშავებს.
"საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბახტაძემ განაცხადა, რომ ტურბინების მარგი ქმედების კოეფიციენტი 55 პროცენტია და ორჯერ ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარს, ვიდრე საქართველოში ადრე აშენებული მოძველებული თბოელექტროსადგურები.

ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანმა გია არაბიძემ, რომელიც ასევე თბოელექტროსადგურის გახსნის ცერემონიას დაესწრო, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ახალი ელექტროსადგური აზერბაიჯანის გაზის ტრანზიტიდან მიღებულ ე.წ. სოციალურ გაზზე მუშაობს, რომლის ათასი კუბური მეტრის ფასი, დაახლოებით, 120-დან 130 აშშ დოლარამდე მერყეობს.

„გაზის დაბალი ფასის გამო, ახალი სადგურის მიერ გამომუშავებული ერთი კილოვატი ელექტროენერგიის ღირებულება, დაახლოებით, 10 ამერიკული ცენტი იქნება“, თქვა გია არაბიძემ.

მისივე ცნობით, "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ გეგმავს 900 მეგავატი საერთო სიმძლავრის ორი თბოსადგურის აშენებასაც. მესამის საპროექტო პარამეტრები ამჟამად განხილვის სტადიაშია.


„დამატებით ორი თბოსადგურის აშენებით შევქმნით ისეთ ბაზისურ გენერაციას, რომელიც საქართველოს ელექტროენერგიისსაჭიროებას მთლიანად დააკმაყოფილებს“, თქვა პროფესორმა გია არაბიძემ.
მისივე განმარტებით, ამჟამად ქვეყანა წლიურად მილიარდ 6 000 მილიონი კილოვატ/საათი ელექტროენერგიის დეფიციტს განიცდის და მისი შევსება იმპორტით ხდება.


  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

XS
SM
MD
LG