Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სასწრაფოს 6 საათი ველოდებოდი“ - როგორ დაუდგინეს გიორგის კორონავირუსით ინფიცირება მოსკოვში


მოსკოვი
მოსკოვი

23 აპრილს გიორგიმ (სახელი შეცვლილია), რომელიც წლებია მოსკოვში ცხოვრობს, ფილტვებთან ჭვალი იგრძნო, მოულოდნელად გემო და ყნოსვა დაკარგა. იმ დღესვე კომპიუტერული ტომოგრაფია გადაიღო, თუმცა საეჭვო არაფერი აღმოჩნდა. გიორგიმ თავისი ხარჯით ახალ კორონავირუსზე ტესტი მაინც გაიკეთა, რვა დღის შემდეგ მას დადებითი პასუხი მოუვიდა.

ამ მომენტისთვის რუსეთი ეპიდემიის პიკშია. ბოლო 4 დღის განმავლობაში ქვეყანაში ყოველდღე საშუალოდ 10 ათასი ახალი ინფიცირებულია. საერთო ჯამში, COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვი 166 ათასს მიუახლოვდა. მათ შორისაა 31 წლის გიორგი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა.

გიორგი თავის მდგომარეობასა და რუსეთში არსებულ სიტუაცაზე (სხვადასხვა მედიის ცნობით, იქ საავადმყოფოებთან სასწრაფოების რიგი დგას, ჯანდაცვის სისტემას კი ექიმები არ ჰყოფნის) რადიო თავისუფლებას ესაუბრა.

- გიორგი, როდის გაგიჩნდა ეჭვი, რომ COVID-19 გქონდა?

- ერთ საღამოს ხველა დამეწყო, ისე, რომ სუნთქვა მიჭირდა. ძალიან შემეშინდა. იმის მიუხედავად, რომ მაქსიმალური ტემპერატურა 37 მქონდა, სასწრაფოში მაინც დავრეკე და მოვატყუე, რომ მაღალი ტემპერატურა მიფიქსირდებოდა. სხვა შემთხვევაში არ მოვიდოდნენ ან მეტყოდნენ, რომ ჩემი ფეხით წავსულიყავი საავადმყოფოში. სასწრაფოს 6 საათი ველოდებოდი, ნორმალურ სიტუაციაში 20 წუთში მოდის ხოლმე. დათრგუნვილი შემოვიდა ექიმი. წუწუნებდა, იმდენი გამოძახებაა, ვერ ავუდივართო; ხელფასს არ გვიმატებენო.

საავადმყოფოში წამიყვანეს, ისევ ტომოგრაფია გადამიღეს და პნევმონია გამოჩნდა. ამას ტესტის პასუხიც დაემთხვა, რომელიც, წესით, 2 დღეში უნდა მოსულიყო, მაგრამ 8 დღე დასჭირდა. საავადმყოფოები და მედპერსონალი ვერ აუდის პაციენტების მიღებასო, ასე ამიხსნეს ტესტის დაგვიანების მიზეზი.

- მკურნალობის რა სქემაა რუსეთში მათთვის, ვინც ინფიცირებულია, მაგრამ სახლში რჩება?

- პირველი კვირა აზიტრომიცინი დამინიშნეს, ახლა პლანქველინს ვსვამ, დღეში ორ აბს. პირველ დღეს, როცა ამ პრეპარატის მიღება დავიწყე, ოთხ აბს ვსვამდი - ორს დილით და ორსაც საღამოს. აზიტრომიცინისგან განსხვავებით, პლანქველინის მიღების შემდეგ თავის ძლიერი ტკივილები დამეწყო, ამიტომ ახლა გამაყუჩებელს ვაყოლებ.

- ავადმყოფობისა და საგანგებო სიტუაციის გამო მუშაობის შეწყვეტა დაგჭირდა?

- საქმეს დისტანციურად ვაკეთებ, სახლიდან. ხელფასი 30 %-ით შემიმცირდა. მოსკოვში ბინას ვქირაობ და მაშინვე ბინის პატრონს მივწერე და ვთხოვე ქირის გადასახადზე შეღავათი გაეკეთებინა.

- ისინი, ვინც კარანტინის გამო უმუშევრად დარჩა, რა დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან?

- ტელევიზიით გამოაცხადეს, ვინც უმუშევარი დარჩა, დამსაქმებელი ვალდებულია ხელფასი გადაუხადოსო, მაგრამ ამას არავინ აკეთებს. შესაბამისად, არც დამსაქმებლებისგან და არც სახელმწიფოსგან რუსეთის მოქალაქეებს დახმარების არანაირი პაკეტი ამ დრომდე არ მიუღიათ.

- სახლიდან გასვლა როცა გჭირდება, როგორ იქცევი, უსაფრთხოების რა ზომების დაცვაა სავალდებულო მოსკოვში?

- მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გაჩერებულა, - მეტროც მუშაობს და ავტობუსებიც დადის, - მე სახლიდან არ გავდივარ. ოფიციალური სტრუქტურებიდან შეტყობინება გამომიგზავნეს - მთხოვდნენ, რომ ტელეფონში რაღაც აპლიკაცია დამეყენებინა, რომელიც ჩემს ადგილმდებარეობას გააკონტროლებდა. რა თქმა უნდა, არ დავაყენე. აქ სახელმწიფო ისედაც ყველას აკონტროლებს, მაგრამ ასეთ აპლიკაციას მაინც არ დავაყენებ.

- როგორ ფიქრობ, როდის შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია?

- პუტინი კვირაში ერთხელ გამოდის და თვითიზოლაციის რეჟიმს ახანგრძლივებს. ახლა 11 მაისამდეა გამოცხადებული ეს რეჟიმი, მაგრამ, ვფიქრობ, მაისის ბოლომდე გაგრძელდება.

- რა პოზიცია აქვს მოსახლეობას, შენს ნაცნობებს, ვინც იძულებულია სახლში დარჩეს - ხალხი ამართლებს კარანტინს, თუ, პირიქით, მის მოხსნას ითხოვს?

- არა. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყველა შეშინებულია და კარანტინსაც გაგებით ეკიდებიან. უფროს თაობაში არის ეჭვები, რომ კორონავირუსი მოგონილია და კარანტინიც უნდა მოიხსნას და მაგალითად ბელორუსია და ლუკაშენკო მოჰყავთ.

- გიორგი, ინფიცირებიდან 2 კვირა გავიდა, ახლა როგორ გრძნობ თავს?

- გუშინ გემო და ყნოსვა დამიბრუნდა. ტემპერატურა არც წინა დღეებში მქონდა. ერთადერთი, პლაქველინის მიღების შემდეგ თავის ტკივილი და ოფლიანობა მეწყება. მკურნალობას კიდევ 5 დღე დასჭირდება და მერე ისევ გავიკეთებ ტესტს.

  • 16x9 Image

    დათო ქორიძე

    რეპორტიორი, ფოტოგრაფი. მუშაობს ადამიანის უფლებების, უმცირესობების და სხვა სოციალურ საკითხებზე. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2015 წლიდან.

XS
SM
MD
LG