Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპენსიო რეფორმის რისკები 15-ათასლარიანი ხელფასის საპირწონედ


საპენსიო სააგენტოს დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დაკავებას ვაკანსიის გამოცხადებიდან სამი დღის თავზე უკვე 20 ადამიანი ცდილობს, თუმცა მათი რაოდენობა 29 აგვისტომდე, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება. სწორედ 29 აგვისტოს სრულდება განცხადებების მიღების ვადა. სააგენტოს დირექტორის ხელფასი 10-დან 15 ათას ლარამდე განისაზღვრა.

დაგროვებითი საპენსიო რეფორმა

2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში უნდა ამოქმედდეს დაგროვებითი საპენსიო რეფორმა:

  • საპენსიო სქემაში ავტომატურად ჩაერთვება ყველა ის მოქალაქე, რომელიც ანაზღაურებას იღებს გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე
  • 40 წელზე უფროსი დასაქმებულებისათვის საპენსიო სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობითი იქნება, 40 წლამდე პირებმა კი შემოსავლიდან გარკვეული თანხა აუცილებლად უნდა დაზოგონ.
  • საპენსიო სქემაში მონაწილეობს სამი მხარე: დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო.
  • მხარეების თანამონაწილეობა ასე გამოიყურება: დასაქმებულმა ფონდში უნდა გადარიცხოს ყოველთვიური სარგოს 2 %. დამსაქმებელი ფონდში მიმართავს დასაქმებულის ხელფასის 2 %-ს, ხოლო სახელმწიფო დასაქმებულის საშემოსავლო გადასახადიდან (20 %-იდან) იღებს 2 %-ს და მას საპენსიო ფონდში რიცხავს.

როგორც რადიო თავისუფლებას ფინანსთა სამინისტროში განუმარტეს, იქიდან გამომდინარე, რომ საპენსიო სააგენტოს დირექტორის უპირველესი პასუხისმგებლობაა, „საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, საპენსიო სააგენტოს ჩამოყალიბება და მართვა, შენატანების ადმინისტრირება და აღრიცხვა და დაგროვებითი საპენსიო სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, მნიშვნელოვანია, რომ შერჩეული კანდიდატი იყოს შესაფერისი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე, ხოლო მისი ანაზღაურება - აღნიშნული კვალიფიკაციის შესაბამისი“.

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით 21 ივლისს მიიღო, სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დირექტორი დანიშნული უნდა იქნეს არაუგვიანეს 15 სექტემბრისა, საპენსიო სააგენტოს დირექტორის შერჩევის შემდეგ კი დირექტორი შეიმუშავებს და სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით დაამტკიცებს სააგენტოს საშტატო ნუსხას და სააგენტოს ბიუჯეტის პროექტს. საპენსიო სააგენტოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობებზე (გარდა უფროსი საინვესტიციო ოფიცრის და საინვესტიციო საბჭოს წევრებისა) თანამშრომელთა შერჩევას კონკურსის წესით განახორციელებს დირექტორის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისია.

სწორედ საპენსიო სააგენტო და მისი დირექტორი უნდა იყოს პასუხისმგებელი იმ საპენსიო რეფორმაზე, რომელიც ძალაში მომავალი წლიდან შედის. 2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში უნდა ამოქმედდეს დაგროვებითი საპენსიო რეფორმა, რომლის მიხედვითაც, საპენსიო სქემაში ავტომატურად ჩაერთვება ყველა ის მოქალაქე, რომელიც ანაზღაურებას იღებს გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე, თუმცა სისტემა ნაწილობრივ სავალდებულო იქნება, ანუ 40 წელზე უფროსი დასაქმებულებისათვის საპენსიო სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობითი იქნება, 40 წლამდე პირებმა კი შემოსავლიდან გარკვეული თანხა აუცილებლად უნდა დაზოგონ. საპენსიო სქემაში მონაწილეობს სამი მხარე: დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო. ამ სისტემის მიხედვით, მხარეების თანამონაწილეობა ასე გამოიყურება: დასაქმებულმა ფონდში უნდა გადარიცხოს ყოველთვიური სარგოს 2 %. დამსაქმებელი ფონდში მიმართავს დასაქმებულის ხელფასის 2 %-ს, ხოლო სახელმწიფო დასაქმებულის საშემოსავლო გადასახადიდან (20 %-იდან) იღებს 2 %-ს და მას საპენსიო ფონდში რიცხავს. საპენსიო სქემის მიხედვით, პირველი პენსიონერი, 60 წლის ქალი, პენსიას აიღებს 20 წლის შემდეგ, 2039 წელს.

დაგროვებით საპენსიო რეფორმას, ეკონომიკის დარგის ექსპერტები სკეპტიკურად უყურებენ და აკრიტიკებენ. მათ მოჰყავთ საერთაშორისო მაგალითებიც, რომლის მიხედვითაც, დაგროვებითმა საპენსიო რეფორმამ რიგ ევროპულ ქვეყნებში კრახი განიცადა. ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი ასეთ ქვეყნებად ასახელებს პოლონეთსა და უნგრეთს:

„როდესაც ამ ქვეყნებში სახელმწიფოს დეფიციტური ხარჯვა ჰქონდა, ადგნენ და მოსახლეობის მიერ ფონდში დაგროვილი თანხა გამოიყენეს. უნგრეთის შემთხვევაში, ფაქტობრივად, 100 %-ით იზარალა მოსახლეობამ, პოლონეთში კი დაგროვილი თანხის 50 % შეჭამა სახელმწიფომ. შესაბამისად, ძალიან დიდია ალბათობა, რომ ადამიანმა წლების განმავლობაში აგროვოს თანხა და შემდეგ ხელისუფლებამ გამოუცხადოს, რომ, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მოხდა თანხების გამოყენება. ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მსგავსი ტიპის რეფორმები მოსახლეობისათვის ხშირად ძალიან დიდი იმედგაცრუების საგანი ხდება“.

ამგვარი ხელფასის დანიშვნას, იმედია, წინ უძღოდა გარკვეული დაკვირვება და გამოკვლევა. ალბათ, სააგენტოს დირექტორის ხელფასი გათანაბრებული უნდა იყოს მსხვილი კომპანიების ფინანსური დირექტორების ხელფასთან...
ბესო ნამჩავაძე

„დაგროვებითი საპენსიო რეფორმის ამოქმედებით, პირველი იანვრიდან გაიზრდება დასაქმებული ადამიანების გადასახადი“, - ასე იწყებს დაგროვებითი საპენსიო რეფორმის დახასიათებას ბესო ნამჩავაძე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს"; უფროსი ანალიტიკოსი. მისი სიტყვებით, საქართველოში 300 ათასზე მეტ დასაქმებულს გადასახადი გაეზრდება: ​

„და ეს გარდაუვალი შედეგია, თუკი წლის ბოლომდე მთავრობა არ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ საშემოსავლო გადასახადის დაკლებით დააკომპენსიროს საპენსიო შენატანის დაწესება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ფაქტორია ლარის საიმედოობა. არავინ იცის, 20 წლის შემდეგ, ანუ 2039 წელს, როდესაც პირველად გაიცემა ეს თანხა, ლარი რა მდგომარეობაში იქნება. თუკი ბოლო დღეების ვითარებასაც გავითვალისწინებთ, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რისკი“.

საქართველოში დღეს შრომის ასაკის მქონე 3 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. დაგროვებითი საპენსიო რეფორმა ამ ადამიანების დაახლოებით 10 %-ს შეეხება. საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 800 ათასამდე აღწევს, თუმცა ამ საერთო რაოდენობიდან საპენსიო რეფორმა სავალდებულო წესით შეეხება 40 წლის დასაქმებულებს, რომელთა რაოდენობა დღეს დაახლოებით 300 ათასია. ბესო ნამჩავაძე ფიქრობს, რომ 40 წელს გადაცილებული ადამიანები, რომელთა საპენსიო სისტემაში გაერთიანება ნებაყოფლობითი იქნება, ამ პროცესში არ ჩაერთვებიან:

„არავინ გადაიხდის ზედმეტ გადასახადს ხელფასიდან იმ იმედით, რომ 20 წლის შემდეგ დაგროვილ თანხას დაიბრუნებს. ეს ნდობა საქართველოში არ არის“.

ბესო ნამჩავაძე
ბესო ნამჩავაძე

რაც შეეხება სააგენტოს მომავალი დირექტორის ხელფასს, ბესო ნამჩავაძე ამბობს, რომ იქიდან გამომდინარე, რომ სააგენტოს დირექტორის პოსტი მაღალკვალიფიციურმა პროფესიონალმა უნდა დაიკავოს, ხელფასიც შესაბამისი უნდა ჰქონდეს, თუმცა, მისივე თქმით, ეს აჩვენებს იმას, თუ რამდენად დიდ ადმინისტრაციულ ხარჯს მოითხოვს სააგენტოს ფუნქციონირება:

„ამგვარი ხელფასის დანიშვნას, იმედია, წინ უძღოდა გარკვეული დაკვირვება და გამოკვლევა. ალბათ, სააგენტოს დირექტორის ხელფასი გათანაბრებული უნდა იყოს მსხვილი კომპანიების ფინანსური დირექტორების ხელფასთან“.

XS
SM
MD
LG