Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამუდამოდ დახურავს თუ არა ჩინეთი „სველ ბაზრებს“?


მოკლული ნიანგი ჩინეთის ქალაქ გუანჯოუს „სველ ბაზარზე.
მოკლული ნიანგი ჩინეთის ქალაქ გუანჯოუს „სველ ბაზარზე.

ჩინეთის ხელისუფლებამ ახლახან გამოაცხადა, რომ ქვეყანაში თითქოს არ არის არავითარი „სველი ბაზრები.“ საქმე ეხება დიდ სავაჭრო ფართობებს, სადაც ყიდიან ცოცხალ ცხოველებს, მათ შორის გარეულს, რომლებსაც იქვე კლავენ, ხშირად - ბარბაროსული მეთოდებით და წამებით. მათ ხორცს საკვებად იყენებენ. მიუხედავად პეკინის განცხადებისა, არსებობს იმის უამრავი მტკიცებულება, რომ მინიმუმ ერთი ბაზარი განაგრძობს მუშაობას ქალაქ უჰანში, საიდანაც დაიწყო შარშან კორონავირუსის პანდემია.

კორონავირუსი SARS-CoV-2, რომელიც დაავადება COVID-19-ს იწვევს, ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში გადავიდა ცხოველიდან ადამიანზე და, დიდი ალბათობით, ეს სწორედ ერთ-ერთ ასეთ „სველ ბაზარში“ მოხდა. როგორც ჰონგ-კონგში გამომავალი წამყვანი გამოცემა South China Morning Post-ი წერს, ანალიზმა აჩვენა, რომ ეს შეიძლება მომხდარიყო 7 ოქტომბრიდან 11 დეკემბრამდე მონაკვეთში.

ჩინეთი არალეგალურად დაჭერილი გარეული ცხოველების ყველაზე დიდი ბაზარია მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის საზოგადოების უდიდესი ნაწილი გმობს ამას, ცენტრალურ და სამხრეთ ჩინეთში დღემდე მილიონობით ადამიანი მისდევს „ევეის“ („ველური სხეული“) კულინარულ ტრადიციას - ისინი საჭმელში მოიხმარენ ველური ცხოველებისა და ფრინველების ხორცს. გავრცელებული რწმენით, ამგვარად ისინი ბუნების ენერგიით ივსებიან და სიცოცხლეს იხანგრძლივებენ.

დაკლული ძაღლები „სველ ბაზარში“ ჩინეთის პროვინცია გუანსის ქალაქ იუილინში.
დაკლული ძაღლები „სველ ბაზარში“ ჩინეთის პროვინცია გუანსის ქალაქ იუილინში.

ახალი კორონავისუსის პანდემიის პირობებში განსაკუთრებით გაითქვა სახელი უჰანის ერთ-ერთმა ასეთმა ბაზარმა, რომელსაც ოფიციალურად ეწოდება „ცხოველებისა და ზღვის პროდუქტების საბითუმო ბაზარი ‘ჰუანანი’“. მიიჩნევა, რომ სწორედ ის იქცა COVID-19-ის კორონავირუსული ინფექციის აფეთქების კერად. მისი ფართობი 50 ათას კვადრატულ მეტრს აღემატება, მასზე ათასზე მეტი გამყიდველი ვაჭრობს არენდით აღებულ კარვებში და დახლებზე.

ბაზრებს „სველს“ უწოდებენ იმის გამო, რომ ცემენტის ან მიწის იატაკზე გამუდმებით ასხამენ წყალს შლანგებით და ის სველი რჩება. მოვაჭრეები რეზინის ჩექმებში მუშაობენ.
ბაზრებს „სველს“ უწოდებენ იმის გამო, რომ ცემენტის ან მიწის იატაკზე გამუდმებით ასხამენ წყალს შლანგებით და ის სველი რჩება. მოვაჭრეები რეზინის ჩექმებში მუშაობენ.

ყველა, ვინც იქაა ნამყოფი, ჰყვება საშინელი ანტისანიტარიის, სივიწროვისა და სისასტიკის შესახებ. კარვებს შორის გასასვლელები სავსეა გალიებსა და აკვარიუმებში გამომწყვდეული ცხოველებით. ზოგი მათგანი უკვე დაკლული ფრინველების, ცხოველებისა თუ ქვეწარმავლების უშუალო სიახლოვეს იმყოფება. მათ უხეშად კლავენ და წმენდენ ყველას თვალწინ.

ჩინეთის ერთ-ერთი "სველი ბაზარი".
ჩინეთის ერთ-ერთი "სველი ბაზარი".

2020 წლის 1 იანვრიდან ეს ბაზარი, რომელიც უდიდესია ცენტრალურ ჩინეთში, განუსაზღვრელი დროით დაიკეტა. მანამდე აქ იყიდებოდა, მაგალითად, ცოცხალი კატები, მაჩვები, ღამურები, თახვები, ნიანგები, ძაღლები, მელიები, გიგანტური სალამანდრები, ზაზუნები, წავები, ფარშავანგები, მაჩვზღარბები, ვირთხები და გველები, მათ შორის შხამიანებიც.

„ჰუანანის“ ბაზრის ტერიტორიის შესასვლელი.
„ჰუანანის“ ბაზრის ტერიტორიის შესასვლელი.

მაგრამ „ჰუანანი“ ერთადერთი ასეთი ბაზარი არ არის 12-მილიონიან უჰანში. არანაკლებ ცნობილია კიდევ ერთი „სველი ბაზარი“ „ბაიშაჯოუ“, რომელიც სამთვიანი შესვენების შემდეგ კვლავ გაიხსნა. ათობით ასეთი ბაზარია სხვა ქალაქებშიც. მიუხედავად საერთაშორისო ზეწოლისა და პეკინიდან საკმაოდ მკაცრი დირექტივებისა, ადგილობრივ ხელისუფალთა აზრით, ამ ბაზრების აკრძალვა შეუძლებელია. მათი თქმით, ეს შეურაცხყოფდა მრავალსაუკუნოვან ტრადიციას და ათობით მილიონი ჩინელის უკმაყოფილებას გამოიწვევდა. განსაკუთრებით იმათ შორის, ვისაც აღარსად ექნება „იაფი და სასარგებლო ხორცის“ შეძენის საშუალება.

2018 წელს კანადელი სოციოლოგების მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ გამოავლინა, რომ, მაგალითად, ჩინეთის ქალაქ ნანკინის ოჯახების 90%-მდე ყიდულობს პროდუქტებს „სველ ბაზრებზე“. გამოკითხულთა 75% კვირაში ხუთჯერ მაინც დადიოდა ბაზარში.

ქალაქ ნანკინის „სველ ბაზარში“ გამყიდველს ფრინველების გალიაზე სძინავს. გვერდით არიან გასაყიდი იხვები.
ქალაქ ნანკინის „სველ ბაზარში“ გამყიდველს ფრინველების გალიაზე სძინავს. გვერდით არიან გასაყიდი იხვები.

დღეს დასავლეთის ქვეყნები აშშ-ის მეთაურობით ზეწოლას ახორციელებენ ჩინეთის ლიდერზე, სი ძინპინზე და მოუწოდებენ მას, ერთხელ და სამუდამოდ დახუროს ყველა „სველი ბაზარი“, როგორც დაავადებების მუდმივი გამავრცელებლები. როგორც ჩანს, აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობებში კრიზისის გამო მხარეებს უბრალოდ არ ესმით ერთმანეთის. პეკინი მიიჩნევს, რომ მისგან ყველა ფერმერული ბაზრის დახურვას ითხოვენ. მაგრამ ამერიკა და დასავლეთის სხვა ქვეყნები მოითხოვენ, პირველ რიგში შეწყდეს იშვიათი და ეგზოტიკური სახეობების გარეული ცხოველების კვლა და მათი ხორცით ვაჭრობა.

კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ 22 აპრილს განაცხადა, რომ ჩინეთმა და აზიის სხვა ქვეყნებმა უნდა დახურონ „სველი ბაზრები“, ვინაიდან ეს ბაზრები „ემუქრება საზოგადოებრივ უსაფრთხოებას“. პომპეოს თქმით, ბაზრების დახურვა „შეამცირებს რისკებს ადამიანების ჯანმრთელობისთვის ჩინეთში და მის ფარგლებს გარეთ და ხელს შეუშლის უკანონოდ დაჭერილი გარეული ცხოველებისა და ველური ბუნებიდან მიღებული პროდუქციის მოხმარებას.“

ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების ადრეულ ეტაპზე სამეცნიერო გამოკვლევებმა ის დააკავშირეს უჰანის „ჰუანანის“ ბაზართან, აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და დასძინა, რომ ატიპური პნევმონიისა და „ფრინველის გრიპის“ გავრცელებაც უკავშირდებოდა ბაზრებს ცოცხალი ცხოველებით. „ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მთავრობას, შემოუერთდნენ ჩვენს ძალისხმევას იმ უბედურების წინააღმდეგ ბრძოლაში, რასაც წარმოადგენს გარეული ცხოველებით უკანონო ვაჭრობა,“ თქვა პომპეომ.

ველური ციბეტა გალიაში, უჰანის „ბაიშაჯოუს“ ბაზარში. SARS-ის სახელით ცნობილი კორონავირუსის ეპიდემიის აფეთქებას 2003 წელს ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა სხვადასხვა ქვეყანაში. ეპიდემია მაშინ დაიწყო მას შემდეგ, რაც ადამიანმა საკვებად გამოიყენა ცივეტის ხორცი. ამ უკანასკნელს ინფექცია ღამურასგან გადაედო.
ველური ციბეტა გალიაში, უჰანის „ბაიშაჯოუს“ ბაზარში. SARS-ის სახელით ცნობილი კორონავირუსის ეპიდემიის აფეთქებას 2003 წელს ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა სხვადასხვა ქვეყანაში. ეპიდემია მაშინ დაიწყო მას შემდეგ, რაც ადამიანმა საკვებად გამოიყენა ცივეტის ხორცი. ამ უკანასკნელს ინფექცია ღამურასგან გადაედო.

ველური ციბეტა გალიაში, უჰანის „ბაიშაჯოუს“ ბაზარში. SARS-ის სახელით ცნობილი კორონავირუსის ეპიდემიის აფეთქებას 2003 წელს ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა სხვადასხვა ქვეყანაში. ეპიდემია მაშინ დაიწყო მას შემდეგ, რაც ადამიანმა საკვებად გამოიყენა ცივეტის ხორცი. ამ უკანასკნელს ინფექცია ღამურასგან გადაედო.

მაგრამ აპრილის ბოლოს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა გენ შუანმა განაცხადა, რომ მის ქვეყანაში საერთოდ არ არის ეგრეთწოდებული „სველი ბაზრები“, სადაც ცოცხალი ცხოველებით ვაჭრობენ.

გენ შუანის თქმით, ჩინეთში და რეგიონის სხვა ქვეყნებში არის ფერმერული ბაზრები, რომლებსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამ ბაზრების ფუნქციონირების არავითარი საერთაშორისო აკრძალვა რა არსებობს, დასძინა ჩინელმა დიპლომატმა. მან ასევე თქვა, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ ადრე საკუთარი ინიციატივით გაატარა ზომები გარეულ ცხოველებზე არალეგალური ნადირობისა და ვაჭრობის წინააღმდეგ და ამ ცხოველების ხორცის მოხმარებაზეც აკრძალვებია შემოღებული.

ჩინელი პოლიციელის რეაქცია ფოტოგრაფზე, რომელიც „ჰუანანის“ დახურულ ბაზარს იღებს უჰანში. 2020 წ. 30 მარტი.
ჩინელი პოლიციელის რეაქცია ფოტოგრაფზე, რომელიც „ჰუანანის“ დახურულ ბაზარს იღებს უჰანში. 2020 წ. 30 მარტი.

მართალია, ჩინეთში მოქმედი ურიცხვი „სველი ბაზრის“ უდიდეს ნაწილში არ ვაჭრობენ ცოცხალი ცხოველებით, მაგრამ ქვეყანაში ხშირად ემთხვევა ხოლმე ტერმინები „სველი ბაზარი“ და „ველური ბუნების ბაზარი“, შენიშნავს ჩინეთის სპეციალისტი არონ უაიტი ლონდონის „ეკოლოგიურ კვლევათა სააგენტოდან“. „ველური ბუნების ბაზრებზე“, რომლებიც უხვადაა მთელ მსოფლიოში, სპეციალურად ყიდიან გარეულ ცხოველებს ხორცისთვის ან როგორც შინაურ ცხოველებს. თავად ასეთი ბაზრები შეიძლება ლეგალური იყოს, თუმცა იქ ყოველთვის შეხვდებით ნებადართულ ცხოველებთან ერთად ისეთ სახეობებსაც, რომლებიც წითელ წიგნშია შესული და მათზე ნადირობა იკრძალება.

არ არის ცნობილი, რამდენი ასეთი „ველური ბუნების ბაზარი“ არსებობს ჩინეთსა და სხვა სახელმწიფოებში. მით უმეტეს, რომ, უაიტის თქმით, გარეული ცხოველებით ვაჭრობის უდიდესი ნაწილი ინტერნეტით წარმოებს.

მიმდინარე წლის მარტში ველური ბუნების მსოფლიო ფონდმა ჩაატარა გამოკითხვა და აღმოჩნდა, რომ ჩინეთისგან განსხვავებით, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნებში სულ უფრო მეტად უჭერენ მხარს გარეული ცხოველების არარეგულირებული ბაზრების სრულ დახურვას. გამოიკითხა 5 ათასი ადამიანი ჰონგ-კონგში, იაპონიაში, ბირმაში, ტაილანდსა და ვიეტნამში. გამოკითხულთა 93%-მა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერდა ასეთ გადაწყვეტილებას.

ღამურები ინდონეზიის კუნძულ სულავესის ერთ-ერთ „სველ ბაზარზე“.
ღამურები ინდონეზიის კუნძულ სულავესის ერთ-ერთ „სველ ბაზარზე“.

გარეული ცხოველების ხორცი დღემდე იყიდება არა მხოლოდ აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, არამედ ინდოეთის, ასევე ლათინური ამერიკისა და აფრიკის ბაზრებზე.

ერთი რამ, რაც ჩინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მართლაც სამუდამოდ ამოიღო საჭმელად ნებადართული ცხოველების სიიდან, არის ძაღლი. სამინისტროს მიერ აპრილის დასაწყისში გამოქვეყნებულ სიაში ჩამოთვლილია შინაური ცხოველები და იქვე აღნიშნულია, რომ ამიერიდან ძაღლი აღარ უნდა განიხილებოდეს ჩვეულებრივ შინაურ ცხოველად. ის მოხსენიებულია, როგორც „ცხოველი-კომპანიონი“.

როგორც ჰონგ-კონგის ცხოველთა დაცვის ჯგუფი Animals Asia იტყობინება, ადრე ჩინეთში ყოველწლიურად კლავდნენ და ჭამდნენ ათ მილიონამდე ძაღლს და ოთხ მილიონამდე კატას.

დაკლული ძაღლები ჩინეთის ქალაქ იულინის „სველ ბაზარზე“.
დაკლული ძაღლები ჩინეთის ქალაქ იულინის „სველ ბაზარზე“.

ფორმალურად ჩინეთის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2020 წლის თებერვლის ბოლოს აკრძალა გარეული ცხოველების ხორცით ვაჭრობა და საკვებად მისი გამოყენება. მაგრამ საკანონმდებლო აქტებში, როგორც აცხადებენ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები, მაგალითად, Wildlife Conservation Society (WCS), დარჩა მრავალი ეშმაკური ხვრელი, რომელიც ამ ბიზნესის გაგრძელების საშუალებას იძლევა. მაგალითად, ეს ჯერაც ნებადართულია „სამედიცინო მიზნით“, ბეწვეულით ვაჭრობის ან „სამეცნიერო კვლევის“ მიზნით.

მარტო გარეულ პანგოლინებს რაც შეეხება, რომელთა არსებობის შესახებ მსოფლიომ ძირითადად კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ გაიგო, როგორც WCS-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, დენიელ ჩელენჯერი ამბობს, ჩინეთში ყოველწლიურად არანაკლებ ათი ათასს ხოცავენ. ამტკიცებენ, თითქოს მათი ხორცი, შინაგანი ორგანოები, ბრჭყალები, კბილები და სხეულის სხვა ნაწილები ძალიან მნიშვნელოვანია „ტრადიციული ჩინური მედიცინისთვის“.

გალიაში დამწყვდეული პანგოლინი უჰანში, „ჰუანანის“ „სველ ბაზარზე“.
გალიაში დამწყვდეული პანგოლინი უჰანში, „ჰუანანის“ „სველ ბაზარზე“.

ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემიისას ბევრს გაახსენდა კიდევ ერთი ინფექციური დაავადება, რომელმაც ასევე ჩინეთში იჩინა თავი. პროვინცია გუანდუნის დედაქალაქ გუანჯოუში გაჩნდა SARS-ი, „მძიმე ფორმის მწვავე რესპირატორული სინდრომი“, რომლითაც მაშინ 8 ათასი ადამიანი დაავადდა და, ოფიციალური მონაცემებით, 774 გარდაიცვალა.

ამ ვირუსის მატარებლები ჩვეულებრივ არიან ცხვირნალისებრი ღამურები. მათგან დაავადება სხვა ცხოველებზე გადავიდა მეზობელ დახლებზე - ენოტისებრ ძაღლებზე, ჩინურ მაჩვებზე, გველებსა და პალმის ციბეტებზე. გავრცელებასთან ერთად ვირუსი მუტაციას განიცდიდა და 2002 წლის დეკემბერში ის ადამიანზეც გადავიდა.

ცოცხალი ძაღლები, რომლებიც მალე შეიძლება შეწვან ჩინეთის ქალაქ იულინში.
ცოცხალი ძაღლები, რომლებიც მალე შეიძლება შეწვან ჩინეთის ქალაქ იულინში.

რუსი ჟურნალისტის, სონია შახის თანახმად, რომელმაც ახლახან გამოსცა წიგნი „პანდემია. სასიკვდილო ვირუსების მსოფლიო ისტორია“, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომ გავრცელდა ეს დაავადება ბაზრიდან, ისაა, რომ იქ სხვადასხვა სახეობის ცხოველები წარმოუდგენლად მჭიდროდ არიან ერთმანეთის გვერდიგვერდ. მაშინ, როცა ბუნებაში ისინი შეიძლება არასოდეს მოდიოდნენ შეხებაში. მით უმეტეს, ჩვეულებრივ პირობებში მათ კავშირი არა აქვთ ადამიანთან. გუანჯოუს ბაზარზე უცებ ერთმანეთის სიახლოვეს აღმოჩნდნენ ცხოველები, რომლებსაც შეეძლოთ ვირუსის ერთმანეთისთვის გადაცემა და ამ გადაცემის პროცესში მუტაცია. ღამურადან ციბეტაზე ვირუსის გადასვლამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ატიპური პნევმონიის, ანუ SARS-ის განვითარებისთვის.

XS
SM
MD
LG