გორის საოლქო საარჩევნო კომისიამ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” საჩივარი არ დააკმაყოფილა. საია საკრებულოს წევრს, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, მიხეილ გოგინაშვილს, თანამდებობის გამოყენებასა და ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებას ედავებოდა. მიხეილ გოგინაშვილმა დაახლოებით ერთი თვის წინ გაავრცელა მოწოდება პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის გახსნასთან დაკავშირებული ვიდეოს გასაზიარებლად. ამ თემაზე ადგილობრივი მედიით რეპორტაჟები მომზადდა, საიამ კი საოლქო კომისიას მიმართა და მიხეილ გოგინაშვილის 2000 ლარით დაჯარიმება მოითხოვა. გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მალხაზ მირუაშვილი აცხადებს, რომ გოგინაშვილი პოლიტიკური თანამდებობის პირია და მას კანონი საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას არ უზღუდავს. მისი თქმით, გოგინაშვილის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტი არ დადასტურდა.
მიხეილ გოგინაშვილს, თანაპარტიელების გარდა, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირებიც გამოეხმაურნენ, რომლებიც ზურაბიშვილის ვიდეოს სამსახურის საათებში სამსახურების კომპიუტერებით აქტიურად აზიარებდნენ სოციალური ქსელებით.
მიხეილ გოგინაშვილი აცხადებს, რომ კანონი არ დაურღვევია, ის საკუთარი ტელეფონით გზავნიდა მოწოდების მესიჯებს, რაც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას არ ნიშნავს და მისი მოწოდება მხოლოდ თანაპარტიელებისთვის იყო განკუთვნილი.
განსხვავებული აზრია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გორის ოფისში. ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი მიიჩნევს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიამ მასალები სათანადოდ არ მოიკვლია. ბებიაშვილის თქმით, მიხეილ გოგინაშვილს, თანაპარტიელების გარდა, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირებიც გამოეხმაურნენ, რომლებიც ზურაბიშვილის ვიდეოს სამსახურის საათებში სამსახურების კომპიუტერებით აქტიურად აზიარებდნენ სოციალური ქსელებით. ბებიაშვილის აზრით, კანონი დარღვეულია და ამის გამო გოგინაშვილმა პასუხი უნდა აგოს.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ გორის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაასაჩივრებს, საჩივრის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი საია უკვე სასამართლოს მიმართავს.