კორონავირუსის პანდემიამ პრობლემები არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობასაც შეუქმნა. რუსთავში ზოგიერთ ორგანიზაციას პროექტები შეუწყდა, ზოგსაც გადაუვადდა. მესამე სექტორი ახალ რეალობასთან ადაპტირებას ცდილობს.
„საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის“ დამფუძნებელი პავლე თვალიაშვილი ამბობს, რომ სამი პროექტი შეწყვიტა, მათ შორის, გერმანელი მოხალისეების მონაწილეობით: „ერთწლიანი პროექტის ბოლო ფაზაზე ვიყავით. გერმანელი მოხალისეები გვყავდა, რომლებიც ბავშვებთან მუშაობდნენ რამდენიმე მიმართულებით. ეს იყო ხელნაკეთი ნივთების კლუბი, გერმანული და ინგლისური ენების კლუბი. გერმანელი მოხალისეები გაემგზავრნენ სამშობლოში. ახლა იმაზე ვმუშაობთ, რომ მოვახერხოთ ამ კურსების ონლაინში გაგრძელება“.
პავლე თვალიაშვილის თქმით, შეწყდა საერთაშორისო საგანმანათლებლო ბანაკების პროექტიც, რომელშიც არაერთი ქვეყნის ახალგაზრდები მონაწილეობდნენ:
„დიდი პროგრამა, რომელიცაა CISV საქართველო... წელს 50-მდე მოზარდი უნდა გაგვეშვა საზაფხულო ბანაკებში. ევროპაზე ორიენტირებული ეს პროგრამები გაჩერდა, თუმცა აზიაშიც გვქონდა რამდენიმე პროექტი. მონაწილეები ვეღარ მიემგზავრებიან“.
„განათლებისა და მართვის გუნდი“ ტრენინგების კურსს დისტანციურად აგრძელებს. ნაწილობრივ ონლაინრეჟიმში გადაინაცვლა რუსთავის „როტარი კლუბმაც“, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ახალგაზრდულ ორგანიზაცია „იმპულსთან“. კლუბის დამფუძნებელი გიორგი მაღლაფერიძე ამბობს, რომ საგანმანათლებლო აქტივობა დისტანციურ რეჟიმში აქვთ:
„ძალიან ბევრი რამ შეგვიძლია ვითამაშოთ zoom-ში - მაგალითად: „ქალაქობანა“, „მაფიის ღამე“, ვიქტორინა - სად? რა? როდის?.. ბევრი სხვა აქტივობა. ეს შეიძლება იყოს სახალისო-გასართობი, შეიძლება იყოს საგანმანათლებლო“.
რუსთავის „როტარი კლუბის“ დამფუძნებლის თქმით, საგანგებო რეჟიმის მიუხედავად, შეიმუშავეს ისეთი ინიციატივაც, რომელიც ახალგაზრდებს რეალურ რეჟიმში აქტიურობის საშუალებას აძლევს:
„შევქმენით გვერდი „ვის რა სჭირდება“. იმ ადამიანებს, ვისაც რა სჭირდება, ვაკავშირებთ იმათთან, ვისაც შეუძლია ეს საჭიროება უზრუნველყოს. ერთი ემოციური, რაც მოხდა, ის იყო, რომ, როცა ერთ-ერთ ქალბატონს ვესაუბრებოდი სულ სხვა თემაზე, შემომჩივლა, რომ სახლში მარტოს ტელევიზორიც გაუფუჭდა. მას შემდეგ, რაც მისი გასაჭირი გვერდზე გამოვაქვეყნე, ხუთ საათში ამ ქალბატონს სახლში ტელევიზორი მიუტანეს“.
კორონავირუსის პანდემიის გამო პროექტები დახურა რუსთავის საერთაშორისო სკაუტურმა ცენტრმაც. მისი დირექტორი, დავით მეტრეველი, ამბობს, რომ საგანმანათლებლო ტურიზმის მიზნით ჩამოსული უცხოელი ახალგაზრდების ევაკუირება ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში მოხდა:
„12 მარტს სკაუტურ ცენტრში 70 სკაუტი იყო, ქართველიც და უცხოელიც. მას მერე მთელი მარტის, აპრილის, მაისისა და ივნისის ჯავშნები ვადებში შეწყდა. ელოდებიან, როდის დასრულდება ეს ამბები, რომ გავაგრძელოთ მათი მიღება“.
იმდენად მოგვეწონა ონლაინფორმატი, რომ შევთანხმდით, როგორც კი დასრულდება პანდემია, ღონისძიებების ნაწილი ვირტუალური სახით გვექნება. მაგალითად, რომელიმე სპიკერი საზღვარგარეთაა და არ შეუძლია ჩამოსვლა, დაესწრება ონლაინშეხვედრას...ლიანა ჩარკვიანი
დავით მეტრეველის ინფორმაციით, ამჟამად სკაუტური ცენტრი ძირითადად შიდასამეურნეო საქმიანობით არის დაკავებული და პანდემიის დასრულებას ელოდება. დაკეტილია რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის შენობაც, სადაც სხვადასხვა თემაზე საჯარო შეხვედრები ხშირად ტარდება. ცენტრის ხელმძღვანელი ლიანა ჩარკვიანი ამბობს, რომ ონლაინკონფერენციების ფორმატზე გადავიდნენ, რასაც დადებითი მხარეებიც აქვს:
„იმდენად მოგვეწონა ონლაინფორმატი, რომ შევთანხმდით, როგორც კი დასრულდება პანდემია, ღონისძიებების ნაწილი ვირტუალური სახით გვექნება. მაგალითად, რომელიმე სპიკერი საზღვარგარეთაა და არ შეუძლია ჩამოსვლა, დაესწრება ონლაინშეხვედრას. ზოგი ჩართულობის ცენტრში მოვა, ზოგი ინტერნეტით ჩაგვერთვება. ამით ღონისძიების ეფექტურობა არ დაიკარგება“.
ონლაინაქტივობას დემოკრატიული ჩართულობის სხვა ცენტრებმაც მიმართეს. მაგალითად, 14 აპრილს განათლების თემაზე პედაგოგებთან ონლაინშეხვედრა მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა ჩაატარა.