რუსთავის მე-20 საოლქო საარჩევნო კომისიის 84-ვე საარჩევნო უბანზე გაკრულ ე.წ. კედლის სიებს ამომრჩევლები არ ეკარებიან და არც საკუთარი თავის გადამოწმებას ჩქარობენ. თუმცა, როგორც საოლქო კომისიაში აბობენ, სიები აუცილებლად დაზუსტდება.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რუსთავში რეგისტრირებულია, დაახლოებით, 105 ათასი ამომრჩეველი, ანუ თითქმის იმდენივე, რამდენიც 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს. რუსთავის მე-20 საოლქო საარჩევნო კომისიის 84-ვე საარჩევნო უბანი გახსნილია და მათ წევრებს საღამოს ექვს საათამდე მორიგეობა აქვთ დაწესებული.
კანონის თანახმად, გამოკრულია საარჩევნო სიებიც, მაგრამ მათ შესამოწმებლად ამომრჩევლები უბნებზე პრაქტიკულად არ მიდიან. რადიო თავისუფლება რუსთავის რამდენიმე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა და თითქმის ყველგან ერთი და იგივე სურათი დახვდა. მაგალითად, 79-ე უბანზე, სადაც ყველაზე ცოტა ამომრჩეველია რეგისტრირებული. საუბნო კომისიის წევრები ამბობენ, რომ სიების გადასამოწმებლად მათთან ჯერჯერობით არავინ მისულა.
რუსთავის 79-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი მედეა უბირია დასძენს, რომ ქალაქის ამ უბანში ყველა ყველას იცნობს და, როგორც ჩანს, კარგად იციან, ვინ არის სიაში და ვინ არა. რუსთავის პირველი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნატო ჟღენტი, რომელიც შარშანდელი ადგილობრივი არჩევნების დროსაც ამ უბანს ხელმძღვანელობდა, ამბობს, რომ დღეს გამოკრულ სიებში შეყვანილი ამომრჩევლების რაოდენობა აუცილებლად შემცირდება:
„27-ში [27 სექტემბერს] გაიხსნა უბანი და 27-შივე გავაკარით ეს [სიები]. ერთადერთი გოგონა იყო მხოლოდ მოსული წელს, დანარჩენი არავინ მოსულა. როცა ამომრჩეველთა ბარათები დავარიგეთ, ძალიან ბევრი უკან დაბრუნდა, იმიტომ რომ ზოგს გაქირავებული აქვს ბინები, ზოგს...რაღაც არ ცხოვრობს იქ, წასულია საზღვარგარეთ“.
ნატო ჟღენტის თქმით, პირველ საარჩევნო უბანზე, ე.წ. კედლის სიებში, ამჟამად 1035 ამომრჩეველია. რუსთავის მე-20 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გაგა აფციაური ამბობს, რომ კედლის სიები საბოლოო არ არის:
„სიებში, რომლებიც უბნებზეა გაკრული, ცვლილებებია, აუცილებლად ამოიბეჭდება [ხელახლა], დაურიგდება უბნებს და ის იქნება საბოლოო ვერსია“.
გაგა აფციაურის ინფორმაციით, არც საარჩევნო სიებისა და არც კომისიების მუშაობის გამო საოლქო კომისიაში დღემდე არც ერთი საჩივარი არ შესულა. რუსთავის საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებმა წელსაც მოაწერეს ხელი ეთიკის კოდექსს:
„[კოდექსის თანახმად] პატივი უნდა სცენ კანონს კომისიის წევრებმა, უნდა იყვნენ სამართლიანნი, მიუკერძოებელნი და დამოუკიდებელნი. საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა მოხელე უნდა მოქმედებდეს გამჭვირვალედ და უნდა იყოს პროფესიონალი. [ეთიკის კოდექსს] საოლქო კომისიის 12-ვე წევრმა ხელი მოაწერა. ანალოგიური გაკეთდა რუსთავის 84-ვე საარჩევნო უბანზე“.
რუსთავის მე-20 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გაგა აფციაურის, თქმით, ეთიკის კოდექსი და მთელი ქვეყნის მასშტაბით მასზე ხელმოწერა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივაა.
ვიდრე საარჩევნო უბნებზე სიმშვიდეა, გარეთ დროდადრო მღელვარება იგრძნობა. ასე მოხდა 8 ოქტომბერს, როცა „გაერთიანებულ ოპოზიციასთან“ ასოცირებულმა ჯგუფმა რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიასთან გამართა აქცია „არა გაყალბებას!“
მაშინ აქციის მონაწილეებმა საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეთა სახლებთან გადაინაცვლეს და გააკრეს სტიკერები ანალოგიური შინაარსის წარწერით.