რუსთაველი იურისტი, მამუკა შაქარაშვილი, თბილისის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს სასტიკ ცემასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. ფაქტზე გამოძება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების - მუხლით, რასაც სახელმწიფო ინსპექტორი ადასტურებს.
მამუკა შაქარაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 18 დეკემბერს რუსთავში, მისსავე კუთვნილ ბინაში, შელაპარაკებისა და დაძაბულობის შემდეგ, პოლიციელებმა მას ბორკილები დაადეს და გამეტებით „რიგრიგობით“ ცემა დაუწყეს.
„ჩემს სახლში შესვლას ვცდილობდი, სადაც ატარებდნენ საგამოძიებო მოქმედებებს. მე არ ვიცოდი, რაზე იყო პოლიცია მისული. ეს სახლი მაქვს სხვაზე ნათხოვარი, იმ სახლში მაქვს ჩაწერა და ვიფიქრე, რომ ჩემს გამო არიან მოსულები. თურმე სტუმრის გამო მოსულან და ჩხრეკას ატარებდნენ. მე ეს არავინ არ მითხრა, ნორმალურად არც კი დამელაპარაკნენ, უცენზუროდ მომმართეს და სახლში შესვლა ამიკრძალეს. ამას მოჰყვა სიტყვიერი შელაპარაკება, დაძაბულობა, რის შემდეგაც შემათრიეს ბინაში, ხელბორკილი დამადეს. მცემდნენ ინტენსიურად და გამეტებით. შემდეგ ადმინისტრაციული წესით დამაკავეს“, - თქვა მამუკა შაქარაშვილმა, რომელმაც დასძინა, რომ ცემის შედეგად მას თავის ძლიერი ტკივილი დაეწყო.
მისივე სიტყვებით, რუსთავში მომხდარი ფაქტის გამო პოლიციამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, რითაც „დაარღვიეს ყველა არსებული კანონი“.
შს სამინისტროს ინფორმაციით, შაქარაშვილი პოლიციელებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცავის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. იურისტი ხელწერილით გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი თქვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის განხილვაზე. მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმე რუსთავის საქალაქო სასამართლოს ქვემდებარეა და დოკუმენტებიც მას გადაეგზავნება.
მამუკა შაქარაშვილი, რომელიც ადრე საადვოკატო საქმიანობით იყო დაკავებული, ამბობს, რომ პოლიციას მის მიმართ პრეტენზია არ შეუწყვეტია.
„თუმცა მეც გამაჩნია იმათ [პოლიციის] მიმართ ძალიან ბევრი პრეტენზია. მე განაცხადი გაკეთებული მაქვს სახელმწიფო ინსპექტორისთვის, ჩართულნი არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი, - თქვა იურისტმა, - შესაბამისი რეაგირება ექნება გამოძიებას. საქმე აღიძვრება არაადამიანური მოპყრობის ფაქტზეც“.
მამუკა შაქარაშვილი პოლიციას ოფიციალურ პრეტენზიებს რუსთავის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის განხილვის დროს წაუყენებს.
თავის მხრივ, შაქარაშვილის კოლეგამ, ალექსანდრე კობაიძემ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პოლიცია ბინაში, სავარაუდოდ, ნარკოტიკებს ეძებდა.
მამუკა შაქარაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ოჯახს, რომელიც მის ბინაში ცხოვრობს, მასთან არაფერი აკავშირებს გარდა იმისა, რომ ბინა „ათხოვა“. ამდენად, თუ რამე დანაშაულია ჩადენილი, მან ამის შესახებ არაფერი იცის და მის ცემასთან არანაირი კავშირი არა აქვს.