სატელიტურ რუკაზე რუსთავის საწარმოო ზონის რამდენიმე ადგილი ბუნდოვანია. შესამჩნევი თეთრი ლაქა ადევს ტერიტორიებს, სადაც განთავსებულია საწარმოები: „ჯეოსთილი“, „რუსმეტალი“, „აზოტი“ და ცემენტის ქარხანა.
რუსთაველი ეკოაქტივისტების განმარტებით, გუგლის რუკა ასე აღიქვამს ჰაერში გაფრქვეულ გამონაბოლქვს, რომელიც შემდეგ მთელ ქალაქში ვრცელდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოში ყველაზე დაბინძურებული ჰაერი სწორედ რუსთავშია. მაგალითად, 23 და 24 დეკემბრის მონაცემებით, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების კონცენტრაციამ რეკორდულად მაღალ ნიშნულს - დაახლოებით, 305 მიკროგრამს - მიაღწია, მაშინ როცა დასაშვები მაქსიმალური ზღვარი 50-ია. 25 დეკემბერს მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მაჩვენებელი 305-დან 218-მდე შემცირდა.
24 დეკემბერს რუსთაველები უსიამოვნო სუნსა და ნისლთან შერეულ გამონაბოლქვს უჩიოდნენ. ზოგიერთმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზეც დარეკა და დახმარება ითხოვა. მათ შორის იყო ნიკა კურტანიძეც.
„დავრეკე 153-ზე, ცხელ ხაზზე. ვუთხარი, სოკოს ქარხანა ისევ ისეა, ყარს, ძველ რუსთავში კი ტყვიის შემცველი ნაწილაკები 250 [PM10 მკგ/მ3]ია-მეთქი. ვკითხე, რა შეგიძლიათ გააკეთოთ-თქო. ჩვენო გავალთ, შევამოწმებთ და ოქმს შევადგენთო. ეს არის ის, რაც შეუძლია პასუხისმგებელ ორგანოს“.
ცხელი ხაზის ოპერატორისგან მიღებული პასუხით უკმაყოფილო ნიკა კურტანიძემ მეგობართან ერთად რუსთავში არსებულ სკულპტურებს პირბადეები გაუკეთა და პროტესტი ამ ფორმით გამოხატა. 24 დეკემბერს რუსთავში ჩავიდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, რომელიც ქალაქის მერს, ქვემო ქართლის გუბერნატორსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ეკოაქტივისტმა თეიმურაზ გრძელიძემ სამოქალაქო სექტორის სახელით მოითხოვა რუსთავის საწარმოო ზონის საზღვრების გადახედვა, საწარმოთა მონიტორინგისა და სანქციების გამკაცრება და ყველაზე დამაბინძურებელი ქარხნების გადატანა ქალაქის საზღვრებიდან მოშორებით:
„რუსთავს აქვს რესურსი და ტერიტორია, სადაც შეიძლება კარგად იყოს მოწყობილი საწარმოო ზონა. მიყვანილია გზაც, სხვა კომუნიკაციებიც და ეს სირთულეს არ წარმოადგენს. შესაძლებელია ამ საწარმოების ადგილმონაცვლეობაც. ხელისუფ;ლება თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, იქნება ძალიან კარგი ქალაქისთვის. ყოველ შემთხვევაში, აღარ დავუშვებთ პრეცედენტს, როცა, 2007 წელს გაცემული ნებართვის გამო, „ჯეოსთილთან“ დღემდე საომარი გვაქვს“.
თეიმურაზ გრძელიძის თქმით, ყველა ქარხანას აქვს სამინისტროს მიერ მოწონებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშები, რომლებიც ნდობას არ იმსახურებს. მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეახსენა, რომ მისი უწყება მუშაობს საკანონმდებლო ცვლილებების პროექტზე, რომელიც დამრღვევების მიმართ სანქციების გამკაცრებასა და საწარმოების მხრიდან თვითმონიტორინგის სრულყოფას ითვალისწინებს:
„ცვლილება ითვალისწინებს ისეთი საქმიანობისა და საწარმოებისთვის, რომლებიც ვალდებულნი არიან დამონტაჟებული ჰქონდეთ ფილტრები, გამართულად ფუნქციონირებდნენ ეს ფილტრები. ასეთის არარსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება საკმაოდ მკაცრი საჯარიმო სანქციები. [დარღვევების] განმეორების შემთხვევაში, [საწარმოებს] დაეკისრებათ კიდევ უფრო სოლიდური სანქციები. როცა კერძო სექტორი დაითვლის ჯარიმების ოდენობას და მიხვდება, რომ შეიძლება უფრო მეტის გადახდა მოუწიოს, ვიდრე ფილტრის ღირებულებაა, სანქციები ეფექტური იქნება“.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებაში ჩართვა შესთავაზა. რაც შეეხება საწარმოო ზონის საზღვრების შეცვლას, თანდილაშვილის თქმით, ეს მიზანშეწონილი არ არის
მინისტრის მოადგილემ ისიც თქვა, რომ წესების გამკაცრებამდე ადგილობრივმა ხელისუფლებამ, საწარმოებმა და მოქალაქეებმა რუსთავის მეტად გამწვანებაზე უნდა იზრუნონ. ქარხნების მიერ თუნდაც გამკაცრებული პირობებით ჩატარებულ მონიტორინგს არ ენდობა რუსთავის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის უფროსი დავით ბეგაშვილი:
„[ქარხნების] დახვეწილი და ინტენსიური კონტროლი თუ არ განხორციელდა, სათანადოდ არ გაკონტროლდა ჰაერის ხარისხი, მე პირადად ექიმი გახლავართ და ვერ ვიქნები კმაყოფილი წარმოებების თვითმონიტორინგის შედეგებით, ჩემთვის მიუღებელი იქნება“.
დავით ბეგაშვილის თქმით, სასურველია, რომჰაერის ხარისხის მონიტორინგში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურიც ჩაერთოს. ამას ეთანხმება რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუაც, რომელმაც თვითმმართველობისთვის გარემოსდაცვითი კუთხით უფლებების დელეგირებაც ითხოვა.
რუსთავის მერმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს ისიც უთხრა, რომ ადგილობრივი მთავრობა გამოძებნის ჰაერის ხარისხის ავტომატური მონიტორინგისთვის საჭირო ნახევარ მილიონ დოლარსაც, თუ ცენტრალური ხელისუფლება თვითმმართველობას გადასცემს ეკოლოგიური მდგომარეობის კონტროლის გარკვეულ უფლებას. ერთადერთი, რაზეც შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, ის იყო, რომ სამოქალაქო სექტორისა და ადგილობრივი ხელისუფლების მონაწილეობით შეიქმნება ერთობლივი ჯგუფი, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებების პროექტსა და კონტროლის ეფექტურ მექანიზმებზე იმუშავებს.