მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად, თბილისში საქალაქთაშორისო მიკროავტობუსების შესვლა იკრძალება, მათ შორის რუსთავიდანაც.
დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თბილისის მერმა, კახი კალაძემ, კითხვაზე, შეეხება თუ არა გადაწყვეტილება თბილისი-რუსთავის მარშრუტზე მოძრავ მიკროავტობუსებს, უპასუხა: „სადაც მოხდება მიკროავტობუსების გადაადგილება ქვეყნის მასშტაბით, ყველგან დაწესდება შეზღუდვა“.
ჩვენ დაველოდებით მთავრობის გადაწყვეტილებას, მითითებას, 18 მარტიდანაც ამის მიხედვით ვიმოქმედებთ.ინტერტრანსი
რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11-ვე მარშრუტს, რომელთაც კომპანია „ინტერტრანსი“ განკარგავს, ყოველდღე 205 მიკროავტობუსი გამოჰყავს და, დაახლოებით, 25 ათას მგზავრს ემსახურება, თუმცა რუსთავი-თბილისის მიმართულება შიდასაქალაქო მარშრუტად ითვლება.
კომპანიის მენეჯმენტში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ 17 მარტს მგზავრთა მომსახურება ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს.
„ჩვენ დაველოდებით მთავრობის გადაწყვეტილებას, მითითებას, 18 მარტიდანაც ამის მიხედვით ვიმოქმედებთ“, თქვეს „ინტერტრანსში“.
მთავრობის 17 მარტის გადაწყვეტილებით, იზღუდება როგორც რეგიონებში, ისე ქალაქთა შორის სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა.
პრემიერ-მინისტრმა გუბერნატორებს მოუწოდა მაქსიმალურად ეფექტურად აღსრულდეს გადაწყვეტილება, ისევე როგორც კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ყველა სხვა რეკომენდაცია.
“ინტერტრანსის” მძღოლებმა რადიო თავისუფლებას აუღელვებლად უთხრეს, რომ მგზავრები ისედაც არ ჰყავთ, ამიტომ თუ მიკროავტობუსების მოძრაობას ამ ეტაპზე აკრძალავენ, „ამას მშვიდად შევხვდებითო“.
რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ხაზის მძღოლები გაიფიცნენ, მოითხოვეს რა ყოველდღიური გეგმის 70 ლარიდან 50 ლარამდე შემცირება. გაფიცვა 16 მარტს შეწყდა კომპანიის მენეჯმენტთან შეთანხმების შემდეგ.
თავის მხრივ, რუსთავის საკრებულოსთან შექმნილი ტრანსპორტის საკითხების შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, გურამ კვარაცხელიამ, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ივარაუდა, რომ 18 მარტიდან აიკრძალება მიკროავტობუსების მოძრაობა როგორც თბილისის მიმართულებით, ისე რუსთავის შიდასაქალაქო მარშრუტზე.
„როგორც მთავრობაშიც აღნიშნეს, მიკროავტობუსები რისკჯგუფს განეკუთვნება, პრიორიტეტი ადამიანების ჯანმრთელობაა“, თქვა გურამ კვარაცხელიამ.
კითხვაზე, რა ალტერნატივა არსებობს მიკროავტობუსების ჩასანაცვლებლად, კვარაცხელიამ უპასუხა, რომ ეს საკითხიადგილობრივი ხელისუფლების გადასაწყვეტია, თუმცა თბილისის მიმართულებით ბევრი M1 კატეგორიის ტაქსი მოძრაობს. ასევე,რუსთავს, მუნიციპალურ სატრანსპორტო გაერთიანებას 17 ავტობუსი ჰყავს.
მესმის, რომ მიკროავტობუსი რისკფაქტორია, მაგრამ 25 ათასი მგზავრის მომსახურებას როგორ და რა საშუალებებით გეგმავენ?გიორგი გზირიშვილი
„ქალაქი ისედაც დაცლილია. ვფიქრობ, ავტობუსების ეს რაოდენობა მგზავრთა ნაკადს აიტანს“, თქვა გურამ კვარაცხელიამ. გარდა ამისა, კვარაცხელიას თქმით, 16 მარტს ადგილობრივ მარშრუტებზე მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლებმა მის სამუშაო ჯგუფს მიმართეს თხოვნით, უშუამდგომლონ მერიასთან, რომ გარკვეული პერიოდით მორატორიუმი გამოცხადდეს ყოველთვიურ გადასახადზე.
„მძღოლები ჩიოდნენ, რომ მგზავრები აღარ ჰყავთ, მერიის სახელზე შესაბამისი თხოვნით განცხადება დაწერეს“, თქვა კვარაცხელიამ.
რუსთავში შიდასაქალაქო მარშრუტზე 200-მდე მიკროავტობუსი მოძრაობს. თავის მხრივ, რუსთავის სატრანსპორტო გაერთიანების დირექტორმა, ჯურხა ბენდელიანმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისგან მითითებები ჯერ არ მიუღია, ქალაქის მერიაში კი განაცხადეს, რომ ცენტრალური ხელისუფლების განკარგულებას ელოდებიან.
რუსთაველი გიორგი გზირიშვილი, რომელიც 2018 წელს რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის გაძვირების წინააღმდეგ გამართულ აქციებში მონაწილეობდა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ ეტაპზე ვერ ხედავს მიკროავტობუსების ალტერნატივას.
„მესმის, რომ მიკროავტობუსი რისკფაქტორია, მაგრამ 25 ათასი მგზავრის მომსახურებას როგორ და რა საშუალებებით გეგმავენ?“ იკითხა გიორგი გზირიშვილმა.
მისი აზრით, ერთ-ერთი გამოსავალი არა აკრძალვა, არამედ მიკროავტობუსების ყოველდღიური სადეზინფექციო დამუშავებაა. ამასთან, რუსთავის თვითმმართველობამ ვითარებიდან გამოსავლის გეგმა „სასწრაფოდ“ უნდა შეიმუშაოს.