Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ვიქცევით, თუ დურუჯი ადიდდა - სწავლება ყვარელში


სწავლება "დურუჯი 2024", სიმულაციური სამაშველო ოპერაცია
სწავლება "დურუჯი 2024", სიმულაციური სამაშველო ოპერაცია

„მდინარე დურუჯი ადიდდა, ჯებირებიდან გადმოვიდა და ქალაქის დატბორვა დაიწყო. ჩაირთო განგაშის სიგნალი. საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაცია და სხვადასხვა ღონისძიებები...“

დაახლოებით ასეთი სცენარით მიმდინარეობდა 14 მარტს ყვარელში სამოქალაქო უსაფრთხოების სამაშველო სწავლება “დურუჯი 2024“, რომელშიც ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

სწავლების მონაწილე მოხალისეები
სწავლების მონაწილე მოხალისეები

მონაწილეთა ნახევარი წინასწარ შერჩეული მოხალისე იყო - დანარჩენები, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასაზღვრო პოლიციის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

სიმულაციური სწავლება 17 სხვადასხვა ადგილას მიმდინარეობდა, მათ შორის, საცხოვრებელ კორპუსებში, ქუჩებში, ტბაზე, მთაში და მდინარე დურუჯის კალაპოტში.

ყვარელი, სწავლება "დურუჯი 2024"
ყვარელი, სწავლება "დურუჯი 2024"

კახეთში ყვარელი ერთ-ერთი მუნიციპალიტეტია, სადაც განგაშის გამაფრთხილებელი სისტემაა დამონტაჟებული. სამაშველო სწავლების ფარგლებში სისტემაც გამოცადეს. განგაშის სიგნალის ამოქმედებიდან მალევე, ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.

„ჩვენ კი გამოგვიყვანეს სახლებიდან, მაგრამ დურუჯი თუ მართლა წამოვიდოდა, ნეტა არ წაგვიღებდა?" - სიცილით იკითხა სწავლების მონაწილე ერთ-ერთმა მოხალისემ. მისივე თქმით, მსგავსი ღონისძიება რეგიონში პირველად ჩატარდა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ახლა ვიცით, რომ ეს ყველაფერი სწავლების ფარგლებში ტარდება, მაგრამ თუკი რეალური საფრთხე იქნება, მაშინ როგორ მოვიქცევი, ვერ გეტყვით - მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, ასეთი სწავლება ხშირად უნდა ჩატარდეს ყვარელში, რომელსაც მდინარე დურუჯი სერიოზულ საფრთხეებს უქმნის“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ერთ-ერთმა მოხალისემ. მან ვინაობის გამხელა არ ისურვა.

სწავლების ფარგლებში გამოიყენეს გასაბერი ნავი, რომლითაც ილიას ტბიდან, საფრთხის ქვეშ მყოფი მოქალაქეები გამოიყვანეს.

სწავლებაში გამოიყენეს გასაბერი ნავიც
სწავლებაში გამოიყენეს გასაბერი ნავიც

ილიას გორიდან კი, რომელიც ყვარლის შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს, მაშველებმა ბაგირის დახმარებით ერთ-ერთი მოქალაქე მდინარიდან ამოიყვანეს.

„მე სწავლებამ პრაქტიკული ცოდნა მომცა იმის შესახებ, როგორ უნდა მოვიქცე დურუჯის ადიდების შემთხვევაში ისე, რომ არ დაიწყოს პანიკა. მე მოხალისე ვიყავი და ახლა უკვე შემიძლია მსგავს სიტუაციაში სხვასაც დავეხმარო“, - ამბობს ყვარლელი ბესიკ კაციტაძე.

სწავლების ფარგლებში დაგეგმილი იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის გამოყენებაც, თუმცა, უამინდობის გამო ეს ვერ მოხერხდა. ვერტმფრენით მოქალაქეები უნდა გამოეყვანათ უშუალოდ მდინარე დურუჯის ხეობიდან.

„დურუჯის კალაპოტი არის ერთ-ერთი მოწყვლადი ადგილი და კახეთში სწორედ აქედან დავიწყეთ სწავლება. მოსახლეობის დაინტერესება იმდენად დიდი იყო, რომ მოლოდინს გადააჭარბა“, - უთხრა ჟურნალისტებს თემურ მღებრიშვილმა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა.

სწავლებას მოსალოდნელზე მაღალი ინტერესი მოჰყვა
სწავლებას მოსალოდნელზე მაღალი ინტერესი მოჰყვა

მდინარე დურუჯი ღვარცოფულ მდინარედ ითვლება და საფრთხეს წარმოადგენს.

გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ დურუჯის ხეობაში მუშაობს ორი მეტეოროლოგიური სადგური და დამონტაჟებულია წყლის დონის საზომი მოწყობილობა. გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ოთარ ქურციკიძე საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ წელს იგეგმება სპეციალური კვლევების ჩატარება, რომელმაც უნდა გამოავლინოს რა მდგომარეობაშია დამცავი დამბები. ასევე უნდა განისაზღვროს, მიზანშეწონილია თუ არა ადრეული შეტყობინების სისტემების დამონტაჟება.

სწავლების მონაწილეები
სწავლების მონაწილეები

მდინარე დურუჯი სათავეს ყვარლის მთებიდან იღებს, 27 კილომეტრს გადის და ალაზანში ჩაედინება. მდინარე შავი ფერისაა და ნამტვრევი ქვა მოჰყვება.

დურუჯმა ყვარელი ბევრჯერ დააზარალა, ყველაზე მასშტაბური სტიქია, გასული საუკუნის დასაწყისში მოხდა - კალაპოტიდან გადმოსულმა ღვარცოფმა ქალაქის თითქმის ნახევარი ტალახით და ქვა-ღორღით დაფარა. სტიქიას ადამიანების სიცოცხლეც ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვების. სტიქია განმეორდა 1949 წელსაც.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG