Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ (არ) მუშაობს თბილისის სატრანსპორტო კომპანია


სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის სატრანსპორტო კომპანია შეისწავლა და მნიშვნელოვანი დარღვევები აღმოაჩინა. დარღვევებს შორის არის ავტობუსის მძღოლების ზეგანაკვეთური მუშაობა, არაეფექტური ხარჯები, გადახდის სისტემაში ხარვეზები, რაც თაღლითობის საშუალებას იძლეოდა, და ექსპლუატაციაში მიღებული პრობლემური ნაგებობები. დარღვევები სხვადასხვა შემთხვევაში ზიანის მომტანია საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლეებისთვის, კომპანიაში დასაქმებულებისთვის, ბიუჯეტისა და თავად კომპანიისთვის.

ავანსი სამუშაოსთვის, რომელიც არ შესრულებულა

მთაწმინდის საბაგირო გზის მშენებლობისთვის, რომელიც მშენებლობის საპროექტო ნაწილის სათანადო დამუშავების გარეშე დაიწყო, სამუშაოების შემსრულებელი საწარმოს ანგარიშზე 4 წლის განმავლობაში ირიცხებოდა არსებითი მოცულობის თანხა. მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის დახარჯვის მიუხედავად, ობიექტის მშენებლობა შეწყვეტილია. ამ პროექტისთვის მიმწოდებელმა, შპს „კავკასუს როუდ პროჯექტმა“, შეასრულა 510.3 ათასი ლარის სამუშაოები, სატრანსპორტო კომპანიამ კი ავანსის სახით გასცა 3,500.0 ათასი ლარი.

თანახმად ხელშეკრულებისა, რომელიც 2013 წელს გაფორმდა, პროექტი 2014 წელს უნდა დასრულებულიყო. ხელშეკრულების პირობები 4-ჯერ გადაიხედა და, ბოლო პირობის თანახმად, საბაგიროს გამართვა ვარდების მოედნიდან მთაწმინდის პარკამდე 2018 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო. დღევანდელი მონაცემებით, საბაგირო გზის მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებისას არსებული პროექტის მიხედვით აღარ იგეგმება.

ახალი, ექსპლუატაციისთვის პრობლემური ავტობაზა

სატრანსპორტო კომპანიამ 2013 წელს გამოაცხადა შესყიდვა დიდი დიღმის ტერიტორიაზე მუნიციპალური ავტობაზის მშენებლობისთვის. 2017 წელს ავტობუსების ბაზის მშენებლობა დასრულდა, თუმცა მშენებლობის ყველა ეტაპზე გამოვლინდა მნიშვნელოვანი დარღვევა-ნაკლოვანებები და, საბოლოოდ, სადგური ექსპლუატაციისთვის პრობლემური აღმოჩნდა. ავტობაზის ტერიტორიაზე დაგებული ბეტონის საფარს ბზარები ჩაბარებიდან 3 თვის განმავლობაში გაუჩნდა. მისი მდგრადობისთვის საჭიროა დამატებითი სამუშაოები. მშენებელ კომპანიაზე არ გავრცელებულა საჯარიმო სანქციები.

არათანაბარი პირობები დასაქმებულებისთვის

აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებული ავტობუსის მძღოლების 99 % 2017 და 2018 წლებში ზეგანაკვეთურად მუშაობდნენ - დასაქმებულთა ძირითადი ნაწილი მუშაობს დღეგამოშვებით - დღეში 17 საათს ან მეტს.

გარდა იმისა, რომ ზეგანაკვეთურად მომუშავე მძღოლი საფრთხეს უქმნის როგორც საკუთარი თავს, ასევე მგზავრებს, ზეგანაკვეთური სამუშაოს დაფინანსება ფინანსურად წამგებიანია კომპანიისთვისაც.

2017 წელს კვირაში 48 საათზე მეტი ზეგანაკვეთური სამუშაო 6 499 დასაქმებულიდან აუნაზღაურდა 3 349-ს, ხოლო 2018 წელს – 6 649 დასაქმებულიდან − 3 446 პირს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მძღოლების ზეგანაკვეთური მუშაობის პარალელურად, კომპანიაში არის შემთხვევები, როცა აქ დასაქმებული პირები კომპანიაში არ დადიან. 2017 და 2018 წლებში ისეთი თანამშრომლების რაოდენობა, რომლებიც, ელექტრონული აღრიცხვების სისტემის მიხედვით, სამსახურში საერთოდ არ უვლიათ, 172-ია, მათმა ანაზღაურებამ კი ამ ორ წელიწადში თითქმის ორი მილიონი - 1 902 700 ლარი - შეადგინა. თანამშრომელთა რიცხვი, რომელთა კომპანიაში ყოფნასაც ელექტრონული აღრიცხვა ვერ ადგენს, წლიდან წლამდე იზრდება. 2017 წელს ასეთი 79 შემთხვევა დაფიქსირდა, 2018 წელს - 93.

ელექტრონული აღრიცხვის სისტემის მონაცემების მიხედვით, თანამშრომელთა ის ნაწილი, რომელიც კომპანიაში დადის, ამას ყოველდღიურად არ აკეთებს. მოსვლისას ხშირია დაგვიანებები, წასვლისას კი სამუშაო საათების დასრულებამდე ტოვებენ კომპანიის ადმინისტრაციულ შენობას.

აუდიტის სამსახური აქცენტს სვამს იმაზეც, რომ 2017-18 წლებში კომპანიამ დასაქმებულთა ნაწილი კანონთან შეუსაბამოდ გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მოუწია მათი განაცდურის ანაზღაურება. კომპენსაციამ 289.8 ათასი ლარი შეადგინა.

აუდიტის სამსახურის დასკვნის თანახმად, კომპანიაში მოხელეთა ანაზღაურების სისტემა არ ემყარება გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებს და სამუშაო დროის აღრიცხვის არსებული სისტემა მოიცავს რისკებს, რომ შრომის ანაზღაურებას იღებდნენ ისეთი პირები, რომლებიც მათთვის დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებენ.

გადახდის სისტემა, რომელიც “თაღლითობის” საშუალებას იძლევა

აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, მეტროსადგურებსა და ავტობუსებში მგზავრობის ბარათით გადახდის სისტემა არ არის დაცული, არ კონტროლდება სათანადოდ და მოიცავს რისკებს “შეღავათიანი მგზავრობის სისტემა” გამოყენებული იყოს ფულის განაღდებისთვის ან მისით სარგებლობდნენ პირები, რომლებზეც შეღავათები არ ვრცელდება. სისტემა დაუცველია ასევე კიბერშეტევებისგან.

2017-18 წლებში სატრანსპორტო კომნპანიამ 414 ათას ლარზე მეტი დაკარგა იმის გამო, რომ მოქალაქეები ავტობუსსა და მეტროში მგზავრების “გატარებით” ფულს ანაღდებდნენ.

მეტროსა და ავტობუსებში მგზავრებს უფასოდ მგზავრობა პირველი მგზავრობიდან 90 წუთის განმავლობაში შეუძლიათ. ასეთი მეტრომანების რაოდენობა საერთო მგზავრების 41 პროცენტია.

"მონაცემების შესწავლით გამოვლინდა ბარათები, რომლებიც ძირითადად მეტროს ერთსა და იმავე სადგურის ტურნიკეტებზე დღის განმავლობაში მოკლე შუალედით და მრავალჯერადად გატარდა და მათზე გავრცელდა დაწესებული შეღავათები. არსებობს რისკი, რომ ამ დროს ბარათები გამოიყენებოდა სხვა არაუფლებამოსილი პირების გასატარებლად. აღნიშნული ქმედება დარღვევაა და იწვევს საშეღავათო თანხების ზრდას", — აცხადებენ აუდიტის სამსახურში.

აუდიტის სამსახურში მიაჩნიათ, რომ კომპანიამ არ დააწესა საკმარისი კონტროლი და სათანადოდ არ გამოიყენა მინიჭებული უფლებამოსილება დარღვევით გამოყენებული მგზავრობის შეღავათიანი გადახდების აღსაკვეთად.

გარდა ბარათის სხვის მაგივრად გატარებისა, პრობლემურია სტუდენტებისთვის განკუთვნილი შეღავათიანი მგზავრობაც - იქიდან გამომდინარე, რომ სტუდენტების სია სათანადო სიხშირით არ ახლდება და შესაძლებლობას იძლევა უფრო დაბალ ფასად იმგზავროს მან, ვისაც უკვე აღარ აქვს სტუდენტის სტატუსი.

2017-18 წლებში საშეღავათო ტარიფი შუსაბამოდ გავრცელდა 14 437 ისეთ ბარათზე, რომლის მფლობელსაც შეწყვეტილი ჰქონდა სტუდენტის სტატუსი. მერიას ამგვარი მგზავრობების სუბსიდირებისთვის სატრანსპორტო კომპანიისთვის 592 100 ლარის გადახდამ მოუწია.

კონტროლი, რომელსაც სატრანსპორტო კომპანია მხოლოდ ავტობუსებში მხოლოდ ცოცხალი შემოწმებით ახორციელებს, აუდიტის შედეგების მიხედვით, არასაკმარისია. არასაკმარის კონტროლზე 1 279 კონტროლიოზე 2017-18 წლებში კომპანიამ 32 მილიონზე მეტი გასცა შრომის ანაზღაურების სახით.

მეტროს ვაგონების და სადგურების შეკეთებასთან დაკავშირებული კითხვები

აუდიტის სამსახური იხსენებს “ვარკეთილის” მეტროს სადგურის რეაბილიტაციას, რომელიც 2017 წელს შპს “ყვარელმშენმა” შეასრულა. 2017 წლის 29 დეკემბერს ჩაბარებულ სადგურში 2018 წლის იანვარში ჩამოვარდა შეკიდული ჭერი და დაშავდნენ მოქალაქეები. ვარკეთილის მეტროს სადგურში ჩამონგრეული ჭერი ამ დრომდე არ შეკეთებულა.

"ფლანგვის დეტექტორის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია "ყვარელმშენმა" ვარკეთილის მეტროს სადგურის ჩამონგრევის შემდეგ კიდევ მოიგო 4 სახელმწიფო ტენდერი, მათ შორის საჯარო სკოლის რემონტი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა.


აუდიტი საგულისხმოდ მიიჩნევს იმასაც, რომ მეტროს ვაგონების შეკეთებას წლების განმავლობაში დაბალი კონკურენციის პირობებში უზრუნველყოფს სააქციო საზოგადოება “ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალი”, რომელმაც 2017-18 წლებში 7 ტენდერი მოიგო, 46,9 მლნ ლარის ჯამური ღირებულებით.

აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, დაბალია სატრანსპორტო კომპანიის მიერ დაგეგმილი პროექტების შესრულების მაჩვენებელი და 2017-18 წლებში ინფრასტრუქტულ პროექტებზე კომპანიამ გამოყოფილი თანხის მხოლოდ 37,8%-ის დახარჯვა მოახერხა.

2017-2018 წლებში შემოსავლების სახით თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 548.1 მლნ ლარი მიიღო.

XS
SM
MD
LG