14 ადამიანი დაშავდა 30 იანვარს თბილისში, მეტროს სადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბიულში, შეკიდული ჭერის კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად. დაშავებულებს ოთხ სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობენ. თბილისის მერის განცხადებით, მეტროს სადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია „ყვარელრემმშენმა“ განახორციელა.
მეტროს სადგურის სარემონტო სამუშაოების ჯამური ღირებულება 347 852 ლარი იყო. სამუშაოები 2016 წლის ბოლოს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სწორი ექსპლუატაციის პირობებში შესრულებულ სამუშაოს, სულ ცოტა, ათწლიანი გარანტია უნდა ჰქონოდა. მეტროს სადგურ „ვარკეთილში“ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. შპს „ყვარელრემმშენის“ დირექტორი და სამი თანამშრომელი შინაგან შსს-ში დაკითხვაზე დაიბარეს.
დაახლოებით დღის 10:30 წუთზე მეტროს სადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბიულში შეკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოიშალა და ბაქანზე მდგომი ხალხი ქვეშ მოიყოლა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში თვითმხილველები ეკა კახელაშვილი და ირა მაისურაძე მომხდარს იხსენებენ. მათი თქმით, ჯერ ძლიერი ხმაურის ხმა გაიგონეს, შემდეგ კი ბაქანზე მტვრის ბუღი დადგა.
ეკა კახელიშვილი: „ხალხი ვაგონიდან გამოცვივდა. საშინელი მტვერი წამოვიდა. ამ მტვერში ხალხი დაიბნა და ზედახორა იყო, ერთმანეთს ეჭიდებოდნენ, რომ თავი გადაერჩინათ“.
ირა მაისურაძე: „გვირაბის შესასვლელთან წამოვიდა ჭერი მთლიანად, თავის განათებიანად. საშინელი ხმაური იყო, მერე კვამლი დადგა. ახალგაზრდები მიხვდნენ, რაც ხდებოდა და გამოვცვივდით ესკალატორისკენ. ესკალატორი გამორთული დაგვხვდა და ნელ-ნელა, როგორც იქნა, ამოვედით“.
ვითარებაში გასარკვევად შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა თბილისის მერი კახა კალაძე, რომლის განცხადებით, მომხდარის გამო ყველა პასუხისმგებელი პირი უმკაცრესად დაისჯება; ასევე, შემოწმდება ყველა ობიექტი, სადაც სარემონტო სამუშაოებს იგივე კომპანია ასრულებდა.
„ძალიან სამწუხარო ფაქტია. სულ ვამბობ და ახლაც გავიმეორებ, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მშენებლობებს, მის ხარისხს და უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე და ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება ამ კონკრეტულ ფაქტს“.
მოგვიანებით, მერიაში გამართულ პრესკონფერეციაზე, კახა კალაძემ დააზუსტა, რომ მეტროს სადგურ „ვარკეთილის“ სარემონტო სამუშაოები კომპანია „ყვარელრემმშენმა“ შეასრულა. სარემონტო სამუშაოების ჯამური ღირებულება 347 852 ლარი იყო. სამუშაოები 2016 წლის ბოლოს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამუშაოების შედეგად განახლდა სადგურის ქვედა და ზედა ვესტიბიულების ინტერიერი, გარემონტდა დახრილი გვირაბი, გაიწმინდა იატაკის გრანიტი და მარმარილო, დამონტაჟდა ახალი საოპერატორო ჯიხურები და მოეწყო ნავიგაციის თანამედროვე სისტემა.
კომპანია „ყვარელრემმშენის“ გარემონტებულია არა მხოლოდ მეტროს სადგურ „ვარკეთილის“, არამედ 160-ე სკოლის, ასევე შიდსისა და იმუნოლოგიის ცენტრის შენობებიც. ტენდერი მეტროს სადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას, პერიოდში ჩატარდა. სატენდერო პირობების შესრულებას ზედამხედველობას უწევდა თბილისის სატრანსპორტო კომპანია.
თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას, განცხადებით, კომპანია სატენდერო პირობების სრული დაცვით შეირჩა და ახლა, გამოძიების შემდეგ გამოვლენილი შედეგების მიხედვით, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ყველა პირი, ვინც შესაძლო დარღვევაში იქნება ეჭვმიტანილი:
„სატენდერო კომისიაც და, შესაბამისად, ობიექტთან დაკავშირებულ საკითხებს ზედამხედველობას უწევდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიაც. ერთხელ ვიმყოფებოდი კიდეც ობიექტზე, ისევე როგორც ამ კომპანიის მიერ შესრულებულ წინა ობიექტზე, „ახმეტელის თეატრის“ მეტროს სადგურში. ჩვენ მეტროს სადგურების რეაბილიტაცია დავიწყეთ იმიტომ, რომ იქ იყო ძალიან კრიტიკული მდგომარეობა“.
რაც შეეხება დაშავებულების მდგომარეობას, შეკიდული ჭერის ჩამოშლის შედეგად მეტროს სადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ბაქანზე 14 ადამიანი დაშავდა. 4 მათგანი ინგოროყვას კლინიკაში თბილისის მერმა კახა კალაძემ მოინახულა, დანარჩენები - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. მისი სიტყვებით, დაშავებულების მკურნალობის ხარჯებს მერია და ჯანდაცვის სამინისტრო აანაზღაურებენ:
გვაქვს ინფორმაცია, რომ მეტროს რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია რამდენიმე მილიონი ვაგონების დასამატებლად, ლოდინის დროის შესამცირებლად, მაგრამ, როგორც ვხედავთ, უფრო სწრაფი მოქმედებაა საჭირო, რომ, პირველ რიგში, უსაფრთხოების ნორმები იყოს დაცული მეტროს სადგურებში...ეკა ლალიაშვილი
„ახლა ვინახულე ოთხი პაციენტი. საბედნიეროდ, მათი მდგომარეობა მძიმე არ არის. ოთხივე მათგანი კონტაქტურია, მათი დაზიანებების უმეტესობა უკვე მართულია. ისინი დარჩებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გარკვეული პერიოდი. საბედნიეროდ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“.
შსს-მ უკვე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე - სამთო და სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევის - მუხლით. შესაბამისი სამსახურები იკვლევენ იმ საექსპერტო კომპანიების საქმიანობასაც, ვინც დასრულებული სამუშაო შეაფასა. მთლიანად სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესს ზედამხედველობას უწევდა თბილისის სატრანსპორტო კომპანია.
ექსპერტები ამბობენ, რომ მაშინ როდესაც ყოველდღიურად მეტროთი 300 000 ადამიანი გადაადგილდება, უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული. ამის თაობაზე ილაპარაკა არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა:
„გვაქვს ინფორმაცია, რომ მეტროს რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია რამდენიმე მილიონი ვაგონების დასამატებლად, ლოდინის დროის შესამცირებლად, მაგრამ, როგორც ვხედავთ, უფრო სწრაფი მოქმედებაა საჭირო, რომ, პირველ რიგში, უსაფრთხოების ნორმები იყოს დაცული მეტროს სადგურებში“.