ეს ქვეყნები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. წელს ბევრ დებატს მოისმენთ დემოკრატიის მხრივ არსებული ვითარების შესახებ - დეზინფორმაციის მზარდ გარემოში სულ უფრო ხშირად შეხვდებით პოპულისტებს, დემაგოგებსა და პარტიებს, რომლებიც სისტემის გადატრიალებას ჰპირდებიან ამომრჩეველს.
ამ მხრივ ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნები - რომელიც ასევე წელს ტარდება - ბევრისაგან განსხვავებული იქნება.
ცხადია, რომ ფინეთის 28 იანვრის კენჭისყრა მსოფლიოსათვის განსაკუთრებულ დატვირთვას არ ატარებს. შეიძლება იდავონ მასში მონაწილე კანდიდატების ქარიზმაზე ან პოპულარობაზე. აი, მათ კვალიფიკაციას კი ეჭვქვეშ ვერავინ დააყენებს - სამუშაო სტაჟი ყველას შთამბეჭდავი აქვს.
ხუთ წამყვან კანდიდატს შორის ნახავთ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ფინანსთა და საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრებს, ყოფილ და ამჟამინდელ ევროკომისრებს, ცენტრალური ბანკის თავმჯდომარეს და პარლამენტის სპიკერს. არადა, ფინეთისთვის ეს ყველაზე მთავარი თანამდებობაც კი არ გახლავთ - ძირითადი ძალაუფლება აქ მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის ხელშია.
თუმცა, პრეზიდენტი მაინც მნიშვნელოვანია. მთავარსარდალი ისაა და ქვეყანას ნატოს სამიტებზე ის წარმოადგენს. საგარეო პოლიტიკაზეც დიდი გავლენა აქვს. პრეზიდენტი ფინეთისთვის ერთგვარი „ერის დედის ან მამის“ ფუნქციას ასრულებს.
ამჟამინდელი პრეზიდენტი, საული ნიინისტე, მეორე ექვსწლიან ვადას ასრულებს. მიიჩნევა, რომ სწორედ მან მიმართა ქვეყნის კურსი ნატოსაკენ. დიპლომატები, ვისთანაც მისაუბრია, ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ მას დიდ პატივს სცემენ უცხო ქვეყნის ლიდერები, მათ შორის ვლადიმირ პუტინი, ჯო ბაიდენი და რეჯეპ ტაიპ ერდოანი.
ვინ შეცვლის მას? პირველ ტურში გამარჯვებისათვის საჭირო 50%-ს, წესით, ვერავინ მიიღებს და პირველ ორ ადგილზე გასული ორი კანდიდატი ორი კვირის შემდეგ დაუპირისპირდება ერთმანეთს. გამოკითხვების შედეგად ელიან, რომ ეს ორი კანდიდატი იქნება მემარჯვენე-ცენტრისტული „ეროვნული კოალიციის პარტიის“ წარმომადგენელი ალექსანდერ სტუბი და პეკა ჰაავისტო, რომელიც დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს, თუმცა დიდი ხანია, რაც „მწვანეებთან“ არის ასოცირებული. ელიან, რომ პირველ ტურში ორივე ხმების 20-25%-ს მიიღებს. მეორე ტურში მცირე უპირატესობას ალექსანდერ სტუბს ანიჭებენ.
ალექსანდერ სტუბი ბრიუსელში ნამდვილი სუპერვარსკვლავია. ევროკავშირის რომელიმე მაღალი თანამდებობისათვის კანდიდატების შერჩევის დროს მის სახელს ყოველთვის ახსენებენ. თუ ის ფინეთის პრეზიდენტი ვერ გახდა, დიდი ალბათობით, დაასახელებენ ევროკომისრის კანდიდატად. მისი კარიერა სწორედ ბრიუსელში დაიწყო. ოთხი წლის განმავლობაში ევროპარლამენტარი გახლდათ, შემდეგ კი ფინეთის მთავრობაში სხვადასხვა თანამდებობები ეჭირა - ევროპისა და ვაჭრობის მინისტრიც იყო, საგარეო პოლიტიკასაც უძღვებოდა, პრემიერ-მინისტრადაც აირჩიეს... შემდეგ ის ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტად მსახურობდა და ბოლოს ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა. მისი მშობლიური ენებია ფინური და შვედური, თუმცა ინგლისურად, ფრანგულად და გერმანულადაც კარგად ლაპარაკობს.
არც მეორე მთავარ კანდიდატს, პეკა ჰაავისტოს აქვს ნაკლები გამოცდილება. სტუბის მსგავსად მასაც შთამბეჭდავი დიპლომატიური გამოცდილება აქვს და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაც ეჭირა. ის გახლდათ ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი სუდანში 2005 წელს, დარფურის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და ეთიოპიაში, ტიგრეის ომის დროს. გაეროს სახელით მუშაობდა ავღანეთში, ერაყსა და დასავლეთ ბალკანეთში. 1995 წელს ის გახდა ევროპული კაბინეტის პირველი მინისტრი, რომელიც მწვანეების პარტიას წარმოადგენდა. 2012 და 2018 წლების ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ის მეორე ადგილზე გავიდა და იმედოვნებს, რომ მესამე ჯერზე გაუმართლებს. გამარჯვების შემთხვევაში ის ფინეთის პირველი ღიად გეი პრეზიდენტი იქნება - 2002 წლიდან ის რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ეკვადორელ პარტნიორთან.
ელიან, რომ მესამე ადგილს დაიკავებს იუსი ჰალა-აჰო - ყველაზე კონტროვერსიული კანდიდატი, რომელიც პოპულისტურ „ფინელების პარტიას“ წარმოადგენს. თუმცა, ბოლო დროს მისმა პოპულარობამ იმატა და არც ისაა გამორიცხული, რომ ჰაავისტოს ან სტუბს გადაასწროს. ის ყოფილი ევროპარლამენტარია, რომელსაც ამჟამად ფინეთის პარლამენტის სპიკერის თანამდებობა უჭირავს. მას ბრალად სდებდნენ რელიგიური და ეთნიკური შუღლის გაღვივებას, რადგან თავის ბლოგში ისლამის და იმიგრაციის საწინააღმდეგო მოსაზრებები გამოთქვა. ფინელების პარტიაც მისი ხელმძღვანელობით უფრო რადიკალური გახდა. ამავე დროს, ფინელი ოპონენტებიც კი მას ჭკვიან და გამჭრიახ პოლიტიკოსად მიიჩნევენ. ბევრი ევროპელი ულტრამემარჯვენისაგან განსხვავებით, ის მხარს უჭერს ნატოს და აკრიტიკებს რუსეთს. უკრაინის რადაში ფეხზე წამოუდგნენ და ოვაცია მოუწყვეს მას შემდეგ, რაც მან თითქმის უნაკლო უკრაინულით წაიკითხა მთელი მიმართვა - ჰალა-აჰო დოქტორის ხარისხს ფლობს სლავურ ენებში.
წელს სხვა არჩევნებზე გაცილებით მეტს დაწერენ, მაგრამ უფრო კვალიფიციური კანდიდატები არცერთ სხვა ქვეყანას არ ეყოლება.