Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ხდება ჩეჩნეთსა და დაღესტანს შორის - ბზარი კავკასიაში?


სერგეი მელიკოვი, დაღესტნის თავკაცი (მარცხნივ) და რამზან კადიროვი, ჩეჩნეთის ხელმძღვანელი
სერგეი მელიკოვი, დაღესტნის თავკაცი (მარცხნივ) და რამზან კადიროვი, ჩეჩნეთის ხელმძღვანელი

ორი კვირაა არ ცხრება სკანდალი, რომელშიც ჩეჩნეთისა და დაღესტნის ხელმძღვანელები - რამზან კადიროვი და სერგეი მელიკოვიც არიან ჩართული.

2024 წლის 14 აპრილს რამზან კადიროვის უახლოესი თანამებრძოლი და რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ჩეჩნეთის დეპარტამენტის უფროსი, ალიხან ცაკაევი დაღესტნელმა პოლიციელებმა დააკავეს არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისა და დაუმორჩილებლობის გამო.

რუსეთის შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ გადმოათრიეს გენერალი ცაკაევი მანქანიდან და როგორც გააკრეს ის სახით ასფალტზე. პასუხად ჩეჩნეთის რესპუბლიკის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა, სამართლებრივი პროცედურების გვერდის ავლით, მალევე გამოიხსნეს "ტყვეობიდან" თავისიანი, რომელსაც, მიმომხილველების თქმით, რამზან კადიროვის სახელისუფლებო იერარქიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

  • კიდევ რით არის ცნობილი სკანდალში გახვეული ალიხან ცაკაევი?
  • რა გავლენას მოახდენს ცაკაევთან დაკავშირებული ინციდენტი რუსეთის ორი მნიშვნელოვანი რესპუბლიკის ურთიერთობაზე?

ალიხან ცაკაევი დააკავეს გერზელის ხიდის საგუშაგოზე, დაღესტან-ჩეჩნეთის ადმინისტრაციულ საზღვართან. რუსეთის შს სამინისტროს ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის სამმართველოს ვერსიით, შემხვედრ ზოლში მოძრავი ავტომობილის მძღოლმა უარი თქვა დამორჩილებასა და საბუთების წარდგენაზე, შემდეგ კი აგინა პოლიციელებს და სცადა გზის გაგრძელება. ავტომობილის გაჩერება მოხერხდა სპეციალური საშუალების - ე.წ. ზღარბის - გამოყენების შემდეგ, ალიხან ცაკაევი (მძღოლი) ავტომობილიდან გადმოიყვანა შვიდმა სამართალდამცველმა. რამდენიმე წყაროს თანახმად, დაკავების მომენტში საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ჩეჩნეთის დეპარტამენტის უფროსი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.

„დაკავებული აგრძელებდა არასათანადო და აგრესიულ ქცევას, ემუქრებოდა პოლიციელებს, რომლებიც იძულებული გახდნენ გამოეყენებინათ ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები (ხელბორკილები). თავის მხრივ, დაკავებულმა რამდენჯერმე დაარტყა სამართალდამცავებს“, - ნათქვამია რუსეთის შს სამინისტროს ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის განცხადებაში.

“ალიხან ცაკაევმა 26 წლის უფროს სერჟანტს მუცელში ჩაარტყა, ხოლო 33 წლის უფროს ლეიტენანტს მუხლი ამოარტყა”, - წერს ტელეგრამის არხი Baza.

ადვოკატ დმიტრი ზახვატოვის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად მიმდინარეობს მოკვლევა, ცაკაევს ალბათ არავინ დასჯის, რადგან კადიროვს აქვს სათანადო რესურსი:

„მთელი ბლოკ-პოსტი რომ დაეცხრილა, მას უკრაინაში საომრად თუ გაუშვებდნენ. იტყოდა, სისხლით გამოვისყიდიო, სინამდვილეში კი იჯდებოდა კადიროვთან აგარაკზე ჭიქა ღვინით ხელში“.

საქმე ის არის, რომ ცაკაევი, ისევე როგორც ჩეჩნეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, აბუზაიდ ვისმურატოვი, რამზან კადიროვის კლასელია.

„ცაკაევი არის კადიროვის თანასოფლელი, ბავშვობის მეგობარი, რომელიც ასევე სისხლით არის კადიროვთან დაკავშირებული და ამაში არ იგულისხმება მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის მოტაცება და მკვლელობა. ასე რომ, ცაკაევი არის სკანდალური და ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა კადიროვის იერარქიაში. კადიროვი მას, რა თქმა უნდა, ძალიან აფასებს. რაც მას დაემართა, ძალიან სასაცილოა. ცოტა ვინმე თუ იფიქრებდა, რომ ცაკაევს ასფალტზე ახოხიალებდნენ სახით. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად უხერხული ისტორიაა კადიროვისთვის, მთლიანად ხელისუფლებისთვის და იერარქიისთვის“, - ამბობს ჩეჩენი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ტუმსო აბდურახმანოვი რადიო თავისუფლების პროექტ "კავკაზ. რეალიისთან" საუბრისას.

ალიხან ცაკაევი კადიროვის იერარქიაში ძალიან სერიოზული ფიგურაა, ის არ არის გუნდის რიგითი წევრი, ის კადიროვთან არის პირველი დღეებიდან. ცაკაევი ხელმძღვანელობდა რესპუბლიკის „ომონს“ 12 წლის განმავლობაში, 2007 წლიდან 2019 წლამდე. ჩეჩნეთში მას იცნობენ მეტსახელით „გრომ“. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი 2007 წელს, როცა ცეცხლი გაუხსნა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პირდაპირ დაქვემდებარებაში მყოფი ბატალიონის, „დასავლეთის“ წევრებს. მაშინ ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ ძმები იამადაევები, შესაბამისად, ძალაუფლება ბოლომდე არ იყო კადიროვის ხელში. ამ დროს ცაკაევი ხელმძღვანელობდა „ომონს“. კონფლიქტი მოხდა „დასავლეთის“ ერთ-ერთ მებრძოლთან. დაიწყო სროლა, რის შედეგადაც დაიღუპა „დასავლეთის“ 5 მებრძოლი. სწორედ ამის შემდეგ მიიღო ცაკაევმა ახმატ კადიროვის ორდენი და გახდა ის ჩეჩნეთის მეთაურის ფავორიტი“.

“ალიხან ცაკაევის გამოხსნის ოპერაციაში მონაწილეობდნენ სპეცრაზმ „ახმატის“ მებრძოლები, რომლებიც იარაღით ემუქრებოდნენ „გერზელის ხიდის“ საგუშაგოზე მყოფ სამართალდამცავებს, რამდენიმე მათგანს სცემეს კიდეც”, - წერს Baza. თავის მხრივ, ცაკაევიც დაჰპირდა ყველას, ვინც მის დაკავებაში იღებდა მონაწილეობას, რომ ოთხზე დააყენებდა.

რამზან კადიროვმა მხარი დაუჭირა თავის თანაკლასელსა და უახლოეს თანამებრძოლს. მისი თქმით, "კისრისტეხით უნდა გაყარო ყველა, ვინც ცაკაევის უკანონო დაკავებაში მონაწილეობდა".

„სპექტაკლი და სამარცხვინო პროვოკაცია“, - ასე შეაფასა კადიროვმა დაღესტნელი სამართალდამცავების მოქმედება.

რამზან კადიროვი და ალიხან ცაკაევი (მარჯვნივ)
რამზან კადიროვი და ალიხან ცაკაევი (მარჯვნივ)

კადიროვის მიერ შერისხულ სამართალდამცავებს გამოექომაგა დაღესტნის რესპუბლიკის თავკაცი, სერგეი მელიკოვი.

„ვიმედოვნებ, რომ ჩემს კოლეგას რამზან ახმატის ძე კადიროვს, როცა რაღაც „სამარცხვინო პროვოკაციაზე“ საუბრობდა, მხედველობაში არ ჰყოლია დაღესტნელი პოლიციელები, რადგან დაღესტნელმა თანამშრომლებმა სამართლიანად დაიმსახურეს წესრიგის მცველის ამაყი წოდება. ჩვენი რესპუბლიკებისთვის ყველაზე რთულ პერიოდში, როცა რუსეთს საერთაშორისო ბანდები ემუქრებოდნენ, ისინი თავდაუზოგავად იცავდნენ მშობლიურ მიწას, ჩვენს მოქალაქეებსა და ჩვენი დიდი ქვეყნის მთლიანობას. ამისთვის ბევრმა გაწირა კიდეც სიცოცხლე“, - დაწერა Telegram-ში სერგეი მელიკოვმა,

"საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ჩეჩნეთის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან სკანდალმა ბევრი თანამდებობის პირი, უშიშროების ძალები და ორი რესპუბლიკა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო“, - ამბობს ალექსანდრ ჩერკასოვი, ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრ „მემორიალის“ წარმომადგენელი:

„ეს კავკასიაა, რესპუბლიკებს შორის არის კომპლექსური ურთიერთობები. რამზან კადიროვი, ერთი მხრივ, ნერგავს მკაცრ მორალს და იცავს ე.წ. ტრადიციებს, ბოლომდე მფარველობს თავისიანებს - ეს პრინციპული საკითხია. არადა, ახლა ცაკაევის დაუსჯელად დატოვებაც შეუძლებლად მოჩანს. დაღესტნის ხელისუფლებამაც უნდა მოძებნოს გამოსავალი: რბილად რომ ვთქვათ, ადგილობრივი უშიშროების ძალებისთვის ძნელია კადიროველებთან გამკლავება, მაგრამ სულ არაფრის თქმაც დამამცირებელია. არ ვიცი, პოლიტიკაა ეს თუ რა, მაგრამ ეს არის ერთგვარი დიაგნოზი რუსული ძალაუფლების ვერტიკალისთვის“.

ალიხან ცაკაევი (ცენტრში) გროზნოში როსგვარდიის ჩეჩნეთის დეპარტამენტის უფროსს შარიპ დელიმხანოვსა (მარცხნივ) და ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელს ასლან ირასხანოვს შორის. 2024 წლის 22 აპრილი.
ალიხან ცაკაევი (ცენტრში) გროზნოში როსგვარდიის ჩეჩნეთის დეპარტამენტის უფროსს შარიპ დელიმხანოვსა (მარცხნივ) და ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელს ასლან ირასხანოვს შორის. 2024 წლის 22 აპრილი.

რუსეთის შს სამინისტროს მიერ ცაკაევის დაკავების გარემოებების ამსახველი კადრების გამოქვეყნების პარალელურად, კადიროვის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩეჩნეთის მონაწილეობის საკითხებზე გამართული თათბირის ჩანაწერი, რომელზეც, შეხვედრის სხვა მონაწილეებთან ერთად, ცაკაევიც მოჩანს.

თავისი თანაკლასელის კომპეტენციაზე საუბრისას, რამზან კადიროვმა ჩამოთვალა მისი როგორც დამსახურებები, ასევე ჯილდოები: ახმატ კადიროვის ორდენი, მამაცობის ოთხი ორდენი, მედლები "თავდადებისათვის", "სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის" (II ხარისხი) და მედალი "საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში გამორჩევისთვის“.

2023 წელს, კადიროვის უმცროს ვაჟ ადამთან ერთად, ცაკაევს მიენიჭა "ჩეჩნეთის გმირის" წოდება, ხოლო 2022 წელს მან ასევე მიიღო მედალი "მარიუპოლის განთავისუფლებისთვის".

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ალიხან ცაკაევს კიდევ ერთი მოვალეობა დაეკისრა - გუდერმესის „სპეციალური ძალების უნივერსიტეტში“ მომზადებული „მოხალისეების“ ომში გაცილება.

ალიხან ცაკაევი სიყმაწვილეში
ალიხან ცაკაევი სიყმაწვილეში

ცაკაევის დაღესტანში დაკავების კომენტირებისას, ევროპაში ჩეჩნური მოძრაობის „ერთიანი ძალის“ ხელმძღვანელმა ჯამბულატ სულეიმანოვმა რადიო თავისუფლების პროექტ "კავკაზ.რეალიის" უთხრა, რომ ორპირობა ისლამში ყველაზე მძიმე ცოდვაა, „თუმცა ადამიანებს, რომლებმაც უღალატეს თავის ხალხს და რელიგიას, სხვაგვარად არ შეუძლიათ“.

„აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი: რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების მხარდაჭერით გამოწვეული შიში თანდათან ტოვებს ხალხს, მათ აღარ ეშინიათ კადიროვისა და მისი თანამზრახველების“, - აღნიშნა სულეიმანოვმა.

პოლიტოლოგი რუსლან აისინი კი მიუთითებს უსაფრთხოების ფედერალური ძალების უჩვეულო ქცევაზე. მას მიაჩნია, რომ გახმაურებული დაკავება შეიძლება გამოიყენოს კრემლის ერთ-ერთმა "კოშკმა", ხოლო "პროვოკაციები და კინკლაობა "კადიროველებსა" და "მელიკოველებს" შორის“ ამით არ დასრულდება.

„სერგეი მელიკოვის დანიშვნა იმთავითვე კადიროვის საპირწონედ იყო ჩაფიქრებული. ეს ძველი იმპერიული სტრატეგიაა „დაყავი და იბატონე“. თუმცა ახლა შეეცდებიან კონფლიქტის ჩაცხრობას. ფედერალური ცენტრისთვის არ არის მომგებიანი მისი ძალიან გაღრმავება. გასაგებია, რომ სკანდალი საჭიროა რამზანის პოლიტიკური გავლენის შესამცირებლად, მაგრამ [საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ჩეჩნეთის დეპარტამენტის უფროსის წინააღმდეგ] სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ალბათობა მაღალი არაა“, - ამბობს "კავკაზ.რეალიისთან" რუსლან აისინი, რომელიც თავის ამ ვარაუდს უკავშირებს არა კადიროვის რესურსებს, არამედ კრემლის შესაძლო პოლიტიკურ ამოცანას - საკითხი იყოს ღია და მიანიშნებდეს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ცენტრს შეუძლია დაარტყას მის ახლო გარემოცვას.

რუსლან აისინი
რუსლან აისინი

”მთელი ეს საუბარი კადიროვის ავადმყოფობასა და მის გარდაუვალ სიკვდილზე, მემკვიდრის ძიებაზე აპტი ალაუდინოვის სახით - ეს ყველაფერი ერთი და იმავე რიგის მოვლენებია, შესაძლოა, კრემლის ერთ-ერთი "კოშკი" უკვე იბრძვის მემკვიდრეობისათვის. შესაძლებელია ვიხილოთ კადიროვისა და მისი პარტნიორების მხრიდან რაიმე სახის საპასუხო რეაქცია სხვა "კოშკიდან", მაგალითად, რუსეთის გვარდიის უფროსის, ვიქტორ ზოლოტოვის სახით“, - ასკვნის რუსლან აისინი.

რუსი პოლიტოლოგების თქმით, ვლადიმირ პუტინი ორ რეგიონს უთმობს განსაკუთრებულ ყურადღებას: კავკასიას და შორეულ აღმოსავლეთს, თუმცა ცხადი მიზეზების გამო კავკასია, პირველ რიგში კი ჩეჩნეთი, ბევრად მეტი პრობლემის შემქმნელია.

„ჩეჩნეთთან ურთიერთობა აწყობილია არა როგორც ფედერალურ ცენტრსა და რეგიონს შორის, არამედ როგორც ცენტრსა და მორჩილ, მაგრამ დამოუკიდებელ სამთავროს შორის, - ამბობს რუსი პოლიტოლოგი ნიკოლაი პეტროვი რადიო თავისუფლების რუსულ რედაქციასთან საუბრისას, - ამასთან, ამ სამთავროს ხელმძღვანელი თავის სიუზერენად ცნობს მხოლოდ პუტინს. ასეთია პუტინისა და კადიროვის ურთიერთობა. გავიხსენოთ, მედვედევის პრეზიდენტობის დროს კადიროვმა საჯაროდ განაცხადა, რომ იგი ლოიალურია მხოლოდ პუტინის და არა რუსეთის პრეზიდენტის. ამ გარიგების წყალობით კადიროვს ხელ-ფეხი აქვს გახსნილი არა მხოლოდ ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. მის ძალოვნებს შეუძლიათ სპეცოპერაციების ჩატარება რესპუბლიკის ფარგლებს მიღმაც. კადიროვს აქვს არაოფიციალური უფლება ყველა ჩეჩენთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, თუ სად ცხოვრობენ“.

ნიკოლაი პეტროვი
ნიკოლაი პეტროვი

ნიკოლაი პეტროვის თქმით, კადიროვს ჰყავს არმია, ამიტომ კადიროვი რეგიონის უნიკალური ხელმძღვანელია, რომელიც იმავდროულად არის ჯარისა და სპეცსამსახურის ხელმძღვანელიც.

„კადიროვის სახით საქმე გვაქვს ერთგვარ პრიგოჟინთან. ომის დაწყებისას ის იყო შინაგანი ჯარების გენერალ-მაიორი, ახლა კი გენერალ-პოლკოვნიკია, რომლის განკარგულებაშია სერიოზული სამხედრო სტრუქტურა. ამიტომაც გააკეთეს ჩეჩენმა ძალოვნებმა დაღესტნის საზღვართან ის, რაც გააკეთეს“, - ამბობს პოლიტოლოგი, თუმცა აქვე იმასაც შენიშნავს, რომ რამზან კადიროვის წასვლა უთუოდ გამოიწვევს სერიოზულ დესტაბილიზაციას რეგიონში, ამის ყველა ნიშანი სახეზეა, მათ შორისაა დაღესტნის საზღვარზე მომხდარი ინციდენტიც.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG