Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ თარგმნის "ხალხის ძალა" ნატოს მე-5 მუხლს და რა წერია იქ სინამდვილეში


ნატო წევრი ქვეყნების უსაფრთხოებას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლით არეგულირებს, რომლის მიხედვითაც, ერთ წევრზე თავდასხმა მთლიანად ალიანსზე თავდასხმად განიხილება.
ნატო წევრი ქვეყნების უსაფრთხოებას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლით არეგულირებს, რომლის მიხედვითაც, ერთ წევრზე თავდასხმა მთლიანად ალიანსზე თავდასხმად განიხილება.

“ქართული ოცნების” განაყოფმა - "ხალხის ძალამ" ნატოს წესდების მე-5 მუხლი ისე განმარტა, თითქოს ნატოს წევრებს ერთმანეთის დაცვის ვალდებულება არ აქვთ. ეს ინტერპრეტაცია ზუსტად ასახავს რუსეთისა და მისი მოკავშირეების მიერ გავრცელებულ მითს.

ნატოს წესდების მეხუთე მუხლი წევრი ქვეყნების დაცულობის მთავარი გარანტია და სწორედ ეს მუხლი განაპირობებს ალიანსის გაფართოებას - რომლის ტერიტორიაზეც უკვე 75 წელია, ომი არ ყოფილა.

  • მეხუთე მუხლი 1949 წლიდან არსებობს, როცა ვაშინგტონში, 12 ქვეყნის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებას.
  • მეხუთე მუხლი ნატომ ერთადერთხელ აამოქმედა - 2001 წლის 11 სექტემბერს მსოფლიო სავაჭრო ცენტრსა და პენტაგონზე მომხდარი ტერორისტული თავდასხმის საპასუხოდ.

რას ამბობს „ოცნების“ განაყოფი - „ხალხის ძალა“?

„ხალხის ძალა“ ნატოს სიცრუეში ადანაშაულებს.

5 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნატო საქართველოს „ტყუილი, არაფრის მომცემი დაპირებებით“ აბრუებს და, რომ უკვე დადგა „სიმართლის“ თქმის დრო - ნატოს წესდების მეხუთე მუხლთან დაკავშირებითაც.

„აქამდე გადარჩენის და უსაფრთხოების მთავარ იარაღად შერაცხული მეხუთე მუხლი სულაც არ არის უსაფრთხოების და თავდაცვის გარანტი. უფრო მეტიც, ეს მანიპულაციური ჩანაწერი ალიანსის წევრ ყველა ქვეყანას აძლევს სრულ უფლებას, იხელმძღვანელონ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით და, მათივე წესდებით, თავი აარიდონ ნებისმიერ სამხედრო კონფლიქტში ჩართვას“, - „ხალხის ძალა“ ამატებს „ყველაზე დიდ უბედურებასაც“, რომ - ნატოს წესდების მეხუთე მუხლის "ქართული თარგმანი მიზანმიმართულად არის გაყალბებული“.

„თარგმანში გამქრალია წესდების ორიგინალის მთავარი დათქმა, რომ ყველა ქვეყანა თავად წყვეტს, გამოიყენოს ან არ გამოიყენოს სამხედრო დახმარება, როგორც თავად ჩათვლის საჭიროდ. ქართულ ვერსიაში ისეა წარმოჩენილი, რომ ნატო წევრ ქვეყანაზე თავდასხმის შემთხვევაში ყველა ქვეყანა ვალდებულია, ჩაერთოს სამხედრო დაპირისპირებაში და დაიცვას მოკავშირე სამხედრო აგრესიისგან“, - „ხალხის ძალა“ შეცდომაში შემყვან თარგმანსა და მე-5 პუნქტის არასწორ ინტერპრეტაციას გლობალური ომის პარტიას აბრალებს.

„მწარე სიმართლეში“ სიცხადის შეტანა ცალკე სცადა „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემაც და ფეისბუკში ნატოს ქარტიის მეხუთე მუხლის ერთობ სადავო თარგმანი ცალკეც გამოაქვეყნა:

„ალიანსზე თავდასხმა განიხილება, როგორც თავდასხმა ნატოს ყველა წევრ სახელმწიფოზე. ხოლო ამ დანარჩენ სახელმწიფოებს აქვთ უფლება ისე და იმ ფორმით დაეხმარონ აგრესიის ობიექტს, როგორც თვითონ ჩათვლიან საჭიროდ და თუ საჭიროდ ჩათვლიან, მხოლოდ მაშინ გამოიყენონ საკუთარი შეიარაღებული ძალები“.

ეს თარგმანი მთლიანად უცვლის აზრს ნატოს მეხუთე მუხლის ორიგინალურ ვერსიას.

სინამდვილეში, ორიგინალ ტექსტში წერია შემდეგი:

„მხარეები თანხმდებიან, რომ შეიარაღებული თავდასხმა ერთ ან მეტ მათგანზე [ქვეყანაზე] ევროპაში ან ჩრდილოეთ ამერიკაში, უნდა იქნას განხილული, როგორც თავდასხმა ყველა მათგანზე. შესაბამისად, ისინი თანხმდებიან, რომ ასეთი შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში, თითოეული მათგანი, გაერო-ს ქარტიის 51-ე მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალური ან კოლექტიური თავდაცვის უფლებით სარგებლობის ფარგლებში, დაეხმარებიან თავდასხმის სამიზნე მხარეს ან მხარეებს, დაუყოვნებლივ, ინდივიდუალურად და სხვებთან კოორდინაციით, ისეთი ქმედებებით, რაც მიჩნეულ იქნება საჭიროდ, მათ შორის - სამხედრო ძალის გამოყენებით, რათა აღდგენილ და შენარჩუნებულ იქნას ჩრდილოატლანტიკური სივრცის უსაფრთხოება“.

იგივე შინაარსია ნატოს ვებსაიტის ქართულ ვერსიაში, რომელიც "ხალხის ძალამ" საეჭვოდ გამოაცხადა.

ხალხის ძალგანცხადებები ექსპერტებისთვის იგივე - „ქართული ოცნების“ განცხადებებია, რადგან უკვე პარტიად გარდაქმნილი ეს განაყოფი - თავიდანვე, „ოცნებისსათქმელის, მათი თქმით - „სიმართლის“ - გასახმოვანებლად შეიქმნა. თავიდან ისინი დაუპირისპირდნენ დასავლელ პარტნიორებს - ჯერ ელჩებს, ხოლო შემდეგ - უფრო ფართოდ. იმავე რელსებზე თანდათან სულ უფრო დაუფარავად გადავიდაქართული ოცნებაც“. ასევეხალხის ძალასეკუთვნოდააგენტების კანონისინიციატივა შარშან, როცა ის, ხალხის ზეწოლით, მარცხით დასრულდა - წელს კი იგივე სადავო კანონი უკვე პირდაპირქართულმა ოცნებამწამოაყენა და ბოლომდე გაიტანა.

„ხალხის ძალა“ წერილში აცხადებს, რომ აქამდე დიდი ხანია იცოდა ეს "სიმართლე", მაგრამ მაინც ცდილობდა, რომ სტრატეგიული პარტნიორებისათვის როგორმე სახე შეენარჩუნებინა.

ეს ლოგიკა გასაოცარი აღმოჩნდა მათთვისაც კი - ვინც არასწორი თარგმანის შინაარსს იზიარებს - ანტიდასავლური და პრორუსული ძალების წარმომადგენლები და მომხრეები ვერ ხსნიან, ამდენ ხანს რატომ ატყუებდნენ ხალხს „ხალხის ძალა“ და „ქართული ოცნება“ და რატომ უმალავდნენ ამ ინფორმაციას - თუკი მეხუთე მუხლს გლობალური ომის პარტია საქართველოში შეგნებულად აყალბებდა?! ანუ რატომ თამაშობდა ხელისუფლება „გლობალური ომის პარტიის“ თამაშს?!

მითი #6 და რუსული დეზინფორმაცია

ნატოს წესდების მეხუთე მუხლის არაქმედითუნარიანობაზე მსჯელობა კრემლის საყვარელი საქმიანობაა და ეს თემა ხშირად ჩნდება რუსულ მედიაში, განსაკუთრებით რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

„ნატოს მეხუთე პუნქტი: მკაცრი ვალდებულება თუ ცარიელი ფორმალობა?“ - სტატია ამ სათაურით Pravda.ru-მ ჯერ კიდევ 2022 წლის აგვისტოში გამოაქვეყნა.

„ნატოს ისტორიის მანძილზე ბლოკის არცერთი ქვეყანა არ გამხდარა თავდასხმის ობიექტი. სხვათა შორის, ამ ფაქტს ალიანსის ხელმძღვანელობა თავისებურ რეკლამად იყენებს: ნატო მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტია. და ალიანსში ახალი წევრების მისაზიდად ეს რეკლამა მუშაობს“, - სტატიაში მხოლოდ ეჭვებია თავმოყრილი, მე-5 მუხლის სიმყიფის მითს ვერ ამყარებს და ბოლოს სვამს შეკითხვას - რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ნატოს ერთი ქვეყანა მეორეს დაესხმება თავს? იქვეა გამოთქმული ნატოს წევრი ქვეყნების დაპირისპირების იმედიც - რომ „ეს სავსებით შესაძლებელია“ „ევროკავშირში დაპირისპირების ზრდის გათვალისწინებით“.

რუსულ მედიაში გამოქვეყნებული პუბლიკაციები ხშირად განპირობებულია შიშით - ხომ არ გამოიწვევს მეხუთე მუხლის სწრაფ ამოქმედებას, მაგალითად - რუსეთის რაკეტის შემთხვევითი ჩავარდნა ნატოს რომელიმე წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მაგალითად, უკრაინასთან მისი ომის დროს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ი „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ უკვე დიდი ხანია ებრძვის ევროკავშირისა და ნატოს შესახებ გავრცელებულ მითებს და მათ შორის ერთ-ერთი სრულად შეესაბამება „ხალხის ძალის“ მიერ შექმნილს.

„მითი, რომ საქართველოს გამო ნატო რუსეთთან ომს არ დაიწყებს [იგულისხმება საქართველოს ნატოში გაწევრების შემთხვევაში - რ.თ.] - მცდარია!“ - ეს პუნქტი ჩამონათვალში მე-6 ნომრით არის შეტანილი და მას განმარტებაც ახლავს:

„ნატო არა თავდასხმითი, არამედ თავდაცვითი ორგანიზაციაა და მისი მთავარი პრინციპი წევრი ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ნატო წევრი ქვეყნების უსაფრთხოებას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლით არეგულირებს, რომლის მიხედვითაც, ერთ წევრზე თავდასხმა მთლიანად ალიანსზე თავდასხმად განიხილება. დაუსაბუთებელი და არგუმენტს მოკლებულია აღნიშნული პრინციპის ქმედითუნარიანობაში ეჭვის შეტანის მცდელობები“, - ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში, ალიანსის ყველა წევრი დაიცავს საქართველოს უსაფრთხოებას.

რას აჩვენებს პრაქტიკა?

განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ნატოს ლიდერები იმეორებენ, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი დაიცავს მისი ტერიტორიის თითოეულ ინჩს. ეს ფორმულა რამდენიმეჯერ თავად აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც გაიმეორა.

„მეხუთე მუხლის ვალდებულება წმინდაა. ერთზე შეტევა ყველაზე შეტევაა და ჩვენ დავიცავთ ნატოს ტერიტორიის თითოეულ ინჩს“, - ეს სიტყვები პრეზიდენტმა ბაიდენმა 2022 წლის ივნისში წარმოთქვა, როცა უკრაინაში ომი 4 თვის დაწყებული იყო და შემდეგ ფინეთშიც გაიმეორა - 2023 წლის ივლისში.

მანამდეც და მას შემდეგაც - მსგავსი რიტორიკა არაერთხელ გაისმა როგორც ნატოს წევრი ქვეყნების დედაქალაქებიდან, ასევე უშუალოდ ნატოს უმაღლესი პირების მხრიდანაც.

ნატოს წესდების მეხუთე მუხლი გადამწყვეტი ფაქტორი იყო ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებისთვის, რაც ასევე რუსეთის უკრაინაში შეჭრას მოჰყვა და რაც კრემლის სტრატეგიულ მარცხად შეფასდა.

ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე გვეუბნება, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წესდების მეხუთე მუხლში ყველაფერი გასაგებად არის ნათქვამი, წევრ ქვეყნებს „ინდივიდუალურად და სხვებთან კოორდინაციით“ „დაუყოვნებელ“ მოქმედებას ავალდებულებს და ეს მუხლი პრაქტიკაშიც არის განმტკიცებული, მათ შორის - აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერების მაგალითზე.

„აღმოსავლეთ ევროპაში სულ უფრო იზრდება დასავლეთის სამხედრო წარმომადგენლობა - დაფუძნება და მუდმივი ყოფნა. ბალტიისპირეთის ქვეყნები, რუმინეთი, პოლონეთი ამის მაგალითია. წარმოდგენილია არა მხოლოდ შეერთებული შტატები, არამედ გერმანია და სხვა ქვეყნები - რიცხობრივად იზრდება კონტინგენტი და გახშირებულია სამხედრო წვრთნები, რომელთა მიზანს უშუალოდ რუსეთისგან თავდაცვა წარმოადგენს. რეალურად საქმეზეა გადასული ნატო და ეს ჩანს, ვისაც დანახვა უნდა“, - ეუბნება გიორგი მუჩაიძე რადიო თავისუფლებას.

თარგმანში დაკარგული თუ მეტი?

„ხალხის ძალის“ სვლას მხოლოდ თარგმანში დაკარგვას არ მიაწერს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია. მისი შეფასებით, ნატოსთან დაკავშირებული „დეზინფორმაციული და მანიპულაციური ნარატივი“ „იერიში და გამიზნული ქმედებაა გაცხადებული ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ“; მაგრამ, ამავე დროს - დეპუტატი ერთ სავარაუდო მიზეზსაც ხედავს.

„ვფიქრობ, რომ ისინი [ხელისუფლება] გარკვეულწილად ემზადებიან ნატოს ვაშინგტონის საიუბილეო სამიტისთვის, სადაც საქართველო არ იქნება წარმოდგენილი პირველი პოლიტიკური პირის [პრემიერ-მინისტრი] დონეზე და, სავარაუდოდ, სერიოზულ კრიტიკას მიიღებს საქართველო სამიტის კომუნიკეში - ამ კუთხით საინფორმაციო სივრცეს ამზადებენ ახლა და ხალხი შეცდომაში შეჰყავთ“, - ეუბნება თეონა აქუბარდია რადიო თავისუფლებას და შენიშნავს იქვე, რომ პრემიერ-მინისტრის საპარლამენტო მოხსენებაში, რომელიც პარლამენტს უკვე გადაეცა, ვაშინგტონის სამიტისთვის მზადების შესახებ არაფერია ნათქვამი.

„პრემიერის ანგარიში [ნატოს საკითხთან მიმართებით] არის აბსოლუტურად მანიპულაციური და სავსე ტყუილებით, როდესაც ხდება ფაქტების დამახინჯება, რომ თითქოს ნატოსკენ წარმატებით მივდივართ. ის აქცენტს აკეთებს ხავიერ კოლომინას [NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი] საქართველოში ვიზიტზე - მიუხედავად მისი მწვავე კრიტიკისა დემოკრატიული რეფორმების კუთხით“, - ნატოს მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებას თეონა აქუბარდია განიხილავს რუსეთის პოლიტიკის „კიდევ ერთ შემხვედრ ნაბიჯად“, რადგან „რუსეთის უსაფრთხოების კონცეფციაში ნატოს გაფართოება საფრთხედ არის აღქმული“.

გიორგი მუჩაიძის თქმით, ხელისუფლებაში „ცდილობენ, რომ ყველანაირი გზით მოახდინონ პროდასავლური ვექტორის დისკრედიტაცია - რომ ეს არ არის გზა საქართველოს კეთილდღეობისკენ და არც უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარანტი არ არის - ნატო“, მაგრამ გამოცდილება არ ადასტურებს, რომ ნატოზე უარის თქმით რომელიმე სახელმწიფომ რაიმე მოიგო.

„მცდარია მოსაზრება, რომ ვინც ნატოსკენ მიდის - მას ომი ემუქრება და ვინც უარს იტყვის ნატოზე, ის მშვიდობიანად იცხოვრებს... ქვეყნები, რომლებმაც ნატოზე უარი თქვეს, არანაირად უკეთეს მდგომარეობაში არ არიან: მოლდოვა კონსტიტუციის მიხედვით - ნეიტრალური ქვეყანაა, 1994 წლიდან; უკრაინამ ნეიტრალიტეტი გამოაცხადა [ვიქტორ] იანუკოვიჩის დროს, უბლოკო სტატუსის კანონით; სომხეთი საერთოდ რუსეთთან ერთად, ნატოს საწინააღმდეგო ალიანსში გაწევრიანდა და ომი ასცდა თუ რუსეთი დაეხმარა [სომხეთს] ომში?!“, - გიორგი მუჩაიძე იმეორებს, რომ ალიანსი საქართველოს უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია და ნატოს შესაძლებლობების გამოყენებას უკვე სომხეთიც ცდილობს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG