ელიავას ბაზრობის მიმდებარედ, აგლაძის ქუჩაზე დილიდან ხალხმრავლობაა. აქ ახალი და მეორეული მანქანის საბურავები იყიდება.
საბურავებზე მოთხოვნა ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ გაიზარდა - პირველი იანვრიდან ზამთრის საბურავებით გადაადგილება სავალდებულოა.
ახალი წესი ზამთრის სეზონის სამ თვეზე ვრცელდება და საქართველოს საავტომობილო გზების 35 მონაკვეთს ეხება. მათ შორისაა სამთო კურორტებამდე და მაღალმთიან რეგიონებამდე მისასვლელი გზები, რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთი.
ზამთრის საბურავი ქალაქში გადაადგილებისას არ გჭირდებათ - მხოლოდ ქალაქებსა და დაბებს შორის დამაკავშირებელ გზებზე.
ახალი კანონის ამოქმედებამდე ზამთრის საბურავებით გადაადგილება სავალდებულო არ იყო. ხალხი გადაწყვეტილებას არა კანონის ძალით, არამედ უსაფრთხოების დაცვის მოტივით, თავად იღებდა. გამონაკლისი იყო შემთხვევები, როცა საავტომობილო გზების დეპარტამენტი აწესებდა განსაკუთრებულ რეჟიმს უამინდობის გამო გზის კონკრეტულ მონაკვეთებზე. ამ უწყებას ეს უფლებამოსილება ახალი კანონის პირობებშიც შეუნარჩუნეს.
„თვითონაც არ იციან, რას აკონტროლებენ“, - საბურავების პირველივე გამყიდველი, ლაშა პირველი, რომელსაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, ცვლილების მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი: „ურეკავს ხალხი პოლიციას და ეკითხება, ჯდება თუ არა სტანდარტებში ესა თუ ის საბურავი, ანუ მყიდველი საკმარისად ინფორმირებული არ არის, ფიფქების ფორმებსაც კი იწუნებენ ხანდახან“.
სიმბოლო - ფიფქი ნიშნავს, რომ საბურავი ზამთრისაა. ეს აღნიშვნა ერთ-ერთი სავალდებულო პირობაა იმისთვის, რომ პატრულმა არ დაგაჯარიმოთ.
ამას გარდა, საბურავის დამზადებიდან გასული არ უნდა იყოს 10 წელზე მეტი და დამზადების თარიღი საბურავზე გარკვევით უნდა იკითხებოდეს.
სარბენი ბილიკის ღარის სიღრმე (პროტექტორი) უნდა იყოს: არანაკლებ 3 მმ − მსუბუქი ავტომობილებისთვის და სატვირთოებისთვის; არანაკლებ 4 მმ − მიკროავტობუსისთვის და ავტობუსისთვის.
ზამთრის საბურავების ფასზე გავლენას ბევრი ფაქტორი ახდენს. მათ შორის - მანქანის სერია, საბურავის ფორმა, ზომა, ცვეთის ხარისხი, პროტექტორის სიღრმე, გამოშვების წელი და ახლა უკვე მოთხოვნის ზრდაც.
მეორადი და ახალი საბურავების ფასი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება, თუმცა ორივე შემთხვევაში ფასის კლება თუ ზრდა ხარისხსა და ტექნიკურ მახასიათებლებზეა დამოკიდებული.
ღირებულების უკეთ დასადგენად საბურავებით მოვაჭრეებს ავტომობილის იმ ხუთ მოდელზე ვკითხეთ, რომლებიც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში ყველაზე პოპულარულია და, შესაბამისად, ყველაზე მეტიც დადის. ესენია:
- TOYOTA CAMRY;
- TOYOTA PRIUS;
- FORD TRANSIT;
- VOLKSWAGEN JETTA;
- HYUNDAI ELANTRA.
მაღალი გამავლობის ავტომობილების (ჯიპები) მეორეული ზამთრის საბურავების (4 ერთად) ფასი საშუალოდ 700-800 ლარია, ახლის შემთხვევაში კი საშუალოდ 1000 ლარი. აქაც ფასი დამოკიდებულია საბურავის მდგომარეობაზე, მახასიათებლებზე, ხარისხზე, ცვეთასა თუ დიამეტრზე.
„ბრენდულ მაღაზიებში ახალი საბურავების ღირებულება ინდმეწარმეების შეთავაზებებს მკვეთრად აღემატება, შეიძლება ერთი საბურავიც კი ღირდეს იმდენი, რამდენიც ჩვენთან ოთხია“, - ამბობს ლაშა პირველი.
სავალდებულო გახდა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის გამოყენება თოვლით ან/და ყინულით დაფარულ გზაზე.
მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი უნდა იყოს ქარხნული წესით დამზადებული, სატრანსპორტო საშუალების საბურავის ზომის შესაბამისი და თოვლით/ყინულით დაფარული გზის ზედაპირზე გამოსაყენებლად ვარგისი.
„მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის სამაგრების მოთხოვნა“, - აცხადებენ შსს-ში.
ჯაჭვების ფასი მის სისქეზეა დამოკიდებული - თუ წამყვანი საბურავებისთვის თხელ ჯაჭვს იყიდით, ორივე მინიმუმ 120 ლარი დაგიჯდებათ, სქელი ჯაჭვის ფასი კი საშუალოდ 270 ლარია. ზამთრის თვეებში ჯაჭვი საბარგულში სულ უნდა გქონდეთ, თუ ისეთ ადგილებში გიწევთ გასვლა, სადაც გზები ხშირად ითოვლება და იყინება.