Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა უფლებები (არ)ექნებათ დასაქმებულებს?


ახალი "შრომის კოდექსით" ძლიერდება შრომის ისნპექცია და წესდება სანქცირების მექანიზმი, კანონი დაარეგულირებს შესვენების დროს, ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას და ა.შ. თუმცა გრძელია ის ჩამონათვალიც, რომელიც ახალ კანონში უცვლელად რჩება.

„შრომის კოდექსში“ ცვლილებები შედის. საქართველოს პარლამენტი ამ კვირაშიც განიხილავს კანონპროექტს, რომელიც მრავალთვიანი და მრავალხრივი კონსულტაციების შედეგია. თუმცა როგორც ამ პროცესში ჩართული არასამთავრობო სექტორი და გაერთიანებული პროფკავშირი მიიჩნევს, საკანონმდებლო ორგანოში, საბოლოოდ, მაინც კანონპროექტის შეკვეცილი და დამსაქმებლებისათვის სასარგებლო, კომპრომისული ვერსია შევიდა.

22 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) საქართველოს პარლამენტს მოუწოდეს გაატაროს შრომის კანონმდებლობის რეფორმა იმგვარად, რომ დასაქმებულების უფლებები გარანტირებულად იყოს დაცული.

არასამთავრობო ორგანიზაციები დადებითად აფასებენ „შრომის კოდექსში“ შესატან ისეთ ცვლილებებს, როგორიცაა:

  • შესვენებისა და დასვენების დროის დარეგულირება;
  • დასაქმებულის შრომითი დისკრიმინაციისგან დაცვის სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესება და გონივრული მისადაგების ცნების განსაზღვრას;
  • ნორმირებული სამუშაო დროის ახლებურად მოწესრიგება;
  • ზეგანაკვეთური სამუშაოს გაზრდილი ტარიფით ანაზღაურების გარანტირება;
  • სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირება და სხვ.

მიუხედავად საჭირო ცვლილებებისა, საია და EMC მიიჩნევენ, რომ კანონპროექტთა პაკეტი კვლავ არ ითვალისწინებს:

  • ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ჭერს;
  • არ გვთავაზობს ხელშეკრულების შეწყვეტის ამომწურავ საფუძვლებს;
  • არ შემოაქვს სოლიდარული გაფიცვის თუ მამობის შვებულების უფლება;
  • ძალაში ტოვებს დეკრეტული შვებულების უკიდურესად დაბალ ანაზღაურებას.

უფრო კონკრეტულად: რა რჩება პრობლემად და რა არა?

EMC ის წარმომადგენელი, კოტე ერისთავი რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ, როგორც ჩანს, პარლამენტმა მაინც დაუთმო ბიზნესს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დათმობა უკავშირდება განაცდურის ანაზღაურების საკითხს და აი, რატომ:

„დღეს კანონი არ კრძალავს იმას, რომ პირმა უკანონოდ გათავისუფლების შემთხვევაში, თუნდაც ერთი ან ორი წლის შემდეგ მიიღოს განაცდურის ანაზღაურება. მაშინაც კი, თუ მას სხვა სამსახური აქვს მოძებნილი. ახლა კანონში პირდაპირ ჩაიწერება, რომ თუ მას უკვე აქვს სხვა სამსახური, მას ან საერთოდ აღარ გადაუხდის დამსაქმებელი განაცდურს, ან ეკუთვნის მხოლოდ სხვაობა. დღეს ძალიან ბევრი დამსაქმებელი სწორედ ამ სიფრთხილის გამო არ ათავისუფლებს უკანონოდ დასაქმებულებს. ახალი კანონი კი დასაქმებულებს ნაკლებს გარანტიას უტოვებს. დამსაქმებლებს კი მეტად უხსნის ხელს“, - გვითხრა კოტე ერისთავმა.

მისი შეფასებით, საჭირო ნაბიჯი იყო შრომის ინსპექციასა და სანქცირების მექანიზმთან დაკავშირებული საკანონდებლო ცვლილება.

შრომის ინსპექციას, რომელიც დღეს მხოლოდ შრომის უსაფრთხოებას კურირებს და სანქციების დაწესების უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების სტანდარტები დაირღვევა, ახლა უფლება ექნება, აკონტროლოს, თუ როგორ სრულდება კანონით დადგენილი სხვა ნორმებიც:

„მაგალითად, თუ დამსაქმებელი არ აძლევს დასაქმებულს შესვენების უფლებას. შეუძლია ის დააჯარიმოს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან დღეს მხოლოდ სასამართლოა ერთადერთი გზა დარღვეული უფლებების აღსადგენად“.

კანონი ასევე დაარეგულირებს დასვენება/შესვენების საკითხს, რაც აქამდე კანონით გაწერილი არ იყო. თუ აქამდე ადამიანი მუშაობდა 12 საათიან ცვლაში და მას არ ჰქონდა შესვენების უფლება, დღეს მას კანონით მიეცემა 1 საათი დასვენების უფლება.

დღეს მოქმედ კანონში წერია, რომ ზეგანაკვეთური სამუშაო უნდა ანაზღაურდეს გაზრდილი ოდენობით, თუმცა არ წერია რამდენით. შედეგად კი ვიღებდით იმას, რომ თუ ადამიანის ხელფასი, მაგალითად, იყო 100 ლარი, მას ზეგანაკვეთური მუშაობისთვის დამსაქმებელი აძლევდა 100 ლარსა და 1 თეთრს.

სასამართლო პრაქტიკით დადგენილი იყო, რომ მას ეს შრომა 125-150%-ით უნდა ანაზღაურებოდა, მაგრამ სასამართლოს ამ მოთხოვნით პრაქტიკულად არავინ მიმართავდა.

დღეს უკვე ახალ კანონში ჩაიწერება, რომ დასაქმებულს ზეგანაკვეთური შრომა უნდა აუნაზღაურდეს ხელფასის 125%-ით.

ახალ კანონში ისევ არ შემოდის ზეგანაკვეთური სამუშაოს ჭერი, რაც ნიშნავს, რომ დასაქმებულს შეუძლია 70-80 საათი იმუშაოს სამუშაო ადგილზე.

კანონპროექტში არ არის ამომწურავი ჩამონათვალი იმისა, თუ რა შემთხვევაში შეიძლება შეწყდეს ხელშკრულება დასაქმებულთან - მასში ისევ რჩება ბუნდოვანი ნორმა, რომ „სხვა ობიექტური გარემოებები“ შეიძლება გახდეს დასაქმებულის გათავისუფლების მიზეზი.

პრობლემურია დეკრეტული შვებულების საკითხიც - კერძო სექტორში დასაქმებული ქალები იღებენ ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო საჯარო სექტორში დასაქმებულ ქალებს ეძლევათ თვიური 1000 ლარი ანუ სულ 6000 ლარი ექვსი თვის განმავლობაში. კოტე ერისთავი ამბობს, რომ ეს უნდა გათანაბრებულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა.

კანონში არ იქნება ჩანაწერი არც მინიმალური ხელფასის შესახებ.

„აქ ჩნდება საფრთხე: თუ ზეგანაკვეთური შრომა უნდა ანაზღაურდეს, დამსაქმებელმა, შესაძლოა, ხელფასი შეუმციროს დასაქმებულს და ამის ხარჯზე აუნაზღაუროს ზეგანაკვეთური შრომა. მინიმალური ხელფასი აქ მთავარი დამზღვევი იქნებოდა“, - ამბობს კოტე ერისთავი.

ცვლილებების გადამწყვეტი 20%

გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ თუ კოდექსი ამ ფორმით მაინც შევა ძალაში, მეტი შანსია, რომ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობა დაბალანსდეს.

თუმცა ისიც აღნიშნავს, რომ კანონპროქტის თავდაპირველი, სამუშაო ვერსია გაცილებით უკეთ იცავდა მშრომელთა უფლებებს. პეტრიაშვილის აზრით, დამსაქმებლების მხრიდან ლობირების პროცესმა კულუარებში გადაინაცვლა და საბოლოოდ, მივიღეთ ის ვერსია, რაც მივიღეთ.

„შეიძლება ვინმემ გვითხრას, რაღა გინდათ, ეს ხომ თქვენი ინიციატივა იყო, 80% შესრულდაო. მაგრამ საქმეც ეგაა, რომ ის 20 % ქმნის პრობლემას, სცილდება საერთაშორისო სტანდარტს და ისევ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის გასარჩევ საქმედ რჩება“, - ამბობს ირაკლი პეტრიაშვილი.

რა ძირითადი პრეტენზია აქვს პროფკავშირს "შრომის კოდექსში" შესატან ცვლილებებთან?
მაგალითად ის, რომ ისევ ნორმაა 24 საათიანი სამუშაო გრაფიკი, თუმცა ევროდირექტივების თანახმად, 12 საათზე მეტი მუშაობა, შემდეგომი შესვენების გარეშე, არ შეიძლება.

„თითქოს შედის ეს ცვლილებები, მაგრამ ის დანაკლისი, რაც რჩება, ცუდად აისახება შედეგზე. აი, მაგალითად ,უამრავი მიზეზია ჩამოთვლილი რის გამო შეიძლება დამსაქმებელმა გაათავისუფლოს დასამებული და ამ სიას კიდევ ემატებს რაღაც „სხვა ობიექტური მიზეზები“, რაც არავინ იცის რა შეიძლება იყოს. ასეთი ბუნდოვანი ჩანაწერი აუცილებლად შექმნის პრობლემას“.

კანონპროეტის ავტორებისგან: ამ ჯერზე ეს შევძელით

დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი ერთ-ერთია კანონპროექტის ავტორებიდან, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს ცვლილებები მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება დასაქმებულთა უფლებების დაცვის გასაუმჯობესებლად, თუმცა ისიც შენიშნავს, რომ ბევრ საკითხში ავტორები გაცილებით მაღალ სტანდარტს მოითხოვდნენ და ასეც იყო ჩადებული თავდაპირველ ვერსიაში.

მაგალითად, ეს ეხება დეკრეტულ შვებულებას - მართალია, ახალი ვერსიით, მამასაც შეუძლია კანონით ისარგებლოს შვებულებით, თუმცა ანაზღაურება ისევ ერთჯერადი 1000 ლარი იქნება.

იცვლება სამუშაო დროის რეგულირება, თუმცა აქაც, როგორც ცქიტიშვილი ამბობს, კიდევ არის ცვლილება საჭირო, რომ თანამედროვე დემოკრატიული ქვეყნების შესაბამისი სტანდარტი დაინერგოს. ზეგანაკვეთური სამუშაოს ჭერი კანონში ისევ არ იქნება. ღამის სამუშაო ვერ ანაზღაურდება და ეს სამომავლოდ შესაცვლელი საკითხებია.

კანონში, მისი სიტყვებით, ასევე იდება ახალი ბერკეტი მედიაციის მექანიზმის აღსასრულებლად. დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ როგორც წესი, მედიაციის შეთანხმებებს, დამსაქმებლები არღვევდნენ ხოლმე.

„ამისათვის ჩვენ ჩავდეთ ისეთივე მექანიზმი, როგორიც არის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც აღსრულებადი იქნება სასამართლოს ძალით. ეს სავალდებულო იქნება. ეს სქემა მოგვცემს საშუალებას, რომ ავირიდოთ თავიდან საწარმოო კონფლიქტები და პროცესი უფრო თანამშრომლობისკენ წავიდეს“.

დიმიტრი ცქიტიშვილი ასევე გამოყოფს ცვლილებებით გათვალისწინებულ სტაჟირების ახალი მექანიზმს - რაც იმას ნიშნავს, რომ სტაჟიორი ხდება შრომითი ურთიერთობების სუბიექტი.

ახალი კანონის თანახმად, წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული მისი უფლება-მოვალეობები და არ შეიძლება, რომ ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მან იმუშაოს ანაზღაურების გარეშე.

კანონპროექტის ავტორებს ასევე იმედი აქვთ, რომ იმუშავებს სანქცირების მექანიზმიც და ყველა დამსაქმებელი იქნება უფრო ფრთხილად, ვიდრე აქამდე, რადგან დასაქმებულ პირს შეეძლება ნებისმიერ დროს მიმართოს შრომის ინსპექციას.

აქამდე მხოლოდ სასამართლოს გზა არსებობდა და ამ გზას მხოლოდ სამსახურიდან წამოსული ადამიანები ირჩევდნენ.

„შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები გასულ კვირას შეაფასა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მაც.

ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის ასოცირებულმა დირექტორმა გიორგი გოგიამ განაცხადა, რომ „პარლამენტმა უნდა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და დაუყოვნებლივ გაატაროს რეფორმები მჩაგვრელი შრომითი პრაქტიკის აღმოსაფხვრელად და დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად.

საქართველოს პარლამენტი „შრომის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს მიმდინარე კვირაში კომიტეტებში განიხილავს, რის შემდეგაც კანონპროექტს პარლამენტის სესიაზე პირველი მოსმენით განიხილავენ.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG