გასულ კვირაში გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის მიერ „შრომის კოდექსში“ ცვლილებებისთვის მზადებაზე და ყველაზე ხმაურიანი საკითხი აღმოჩნდა ცნობა იმის შესახებ, რომ დამტკიცების შემთხვევაში საქართველოში პირს აეკრძალება ერთდროულად ორ ადგილას დასაქმება.
მოგვიანებით საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განმარტა, რომ საქმე ეხება არა შეზღუდვას, არამედ ეფექტიანი სტანდარტის შემოღებას, რისი მიზანიც არის დასაქმებულის დაცვა ექსპლუატაციისგან - მისი ნების საწინააღმდეგოდ ზეგანაკვეთური შრომისგან. გარდა ამისა, ზეგანაკვეთური შრომის საათობრივი ანაზღაურება 25%-ით უნდა აღემატებოდეს ნორმირებულს. დოკუმენტს კანონპროექტის სახე ჯერ არ მიუღია და დეპუტატის განმარტებით, გრძელდება მასზე მუშაობა.
გავრცელებული ინფორმაციით, ცვლილებების იდეა პრინციპების დონეზე კვირაზე მეტი ხნის წინ განიხილეს და დაგეგმილია კიდევ არაერთი განხილვა.
შეხვედრაში არ მონაწილეობდა „სოლიდარობის ქსელი“, რომელიც აქტიურად იცავს დასაქმებულთა უფლებებს - იქნება ეს ცალკეული შემთხვევის შესწავლაში ჩართვა და კონკრეტული დასაქმებულების უფლებების დაცვა, აქციების ორგანიზება თუ ამა თუ იმ სფეროში დასაქმებულთა უფლებებზე კვლევების მომზადება.
„სოლიდარობის ქსელის“ იურისტი დავით ომსარაშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს:
„სამწუხაროა, რომ ჩვენ არ ვართ ჩართულები, თუმცა, როგორც ვიცი, არის ის, რომ ამ კანონპროექტის მიხედვით აიკრძალება ორ სამსახურში მუშაობა იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებულის სამუშაო დრო გადააჭარბებს 48 საათს და ეს დასაქმებული მუშაობს კონკრეტულად ისეთ პოზიციაზე, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მესამე პირებს.
საიდან დაიწყო ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, „სოლიდარობის ქსელმა“ საკმაოდ საინტერესო კვლევა ჩაატარა სამედიცინო სფეროში დასაქმებულ ადამიანებზე, სადაც ნათლად გამოჩნდა, რომ სამედიცინო სფეროში დასაქმებულ ადამიანებს აქვთ ძალიან ბევრი შრომითი უფლებრივი პრობლემები. მაგალითისთვის, პირველი ეს იყო სამუშაო დრო. და იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები, მაგალითად, ექთნები იღებენ ძალიან დაბალ ანაზღაურებას, მიდიან სხვა სამსახურებშიც და იქაც მუშაობენ. ხშირად ხდება ისე, რომ ეს ადამიანები ათენებენ ღამეს ზედიზედ ორჯერ. ეს იწვევს გადაღლას და კონცენტრაციის დაქვეითებას, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას პაციენტს“.
დავით ომსარაშვილი იმედს იტოვებს, რომ „სოლიდარობის ქსელს“ მისცემენ საშუალებას მონაწილეობა მიიღოს ინიციატივის განხილვაში. დღეს კი აცხადებს ერთს:
“სანამ ჩვენ არ გვექნება მინიმალური ხელფასის შესახებ კანონი და სანამ არ ვიტყვით, რომ ერთ სამსახურში ადამიანს შეუძლია მიიღოს ღირსეული ანაზღაურება, მანამდე მას ავუკრძალოთ იმუშაოს სხვა სამსახურში, სინამდვილეში გამოიწვევს იმას, რომ ეს ადამიანები იმუშავებენ, ვერ მიიღებენ იმდენ ანაზღაურებას, რომ ღირსეულად იცხოვრონ, დარჩებიან ასე ან იფიქრებენ ქვეყნიდან წასვლაზე“.
„სოლიდარობის ქსელის“ იურისტი აყენებს აგრეთვე შრომის ინსპექციის ეფექტიანობის პრობლემას და თვლის, რომ არაქმედითი შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის პირობებში „შრომის კოდექსში“ განსაზღვრული ნორმების აღსრულებას ისეთივე პერსპექტივა აქვს, როგორიც ექნებოდა სისხლის სამართლის კოდექსის არსებობას პოლიციის, გამოძიების ან პროკურატურის გარეშე.
დავით ომსარაშვილი „დილის საუბრებში“ ლაპარაკობს აგრეთვე პეტიციაზე - „ღირსეული შრომისთვის“ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომელიც ამ ორგანიზაციამ მოამზადა. ის ჩამოთვლის კანონპროექტებს, რომლებიც ქსელმა პარლამენტარ ბექა ნაცვლიშვილთან ერთად წარუდგინა პარლამენტს. ერთ-ერთი ეხება დასაქმების დეფინიციას, მეორე სამუშაო დროის განსაზღვრას და ა.შ.:
„პეტიციაში თანმიმდევრულად მივყვებით პრობლემებს, რომლებიც დგას დასაქმებულთა წინაშე და თუ თანმიმდევრულად არ გადავწყვეტთ, აზრი არ ექნება“.