საქართველოს შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების საჯარო განხილვები დაიწყო.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ეხება ნორმირებულ და ზეგანაკვეთურ შრომას, შვებულების, დასვენებისა და შესვენების სტანდარტების დადგენას, სტაჟირების მექანიზმის შემოტანას შრომით ურთიერთობებში და სხვა.
ამჯერად, კანონპროექტის ინიციატორებმა, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა განიხილეს:
სამუშაო დროის ხანგრძლივობა, შესვენებისა და დასვენების დრო (რამდენიმე პუნქტი ცვლილებიდან)
- შვიდდღიანი პერიოდის განმავლობაში სამუშაო დრო, ზეგანაკვეთური სამუშაოს ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს.
- სამუშაო დღეებს (ცვლებს) შორის უწყვეტი დასვენების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები.
- გათვალისწინებული 12-საათიანი ყოველდღიური დასვენების დროის გარდა, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებულისათვის დასვენება ყოველკვირეულად უწყვეტად არანაკლებ 24 საათისა.
- თუ სამუშაო დღის განმავლობაში სამუშაო დრო შეადგენს არანაკლებ 6 საათს, შესვენების ხანგრძლივობა უნდა იყოს სულ მცირე 60 წუთი.
ცვლაში მუშაობა, ღამით მუშაობის დრო (რამდენიმე პუნქტი)
- ამ კანონის მიზნებისათვის ღამის დრო გულისხმობს პერიოდს 22 საათიდან 6 საათამდე.
- ღამის სამუშაოზე დასაქმებული არის ნებისმიერი პირი, რომელიც ყოველდღიური ნორმირებული სამუშაო დროის ფარგლებში ღამის დროის განმავლობაში ჩვეულებრივ მუშაობს არანაკლებ სამი საათი, და ნებისმიერი პირი, რომელიც წლიური სამუშაო დროის განსაზღვრულ პროპორციულ ნაწილს მუშაობს ღამის დროის განმავლობაში. წლიური სამუშაო დროის ღამის სამუშაოს პროპორციულ განაკვეთს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
- მძიმე, მავნე ან საშიშ პირობებში
- დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს ღამის სამუშაოზე დასაქმებულისათვის წინასწარი და პერიოდული უფასო სამედიცინო შემოწმების ჩატარება, სამედიცინო კონფიდენციალობის პრინციპის დაცვით.
ზეგანაკვეთური სამუშაო, არასრული სამუშაო
- ზეგანაკვეთური სამუშაოს დროის ხანგრძლივობა დღის განმავლობაში ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს 3 საათს ან კვირის განმავლობაში 8 საათს.
- ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ამ ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით არანაკლებ შრომის ანაზღაურების ნორმირებული საათობრივი განაკვეთის 125 პროცენტისა. ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება უნდა მოხდეს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების შემდგომ გადასახდელ ყოველთვიურ ანაზღაურებასთან ერთად.
- დასაქმებული ვალდებულია შეასრულოს ზეგანაკვეთური სამუშაო:
ა) სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის – ზეგანაკვეთური ანაზღაურების გარეშე;
ბ) საწარმოო ავარიის თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის – სათანადო ზეგანაკვეთური ანაზღაურებით.
- აკრძალულია ორსული ან ახალნამშობიარები ქალის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, არასრულწლოვნის, მეძუძური ქალის, აგრეთვე დასაქმებულის, რომელსაც ჰყავს 3 წლამდე ასაკის ბავშვი, ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონიერი წარმომადგენლის ან მხარდამჭერის ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმება მისი თანხმობის გარეშე.
კოდექსის უარყოფითი და დადებითი მხარეები
კოდექსის განხილვისას ძირითადი უკმაყოფილება გამოიწვია ყველა დასაქმებულისთვის 48-საათიანი სამუშაო კვირის განსაზღვრამ.
„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე შალვა ცხაკაია რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ მათთვის ასეთი შემოთავაზება კატეგორიულად მიუღებელია:
„მე ვფიქრობ, ეს დააზარალებს ბიზნესს და თავად დასაქმებულსაც, რადგან ძალიან ბევრ დასაქმებულს აქვს სურვილი, იმუშაოს 48 საათზე მეტი და, შესაბამისად, გამოიმუშაოს უფრო ბევრი, ამიტომ მათ ეს უფლება უნდა დავუტოვოთ“.
ბიზნესომბუდსმენის აპარატის ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში დავით ქოჩიაშვილი ამბობს, რომ ამგვარი მიდგომით შრომის ბაზარზე გაჩნდება ჩრდილოვანი ურთიერთობები, ისე როგორც გერმანიაშია, რადგან გამოჩნდებიან ადამიანები, ვისაც სურს ზეგანაკვეთური მუშაობა, და ხელშეკრულების გაფორმების გარეშე დაამყარებენ დამსაქმებელთან ურთიერთობას. ექსპერტი გამოსავალს ხედავს კვლევის ჩატარებაში, რომელიც განსაზღვრავს იმ სფეროებს, სადაც საჭიროა 48-საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობა, და სფეროებს, სადაც არ არის მსგავსი რეგულაციები საჭირო:
„ყველასთვის ცხადია ის სექტორები, სადაც შრომითი უფლებები ასე თუ ისე დაუცველია. მაგალითად, მივესალმებით, თუ შახტის მუშის სამუშაო განრიგი და უფლებები იქნება მაქსიმალურად დაცული, მაგრამ ამ მიდგომით, აუკრძალო სხვა სფეროს წარმომადგენელს - მაგალითად, ოფისში მომუშავე ადამიანს - იმუშაოს მეტხანს, გაუმართლებელი გვგონია. ჩვენი პრინციპული მიდგომაა, ჩატარდეს კვლევა“.
სამუშაოს დროის რეგულირებასა და დამსაქმებელ-დასაქმებულის ურთიერთობაში სახელმწიფოს ჩართულობას ემხრობა EMC-ის სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი კოტე ერისთავი:
„კონკრეტულად რა ფორმით მოხდება იმ პრობლემის გადაჭრა, რაც არის, ფაქტობრივად, მონური შრომა ძალიან ბევრი დასაქმებულისთვის, ამაზე მიდის მსჯელობა და იქნება არაერთი შეხვედრა. როდესაც ვსაუბრობთ დასაქმებულის კეთილ ნებაზე, იმუშაოს 48 საათზე მეტი, ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან არსებობს სფეროები, - მაგალითად, სუპერმარკეტები, მომსახურების სფერო, - სადაც არარეგულირებული სამუშაო დღეები აქვთ. ადამიანების რთული ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე, უმუშევრობის ალტერნატივა, მცირე თანხის სანაცვლოდ მონურ შრომაზე დათანხმებაა. ამიტომ უნდა ჩაერიოს სახელმწიფო და გაათანაბროს დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლებები“.
შეხვედრაზე მხარეებმა შესთავაზეს კანონპროექტის ინიციატორებს, რომ შეზღუდვა გავრცელდეს სპეციფიკური რეჟიმის მქონე საწარმოებზე, თუმცა კანონში ჯერ არ არის განსაზღვრული, თუ რა იგულისხმება ასეთი ტიპის საწარმოებში.
„მე დავინახე, რომ გამონაკლისების დაშვება და ამ კუთხით მოლაპარაკება შეიძლება და მერე უკვე მთავრობის დადგენილებით სამმხრივი კომისიის ფორმატში მოხდეს, დარგების მიხედვით, რეგულაციების ჩასმა“, - ამბობს კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, დიმიტრი ცქიტიშვილი.
მაგრამ ჯერ ცნობილი არ არის, რით იხელმძღვანელებს პარლამენტი საწარმოთა სიის შედგენისას. განხილვაში მონაწილეთათვის ასევე უცნობია, თუ რა დონეზე იქნება მათი რეკომენდაციები გათვალისწინებული.
შრომის კოდექსის ირგვლივ შეხვედრები გაგრძელდება:
28 ოქტომბერს განიხილავენ დისკრიმინაციისა და დეკრეტული შვებულების საკითხს;
5 ნოემბერს კონსულტაცია გაიმართება მედიაციისა და სტაჟირების პროგრამების შესახებ;
11 ნოემბერს კი აღსრულების მექანიზმებსა და შრომის ინსპექციაზე ისაუბრებენ.