Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა სიახლეები და შეზღუდვებია ქუთაისის ნაწილობრივ გახსნილ აგრარულ ბაზარში


„დაიცავით დისტანცია!“ - ასე აფრთხილებენ ქუთაისის ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე მომხმარებლებს და მოვაჭრეებს სექციებში დამონტაჟებული მეგაფონებიდან. 27 აპრილს გახსნილ აგრარულ ბაზარში სიახლეა ისიც, რომ სექციებში მოწყობილია ონკანები და ხელის დაბანის წესები თვალსაჩინო ადგილზეა გამოკრული.

დახლებზე დიდ ჯამებზე დაწყობილ სხვადასხვა პროდუქტს,-მაგალითად, მწნილს, ჩირს და ჩურჩხელას, - რომელიც ადრე ღიად ელაგა, პოლიეთილენის პარკი აქვს გადაკრული. 24 დღის წინ დახურულმა ქუთაისის აგრარულმა ბაზარმა ფუნქციონირება ნაწილობრივ განაახლა. დახურულია ის სექციები, სადაც, ადმინისტრაციის ცნობით, ორმეტრიანი დისტანციის დაცვა ამ ეტაპზე შეუძლებელია, თუმცა წესების შესაბამისად მათი მოწყობა ეტაპობრივად იგეგმება.

ქუთაისის ბაზარში დასაქმებული 500-მდე მოვაჭრიდან მუშაობა თითქმის მესამედმა განაახლა. როგორც თავად ამბობენ, დახლებზე გამოტანილი ყველის, ბოსტნეულის, ქათმის ხორცისა და კვერცხის ნაწილი საკუთარი მეურნეობიდან მოიტანეს, ნაწილი კი დილით შეიძინეს ქუთაისში მდებარე ნიკეას საბითუმო ბაზარში. ქალაქის აგრარულ ბაზარში დასაქმებულთა ნაწილი ქუთაისში ცხოვრობს, სოფლის პროდუქტებს სხვადასხვა ადგილზე ყიდულობს და შემდეგ ახდენს მის რეალიზაციას, ნაწილი კი ახლომდებარე სოფლების მცხოვრებია და ქუთაისის ბაზარში ყიდის როგორც საკუთარ, ისე სხვა ფერმერებისგან ჩაბარებულ პროდუქტს. ამ კატეგორიის მოვაჭრეები ამბობენ, რომ დღეს მათ ქუთაისში შემოსვლა შეძლეს, თუმცა არ იციან 29 აპრილიდან, ქალაქის კვლავ ჩაკეტვის შემდეგ, როგორ მივლენ ბაზარში სამუშაოდ.

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გუმბრაში, ვცხოვრობ. დღეს კი გამომიშვეს, საკუთარი ავტომანქანით დავდივარ და შემდეგ რა იქნება, არ ვიცი“, - ამბობს თინათინ იობაშვილი.

„არ ვიცი, რა უნდა ვქნა. ამდენ ხანსაც ვერ შემოვდიოდი და 50 კგ ყველი დამიგროვდა და რადგან დღეს მოგვცეს უფლება, კარგია, გავყიდე ნაწილი. გლეხებს ასე კვირაში ერთხელ მაინც უნდა მისცენ ქალაქში შემოსვლისა და პროდუქციის გაყიდვის უფლება“, - ამბობს ბარდუბნელი გელა კლდიაშვილი.

86 წლის ნაზი მანაგაძემ ქუთაისის აგრარულ ბაზარში 4 ბოთლი რძე გელათიდან ჩამოიტანა.როგორც თავად ამბობს, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს, ფეხით 5 კილომეტრზე მეტი იარა.გაყიდული რძის თანხით გაზის ბალონს დატუმბავს და მარილს და ასანთს იყიდის:

„ტრანსპორტი არ არის. რომ მოვდიოდი, ცარიელი ტაქსი არ იყო. რომელმაც გამოიარა, ყველას ჰყავდა მგზავრი და მესამეს ვერ დაგიჯენთო. გაცოდვილებულად წამოვიღე. გაზი არ მქონდა, თორემ არ წამოვიდოდი. ბალონს რომ დავტუმბავ, ტაქსს ვიქირავებ, ისე ვერ წავიღებ, მუხლები მტკივა“.

ქუთაისის ცენტრალურ აგრარულ ბაზარში მისული მომხმარებლების ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რადგან შესასვლელთან რიგში დგომა უწევდათ. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურ ბაზარს რამდენიმე შესასვლელი აქვს, 27 აპრილს მხოლოდ ერთი შესასვლელიდან შეეძლოთ შესვლა და მეორე ჭიშკრიდან ბაზრის დატოვება. მომხმარებლებს უწევდათ დეზობარიერის გავლა და პირბადეებისა და ხელთათმანის ტარება. დისტანციის დასაცავად დახლებთან სპეციალური ნიშნულებია. მყიდველები დისტანციას ძირითადად იცავდნენ. იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე მყიდველი ერთად მოგროვდებოდა, მოვაჭრეებიაქტიურად მოუწოდებდნენ დისტანციის დაცვისკენ.

მომხმარებელთანაწილი კმაყოფილი იყო ბაზრის გახსნით, ნაწილი კი უკმაყოფილო იმის გამო, რომ ყველა სასურველი პროდუქტი ვერ შეიძინა:

„არ არის პროდუქტები და რაც არის, ძვირია“;

„როგორც ადრე მუშაობდა, ისე არ არის. ვნახოთ, იქნებ გაიხსნას გზები და შემოიტანენ გლეხები პროდუქტს“;

„თუ ასე გააგრძელებს მუშაობას, მისაღებია. დაცულია წესები და დისტანციაცაა“, - ამბობენ მყიდველები.

როგორც ქუთაისის ბაზრის ადმინისტრაციაში განმარტავენ, პირველ ეტაპზე გაიხსნა ის სექციები, სადაც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების მიხედვით შეძლეს დახლების განთავსება. ბაზრის მმართველი კომპანია „ფარის“ დირექტორის, ოლეგ არღვლიანის, განცხადებით, ბაზარში დასაქმებულებს, რომლებიც ქალაქგარეთ ცხოვრობენ, სპეციალურ ცნობას მისცემენ, რომლის საფუძველზეც საშვს გასცემს ადგილობრივი თვითმმართველობა და მათ ქუთაისში შემოსვლის შესაძლებლობა ექნებათ:

„გავცემთ ცნობას, რომ საქმიანობას ეწევიან ქუთაისის აგრარულ ბაზარში და შეუძლიათ მიმართონ თვითმმართველობებს“.

როგორც თავად ქუთაისის აგრარულ ბაზარში დასაქმებულები ამბობენ, ჯერ არ იციან, მოახერხებენ თუ არა მუშაობის გაგრძელებას 29 აპრილის შემდეგ, როცა ქალაქი ისევ, ჯერჯერობით გაურკვეველი დროით, დაიკეტება.

XS
SM
MD
LG