„ჩვენი მთავარი მოტივაციაა დავეხმაროთ ცხოველებს, რომლებსაც სჭირდებათ გვერდით დგომა და ჩვენი დევიზია: ერთგული მეგობრებისთვის“, - გვეუბნება მარი კოხრეიძე. ის ერთ-ერთია იმ ხუთი მოხალისიდან, რომლებმაც ქუთაისში მიუსაფარი ცხოველების გამოსაკვებად საჭირო თანხის შესაგროვებლად სპეციალური ანგარიში ახლახან შექმნეს.
ძაღლები არიან დაფანტულები და ნებისმიერ უბანში, ქალაქგარეთაც, სადაც დავინახავთ, ვაჩერებთ და ვაჭმევთ იმიტომ, რომ საკვებს ვეღარ პოულობენ იმ ადგილას, სადაც ადრე იყვნენ. დადიან უგზო-უკვლოდ, არიან მშიერები და ცუდ მდგომარეობაში.მარიამ არჩვაძე
ჯგუფის წევრები სოციალურ ქსელში ყოველდღე აქვეყნებენ მიუსაფარი ძაღლების გამოკვების ამსახველ ფოტოებს და ვიდეოებს ქალაქის სხვადასხვა ადგილიდან. მარი კოხრეიძე გვიყვება, რომ მიუსაფარ ცხოველებზე აქამდეც ზრუნავდნენ კლუბ „რეფლექტორის“ წევრები, რომელთა დაკვირვებით, კორონავირუსის მასობრივად გავრცელების პრევენციისთვის გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო კაფეების და რესტორნების დახურვის შემდეგ, ამ ობიექტებს შეკედლებული და სხვა მიუსაფარი ცხოველები საკვების გარეშე დარჩნენ. მათ დასახმარებლად მოხალისეებმა დაარეგისტრირეს ორგანიზაცია „ერთგული მეგობრებისთვის“. მსურველებს სპეციალურ ანგარიშზე შეუძლიათ გადარიცხონ თანხა, რომელიც ძაღლების გამოკვებას ხმარდება. როგორც მარი კოხრეიძე ამბობს, სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფს რამდენიმე დღეში შეემატა 700 წევრი, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ თანხის შეგროვებსა და ძაღლების გამოკვებაში: „დავდივართ სხვადასხვა უბანში, გარეუბნებში, წყალტუბოშიც კი. ძირითადად, დავდივართ იმ ადგილებში, სადაც რესტორნები იყო და მათ იმედზე იყვნენ ძაღლები. ახლა ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ“.
ვიზუალურადაც ეტყობათ, რომ ცუდად არიან და იმუნიტეტი უსუსტდებათ შიმშილისგან. ახლა ხალხის დახმარებით შეგვიძლია მედიკამენტებიც ვუყიდოთ.მარიამ არჩვაძე
მიუსაფარი ცხოველების გამოკვებაზე ზრუნავს მარიამ არჩვაძეც. მისი თქმით, ქუთაისსა და მის შემოგარენში დახმარება სჭირდება ასეულობით ძაღლს და არის შემთხვევები, როცა დღის განმავლობაში ყველას გამოკვებას ვერც კი ასწრებენ. მოხალისეები ორ ჯგუფად გაიყვნენ და მეგობრების დახმარებით ავტომანქანებით გადაადგილდებიან: „ძაღლები არიან დაფანტულები და ნებისმიერ უბანში, ქალაქგარეთაც, სადაც დავინახავთ, ვაჩერებთ და ვაჭმევთ იმიტომ, რომ საკვებს ვეღარ პოულობენ იმ ადგილას, სადაც ადრე იყვნენ. დადიან უგზო-უკვლოდ, არიან მშიერები და ცუდ მდგომარეობაში“.
როგორც მარიამ არჩვაძე ამბობს, ზოგიერთი ძაღლი შიმშილის გამო ძალიან დასუსტებულია და მედიკამენტებით დახმარებაც სჭირდებათ. მოხალისეებს ეხმარება ვეტერინარი, რათა ქუჩაში უმეთვალყურეოდ დარჩენილ ცხოველებს უმკურნალონ: „ვიზუალურადაც ეტყობათ, რომ ცუდად არიან და იმუნიტეტი უსუსტდებათ შიმშილისგან. ახლა ხალხის დახმარებით შეგვიძლია მედიკამენტებიც ვუყიდოთ და ვუმკურნალოთ. ვეტერინარს ვანახებთ და ისე მიგვაქვს წამლები“.
როგორც „ერთგული მეგობრებისთვის“ შექმნილ ჯგუფში გაერთიანებული მოხლისეები ამბობენ, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების გამოკვებისას იცავენ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს, იყენებენ ხელთათმანს და პირბადეს.