Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მოსკოვს სანერვიულო არ აქვს“ - რა აჩვენა ცხინვალში გამართულმა არჩევნებმა?!


ალან გაგლოევი, რუსეთის მიერ ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტი
ალან გაგლოევი, რუსეთის მიერ ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტი

11 ივნისს რუსეთის მიერ ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ცესკომ გამოაქვეყნა საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიანმა ოსეთმა“ დაახლოებით 1%-ით გაუსწრო ე.წ. მმართველ „ნიხასს“, რომლის ლიდერი დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ალან გაგლოევია.

ე.წ. კომისიის მონაცემებით, კანონით დადგენილი 7%-იანი ბარიერი ოთხმა პარტიამ გადალახა:

  • „ერთიანი ოსეთი“ – 31,52% (6893)
  • „ნიხასი“ – 30,60% (6691)
  • „სახალხო პარტია“ – 16,03% (3505)
  • კომუნისტური პარტია - 7,01%

I ადგილზე გასული „ერთიანი ოსეთის“ ლიდერია დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი, „ნიხასის“ ლიდერი კი მოქმედი პრეზიდენტი ალან გაგლოევია, ხოლო „სახალხო პარტიისა“ - ძამბოლატ თედეევი - რუსეთის ეროვნული ნაკრების (თავისუფალი ჭიდაობა) ყოფილი მთავარი მწვრთნელი და ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის წევრი.

ე.წ. საპარლამენტო არჩევნები შერეული, მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემით ჩატარდა: 34 დეპუტატიდან ნახევარი [17] პარტიული სიებით აირჩა, მეორე ნახევარი [17] კი - ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქებით.

რიცხობრივი შედეგები

ე.წ. საარჩევნო კომისამ ასევე გამოაქვეყნა იმ მაჟორიტარ კანდიდატთა სია, რომლებმაც ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში ყველაზე მეტი ხმა მიიღეს:

  1. ივან სლანოვი
  2. ოლეგ კოზაევი
  3. ალექსანდრე გასიევი
  4. კონსტანტინე პლიევი
  5. აზამატ ძანაევი
  6. მალხაზ გაგლოევი
  7. აზამატ ბეკოევი
  8. ალან გაგლოევი
  9. არკადი კაჩმაზოვი
  10. ალიკ ძაგოევი
  11. არსენ კვეზეროვი
  12. იბრაგიმ ხარებოვი
  13. ალან ხუგაევი
  14. ანდრეი ბაგაევი
  15. ზაზა დრიაევი
  16. ელდარ ახმედოვი

მმართველი პარტიის, „ნიხასის“ მეორე ადგილი სინამდვილეში გამარჯვების ტოლფასია. ე.წ. სახელისუფლებო პარტია არ აფიშირებს თავის რეალურ საარჩევნო წარმატებას, რომელიც პარლამენტში ხმათა უბრალო უმრავლესობას უზრუნველყოფს. გადამწყვეტ როლს თამაშობენ მაჟორიტარები, მათ შორის, ე.წ. ფარულები, რომლებიც ოფიციალურად არ იყვნენ წარდგენილი მმართველი პარტიის მიერ, მაგრამ მისი ლიდერის მხარდამჭერები არიან.

I ადგილზე გასული „ერთიანი ოსეთის“ ლიდერი, დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი
I ადგილზე გასული „ერთიანი ოსეთის“ ლიდერი, დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი

საერთო ჯამში, ერთიანი სიით გასული და მაჟორიტარი დეპუტატების ჩათვლით, ე.წ. სახელისუფლებო პარტია „ნიხასი“ იღებს 19 მანდატს, რაც სავსებით საკმარისია დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის ძალაუფლების შენარჩუნებისთვის.

კიდევ სამიოდე მანდატი და დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს საკონსტიტუციო უმრავლესობაც ექნება. როგორც ადგილობრივი ექსპერტები ამბობენ, ასეთი სამი დეპუტატიც იოლად შეიძლება გამოჩნდეს „დამოუკიდებელ მაჟორიტართა“ შორის.

პოლიტიკური შედეგები

არჩევნებზე მიღებული ხმების რაოდენობიდან გამომდინარე, პოლიტიკის ადგილობრივი ექსპერტები ასკვნიან, რომ:

დე ფაქტო რესპუბლიკის მოქმედმა პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა შეძლო პოზიციების შენარჩუნება, ექსპრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა („ერთიანი ოსეთი“) მოახერხა პოლიტიკური რეაბილიტაცია, ძამბოლატ თედეევმა („სახალხო პარტია“) კი კვლავ წარუმატებლად სცადა პოლიტიკური პლაცდარმის შექმნა, რომელიც მას სჭირდება 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის.

კონფლიქტოლოგ ზურაბ ბენდიანიშვილის თქმით, მორიგ ჯერზე წარუმატებლად დასრულდა ძამბოლატ თედეევის პოლიტიკაში შესვლის მცდელობა, არადა, თავის დროზე, სწორედ მისი მიყვანილია ედუარდ კოკოითი ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტად.

„ძალიან დიდი გავლენების მქონე იყო თავის ძმასთან ერთად. ძმა მოკლეს მოსკოვში. დიდი გავლენები ჰქონდათ, მათ შორის კრიმინალურ წრეებში, მაგრამ კოკოითიმ „გადააგდო“, რადგან ძალიან ავიწროებდნენ.

თედეევმა გადაწყვიტა, თვითონ ეყარა კენჭი პრეზიდენტად, მაგრამ კოკოითიმ კანონით შეზღუდა, შემოიღო ადგილზე ცხოვრების 10-წლიანი ცენზი. მაშინ თედეევმა მხარი დაუჭირა ალა ჯიოევას და მას გაამარჯვებინა, მაგრამ რუსეთი ჩაერია და ჩაიშალა არჩევნები.

ამის შემდეგ თედეევმა ლეონიდ თიბილოვს დაუჭირა მხარი და იმასაც გაამარჯვებინა. ისე გამოდის, რომ ძამბოლატ თედეევის ხელდასხმით ხდებოდა პრეზიდენტების ცვლილება“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ზურაბ ბენდიანიშვილი, რომლის თქმითაც, ძამბოლატ თედეევი წლების განმავლობაში ჩამოშორებული იყო ცხინვალს (ამჟამად იგი ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის წევრი), ვიდრე კვლავ არ გადაწყვიტა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტობა:

„ამისათვის მან მოკავშირეობა შესთავაზა „სახალხო პარტიას“, რომლის გამარჯვების შემთხვევაში შეცვლიდა კანონს ცხინვალში სავალდებულო ცხოვრების 10-წლიანი ცენზის შესახებ და 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას, მაგრამ არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ მესამე ადგილზე გავიდა 16%-ით, რაც ერთობ მოულოდნელი იყო.

ყველა ელოდა, რომ პირველ ადგილზე გავიდოდა, თუმცა როგორც ჩანს, პარტიის სიჭრელემ, რომელსაც თვითონ ახალისებდა, ითამაშა ნეგატიური როლი.

კიდევ ერთი უარყოფითი ფაქტორი: როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმანაც, რომ წლების განმავლობაში ჩამოშორებული იყო ადგილობრივ პროცესებს, რის გამოც დაკარგა პოპულარობა“.

ედუარდ კოკოითი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილი პრეზიდენტი
ედუარდ კოკოითი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილი პრეზიდენტი

ზურაბ ბენდიანიშვილის თქმით, ძამბოლატ თედეევის წარუმატებლობის მსგავსად, მოულოდნელი იყო ანატოლი ბიბილოვის, დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის პარტიის, „ერთიანი ოსეთის“ წარმატება:

„ბიბილოვმა ამ არჩევნებით მოახერხა რეაბილიტაცია ამომრჩევლების თვალში. არადა, ძალიან არაპოპულარული იყო ცხინვალში თავისი გამოხდომებით, ოდიოზურობით, დაბალი ინტელექტით. რის გამოც პირწმინდად წააგო 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნები.

ახლა მოხდა მისი რეაბილიტაცია. მან ფაქტობრივად მოიგო ეს არჩევნები. რომ არა გაყალბება და მაჟორიტარული სისტემა, მას ექნებოდა მყარი უმრავლესობა“, - ამბობს ზურაბ ბენდიანიშვილი, რომლის ვარაუდით, ბიბილოვის პოპულარობა გაზარდა იმან, რომ ის დონბასში იმყოფება უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ [სამხედრო მეთაურია] და დიდ ყურადღებას აქცევს ომში მყოფ ცხინვალელ მებრძოლებს.

კიდევ ერთი ფაქტორი: ცხინვალელთა მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მან დაასაქმა სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს.

გაყალბების ტრადიციული და ინოვაციური ფაქტები

ადგილობრივი მიმომხილველების თქმით, ის, რომ დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის უკიდურესად არაპოპულარულმა პარტიამ [„ნიხასი“] 7%-იანი ბარიერი გადალახა და სულ რაღაც 1%-ით ჩამორჩა პირველ ადგილზე გასულს, მიუთითებს არჩევნების გაყალბების არნახულ მასშტაბზე.

დამკვირვებლებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების თქმით, დარღვევათა შორის ყველაზე თვალშისაცემი და არსებითი იყო ამომრჩეველთა მასობრივი “იმპორტი” ჩრდილოეთ ოსეთიდან და ე.წ. სამხრეთოსური პასპორტების დარიგება მმართველი პარტიისა და მისი მაჟორიტარი კანდიდატების მხარდაჭერის სანაცვლოდ.

„პარტია „ერთიანი ოსეთის“ დამკვირვებლებმა ასევე გაამახვილეს ყურადღება იმაზე, რომ ზოგიერთ უბანზე დაფიქსირდა ამომრჩეველთა რაოდენობის მნიშვნელოვანი გადაჭარბება თავდაპირველად შედგენილ სიებთან შედარებით. ასეთი რამ მოხდა ძირითადად იმ უბნებზე, სადაც მმართველი პარტია „ნიხასის“ წარმომადგენლებმა მიიღეს ყველაზე მეტი ხმა“, - ნათქვამია პარტია „ერთიანი ოსეთის“ განცხადებაში.

ერთ-ერთი ოპოზიციური ინტერნეტრესურსის მონაცემებით, ახალი ოსური პასპორტით არჩევნებში მონაწილეობა მიიღო: „116-მა დაღესტნელმა, 27-მა ჩეჩენმა, 19-მა ინგუშმა, 43-მა ტაჯიკმა, 436-მა ქართველმა და 12-მა უზბეკმა“.
ერთ-ერთი ოპოზიციური ინტერნეტრესურსის მონაცემებით, ახალი ოსური პასპორტით არჩევნებში მონაწილეობა მიიღო: „116-მა დაღესტნელმა, 27-მა ჩეჩენმა, 19-მა ინგუშმა, 43-მა ტაჯიკმა, 436-მა ქართველმა და 12-მა უზბეკმა“.

რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის „ეხო კავკაზას“ ავტორი იუწყება, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონიდან, „ლენინგორის რაიონში“ კენჭისყრამდე ორი-სამი დღით ადრე მთელი დატვირთვით ამუშავდა პოლიციის სამმართველოში მდებარე საპასპორტო განყოფილება, რომელიც 6 ივნისს საღამოს დაახლოებით ცხრა საათამდე გასცემდა პასპორტებს სამხრეთ ოსეთის ახალგამომცხვარ იმ მოქალაქეებზე, რომლებიც, თავის მხრივ, თანახმა იყვნენ ხმა მიეცათ სახელისუფლებო პარტიისა და მისი მაჟორიტარი კანდიდატის, ზაზა დრიაევისათვის.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, არჩევნების დღეს [9 ივნისი] საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიები გადაავსეს უცნობმა პირებმა, რომლებიც ქუჩებში სეირნობდნენ და ათვალიერებდნენ ღირსშესანიშნაობებს.

უცნობი პირების დანახვისას, საუბნო კომისიის წევრები ცდილობდნენ მათი რეგისტრაციის შემოწმებას, მაგრამ მათ მალევე აუკრძალეს ამის გაკეთება. კერძოდ, ლენინგორის ქართულ სკოლაში მდებარე №63 საუბნო კომისიის თავმჯდომარემ ქეთინო გურწიევამ (რაიონული პროკურორის დავით გურწიევის და) განაცხადა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბრძანებით მხოლოდ მას აქვს ახალი ამომრჩევლების პასპორტების შემოწმების უფლება.

„ეხო კავკაზას“ წყაროს თანახმად, ადგილობრივმა საჯარო სექტორმა ხმა საოლქო პროკურორის დავით გურწიევისა და რაიონული ადმინისტრაციის უფროსის მურთაზ ვალიევის ზეწოლით მისცა:

„საჯარო სამსახურში დასაქმებულებს ემუქრებოდნენ სამსახურიდან გათავისუფლებით და სხვა პრობლემების შექმნით, თუ ხმას დრიაევის წინააღმდეგ მისცემდნენ.

ყველაზე არასანდოებს უთხრეს, რომ ურნაში ჩაგდების წინ ბიულეტენისათვის გადაეღოთ ფოტო, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ სწორი არჩევანი გააკეთეს.

შედეგი აღმოჩნდა რეკორდული: 787 ხმა სახელისუფლებო კანდიდატის სასარგებლოდ. შედარებისთვის, 2019 წლის არჩევნებში სხვაობა დაახლოებით 260 ხმა იყო. და ეს მაშინ, როცა „ნიხასმა“ - მმართველმა პარტიამ, რომლის წევრიცაა ზაზა დრიაევი, დაახლოებით 600 ხმა მიიღო, ანუ დრიაევზე თითქმის ორასით ნაკლები, რაც უცნაურია, რადგან, როგორც წესი, ამომრჩეველი, რომელიც ხმას აძლევს პარტიის კანდიდატს, მხარს უჭერს ამავე პარტიას.

ასე იყო დრიაევის კონკურენტი „სახალხო პარტიისა“ და მისი მაჟორიტარობის კანდიდატის, დავით კუსრაევის შემთხვევაში (სხვაობა 10 ხმა). თითქმის ორასი ხმის სხვაობას დამკვირვებლები ამომრჩევლებზე ზეწოლას უკავშირებენ. უფრო მნიშვნელოვანი იყო მაჟორიტარის მხარდაჭერა, ვიდრე პარტიისა“.

თუმცა 9 ივნისის ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ყველაზე მასშტაბური და უცნაური დარღვევა დაფიქსირდა ჩრდილოეთ ოსეთში [ვლადიკავკაზი] გახსნილ ერთადერთ საარჩევნო უბანზე, სადაც, შედეგების მიხედვით, “ნიხასმა” მიიღო 1216 ხმა, “სახალხო პარტიამ” - 414, “ერთიანმა ოსეთმა“ - 121 ხმა. გაბათილდა 733 ბიულეტენი.

„ერთიანი ოსეთის“ წარმომადგენლები ამტკიცებენ, „ბიულეტენებიდან გაქრა კალმით გაკეთებული მონიშვნები. „ერთიანი ოსეთის“ დამკვირვებლები დარწმუნებულნი არიან, რომ უბანზე მისულ ამომრჩევლებს დაახვედრეს კალმები აქროლადი მელნით.

„წუხელ ჩვენი პარტიის წარმომადგენლები, თავმჯდომარის აცამაზ ბიბილოვის ხელმძღვანელობით, მივიდნენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რათა მიეღოთ განმარტება კენჭისყრის კაბინებში არსებული კალმების, აქროლადი მელნისა და შვიდასზე მეტი გაფუჭებული ბიულეტენის შესახებ. ამ ბიულეტენების უბრალო შემოწმებაც კი არ ტოვებს არანაირ ეჭვს ორგანიზებულ გაყალბებასთან დაკავშირებით.

დამკვირვებლებმა სწორედ ხმების დათვლის დროს დაინახეს, თუ როგორ ქრებოდა მელანი ბიულეტენებიდან, თუმცა ცესკოსგან არანაირი ახსნა-განმარტება არ მიგვიღია. ვითხოვთ ჩრდილოეთ ოსეთ-ალანიაში საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობას. ჩვენ ოსი ხალხის მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, - ნათქვამია „ერთიანი ოსეთის“ მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.

„ვლადიკავკაზში კენჭისყრის შედეგები მართლა აჩენს კითხვებს. იმთავითვე ცხადი იყო, რომ ჩრდილოეთ ოსეთში მთავარი ბრძოლა განვითარდებოდა ძამბოლატ თედეევსა და ანატოლი ბიბილოვს შორის. გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა პიროვნებებს და არა პარტიებს, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ. მაგრამ "ნიხასი"?! ჩრდილოეთში ამ პარტიას არავინ იცნობს და ე.წ. პრეზიდენტი გაგლოევი ჩრდილოეთ ოსეთისთვის სხვა არაფერია, თუ არა ადამიანი ტელევიზიიდან“, - ამბობს „ეხო კავკაზას“ ავტორი.

მოსკოვს შეუძლია მშვიდად იყოს

დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, საარჩევნო პროცესს თვალყურს ადევნებდა 30-მდე საერთაშორისო დამკვირვებელი რუსეთიდან, ბელარუსიდან, აფხაზეთიდან და თურქეთიდან, „არჩევნებმა კი მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით“, თუმცა, როგორც „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტი შენიშნავს, ოპოზიციური პარტიების დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული ფაქტები სულ სხვა რამეზე მეტყველებს.

არჩევნების შედეგების გაყალბების გამო აღშფოთებული ანატოლი ბიბილოვი ამბობს, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა არც ის და არც სხვა პარტიების ლიდერები არ მოითხოვენ არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი
კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი

„როგორც ჩანს, პარტიები მაინც კმაყოფილი არიან 7%-იანი ბარიერის გადალახვით. ყოველ შემთხვევაში, დიდი და მძაფრი საპროტესტო გამოსვლები მოსალოდნელი არ არის. სავარაუდოდ, არც მოსკოვი მოიწონებს "არჩევნების" აურზაურში გადაზრდას“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ზურაბ ბენდიანიშვილი, რომლის თქმითაც, მოსკოვი ამ მომენტამდე არც ჩარეულა არჩევნებში:

„როგორც ჩანს, არც სცალიათ და მეორეც, არაფერი მოსკოვს სანერვიულო არ აქვს, რადგან მისთვის მიუღებელი შედეგები ვერანაირად ვერ დადგება. ამიტომ გავლენის მოხდენის არანაირი მცდელობა არ ყოფილა. ანატოლი ბიბილოვიც მათი კაცია და ალან გაგლოევიც; ერთი მოქმედი სამხედროა, მეორე კი - უშიშროების შტატიანი თანამშრომელი“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG