ტრამპი ბაიდენის წინააღმდეგ: საარჩევნო კოლეგიის წევრთა ხმების დათვლა დაწყებულია
აშშ-ში წუხელ საარჩევნო უბნები დაიხურა. პრეზიდენტის პოსტზე ორი კანდიდატი იბრძვის - რესპუბლიკელების კანდიდატი, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და დემოკრატების კანდიდატი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.
ახლა ყველაფერი საარჩევნო კოლეგიის ხმებზეა დამოკიდებული, რომელიც, აშშ-ის საარჩევნო სისტემის მიხედვით, გადაწყვეტს, ვინ შევა თეთრ სახლში. გასამარჯვებლად პრეზიდენტობის კანდიდატს კოლეგიის 538 წევრის ხმებიდან უმრავლესობა სჭირდება - სულ ცოტა, 270 ხმა.
კოლეგიის ხმებით ამჟამად ჯო ბაიდენი დაწინაურდა, თუმცა წინ არის რამდენიმე გადამწყვეტი შტატის მონაცემები. ტრამპი ლიდერობს კანზასში, მისურიში, დასავლეთ ვირჯინიაში, ალაბამაში, მისისიპიში, ინდიანასა და სხვა შტატებში. ბაიდენმა კი ორეგონი, კალიფორნია, კოლორადო, ნიუ ჰემფშირი და სხვა შტატები მოიგო.
არჩევნების შედეგების შესახებ განახლებადი რუკა შეგიძლია ნახო აქ.
2020 წლის საპრეზიდენტო კამპანია პანდემიის პირობებში წარიმართა. კორონავირუსის გამო მილიონობით ამერიკელმა ხმა შინიდან, ფოსტის საშუალებით მისცა. წინასაარჩევნო კამპანიას კი ახასიათებენ როგორც პოლარიზებულს. არჩევნების წინა დღეებში დაძაბულობამ იმდენად იმატა, რომ მცირე მოვაჭრეებმა ქალაქებში ვიტრინები აფიცრეს, რათა არჩევნების დროს ან შემდგომ, ქუჩებში შესაძლო მღელვარებისას, თავდასხმისგან დაეცვათ.
არჩევნები საქართველოში: რა შეცდომები იყო, რა გასწორდა, რა ვერა
გუშინ ქვეყნის მასშტაბით 3 600-ზე მეტ საარჩევნო უბანზე შედგენილი შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრების ვადა ამოიწურა. ოქმები, სადაც არჩევნების შედეგებია აღნუსხული, საჩივრდება ჯერ საოლქო კომისიებში, შემდეგ კი - სასამართლოში.
ცესკოს საიტზე პირველივე ოქმების გამოქვეყნებიდან მოყოლებული, საუბნო კომისიებში შედგენილი დოკუმენტები საყოველთაო განხილვის საგნად იქცა. „გაყალბებული ოქმები” - სოციალურ ქსელში ამ სახელწოდების გვერდიც კი შეიქმნა, სადაც ათეულობით ოქმია გამოქვეყნებული და ამომრჩევლები მათ ხარვეზებზე მსჯელობენ.
რადიო თავისუფლებამ პრობლემური ოქმები შეაგროვა, შეისწავლა და არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციებთან გადაამოწმა, რა პერსპექტივა აქვს საეჭვო ოქმების გასაჩივრებას და მოახდენს თუ არა გავლენას საჩივრები არჩევნების საბოლოო შედეგზე.
პროკურატურა ითხოვს, მელიას დაუბრუნდეს ჩამორთმეული უფლებები 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ
საქართველოს პროკურატურა მოითხოვს, რომ ნიკა მელიას, მოხსნილი ელექტრონული სამაჯურის სანქციად, შეეფარდოს 100 000-ლარიანი გირაო და, ამავე დროს, დაუბრუნდეს ჩამორთმეული უფლებები.
ნიკა მელია ბრალდებულია 20-21 ივნისს „ჯგუფური ძალადობის“ საქმეზე. გასულ წელს, მას სასამართლომ შეუფარდა 30-ათასლარიანი გირაო, აუკრძალა სახლის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება, ჩამოართვა პასპორტი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. რამდენიმე დღეში მელიას ელექტრონული სამაჯური შეაბეს, მასზე ელექტრონული მონიტორინგისთვის. მან სამაჯური დემონსტრაციულად, ხალხმრავალ აქციაზე მოიხსნა კვირას.
COVID-19: დღეიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდება
4 ნოემბრიდან საქართველოს 10 ქალაქის სკოლებში სწავლა ისევ სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადადის. ასეთია საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ ასევე დისტანციურად ჩატარდა პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. გიორგი გახარის კორონავირუსი დაუდასტურდა და ის შინიდან მუშაობს.
სკოლებში დისტანციურად სწავლა 25 ნოემბრამდე გაგრძელდება. გარდა ამისა, პირბადის ტარება უკვე ღია სივრცეებშიც სავალდებულო გახდება.
გუშინ, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანა ინარჩუნებს „ძალიან კარგ, დადებით დინამიკას, იმ თვალსაზრისით, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა არ არის ძალიან სწრაფი“ და ქვეყანას „გამოჯანმრთელების რაოდენობის ძალიან კარგი დინამიკა აქვს“.
განსხვავებულ ინფორმაციას აწვდის რადიო თავისუფლებას სამედიცინო დახმარების ექიმი რეგიონიდან. „ადგილები აღარ არის, ექიმები ვეღარ აუდიან პაციენტებს, სათანადოდ მომზადებული ექიმები აღარ არიან“, - ამბობს ის.
წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.
სახელმწიფო დეპარტამენტი ნაკლოვანებებსა და დოკუმენტაციით გამყარებულ დარღვევებზე რეაგირებას მოითხოვს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იზიარების ეუთოს შეფასებას საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რომელშიც ასევე აღნიშნული იყო, რომ ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ და პარტიასა და სახელმწიფოს შორის [გამყოფი] ხაზის ბუნდოვანების შესახებ ბრალდებებმა საზოგადოების ნდობა შეამცირა.
„ჩვენ ვიზიარებთ ეუთოს შეფასებას: საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული იყო და დაცული გახლდათ ფუნდამენტური თავისუფლებები, მაგრამ ბრალდებებმა ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ და პარტიასა და სახელმწიფოს შორის [გამყოფი] ხაზის ბუნდოვანებამ საზოგადოების ნდობა შეამცირა. ნაკლოვანებებსა და დოკუმენტაციით გამყარებულ დარღვევებზე რეაგირება უნდა მოხდეს“, - ნათქვამია სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერის მოადგილის, კეილ ბრაუნის მიერ ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაში.
ოპოზიციის ბოიკოტი - ვის ესმის და ვის არა
ამომრჩეველთა ერთი ნაწილისთვის მიუღებელია ოპოზიციის საერთო გადაწყვეტილება - ბოიკოტი გამოუცხადოს ახალ პარლამენტს და ხელახალი არჩევნებისთვის გააგრძელოს ბრძოლა. ოპოზიციური პარტიები კი იმედოვნებენ, რომ ამომრჩეველი მათ გაუგებს, რადგან პარლამენტში შესვლა გაყალბებული არჩევნების შედეგების დადასტურების ტოლფასია. ბოიკოტის იდეას მიუღებლად და საფრთხილოდ მიიჩნევს ანალიტიკოსების ერთი ნაწილი.
„ვერ ვხვდები, რატომ დაუტოვეს ყველაფერი ხელისუფლებას. მეორე ტურებშიც აღარ გადიან... თუ პარლამენტში არ შევლენ, გამოვა, რომ ჩემი სახელით არავინ იქნება იქ. შევიდნენ და იქ იბრძოლონ, ხომ შეიძლება?! ამისთვის არ მიმიცია ხმა. საშიში იყო თან - კორონავირუსის დროს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას 43 წლის ნანა, რომელიც არჩევნების გამო, თბილისიდან სპეციალურად ჩავიდა თავის მშობლიურ ქალაქ ქუთაისში.
მსგავსი მოსაზრებები თვალშისაცემია სოციალურ ქსელ ფეისბუკშიც. ამომრჩევლები სვამენ კითხვებს - რატომ გახდა საჭირო ასეთი რადიკალური გადაწყვეტილების მიღება და რატომ არ შეიძლებოდა ბრძოლის გაგრძელება პარლამენტში შესვლაზე უარის თქმის გარეშე?
წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.
საფანტის თოფით დაჭრილი, ფრთამოტეხილი ბუ ციციმ შეიფარა. ოპერაციის შემდეგ ბუ თბილისის ერთ-ერთ კორპუსში ცხოვრობს.