რა ვიცით ზუგდიდში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ?
ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელი ისევ თავისუფალია. მას სამართალდამცველები მეორე დღეა ეძებენ. თავდამსხმელს თან აქვს ნახევარი მილიონი დოლარი.
რა ვიცით ამ დრომდე გამტაცებლის შესახებ?
· როგორც გაირკვა, ეს თანხა გამტაცებელს „საქართველოს ბანკმა“ გადაუხადა და ის არ არის საქართველოს ბიუჯეტიდან. ამის შესახებ გუშინ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა უთხრა ჟურნალისტებს.
· რადიო თავისუფლება ელაპარაკა ყოფილ სამხედროს, რომელიც დეტალურად აღწერს „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდამსხმელი პირის მონაცემებს, შესაძლებლობასა და მომზადების დონეს. მისი თქმით, თავდამსხმელს, დიდი ალბათობით, სპეცდანიშნულების დანაყოფის მომზადება უნდა ჰქონდეს გავლილი, ხოლო იმ სისტემის იარაღი, რომელიც მას ხელში ეჭირა, ამოღებული იყო 2013 წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის ტყის მასივში ნაპოვნი ცნობილი კასრებიდან. ამ თემაზე სტატია წაიკითხე აქ.
· ჩვენ „საქართველოს ბანკის“ იმ თანამშრომელს ვესაუბრეთ, რომელიც 21 ოქტომბერს თავდასხმის დროს ბანკში იყო, თუმცა თავდამსხმელმა მალევე გაათავისუფლა. „მას თვალი ჰქონდა შეღებილი. ჰქონდა ნიღაბი და იყო სამხედრო ფორმით. ჰქონდა ზურგჩანთა. თავიდან იყო აგრესიული, ყველაფერს ანგრევდა. ამბობდა, 112-ზე დარეკეთ და უთხარით, რომ ძარცვააო. ითხოვდა სალაროს. ითხოვდა მენეჯერთნ შეხვედრასაც. ძალიან კარგი და დახვეწილი ქართულით საუბრობდა. არ ჰქონდა, სხვათა შორის, მეგრული კილო. ორჯერ გაისროლა - პირველად შემოსვლისას და მერე მოგვიანებით. იქ შუშაც არის ჩამსხვრეული. მას არ უნდოდა იქ აგრესიულები, ვინც წინააღმდეგობას გაუწევდა და ვინც ძალიან ემოციურად განიცდიდა ყველაფერს”, - იხსენებს ბანკის თანამშრომელი. ამ თემაზე სტატია წაიკითხე აქ.
ზუგდიდის სპეცოპერაციის შემდეგ გუშინ საზოგადოებაში კამათი გამოიწვია იმან, მძევლების უვნებლად გადარჩენის აუცილებელი პირობა საკმარისია თუ არა სახელმწიფოს სწორი მოქმედებების, სიძლიერისა და თავდაჯერებულობის დასადასტურებლად. რა ევალება სახელმწიფოს ასეთ დროს? - ამის შესახებ წაიკითხე ლელა კუნჭულიას სტატიაში.
ამ თემაზე ასევე ნახე:
- ვინ არის თავდამსხმელი, ჰყავდა თუ არა მას თანამზრახველები, აიღო თუ არა ფული - რა ვიცით და რა - არა
- ზუგდიდში ბანკზე თავდასხმისას აყვანილი მძევალი უარყოფს მის კავშირს მძარცველთან
- ზაზა გოგავა: ჯერჯერობით მოგებულია თავდამსხმელი
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში
გუშინ საქართველოში კორონავირუსის 1595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 563 თბილისში დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ზრდა კიდევ მოსალოდნელია. მისი თქმით, ვირუსის გავრცელების პიკს ნოემბრის შუა რიცხვებში უნდა ველოდოთ. პიკში კი, შესაძლოა, დღიურად ახალმა შემთხვევებმა 4-5 ათასსაც მიაღწიოს.
გუშინ კოვიდინფიცირებული პოლიტიკოსების რაოდენობაც გაიზარდა. ვირუსი დაუდასტურდა „გირჩის“ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს. ამის გამო ის დროებით პოლიტიკურ აქტივობებს წყვეტს.
სიახლეები ვირუსის გავრცელების შესახებ დღეს, დილიდან რადიო თავისუფლების ახალი ამბების ლენტაში.
ვაშინგტონში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩადიან
დღეს აშშ-ის დედაქალაქში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს შეხვდებიან.
პომპეო ჯერ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰან ბაირამოვს, შემდეგ კი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზოჰრაბ მნაცაკანიანს შეხვდება. საუბრის მთავარი თემა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი იქნება.
საერთაშორისო საზოგადოება ამ დრომდე ამაოდ მოუწოდებს მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ, თუმცა სამხრეთ კავკასიაში ბრძოლები არ წყდება.
22 ოქტომბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თქვა, რომ არაა გამორიცხული, მთიან ყარაბაღს „კულტურული ავტონომია“ მიენიჭოს.
ამ თემაზე ასევე ნახე:
აშშ-ის სენატის კომიტეტმა მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს წევრობაზე ეიმი კონი ბარეტის კანდიდატურას
აშშ-ის სენატის იურიდიულმა კომიტეტმა კენჭისყრით მხარი დაუჭირა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კანდიდატს უზენაესი სასამართლოს წევრობაზე, ეიმი კონი ბარეტს. კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა ლინდსი გრემმა და დანარჩენმა 11-მა რესპუბლიკელმა 22 ოქტომბერს მხარი დაუჭირეს ბარეტის საკითხზე მთელი სენატის შემადგენლობით კენჭისყრის გამართვას.
კომიტეტში ბარეტს კენჭისყრაში მონაწილე ყველა სენატორმა დაუჭირა მხარი, ვინაიდან დემოკრატებმა ბოიკოტი გამოუცხადეს მოსმენას. მათი თქმით, ნომინაცია და მოსმენები „თავიდანვე ფიქტიური პროცესი იყო“.
დემოკრატები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ბარეტს, ფედერალური საკასაციო სასამართლოს მოსამართლეს, რომელიც ქვეყნის კონსერვატორი ქრისტიანების ფავორიტია. უზენაესი სასამართლო აშშ-ის კონსტიტუციურ სისტემაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ის ერთ-ერთი საკვანძო რგოლია სამოქალაქო უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში.
ხუთი თვე ორმოში და დატყვევებული შს მინისტრი - მძევლად აყვანის შემთხვევები საქართველოში
დამოუკიდებლობის პირველ წლებში მძევლების აყვანა, ფულის გამოძალვის თუ ანგარიშსწორების მიზნით, იშვიათი მოვლენა არ იყო. მძევლებს შორის კი იყვნენ რიგითი მოქალაქეები, ბიზნესმენები, ტურისტები და მაღალჩინოსნებიც კი. ამ კრიმინალური შემთხვევების ნაწილი გამოუძიებელი დარჩა.
1992 წელს სამეგრელოში ზვიად გამსახურდიას მომხრეებმა მძევლად შინაგან საქმეთა მინისტრი რომან გვენცაძე აიყვანეს. ის ზუგდიდში მანამდე დატყვევებული სანდრო კავსაძის გამოსახსნელად იყო ჩასული, რომელიც მაშინ ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. რომან გვენცაძე მოგვიანებით აფხაზეთში გადაიყვანეს და სამი დღის შემდეგ გაათავისუფლეს. რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა თეა თოფურიამ გაიხსენა მძევლად აყვანის ყველა გახმაურებული ისტორია. სტატია წაიკითხე აქ.
კადრებში ჩანს ადგილი, სადაც გამტაცებელმა ბოლო მძევლები გაათავისუფლა და მიიმალა. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.