ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში
კვირას საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მორიგი მაქსიმუმი დაფიქსირდა - 1192. აქედან 471 შემთხვევა თბილისში იყო. დღეისთვის გარდაცვლილთა რაოდენობა 136-ს აღწევს.
გუშინ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას „საგანგაშო“ უწოდა. მან კიდევ ერთხელ შეახსენა მოქალაქეებს უსაფრთხოების ზომების დაცვა. დღეს დილიდან ვირუსის გამოვლენილი შემთხვევების შესახებ განახლებული ინფორმაცია გახდება ცნობილი. სიახლეებს ადევნე თვალი რადიო თავისუფლების ახალი ამბების ლენტაში.
უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა დაიწყო, თუმცა პროცესი ნაწილობრივ ისევ დისტანციურად გაგრძელდება
ვირუსის სწრაფად ზრდის ფონზე, დღეიდან, თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდისა და ფოთის უმაღლესი სასწავლებლები საუნივერსიტეტო სივრცეებში პრაქტიკულ-ლაბორატორიულ სამუშაოებს განაახლებენ. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა განაცხადა. მისივე თქმით, სასწავლო პროგრამების სხვა კომპონენტებს, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უმაღლესი სასწავლებლები ისევ დისტანციურად წარმართავენ.
„ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა გადაამოწმა ყველა უნივერსიტეტი სასწავლო წლის დასაწყისში, მათზე გაცემულია ნებართვა და, შესაბამისად, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ყველა ის სივრცე, რომელიც სტუდენტებს 19 ოქტომბერს გახსნილი დახვდებათ, იქნება უსაფრთხო და თითოეული მათგანის ჯანმრთელობა მაქსიმალურად იქნება დაცული”, - განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.
შაქარაშვილის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შერჩევა იწყება
19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შერჩევა დღეიდან დაიწყება. საქმის ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილვის სურვილი და თანხმობა სამმა ბრალდებულმა - არჩილ გაგნიძემ, ნიკოლოზ რევაზიშვილმა და ვახტანგ ჩიქოვანმა გამოთქვეს. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ეპიზოდზე დაინიშნება. მკვლელობის მუხლით დაკავებულების საქმე კი ნაფიც მსაჯულებს არ გადაეცემა.
საპროცესო კოდექსის თანახმად, ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილი ვერდიქტი საბოლოოა და გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში არც მეორე ზავმა იმოქმედა
აზერბაიჯანისა და სომხეთის დაპირისპირების ხაზზე ისევ დაირღვა 18 ოქტომბრის შუაღამეს გამოცხადებული მეორე ზავი, რომელიც ჰუმანიტარული მიზნებისთვის უნდა ამოქმედებულიყო. მხარეები კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ შეთანხმების დარღვევაში.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 19 ოქტომბრის დილით აზერბაიჯანულმა მხარემ სარაკეტო და საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა სომხეთის პოზიციებს.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის სამხედრო უწყება სომხეთს ადანაშაულებს ე.წ. შეხების წერტილის მახლობლად აზერბაიჯანის სამხედრო პოზიციების საარტილერიო და სარაკეტო დაბომბვაში.
პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა პრაღის ცენტრში საკარანტინო ზომების საწინააღმდეგო აქცია
ჩეხეთის დედაქალაქის, პრაღის ცენტრში სტარომესტსკას (ძველი ქალაქში) მოედანზე კორონავირუსის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ მკაცრ ზომებს, რომელიც ხელისუფლებამ 12 ოქტომბრიდან შემოიღო ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად.
ჩეხეთში სავალდებულოა პირბადეების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა დახურულ ადგილებში, შეზღუდვით მუშაობენ რესტორნები და ბარები.
პოლიციას მოუხდა ძალის გამოყენებით რამდენიმე ადამიანის დაკავება, რომლებმაც სამართალდამცველების წინააღმდეგ პეტარდები გამოიყენეს.
სპორტული ეკიპირების გერმანული ბრენდი „სალერი” საქართველოს ბაზარს ტოვებს. როგორ დაკარგა ევროპელმა ინვესტორმა „საქართველოს ბანკის“ ანგარიშიდან 7 მილიონი ევრო? ქართული სასამართლო რიჩარდ სალერის საქმეს მე-6 წელია, ვერ ასრულებს. რა კავშირი აქვს ამ ამბავთან „ქართული ოცნების“ ყოფილ მინისტრს - ტარიელ ხეჩიკაშვილს? რატომ ემუქრებიან რიჩარდ სალერს ლიკვიდაციით, თუ ის საქართველოში დაბრუნდება? - „თავისუფლების მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიება.