დღეს გალის რაიონის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობიდან თითქმის ყველას რამდენიმე საბუთი აქვს - საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან/და პირადობის მოწმობა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გაცემული "ბინადრობის მოწმობა". აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტებს მათ არ აძლევენ.
2017 - 2019 წლებში გალის მილიციის შენობა ქალაქში ყველაზე ხალხმრავალი ადგილი იყო. ყოველ სამუშაო დღეს იქ გრძელი რიგი იდგა. ქალაქ გალის მცხოვრებნი და გალის რაიონის სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსული ათეულობით ადამიანი "ბინადრობის მოწმობის" მისაღებად თავის ჯერს დღის ბოლომდე ელოდა.
საკუთარ მიწაზე "ბინადრობის მოწმობის", ანუ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის განკუთვნილი საბუთის აღება გალელი ქართველებისთვის დამამცირებელი და მტკივნეულია, თუმცა აფხაზეთში დარჩენილებსა თუ დაბრუნებულებს სხვა გამოსავალი არ აქვთ.
"[აფხაზური საბუთის არქონის გამო] ხიდზე არ გვატარებდნენ და ტყე-ტყე, ფარული გზით, შიშის ქვეშ გვიწევდა ენგურს იქეთ გადასვლა, რუსებს რომ არ დავენახეთ. თუ შეგვამჩნევდნენ, დაგვიჭერდნენ, წაგვიყვანდნენ გალში და მხოლოდ ჯარიმის თანხის გადახდის სანაცვლოდ გაგვათავისუფლებდნენ. ზუსტად არ მახსოვს, რამდენი იყო ჯარიმა, მგონი 1 500 რუსულ რუბლამდე [60 ლარი - რ.თ.]", - იხსენებს ლია (სახელი შეცვლილია) იმ პერიოდს, როცა "ბინადრობის მოწმობა" ჯერ კიდევ არ ჰქონდა.
ის ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც 2017 წლის აგვისტოში "ბინადრობის მოწმობის" მისაღებად მილიციასთან გრძელ, დაუსრულებელ რიგში ორი კვირა ოთხ შვილთან ერთად იდგა. 61 წლის ქალი, სოფელ საბერიოდან გალში თითქმის ყოველდღე ჩადიოდა. ბოლოს ქრთამი გადავიხადე და ისე ჩავაბარე საბუთებიო, - ამბობს, თუმცა ამის მერეც, მის სტუდენტ შვილს, რომელიც თბილისში სწავლობდა, "ბინადრობის მოწმობა" 3 წლით დაუგვიანეს და მთელი ეს დრო გოგო ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ისევ ფარულად, ტყე-ტყე გადადიოდა.
ლიას, აფხაზური პასპორტი არასდროს აუღია, თუმცა 2013 წლამდე ამის უფლება ჰქონდა. აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებით, ყველა იმ ქართველს, ვინც გალის რაიონში საცხოვრებლად 2005 წლამდე დაბრუნდა (აფხაზური წყაროების მიხედვით - 50 000 ადამიანი), შეეძლო აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქე გამხდარიყო.
"... ყველა თანაბარი ხდება - ისინი, ვინც იბრძოდნენ აფხაზეთის დამოუკიდებლობისთვის და ისინი, ვინც ხელს უწყობდნენ საქართველოს კოლონიალური ინტერესების განხორციელებას", - თავიდანვე ასეთი იყო აფხაზური ოპოზიციის მიდგომა ამ საკითხისადმი. იმ დროს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშს, რომელსაც ეთნიკურად ქართველი ცოლი ჰყავდა, ოპოზიცია ბრალს სდებდა აფხაზეთისთვის ეროვნული საფრთხის შექმნაში.
ე.წ. პასპორტიზაციის თემა 2013 და შემდეგ წლებშიც მაშინდელი დე ფაქტო პრეზიდენტის ალექსანდრ ანქვაბისა და მისი გუნდის მიმართ ბრალდებების საბაბად რჩებოდა. პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, მხოლოდ 2013 წელს, გალელებზე გაცემული 20 000-ზე მეტი პასპორტი გაუქმდა და ეს პროცესი გალელებისთვის "მოქალაქეობის" ჩამორთმევით დასრულდა. ამის შემდეგ მათთვის დროებითი დოკუმენტი, "ფორმა №9" შემოიღეს. ეს მსხვილ თაბახის ფურცელზე დაბეჭდილი საბუთია, რომელიც მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ მისი მფლობელი გალის რაიონის მცხოვრებია.
ომის დროს დევნილმა გალელებმა სახლებში დაბრუნება 1999 წლიდან დაიწყეს. აფხაზეთის მაშინდელმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, ვლადისლავ არძინბამ ეს შესაძლებლობა გალის რაიონის იმ მცხოვრებლებს მისცა, ვინც სამხედრო მოქმედებებში არ მონაწილეობდა.
თუმცა, ქართველები გადაჭრით ახლაც ვერ გეტყვიან, იყო თუ არა დაბრუნების გადაწყვეტილება სწორი. იმის შიში, რომ ერთხელაც სახლებიდან ისევ აყრიან, არავის განელებია. მათ სამშობლოში უცხოელების სტატუსი აქვთ.
"ბინადრობის მოწმობით" გალელები ვერ მონაწილეობენ არჩევნებში, ორმაგს იხდიან კომუნალურ მომსახურებაში, პენსია 500 რუბლი [20 ლარი], ანუ 6-ჯერ უფრო ნაკლები აქვთ, ვიდრე მათ, ვისაც "აფხაზური პასპორტი" აქვს. "ბინადრობის მოწმობა" გალელებს არც ქონების შეძენისა და გაყიდვის უფლებას აძლევს. შვილებს ვერ ასწავლიან მშობლიურ ენაზე, განათლებას გალში, რუსულ ენაზე იღებენ.
"პასპორტი იმიტომ გვჭირდება, რომ სრულფასოვნად შევძლოთ ჩვენს სახლებში ცხოვრება. იქნება მინდა ახალი სახლი ვიყიდო, ან ეს გავყიდო. ბინადრობის მოწმობით ვერ ვაფორმებთ", - გვეუბნება გალის მკვიდრი გელა (სახელი შეცვლილია).
ფაქტობრივად, "ბინადრობის მოწმობა" მათ მხოლოდ იმის დასტურად სჭირდებთ, რომ ნამდვილად გალში ცხოვრობენ, რაც ენგურის ხიდზე გადასვლაში ადგებათ. თუმცა არავინ იცის, როდემდე გაჭრის ეს საბუთი.
"ბინადრობის მოწმობის" მოქმედების ვადა ხუთი წელია. მათ, ვინც საბუთი ჯერ კიდევ 2017 წელს აიღო, ვადა წელს ეწურებათ. გაუგებარია, ამის შემდეგ რა საბუთის აღება მოუწევთ, რისი უფლება ექნებათ და რა დაუჯდებათ ეს ყველაფერი.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2022 წლიდან გაუქმდა "ფორმა №9"-ც. აფხაზური წყაროების მიხედვით, გალის რაიონში დაახლოებით 5 000 ადამიანს მხოლოდ ეს საბუთი ჰქონდა და "ბინადრობის მოწმობა" არ აუღია.
დისკუსია აფხაზური მოქალაქეობის დაბრუნებაზე
2022 წლის იანვრის მიწურულს, გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკურად ქართველების სამართლებრივი სტატუსი ისევ საჯარო განხილვის თემა გახდა. ახალი საზოგადოებრივი ორგანიზაციის, "აფხაზეთის ხალხთა კონგრესის" დამფუძნებელ ყრილობაზე, რომელსაც აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, ითქვა, რომ შეცდომა და პოლიტიკური კონიუნქტურა იყო, როდესაც გალის ეთნიკურად ქართულ მოსახლეობას მოქალაქეობა მასობრივად ჩამოართვეს.
"თუ გალის რაიონში დაბადებული ბავშვების მშობლები დაბადების მოწმობას საქართველოს ტერიტორიაზე იღებენ, გამოდის, ჩვენ ქართველ პოლიტიკოსებს ვეხმარებით ამით. ანუ, ქართული მხარის წესებით ვთამაშობთ. მათ [ჩემს ოპონენტებს - რ.თ] არ ესმით, რომ საქართველოში წასული ახალგაზრდების ნაწილი - და სხვადასხვა წყაროს მიხედვით, 8 000-ზე მეტი ახალგაზრდა წავიდა, რამდენი მსახურობს იქ ჯარში კონტრაქტით, მათგან რამდენია ოფიცერი? დღეს კი იქ NATO-ს სტანდარტებით წვრთნიან, ხელში კალაშნიკოვის ავტომატი კი არა, M-16 იარაღი უჭირავთ. არის ეს ჩვენი საზოგადოების, ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებში?!", - უთხრა ყრილობის შემდეგ რადიო თავისუფლების პროექტ "ეხო კავკაზას" აფხაზმა პოლიტიკოსმა და ყრილობის ერთ-ერთმა წამყვანმა, დავით ფილიამ. მან "აფხაზეთის ხალხთა კონგრესი" მეორე ცნობილ აფხაზ პოლიტიკოსთან, ოლეგ დამენიასთან ერთად დააფუძნა.
ყრილობაზე განხილულ საკითხს მყისიერად გამოეხმაურა აფხაზეთის ვეტერანთა ორგანიზაცია "არუაა".
"[აფხაზეთის მოქალაქეობის დაბრუნების] საკითხი დახურულია. ჩვენ არასოდეს დავუშვებთ, საქართველომ, ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების მეშვეობით, აფხაზეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა მოახდინოს, როგორც ეს ადრე ხდებოდა", - ეწერა განცხადებაში. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დუმილი არჩია.
დე ფაქტო რესპუბლიკის კანონმდებლობით დაშვებულია მხოლოდ აფხაზურ-რუსული ორმაგი მოქალაქეობა. გამონაკლისი მოქმედებს აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც სხვა ქვეყნებში ცხოვრობენ.
კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი ამბობს, რომ სოხუმი ამ ნაბიჯზე არ წავა და "აფხაზური პასპორტების" დარიგებით გალის ქართველებს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა, აფხაზურ პოლიტიკურ სივრცეში ასე იოლად არ შეიყვანს:
"გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ პარლამენტში, ადგილობრივ დე ფაქტო ხელისუფლებაში უფრო მეტი გალელი იქნება… პოლიტიკურად ძალიან სენსიტიური და რთული თემაა. საქართველოსაც არ აქვს არჩეული გრძელვადიანი პოლიტიკა, გალის მოსახლეობასთან მიმართებით რა უნდა გააკეთოს. სოხუმი და თბილისი ამ დროის განმავლობაში გალთან მიმართებით სხვადასხვა პოლიტიკას ახორციელებდნენ, მაგრამ არცერთი მხარე არ არის გარკვეული, რა სახის პოლიტიკა უნდა გაატარონ".
გალში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის რჩება კიდევ ერთი გზა იმისათვის, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეობა მიიღონ.
2017 წელს დე ფაქტო მთავრობამ განაცხადა, რომ მოქალაქეობას მისცემდნენ იმ ეთნიკურ ქართველებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეობაზე უარს იტყოდნენ და მეგრული დაბოლოების გვარს აფხაზურით შეიცვლიდნენ. მაგალითად, ქეცბაია - ქეცბა გახდებოდა ან ზუხბაია - ზუხბა.
თუმცა გვარის გადაკეთების საფუძველზე "აფხაზეთის მოქალაქეობის" მიღება მაინც არ არის მარტივი საქმე. გალის რაიონის მკვიდრმა დათომ [სახელი მისი თხოვნით შეცვლილია] "აფხაზური პასპორტი", გვარის გადაკეთების შემდეგ, რამდენიმე წლის წინ მიიღო.
"ბებია-ბაბუა, მშობლები, მეც აქ დავიბადე, ვცხოვრობ და ვმუშაობ. აფხაზური პასპორტის არქონის გამო ბევრი ყოფითი პრობლემა გვექმნება. იმიტომ დავბრუნდით, რომ ჩვენს სახლებში გვინდა ცხოვრება. გვინდა-არ გვინდაზეც არ არის საუბარი, სხვანაირად უბრალოდ რთულია აქ ცხოვრება", - ამბობს ის.
აფხაზური წყაროების მიხედვით, გალის რაიონში მცხოვრები 32 296 ადამიანიდან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეობა მხოლოდ 1 000-მდე მცხოვრებს აქვს.
ბჟანია-ანქვაბის ხელისუფლებაში მოსვლამდე გალელებს მოლოდინი ჰქონდათ, რომ ახალი ხელმძღვანელობა ჩამორთმეულ საბუთებს დაუბრუნებდა.
"ეს ადამიანები არ უნდა გავრიყოთ, ვინაიდან ისინი აფხაზეთის ძირძველ მოსახლეობას წარმოადგენენ. მათ ახლა ბინადრობის ნებართვა აქვთ, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს მათთვის შეურაცხმყოფელია, ვინაიდან მათი წინაპრები ცხოვრობდნენ ამ მიწაზე და ბევრი მათგანი ოდესღაც აფხაზი იყო", - უთხრა 2020 წელს რადიო თავისუფლების პროექტ "ეხო კავკაზას" სერგეი შამბამ, რომელიც მაშინ ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი იყო.
თუმცა ადგილობრივი ოპოზიციის წინააღმდეგობის გამო ამ თემაზე საუბარი მალევე შეწყდა.
"ვერ გაბედავენ [აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები], მიუხედავად იმისა, რომ წინა დე ფაქტო ხელისუფლებისგან განსხვავებით უფრო ლოიალურად უყურებენ გალელებს", - ამბობს გიორგი კანაშვილი.
სკოლის დამთავრების შემდეგ გალელი ახალგაზრდების უმრავლესობა სასწავლებლად ქართულ უნივერსიტეტებს ირჩევს. მაგალითად, 2019 წელს გალის რაიონიდან ენგურის მეორე მხარეს, უმაღლეს თუ პროფესიულ სასწავლებელში 331-მა აბიტურიენტმა ჩააბარა, 2020 წელს - 384-მა, გასულ წელს 243 აბიტურიენტი ჩაირიცხა. ჩაბარების შემდეგ გალში თითქმის აღარავინ ბრუნდება.