პრემიერმინისტრობის კანდიდატ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინათინ ბოკუჩავა დაინტერესდა იმით, თუ რატომ გადაურიცხა მამუკა ბახტაძემ 20 ათასი ლარი პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წლის აგვისტოში. „რა მოტივაცია გქონდათ, როცა 2012 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის მე-9 წელს შესწირეთ თანხა? გაიძულათ ვინმემ ამ შემოწირულების გაკეთება, თუ იდეოლოგიური თანხვედრა გქონდათ ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან?“ - დაინტერესდა დეპუტატი.
თინათინ ბოკუჩავა: ინფორმაციის მიხედვით, რომელიც დევს საქართველოს აუდიტის ოფიციალურ ვებსაიტზე და, რაც არის საჯარო ინფორმაცია, თქვენ 2012 წლის 2 აგვისტოს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, როცა ის იყო სახელისუფლებო პარტია და ბევრი ჩვენგანი მაშინ პარტიის წევრიც არ იყო და არც სახელისუფლებო პოსტებზე ვმუშაობდით, თქვენ შესწირეთ 20 ათასი ლარი. მაინტერესებს, მარტივად რომ მოვისმინოთ თქვენგან პასუხი იმასთან დაკავშირებით, ადასტურებთ თუ არა ამ შემოწირულებას და თუ ადასტურებთ ამ შემოწირულებას, რომელიც საჯარო ინფორმაციაა და სახელმწიფო აუდიტის ვებგვერდზე დევს, რით განმარტავთ ამ შემოწირულებას. 20 ათასი ლარი საკმაოდ სოლიდური თანხაა საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის, თუ არ ჩავთვლით ივანიშვილსა და მის გარემოცვას, რომელიც ბიუჯეტის ხარჯზე მდიდრდება. რა მოტივაცია გქონდათ მაშინ, როცა 2012 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის მე-9 წელს შესწირეთ თანხა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“? გაიძულათ ვინმემ ამ შემოწირულების გაკეთება, თუ იდეოლოგიური თანხვედრა გქონდათ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“? იზიარებდით მის პოლიტიკურ ხედვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განვითარდეს და როგორ უნდა იმართებოდეს ჩვენი ქვეყანა?
მამუკა ბახტაძე: რაც შეეხება ჩემ მიერ გადარიცხულ თანხას, როგორც თქვენ აღნიშნეთ, აგვისტოში 2012 წელს. თქვენ თუ გაინტერესებთ ის, რამდენად მე გადავრიცხე ჩემი თანხა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდასაჭერად, მე ამაზე მაქვს ძალიან მარტივი და პირდაპირი პასუხი: არა! მე ჩემი თანხა არასოდეს არ გადამირიცხავს „ნაციონალური მოძრაობისთვის“. 2012 წელს, იმიტომ რომ არ ჰქონოდა საშუალება „ქართულ ოცნებას“ დაეფინანსებინა პარტია ადეკვატურად, თქვენ შეცვალეთ კანონი და იურიდიულ პირებს აუკრძალეთ პარტიების დაფინანსება. ამას მოჰყვა ცვლილება კანონში „საბანკო საქმიანობის შესახებ“. ესეც ყველას გვახსოვს. აქედან გამომდინარე, ჩემი პირადი ფიზიკური ანგარიში იქნა გამოყენებული მხოლოდ ტექნიკურად. რაც შეეხება თქვენ მიერ დასმულ შეკითხვას იდეოლოგიურ თანხვედრაზე. მე 2011 წლიდან ვიყავი და ვარ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი. 2012 წელს ვიყავი დაკავებული ძალიან მნიშვნელოვანი საორგანიზაციო საკითხებით „ქართულ ოცნებაში“ და 2012 წლის 1 ოქტომბერს მთელ ქართველ ერთან ერთად ვიზეიმე თქვენი გასტუმრება საქართველოს ხელისუფლებიდან.
თინათინ ბოკუჩავა: ერთი დაზუსტება წინა კითხვასთან დაკავშირებით. თქვენ ამბობთ, რომ ჩემი პირადი ანგარიში იქნა გამოყენებული ტექნიკურადო, ანუ თქვენ რეალურად ამბობთ, ადასტურებთ, რომ 20 ათასი ლარის გადარიცხვა დაგავალათ ან გაიძულათ თქვენმა იმდროინდელმა დამსაქმებელმა. დღეს ან ხვალ, როდესაც თქვენ უკვე დამტკიცებული იქნებით პრემიერ-მინისტრის პოსტზე, რომ დაგაძალოთ ოკუპანტმა სახელმწიფომ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება, გააკეთებთ ამას, ბატონო მამუკა? ან ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა რომ გაიძულოთ კრიმინალზე ხელის დაფარება, გააკეთებთ ამას, ბატონო მამუკა? თუ ასეთი მყიფე ბრძანდებით, არ მგონია, რომ შესაფერისი იყოთ საქართველოს პრემიერმინისტრობისა. რეალურად დღეს თქვენ დაადასტურეთ, რომ დაგაძალეს 20 ათასი ლარის გადარიცხვა „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ.
მამუკა ბახტაძე: ჩემი პირადი ანგარიშის გამოყენება მოხდა ტექნიკურად, ვინაიდან თქვენმა ხელისუფლებამ იმისათვის, რომ არ ჰქონოდა "ქართულ ოცნებას" დაფინანსების მიღების საშუალება, შეცვალა კანონი და იურიდიულ პირებს აუკრძალა თანხის გადარიცხვა.
თინათინ ბოკუჩავა: რას ნიშნავს „ტექნიკურად იქნა გამოყენებული“? თქვენ არ იცოდით იმის შესახებ, რომ თქვენს ანგარიშს იყენებდა თქვენივე კომპანია? ხომ ძალიან ნათელია, რომ ახლა ცდილობთ გამოძრომას, იმიტომ რომ რეალურად 2012 წელს გეგონათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იქნებოდა ხელისუფლებაში და მას შესწირეთ 20 ათასი ლარი. შეგეშალათ, ვერ გათვალეთ, შემდეგ მოვიდა „ქართული ოცნება“ და ახლა „ქართული ოცნების“ პრემიერმინისტრობის კანდიდატად გვევლინებით. ალბათ, იმედოვნებთ, რომ, როცა კიდევ შეიცვლება ხელისუფლება, ეცდებით ისევ გამოიცვალოთ ტყავი და პოლიტიკური კუთვნილება.
მამუკა ბახტაძე: გიპასუხებთ. ვინაიდან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოცვალა კანონი, იურიდიულ პირებს აეკრძალათ პარტიების დაფინანსება. ეს არის პასუხი! ეს იყო ტექნიკური გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნებოდა კანონის შეცვლას.