პროექტი, რომლის ღირებულებაც 315 ათას ლარზე მეტია, წინასწარ გაწერილი გრაფიკის მიხედვით ვერ დასრულდა, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთი ნაწილის უკმაყოფილება არა შესრულების ვადებს, არამედ უკვე ჩატარებულ სამუშაოებს უკავშირდება, უფრო კონკრეტულად კი, პარკის ტერიტორიაზე მოწყობილ გადასახედებს, სადაც ადრე არსებული ხისა და მინის მესრები რკინით შეცვალეს. თელავში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი ნინი ბოჭორიძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც მიიჩნევს, რომ რკინის მესრის დამონტაჟებით პარკის იერსახე მნიშვნელოვნად დამახინჯდა. ნინის თქმით, მაშინ, როცა თელავის მერიამ უკვე გამზადებული ესკიზები გამოაქვეყნა, საჯარო კომენტარებით პირადად მოითხოვა ცვლილებები, მაგრამ არც მისი და არც სხვა ადგილობრივთა მოსაზრება არავინ გაითვალისწინა.
„მერიამ პირდაპირ გვაჩვენა გამზადებული ესკიზები, თუ როგორი იქნებოდა რეაბილიტირებული ნადიკვრის პარკი. ამან საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია და თქვეს, რომ ეს პროექტი არ მოსწონდათ, მაგრამ პროექტი დამტკიცდა და განხორციელებაში ჩაუშვეს. ახლა გვაქვს რკინის მესერები, რომელსაც მოსახლეობა ამსგავსებს სასაფლაოს ღობეს. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს ეს ღობე არ მოსწონს და ამაზე ღიად საუბრობს, არავინ არ აკეთებს განმარტებას, თუ რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება“.
ნინი ბოჭორიძე არ არის ერთადერთი, ვისაც კულტურისა და დასვენების პარკ „ნადიკვარში“ რკინის მესერი არ მოსწონს. უკვე რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელ ფეისბუქში თელავის ჯგუფები ამ თემას აქტიურად განიხილავენ და აკრიტიკებენ. როგორც თელავში მცხოვრებმა გიგი გიგიტელაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, ადგილობრივ ხელისუფლებას პროექტის დაწყებამდე მისი საჯარო განხილვა რომ მოეწყო და აზრი საზოგადოებისთვის ეკითხა, ნადიკვრის პარკი იმაზე უკეთესი იქნებოდა, ვიდრე პროექტის დასრულების შემდეგ იქნება. გიგიტელაშვილის აზრით, თუნდაც ეს პროექტი მეტყველებს იმაზე, რომ თვითმმართველობას საზოგადოება არ აინტერესებს.
„ის, რაც კეთდება, მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუღებელია. პარკში, სადაც უნდა წახვიდე დასასვენებლად და განსატვირთად, გხვდება სასაფლაოს „რეშოტკები“. ეს საშინელებაა! მთავარი პრობლემა ისაა, რომ როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობა რაღაცას აკეთებს, ამ შემთხვევაში პარკს, არ ინტერესდება თავად იმ ადამიანების აზრით, ვინც პარკით უნდა ისარგებლოს. ამიტომ მივიღეთ ის მახინჯი კონსტრუქციები, რაც არის. მე არ ვიცი, იყო თუ არა პროექტის საჯარო განხილვა, მაგრამ აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებამდე ეს ინფორმაცია არ მისულა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ამ პროექტზე ვეტყოდით უარს“.
ვიდრე პროექტის განხორციელება დაიწყებოდა, იყო თუ არა მისი საჯარო განხილვა და მისცეს თუ არა სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ნაწილს შესაძლებლობა საკუთარი მოსაზრება დაეფიქსირებინა, ასევე რატომ არ გაითვალისწინეს სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის საჯარო კომენტარები და მიმართვები, ვიდრე პროექტი დამტკიცდებოდა - ამ და კიდევ სხვა შეკითხვებზე პასუხის მიღება გვსურდა თელავის მერისგან, თუმცა შოთა ნარეკლიშვილმა კომენტარი არ გააკეთა.
რადიო თავისუფლება პროექტის შესახებ ესაუბრა თელავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს, დავით ქსოვრელიშვილს. მისი თქმით, ის არ არის კომპეტენტური საიმისოდ, რომ პროექტის საჯარო განხილვაზე გველაპარაკოს, თუმცა განმარტა მიზეზი, რატომ ჩაანაცვლეს ხისა და მინის მესრები რკინით.
„ეს რკინის ღობეები შეიძლება არც მე მომწონს, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ როდესაც პარკში დამონტაჟებული იყო ხის ღობე, ვანდალებმა ის დაამტვრიეს, კოცონი დაანთეს და მწვადი შეწვეს. შემდეგ გავაკეთეთ პლასტმასი. ისიც გაანადგურეს. შემდეგ იყო მინები, რომელიც ასევე ვანდალებმა დაამტვრიეს. სწორედ ამიტომ, იძულებული გავხდით გაგვეკეთებინა რკინის, რომელიც შეიღებება და იქნება ლამაზი. ჩვენი ეს ნაბიჯი არის იძულებითი, რადგან ადამიანების შეგნება არ მივიდა იქამდე, რომ გაკეთებულს უნდა გაუფრთხილდე!“
თელავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს დავით ქსოვრელიშვილის მიერ დასახელებული მიზეზი, თუ რატომ დამონტაჟდა ნადიკვრის პარკში რკინის მესერი, მიუღებელია ადგილობრივი მცხოვრების, გიგი გიგიტელაშვილისთვის.
„გამოდის, რომ ამის შემდეგ ყველაფერი, რაც არის მინის, უნდა შევცვალოთ რკინით...მე მგონია, რომ ეს არასწორი მიდგომაა, რადგან „ნადიკვარს“ ჰყავს ხელმძღვანელობა, რომელმაც პარკს, წესით, უნდა მოუაროს. საჭიროა მეტი ყურადღება და კონტროლი, თუნდაც დამონტაჟდეს ვიდეომეთვალყურეობის კამერები და, თუკი ვინმე დანაშაულს ჩაიდენს, მას პასუხი აგებინონ. მაგრამ ეს არ კეთდება და ალტერნატივად მივიღეთ სასაფლაოს მიმსგავსებული ღობე“.
პარკ „ნადიკვრის“ მასშტაბური რეაბილიტაცია პირველად 2012 წელს განხორციელდა, რაზეც 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ამის შემდეგ სამუშაოები კიდევ რამდენჯერმე ჩატარდა, ბოლოს კი რეაბილიტაცია 2019 წლის იანვარში დაიწყო და იმავე წლის ზაფხულში უნდა დასრულებულიყო. სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. თელავის მერიაში ვარაუდობენ, რომ პროექტი მაისში დასრულდება.