თუკი 28 ნოემბერს საზღვარგარეთ იქნებით და არ გაგივლიათ საკონსულო რეგისტრაცია შესაბამის ქვეყანაში, თქვენ ვერ მიიღებთ მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში - ასეთია რეალობა, რომელიც ცესკოს მიერ დადგენილი ვადებით შეიქმნა. სოციალურ ქსელ ფეისბუკში გავრცელებული ინფორმაციით თუ ვიმსჯელებთ, თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა ბევრი ის ადამიანი, რომლებიც წინასწარ ვერაფრით გათვლიდნენ, რომ არჩევნები 28 ნოემბერს გაიმართებოდა და ამ დროს საზღვარგარეთ მოუწევდათ ყოფნა. ამასთან, ბევრმა არც ის იცოდა, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა მოეთხოვებოდა და, მით უმეტეს, სულ რამდენიმედღიანი მგზავრობის შემთხვევაშიც. როგორც ცესკოში და საგარეო საქმეთა სამინისტროში უთხრეს რადიო თავისუფლებას, გამონაკლისები აღარ დაიშვება.
მეორე ტურისთვის თამაშგარე მდგომარეობაში რჩება, მაგალითად, მწერალი ლაშა ბუღაძე, რომელიც 28 ნოემბერს ბრიუსელში იქნება. არჩევნების მეორე ტურის თარიღის გამოცხადების შემდეგ, როცა თადაგარიგის დაჭერა გადაწყვიტა, აღარაფერი გამოუვიდა. ლაშა ბუღაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მას არაფერი სმენია საკონსულო რეგისტრაციის აუცილებლობის შესახებ და რომც გაეგო, მეორე ტურის თარიღის ცოდნამდე ზუსტად მაინც ვერ გადაწყვეტდა დარეგისტრირებულიყო თუ არა: „საქართველოში 29 ნოემბერს ვბრუნდები და არჩევნები 1 დეკემბერს რომ დანიშნულიყო, მაშინ რა უნდა მექნა?!“
ლაშა ბუღაძისა და მის მდგომარეობაში აღმოჩენილი ბევრი სხვა ადამიანის მიერ დასმულ მსგავს შეკითხვებზე ოფიციალურ უწყებებს ერთი პასუხი აქვთ - ახლა ყველაფერი დაგვიანებულია, ვადები ამოწურულია. შანსის გამოყენება 11 ნოემბრის ჩათვლით იყო შესაძლებელი.
- როგორც ცესკოში უთხრეს რადიო თავისუფლებას, 8 ნოემბერს განისაზღვრა მეორე ტურის გამართვისთვის საჭირო ღონისძიებები და ვადები, სწორედ ამ დღიდან დაიწყო საარჩევნო სიებში მეორე ტურისთვის აუცილებელი ცვლილებების შეტანისთვის ზრუნვა და საგარეო საქმეთა სამინისტროსაც მოეთხოვა საკონსულო აღრიცხვაზე მყოფთა განახლებული მონაცემების 12 ნოემბრამდე მიწოდება. შესაბამისად, საკონსულო დაწესებულებებმა საკონსულო რეგისტრაციის ბოლო ვადად 11 ნოემბერი გამოაცხადეს.
- როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში უთხრეს რადიო თავისუფლებას, დიპლომატიური მისიებიდან მიღებული ინფორმაციით, მეორე ტურისთვის 7 ათასამდე საქართველოს მოქალაქე დარეგისტრირდა. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელი იყო ელექტრონული წესითაც. საკონსულო რეგისტრაცია გავლილი აქვს სულ 58 974 პირს.
რადგანაც ადამიანებს პრობლემა შეექმნათ და გამოწვევებმა იჩინა თავი, ფაქტია, რომ, მეორე ტურის ცაიტნოტის გათვალისწინებით, სისტემა დასახვეწია.ნინო რიჟამაძე
საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მოწოდებით 11 ნოემბრამდე მასშტაბური საინფორმაციო კამპანია იყო გაჩაღებული, მუშაობდა ცხელი ხაზი და საკონსულო დაწესებულებათა თანამშრომლები ხშირად შაბათ-კვირასაც მუშაობდნენ. თუმცა, საინფორმაციო განცხადებებისა ძირითად ადრესატებად ძირითადად „საზღვარგარეთ მცხოვრები“ ან „საზღვარგარეთ მყოფი“ პირები სახელდებიან. შესაბამისად, განცხადებებმა ვერაფერი უთხრა მათ, რომელთა მოკლევადიანი ვიზიტიც საზღვარგარეთ შესაძლოა დამთხვეოდა არჩევნების მეორე ტურს. ასეთები ამბობენ, რომ, სავიზო ლიბერალიზაციის სიკეთეების გათვალისწინებით, მოკლე ვადითა და დაუგეგმავად ბევრი შეიძლება მოხვდეს ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში.
როგორც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ წარმომადგენელმა, ნინო რიჟამაძემ, უთხრა რადიო თავისუფლებას, „რადგანაც ადამიანებს პრობლემა შეექმნათ და გამოწვევებმა იჩინა თავი, ფაქტია, რომ, მეორე ტურის ცაიტნოტის გათვალისწინებით, სისტემა დასახვეწია“.