Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას მოასწავებს ბიძინა ივანიშვილის „მეორედ მოსვლა“?


ბიძინა ივანიშვილი, 2013 წელი
ბიძინა ივანიშვილი, 2013 წელი

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ სარბიელს პარტიისთვის რთულ დროს, “ქართული ოცნების“ რიგებში არსებული ურთიერთდაპირისპირებების გამჟღავნების ეტაპზე, უბრუნდება. პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მისი ხელახალი არჩევის მიზანიც, ოფიციალური პირების შეფასებით, „ქართული ოცნების“ რეფორმირება და ორგანიზაციული გაძლიერებაა, თუმცა ოპონენტები ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნების“ არაფორმალური მმართველი კომფორტის ზონიდან გამოვიდა და „მეორედ მოსვლით“ აღიარა, რომ პარტიასა და ქვეყანაში სერიოზული კრიზისია.

გადმოწერა
მას ყველაზე მეტად ძალუძს გააძლიეროს მთავარი პოლიტიკური ბირთვი პარტიის თავმჯდომარის რანგში, შესძინოს მეტი და ახალი დინამიკა შემდგომი განვითარებისთვის, მეტი ეფექტურობისთვის და პროგრესისთვის როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებას და თვითმმართველ ორგანოებს...
გიორგი კვირიკაშვილი

„ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“ ბიძინა ივანიშვილს პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად უახლოეს მომავალში აირჩევს. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, გაიმართება ჯერ პოლიტსაბჭოს სხდომა, შემდეგ კი პარტიის ყრილობა, რომელზეც მთავარი საკითხი სწორედ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება იქნება. გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია,რომ დელეგატები მას ერთხმად აირჩევენ ახალ თავმჯდომარედ და, შესაბამისად, განახლება მოუწევს პოლიტსაბჭოსაც. გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს პარტიის თავმჯდომარის პოსტზე დაბრუნება საკუთარი და გუნდის სახელით პირადად სთხოვა და მოხარულია, რომ მან თანხმობა განაცხადა. პარტიის მოქმედი თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ სათავეში ჩადგომა პოლიტიკურ ცხოვრებაზე პოზიტიურად აისახება:

“მას ყველაზე მეტად ძალუძს გააძლიეროს მთავარი პოლიტიკური ბირთვი პარტიის თავმჯდომარის რანგში, შესძინოს მეტი და ახალი დინამიკა შემდგომი განვითარებისთვის, მეტი ეფექტურობისთვის და პროგრესისთვის როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებას და თვითმმართველ ორგანოებს“.

გიორგი კვირიკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ცხოვრებაში დაბრუნების შესახებ განაცხადა ბრიფინგზე, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ხელმძღვანელი პირების შეხვედრის შემდეგ გაიმართა. შეხვედრაზე, რომელზეც, წინასწარი ინფორმაციით, პარტიაში არსებული დაპირისპირების განმუხტვის გზებზე უნდა ემსჯელათ, ეგრეთ წოდებული ურჩი დეპუტატები არ მიუწვევიათ. სხდომას დაესწრნენ პრემიერ-მინისტრი და თავად ბიძინა ივანიშვილიც. ამ უკანასკნელს შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია. შესაბამისად, ჯერჯერობით ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა დარჩა ღიად - მათ შორის შეკითხვები იმის შესახებ, თუ რა გეგმები აქვს ბიძინა ივანიშვილს და რა კონკრეტული მიმართულებით აპირებს იგი პარტიული აქტივობების წარმართვას.

გია ხუხაშვილი
გია ხუხაშვილი

ამ კითხვებზე თავისი სავარაუდო პასუხი აქვს პოლიტიკურ ექსპერტ გია ხუხაშვილს. მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველის ზონიდან გამოსვლა დისკომფორტს შეუქმნის როგორც მმართველ პარტიას, ისე ოპოზიციას. „ის, რაც მოხდა, პოლიტიკური ელიტისთვის ცუდია“, - ამბობს გია ხუხაშვილი, რომლის შეფასებითაც, მმართველ პარტიაში ვითარდებოდა კრიზისი, რომელიც უკვე გადადიოდა სახელმწიფოებრივ რისკებში და ერთადერთი ადამიანი, ვისაც ინსტიტუციური წესრიგის აღდგენა შეეძლო, ბიძინა ივანიშვილი იყო. გია ხუხაშვილი მათ რიგებშია, ვინც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების აუცილებლობაზე მანამდეც საუბრობდა, მათ შორის, აღნიშნავდა, რომ მას პრეზიდენტად უნდა ეყარა კენჭი:

“საპრეზიდენტოს, როგორც ვაკანტურს, ისე განვიხილავდი, თორემ რა ფორმას აარჩევდა, ეს მისი გადასაწყვეტი იყო. მთავარი ჩემს საუბარში იყო ის, რომ მისი დაბრუნება, რეინტეგრაცია პოლიტიკაში იყო აუცილებელი. კარგია, რომ მან ეს რაღაც ფორმით გადაწყვიტა“.

პრეზიდენტად დაბრუნება იქნება უფრო დიდი კატასტროფა, იმიტომ რომ მისი პრეზიდენტად დაბრუნება ნიშნავს ქვეყანაში არაფორმალურად საპრეზიდენტო მმართველობის აღდგენას...
ვახტანგ ძაბირაძე

თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების მთავარ, ოპტიმალურ ფორმად პრემიერ-მინისტრობა მიაჩნია ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს. იგი ამბობს, რომ, „ქართული ოცნების“ გარდა, რთული ვითარებაა საზოგადოებაშიც, სადაც ნელ-ნელა ფეხს იკიდებს ნიჰილიზმი, ჩნდება აგრესია და უკმაყოფილება, რომელმაც, შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს ამოხეთქოს. „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებას, ვახტანგ ძაბირაძის თანახმად, ჯერჯერობით აქვთ იმისი რესურსები, რომ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების მართვა და რეგულირება შეძლონ, მაგრამ არსებულ გუნდს ეს გაუჭირდება. „არც ერთ ფიგურას „ქართული ოცნებისა“, ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით, საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი არ აქვს“, - აღნიშნავს ვახტანგ ძაბირაძე, რომლის აზრითაც, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პარტიის თავმჯდომარის პოსტზე შექნილ ვითარებაში საკმარისი არ არის და ამას სხვა ნაბიჯებიც უნდა მოჰყვეს:

“პირველივე შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ ხვალიდან მოსახლეობაში რაღაც იმედის ნაპერწკალი გაჩნდება, რომ ე, ბიჭო, იქნებ რამე მოხდეს, ეშველოს ამ ქვეყანას. ამ იმედს გაძლიერება უნდა და გაძლიერება არის მეორე ნაბიჯი, რომელიც ნიშნავს, რომ დაბრუნდეს პრემიერის პოსტზე და არა პრეზიდენტის, რა თქმა უნდა. პრეზიდენტად დაბრუნება იქნება უფრო დიდი კატასტროფა, იმიტომ რომ მისი პრეზიდენტად დაბრუნება ნიშნავს ქვეყანაში არაფორმალურად საპრეზიდენტო მმართველობის აღდგენას“.

თავად „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი პირები კი ამბობენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილის აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაბრუნების საკითხი არ განხილულა და, უფრო მეტიც, ეს საკითხი ამ ეტაპზე არ დგას. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტიაში რეფორმების ახალ ტალღას ჩაუდგება სათავეში, რაც სახელმწიფო თანამდებობებზე საკადრო ცვლილებებს არ გამოიწვევს:

ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

“საუბარია მხოლოდ და მხოლოდ პარტიის გაძლიერებაზე, ორგანიზაციის გაძლიერებაზე. ამას სჭირდება, მათ შორის, შესაბამისი დროც და ამისთვის საჭირო დრო, ბუნებრივია, სამწუხაროდ, ნაკლებად აქვთ პრემიერ-მინისტრს და სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირებს. შესაბამისად, ჰქონდა კონკრეტული მიზეზები ამ გადაწყვეტილებებს, თუმცა ყველაფერს უნდა შევხედოთ პოზიტიურად, ნუ მისცემთ, ასე ვთქვათ, ნეგატიურ მიმართულებას“.

შეფასება კი რომელსაც ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ დაბრუნების გადაწყვეტილებას მოჰყვა ოპოზიციაში, ძირითადად გულისხმობს იმას, რომ კრიზისია არა მარტო პარტიაში, არამედ, ზოგადად, ქვეყანაში და ბიძინა ივანიშვილს მდგომარეობის გამოსწორება და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება უწევს:

გიგა ბოკერია
გიგა ბოკერია

„’ქართული ოცნების’ რეალური მმართველის ჩრდილიდან გამოსვლა, მისი იძულება, რომ გამოსულიყო ჩრდილიდან, ადასტურებს იმას, რაც მთელმა ქვეყანამ იცის, - რომ ღრმა კრიზისია ‘ქართულ ოცნებაში’, ღრმა კრიზისია მთელ ქვეყანაში, ოღონდ ეს ამბავი ქვეყანას ვერ უშველის. ქვეყანას უშველის მარტო ერთი რამ - ივანიშვილით დაწყებული, კვირიკაშვილით დამთავრებული და მთელი ამ გუნდით დასრულებული, ამათი ჩამოცილება ხელისუფლებიდან არჩევნების გზით და მერე მუშაობა ქვეყნის წინსვლაზე, რომელიც ჩიხში შეიყვანა ივანიშვილმა თავისი გუნდით და თავისი მმართველობით“, აღნიშნავს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კი, „შენების მოძრაობის“ ხელმძღვანელი დავით უსუფაშვილი, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ კრახად აფასებს და ამბობს, რომ ეს შემთხვევა უნიკალურიც კია მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში:

დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

„როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვებული პოლიტიკური ძალა ერთ წელიწადში ამ ზომამდე მიდის, რომ სთხოვს თავის დამფუძნებელს, მოდი, გვიშველე, თორემ ჩამოგვექცა თავზე ყველაფერიო“.

დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ეს არის ივანიშვილის მეორე მცდელობა, პოლიტიკურ გუნდს კიდევ ერთხელ მოუყაროს თავი. აქვე იგი ბიძინა ივანიშვილს შეახსენებს 2015 წელს ერთ-ერთი მედიასაშუალებისთვის მიცემული ინტერვიუს იმ ნაწილს, რომელშიც იგი ამბობდა, რომ კარგი სათადარიგო მოთამაშეა და მხოლოდ სერიოზული კრიზისისა და კატაკლიზმების შემთხვევაში დაბრუნდება მოედანზე.

ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი და, შესაბამისად, საჯარო პოლიტიკური ცხოვრება 2013 წელს დატოვა, თუმცა არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ 2012 წელს ხელისუფლების სათავეში მოსულ „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვეტილების მიმღებ მთავარ ფიგურად ამის შემდეგაც იგი რჩებოდა.

XS
SM
MD
LG