Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ვიგებთ ევროკავშირთან დაახლოებით - ეკონომიკური მხარე


ევროკავშირიდან საქართველოში ყველაზე მეტი თანხა ფულადი გზავნილების სახით შემოდის. 2023 წლის 11 თვეში ევროკავშირის ქვეყნებიდან ქართველებმა თითქმის 1,2 მილიარდი დოლარი გადმორიცხეს.
ევროკავშირიდან საქართველოში ყველაზე მეტი თანხა ფულადი გზავნილების სახით შემოდის. 2023 წლის 11 თვეში ევროკავშირის ქვეყნებიდან ქართველებმა თითქმის 1,2 მილიარდი დოლარი გადმორიცხეს.

2024 წელს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით ხვდება.

ამ სტატიაში განვიხილავთ ევროკავშირთან ეკონომიკურ ურთიერთობებს და ასევე ავხსნით:

  • რამდენს ურიცხავენ ევროპაში დასაქმებული ქართველი ემიგრანტები ოჯახებს;
  • რა წვლილი შეაქვთ ევროკავშირიდან ჩამოსულ ტურისტებს ქვეყნის ბიუჯეტში;
  • რა შემოსავალს იღებს ქვეყანა ევროკავშირთან ვაჭრობით;
  • პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ევროკავშირიდან.

რამდენს ურიცხავენ ევროპაში დასაქმებული ქართველი ემიგრანტები ოჯახებს

ევროკავშირიდან საქართველოში ყველაზე მეტი თანხა ფულადი გზავნილების სახით შემოდის. 2023 წლის 11 თვეში ევროკავშირის ქვეყნებიდან ქართველებმა თითქმის 1,2 მილიარდი დოლარი გადმორიცხეს.

საქართველოს მოქალაქეების მიგრაციის ზრდასთან ერთად მატულობდა ევროკავშირიდან გადმორიცხული ფულიც და ამ პროცესს უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამაც შეუწყო ხელი. 2013-2021 წლებში ევროკავშირის წილი მთლიან ფულად გზავნილებში 26-დან 40%-მდე გაიზარდა.

გამონაკლისი 2022-2023 წლებია, როცა უკრაინის ომის გამო რუსეთიდან გადმორიცხვები ისტორიულად გაიზარდა, თუმცა მაისიდან რუსეთიდან გადმორიცხვა მნიშვნელოვანად მცირდება და ევროკავშირიდან გამოგზავნილი თანხა ისევ იწყებს ზრდას. ეროვნული ბანკის მონაცემებით, გაერთიანების წევრი ქვეყნებიდან ყველაზე მეტს იტალიიდან და საბერძნეთიდან რიცხავენ.

„ახლა რასაც ვაკვირდებით, საქართველოს მოქალაქეები ძირითადად ისეთ ქვეყნებში მუშაობენ, სადაც ნაკლებად მკაცრია მიგრაციის პოლიტიკის აღსრულება, მაგალითად, საბერძნეთში, იტალიაში. ამ ქვეყნებში უკვე არსებობს დიასპორა და ემიგრანტებიც უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს“, - ამბობს ISET-ის კვლევითი ინსიტუტიტის უფროსი მკვლევარი დავით კეშელავა.

რა წვლილი შეაქვთ ევროკავშირიდან ჩამოსულ ტურისტებს ქვეყნის ბიუჯეტში

ტურიზმის სექტორისთვის ევროპელი ვიზიტორები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ევროკავშირის ქვეყნებიდან მხარჯველიანი ტურისტები ჩამოდიან.

2023 წელსაც ევროკავშირიდან ვიზიტორების რაოდენობა პანდემიამდელ, ანუ 2019 წლის მაჩვენებელს ჯერ არ დაბრუნებია. წლიური მაჩვენებელი ცნობილი იანვარში გახდება, 9 თვის მონაცემებით კი ევროკავშირიდან ჯამში 329 ათასი ტურისტი შემოვიდა, რომლებმაც ქვეყანაში 428 მლნ დოლარი დახარჯეს. ვიზიტორების რაოდენობის კლების მიუხედავად, ამ წლის 9 თვეში ევროკავშირიდან ჩამოსულების ხარჯები უფრო მეტი იყო, ვიდრე 2019 წელს.

„გაზრდილია როგორც სასტუმროს, ისე რესტორნის ხარჯები. 2019 წელთან შედარებით ასევე გაიზარდა ვიზიტების ხანგრძლივობა, რაც ცხადია დანახარჯებზეც აისახა“, - ამბობს „თიბისი კაპიტალის“ კვლევის მიმართულების უფროსი ირინა კვახაძე.

მისივე თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომმა ევროკავშირიდან ვიზიტორების ჩამოსვლა შეაფერხა, რადგან საქართველო ომის ფონზე ზოგიერთი ვიზიტორისთვის უსაფრთხო ქვეყნად აღარ მიიჩნეოდა. ევროპელ ტურისტებში შედიან დიდი ბრიტანეთიდან ჩამოსული ვიზიტორებიც, ბრექსიტის მიუხედავად საქართველო მათ კვლავ ევროკავშირთან ერთად ითვლის.

რა შემოსავალს იღებს ქვეყანა ევროკავშირთან ვაჭრობით?

საქართველოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება აქვს გაფორმებული. შეთანხმებით, საქართველოში წარმოებული პროდუქტები გარკვეული პირობების (მაგალითად, უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა) დაკმაყოფილების შემთხვევაში, საბაჟო გადასახადის გარეშე შედის ევროკავშირის ბაზარზე.

2023 წლის 11 თვეში საქართველოდან ჯამში თითქმის 5,6 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა ექსპორტზე და აქედან 669 მლნ დოლარი ევროკავშირზე მოდიოდა. ეს ნიშნავს, რომ მთლიანი ექსპორტის 12% მოდის ევროკავშირის 27 ქვეყანაზე.

წელს ექსპორტი ევროკავშითან 129 მლნ დოლარით არის შემცირებული, რაც გამოწვეულია ძირითადი საექსპორტო პროდუქციის - სპილენის მადნებისა და თხილის ექსპორტის შემცირებით.

ევროკავშირთან ექსპორტი ბოლო ხუთ წელში ასეთია:

საქართველოდან ევროკავშირში გაყიდული პროდუქტების ძირითადი ხუთეული:

  • სპილენძის მადნები და კონცენტრატები
  • თხილი
  • მინერალური და აზოტოვანი სასუქები
  • ეთილის სპირტი
  • ღვინო

„შეგვიძლია პირდაპირ და თამამად ვთქვათ, რომ ღრმა და ყოვლისმომცველ ვაჭრობის შეთანხმებას სათანადოდ ვერ ვიყენებთ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ბარიერები არ არსებობს, ძალიან რთულია, რომ ახალი პროდუქტი გამოჩნდეს, რის ექსპორტსაც ვახორციელებთ, ძირითადად ერთი და იგივე პროდუქტი გაგვაქვს და იქაც მნიშვნელოვანი გარღვევა არ გვაქვს“, - ამბობს დავით კეშელავა.

დავით კეშელავა
დავით კეშელავა

მისივე თქმით, ევროკავშირის ბაზარზე საქართველოსთვის განსაკუთრებით რთული სოფლის მეურნეობის პროდუქტების შეტანაა. აქ რთულია სტანდარტების დაცვაც და ქართულ ბრენდებს ცნობადობაც აკლიათ.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ევროკავშირიდან

ევროკავშირიდან საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კიდევ ცალკე საკითხია. ზოგადად ინვესტიციები ეკონომიკაში რამდენიმე მიზეზით შემოდის, ერთ-ერთი მთავარი ისაა, რომ ადგილობრივი წარმოების გაუმჯობესებას ეხმარება ეფექტიანად.

„ინვესტიციების შემოსვლა გულისხმობს არა მხოლოდ კაპიტალის, არამედ ცოდნის, გამოცდილებისა და კონტაქტების შემოსვლას… ქვეყანაში ინვესტიციები რომ შემოვიდეს, კონკურენტუნარიანი უნდა იყო და ჩვენ ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს ამ კუთხით, მათ შორის - ფინანსებზე წვდომა, კვალიფიკაციური მუშახელი, სასამართლო და სხვა“, - ამბობს დავით კეშელავა.

2023 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 1,4 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, აქედან ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული ინვესტიციების მოცულობა 540 მლნ დოლარი იყო.

XS
SM
MD
LG