Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ედავება აზერბაიჯანი საქართველოს მოქალაქე მირტაგი ასადოვს?


15 ნოემბერს ბაქოში დანიშნულია „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს“ შეიხისა და თავმჯდომარის, მირტაგი ასადოვის სასამართლო პროცესი. აზერბაიჯანის პოლიცია ასადოვს წვრილმან ხულიგნობას ედავება - მას წინასწარი 30 დღიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. თუმცა საქართველოში ფიქრობენ, რომ ასადოვის დაპატიმრება, შესაძლოა, მის აქტიურ საჯარო საქმიანობას უკავშირდებოდეს.

ვინ არის მირტაგი ასადოვი?

ის არის შეიხი და თავმჯდომარე ორგანიზაციისა ( „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს“), რომელიც იცავს საქართველოში რელიგიური უმცირესობების და ნაწილობრივ, ეთნიკური უმცირესობების უფლებებს. სხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან ერთად ასადოვის ორგანიზაციამ მოიგო საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც ითვალისწინებს საგადასახადო და ქონებრივი შეღავათების დაწესებას რელიგიური ორგანიზაციებისათვის. აქამდე ამ პრივილეგიით მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სარგებლობდა, ახლა კი სახელმწიფო ვალდებულია ან ყველაზე გაავრცელოს ეს წესი, ან არავინ იყოს გამონაკლისი.

„ეს კაცი არის ნამდვილი შუამავალი სახელმწიფოსა და თემს შორის. თემს დღეს ნამდვილად აქვს პრობლემები. მთავრობა კი სულ ცდილობს მის ნიველირებას, გადამისამართებას. მირტაგი არის სეკულარიზმის მომხრე და მიაჩნია, რომ მხოლოდ სეკულარიზმის პირობებში შეიძლება თანაბარი უფლებების მიღწევა. ასეთი საღად მოაზროვნე სასულიერო პირი ცოტა მეგულება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მირტაგი ასადოვის მეგობარმა და თანამოაზრემ, მწერალმა და მთარგმნელმა ოქტაი ქაზუმოვმა.

მირტაგი ასადოვის მეუღლე და შვილები ბაქოში ცხოვრობენ, ამიტომ ასადოვი იქ ორ-სამ თვეში ერთხელ ჩადიოდა. ის დაკავების დღესაც, 7 ნოემბერს, ამ მიზნით მიდიოდა აზერბაიჯანში.

როგორ აღმოჩნდა ოჯახთან მიმავალი ასადოვი აზერბაიჯანის ციხეში?

შეიხის ოჯახის წევრების და ახლობლების ცნობით, ასადოვი აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა 2018 წლის 7 ნოემბერს, დღის ორ საათზე დააკავეს, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის გადაკვეთისთანავე. სამარშრუტო ტაქსის მძღოლის განცხადებით, მირტაგი ცალკე გაიყვანეს, ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ კი პოლიციის თანამშრომელმა მძღოლს უთხრა, რომ ასადოვს „თავად წაიყვანდნენ ბაქოში“.

ამ დღის შემდეგ 4 დღის განმავლობაში სასულიერო პირის ადგილსამყოფელი არავინ იცოდა. ასადოვის ადვოკატებმა მაშინვე მიმართეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, სახალხო დამცველს და დაკავებული სასულიერო პირის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოითხოვეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.

ასადოვის კვალს მხოლოდ მას შემდეგ მიაკვლიეს, რაც აზერბაიჯანში კერძო ადვოკატი დაიქირავეს. გაირკვა, რომ მას აზერბაიჯანის სასამართლომ 30 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა „წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო“.

რას ედავებიან ასადოვს?

აზერბაიჯანის მხარე ამტკიცებს, რომ ასადოვი 2018 წლის 8 ნოემბერს ქალაქ ბაქოში, ნარიმანოვის რაიონში, ა. ალიზადეს ქუჩაზე დააკავეს, სადაც ის, თითქოს, ქუჩაში ტელეფონზე საუბრისას ხმამაღლა ყვიროდა, პოლიციის მოწოდების შემდეგ კი მათ წინააღმდეგობა გაუწია.

აზერბაიჯანის ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, წვრილმანი ხულიგნობა ისჯება ჯარიმით 100 მანათის ოდენობით. ხოლო სამხედრო პირისადმი დაუმორჩილებლობა 200 მანათიანი ჯარიმით ან 30 დღემდე თავისუფლების აღკვეთით.

თუმცა ოქტაი ქაზუმოვი დარწმუნებულია, რომ მისი მეგობარი თავისი საქმიანობის და კრიტიკული პოზიციის გამო ისჯება. თუმცა ვერ ხსნის, რატომ ხდება ეს აზერბაიჯანის ხელით. ასადოვისათვის წაყენებული ხულიგნობის ბრალდება კი აბსურდულად მიაჩნია.

ამ მოსაზრებას იზიარებს ადამიანის უფლებების დამცველი 14 არასამთავრობო ორგანიზაცია. მათ შორის არის ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტიც (TDI), რომლის წარმომადგენელი ეკა ჭითანავა რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ აზერბაიჯანში გავრცელებული მეთოდია წვრილმანი ხულიგნობის მუხლით ადამიანების დაკავება, როდესაც სურთ აქტიური საჯარო პირების, პოლიტიკური დისიდენტების თუ ადამიანის უფლებებზე მომუშავე ადამიანების ციხეში გაშვება. ეკა ჭითანავა არ გამორიცხავს, რომ ასადოვის შემთხვევაშიც იგივე სცენარი დაიწერა, რადგან ასადოვი, მისი თქმით, არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და უკომპრომისო მებრძოლი რელიგიის თავისუფლებისა და უმცირესობათა უფლებების დაცვის საკითხებში.

ხულიგნობა თუ პოლიტიკური მოტივი? - არასამთავრობოების რეაქცია

მირტაგი ასადოვის მხარდასაჭერად და საქმის დროულად გამოძიების მოთხოვნით 14-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს საგანგებო განცხადებით უკვე მიმართეს და მოითხოვეს ასადოვის საქმის დროული და ეფექტიანი გამოძიება.

„შეიხი მირტაგი ასადოვი განსაკუთრებული კრიტიკით გამოირჩევა სახელმწიფოს იმ პოლიტიკის მიმართ, რომელიც საქართველოში მუსლიმური რელიგიური ორგანიზაციების კონტროლსა და ინტერვენციაზე არის ორიენტირებული...ის სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლის მნიშვნელოვან გამოცდილებას ქმნის რეგიონში“, - წერია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციებს შეშფოთების საფუძველს აძლევს. საქართველოდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის და აქტივისტის, აფგან მუხთარლის ​ ამ დრომდე გამოუძიებელი საქმეც. ამიტომ ისინი მოუწოდებენ საქართველოს სახელმწიფოს დაუყოვნებლივ მიიღოს ყველა ზომა ამჯერად საქართველოს მოქალაქის, მირტაგი ასადოვის უფლებების დასაცავად. საქართველოს საელჩომ აზერბაიჯანში დაუყოვნებლივ მოინახულოს მირტაგი ასადოვი და შეამოწმოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. აზერბაიჯანის ხელისუფლებას კი უფლებადამცველები მოუწოდებენ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მირტაგი ასადოვის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელება.

რას ამბობს საქართველოს მთავრობა?

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის, ბაქოში საქართველოს საკონსულოში ასადოვის საკითხზე „ოფიციალური შეტყობინება არ შესულა. თუმცა საკონსულო ხაზზეა ოჯახის წევრებთან და კომპეტენციის ფარგლებში მუშაობს საკითხის გასარკვევად“.

რადიო თავისუფლება ელის პასუხს სახალხო დამცველის აპარატიდანაც.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG