საქართველოს პარლამენტი იწყებს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვას. „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტი პირველ ოქტომბერს შევიდა პარლამენტში. რეგლამენტის თანახმად, ბიუჯეტის პროექტის განხილვა თავდაპირველად საპარლამენტო კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის ფორმატში იწყება და გამოთქმული შენიშვნებითა და დასკვნებით, არა უგვიანეს 22 ოქტომბრისა, მთავრობას უკან უბრუნდება. პარლამენტს სახელმწიფო ბიუჯეტის დასამტკიცებლად ვადა დეკემბრის მესამე პარასკევამდე აქვს.
„საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 12 მილიარდ 729.7 მილიონი ლარით განისაზღვრა. 2018 წელთან შედარებით, ბიუჯეტი 270 მილიონ 200 ათასი ლარით უნდა გაიზარდოს.
პარლამენტი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, სახალხო დამცველი
2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის დაფინანსება 2.6 მილიონი ლარით იზრდება და 64.736 მილიონი ლარი ხდება. ცვლილება სახელფასო ხარჯის გაზრდას უკავშირდება. თუ 2018 წელს სახელფასო ხარჯი შეადგენს 29.518 მილიონ ლარს, 2019 წელს 31.224 მილიონ ლარამდე იზრდება.
2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ოდენობა 58,8 მილიონი ლარით განისაზღვრა. 2018 წელს მაუწყებლის ბიუჯეტი შეადგენდა 52 მილიონ 522 ათას ლარს, ანუ თითქმის 6 მილიონით ნაკლებს.
2018 წელთან შედარებით, იზრდება სახალხო დამცველის აპარატის დაფინანსება. თუკი მიმდინარე წელს სახალხო დამცველის აპარატის ბიუჯეტი შეადგენდა 5 მილიონ 500 ათას ლარს, 2019 წლის კანონპროექტის მიხედვით, მისი რაოდენობა იქნება 6 მილიონ 400 ათასი ლარი.
ჯანდაცვა, პენსია, ნარკომანია, ფსიქიკური ჯანმრთელობა
როგორც პროექტის დოკუმენტში ვკითხულობთ, ქვეყნის ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი თანხა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსებისთვის წარიმართება და მისი ჯამი იქნება 3 მილიარდ 900 მილიონამდე. ამ თანხის უდიდესი ნაწილი დაიხარჯება სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისათვის, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია პენსიის 20 ლარით გაზრდა 2019 წლის პირველი იანვრიდან. 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 754 მილიონი ლარი მოსახლეობის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის დაიხარჯება. პროექტის თანახმად, 2018 წელთან შედარებით, 3 მილიონითაა გაზრდილი ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობის დაფინანსება და 12 მილიონზე მეტ ლარს შეადგენს. ასევე 3 მილიონითაა გაზრდილი ფსიქიკური ჯანმრთელობის დაფინანსება, რომლის ოდენობაც 24 მილიონი ლარით განისაზღვრა.
დევნილები და მათი საცხოვრებლები
იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისათვის ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულია 42,7 მლნ ლარი.
გარდა ამისა, დევნილთათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობისათვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულია 50,0 მლნ ლარი, შესაბამისად, 2019 წელს დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველსაყოფად გამოყოფილი ჯამური თანხა შეადგენს 93 მილიონამდე ლარს. 2018 წელს ამავე მიზნისთვის 82 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.
თავდაცვის სამინისტრო
შემცირებულია თავდაცვის სამინისტროსათვის განკუთვნილი ბიუჯეტი. 2018 წელს თავდაცვის ბიუჯეტი შეადგენდა 802 მილიონ ლარს. 2019 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უწყებისთვის გამოიყოფა 790 მილიონი ლარი. თუმცა, მიუხედავად შემცირებული ბიუჯეტისა, მცირედით, მაგრამ მაინც გაზრდილია შრომის ანაზღაურების რაოდენობა.
განათლება, კულტურა და სპორტი
2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი 1 მილიარდ 485 მილიონი ლარია. ეს თანხა მცირედით აღემატება 2018 წელს ორი სამინისტროს (განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კულტურისა და სპორტის სამინისტროს) ბიუჯეტების ჯამს, რომელიც შეადგენდა 1 მილიარდ 471 მილიონ ლარს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო
2019 წელს თითქმის ერთი მილიონით იზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი და ის 643 მილიონ 500 ათას ლარს შეადგენს. მათ შორის იზრდება შრომის ანაზღაურების რაოდენობაც.
გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი თითქმის 24 მილიონი ლარით იზრდება და ის შეადგენს 298 მილიონ 100 ათას ლარს.
აზიური ფაროსანა
თუკი 2018 წელს აზიური ფაროსანის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო 14 მილიონი ლარი, 2019 წელს მავნებელ მწერთან საბრძოლველად სახელმწიფომ 35 მილიონი ლარი უნდა დახარჯოს.