Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იქით მხარეს - რაზე ილაპარაკეს ლანამ ცხინვალიდან და ანამ თბილისიდან აგვისტოს ომიდან მე-15 წლისთავზე 


2008 წლის ომის დროს ანა და ლანა ბავშვები იყვნენ. 8 აგვისტოს ღამეს ლანა დედასთან და ძმებთან ერთად ტყეში იმალებოდა, ანა სოფელში იყო და ომის დღეებიდან მის მეხსიერებას შემორჩა პრეზიდენტის მიმართვა ტელევიზორში და მოიერიშე თვითმფრინავების ხმა. როგორ ხედავენ ისინი დღეს ომს და ერთმანეთს? „ეხო კავკაზა“ თბილისელ ჟურნალისტს, ანა ვახტანგაძესა და ცხინვალელ სტუდენტს, ლანა გუდეევას ესაუბრა.

ვადიმ დუბნოვი: რამდენი წლის იყავით 2008 წელს და რა გახსოვთ ამ ომიდან?

ლანა გუდეევა: მახსოვს 8 აგვისტოს ღამე. მამა მილიციაში მუშაობდა და სახლში არ იყო ხოლმე. დაგვირეკა, დედა გააფრთხილა, გაიქეცითო. დედამ პატარა ძმა აიყვანა ხელში, მე მეორე ძმა გავაღვიძე. ეგრევე, მოუმზადებლად წამოვედით სახლიდან. არ მეშინოდა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ რაღაც საშინელება ხდება. შიში მერე მოვიდა. შემდეგ, როდესაც ამ თემაზე ვლაპარაკობდი, ცრემლებს ვერ ვიკავებდი ხოლმე.

ვადიმ დუბნოვი: ანა, თქვენთვის რა არის პირველი მოგონება?

ანა ვახტანგაძე: 2008 წელს 13 წლის ვიყავი. პრეზიდენტის მიმართვა მახსოვს. პირველი კადრი ჩემს მეხსიერებაში პრეზიდენტის მიმართვაა, შემდეგ - სამხედრო თვითმფრინავები. მე რაჭაში ვიყავი. მამა თბილისიდან ჩამოვიდა და ჰყვებოდა, როგორ შეეშინდა, როცა გორი გამოიარა. მაშინ გორი იბომბებოდა.

რადგან ომის ეპიცენტრში არ ვიყავი, ვფიქრობდი, რომ დაცული ვარ. მერე შემეშინდა, როდესაც ყველაფერი დასრულდა და დროც გავიდა, როდესაც უკვე შედეგი დავინახე.

ვადიმ დუბნოვი
ვადიმ დუბნოვი

ვადიმ დუბნოვი: თქვენს ცნობიერებაში სიტყვა ომი როდის შემოვიდა? ლანა, იმ ღამის კოშმარი თქვენთვის უკვე ომი იყო თუ სიტყვა ომი შემდეგ გამოჩნდა.

ლანა გუდეევა: იმავე ღამით, როცა ტყეში ვიმალებოდით. მშობლები მხოლოდ იმას გვეუბნებოდნენ, წყნარად ისხედითო. მანამდე ომზე არ მიფიქრია, ექვსი წლისას რაში მჭირდებოდა ამაზე ფიქრი.

თუმცა ახლაც არ ვკითხულობ ახალ ამბებს. ეს ჩემთვის ძალიან მძიმეა. 2008 წლის შემდეგ ამ თემას კარგა ხანი არ ვეკარებოდი. ჩვენთან ამაზე დიდად არ საუბრობენ, მით უფრო - სოფელში. ამიტომ იმის საშუალება, რომ ამ თემაზე იფიქრო და გაანალიზო, მაინცდამაინც არ არის.

ანა ვახტანგაძე: იმ დროს არ ვიცოდი, ეს რა იყო. ამ თემით 17-18 წლისა დავინტერესდი, მაშინ, როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე. ეს ძალიან კარგად მახსოვს, როგორ გავაცნობიერე, რომ ამ თემაზე ძალიან ცოტა რამ ვიცი. სტატიების კითხვა დავიწყე - ქართულად, რუსულად.

მეგონა ყველაფერი წარსულს ჩაბარდა-მეთქი, მაგრამ მივხვდი, რომ გაცილებით სერიოზულადაა საქმე. ჩემს ოჯახში ამ თემაზე არ საუბრობდნენ. აღმოჩნდა, რომ ომის გამო ხალხი დღემდე იტანჯება, დევნილები გვყავს. რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ ისინი არსებობდნენ, მაგრამ ამჯერად მათი გაცნობაც მომიხდა.

ვადიმ დუბნოვი: ლანა, თქვენს ოჯახში საუბრობენ ომზე?

ლანა გუდეევა: საქართველოზე დიდად არ საუბრობენ.

ვადიმ დუბნოვი: ომის შესახებ თქვენსა და თქვენი მშობლების წარმოდგენებს შორის რა განსხვავებაა?

ლანა გუდეევა: რამე კონკრეტულზე ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ მათ ომი 90-იან წლებშიც გამოიარეს. მაშინ თავადაც ბავშვები იყვნენ. საქართველოს მიმართ აგრესია არ არის, უფრო სურვილი - შეგვეშვან.

ვადიმ დუბნოვი: აგრესია არც თქვენ გაქვთ, არც მშობლებს?

ლანა გუდეევა: არა.

ვადიმ დუბნოვი: ანა, თქვენც იმავეს გკითხავთ, რით განსხვავდება ომის შესახებ თქვენი და თქვენი მშობლების წარმოდგენები?

ანა ვახტანგაძე: არ ვიცი, ამაზე მათთან ხშირად არ მისაუბრია. მაგრამ რადგან ისინი უფროსები არიან და ყველაფერი საკუთარი თვალით აქვთ ნანახი, შესაძლოა, მათ უფრო ეშინიათ.

ვადიმ დუბნოვი: ლანა, გაინტერესებთ, რა ხდება იქითა მხარეს, მაგალითად, რას ფიქრობენ თქვენ თანატოლები?

ლანა გუდეევა: ვერ ვიტყვი, რომ ბევრი რამ ვიცი, იქით მხარეს რა ხდება. როგორც ვთქვი, პოლიტიკა არც მაინტერესებს და ვცდილობ კიდეც ამას თავი ავარიდო.

ვიცი, რომ არიან ლიბერალურად, მეგობრულად განწყობილი საქართველოს მოქალაქეები და ისეთებიც, რომლებიც ისევ იმავეს ფიქრობენ, რასაც 2008 წელს და მანამდე.

ვადიმ დუბნოვი: თუმცა 2008 წლამდე ადამიანური კავშირები არ იყო დარღვეული, ყოველ შემთხვევაში, ასე ფატალურად. ახლა ურთიერთობა თითქმის აღარ არის. ეს იგრძნობა?

ლანა გუდეევა: მე დღევანდელობას 2008 წლამდე მოვლენებს ვერ შევადარებ, რადგან არ მახსოვს. ჩემთვის არაფერი შეცვლილა, როგორც მანამდე არ იყო ეს კავშირები, ისე არაა ახლაც.

ვადიმ დუბნოვი: ანა, თქვენ სამხრეთ ოსეთში ნაცნობები გყავთ?

ანა ვახტანგაძე: ერევანში ტრენინგებზე შევხვედრილვარ ადამიანებს, რომლებიც ცხინვალის რეგიონში ცხოვრობენ. ძალიან სასიამოვნო იყო გაცნობა. ვთანხმდებოდით, რომ არ ვისაუბრებდით თემებზე, რომლებზეც სრულიად განსხვავებული შეხედულებები გვაქვს. რა თქმა უნდა, მაშინაც მაინტერესებდა და ახლაც მაინტერესებს მათი აზრი ომზე, მაგრამ ასე გადავწყვიტეთ.

ვადიმ დუბნოვი: ლანა, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ რაღაც დროის მერე ადამიანური ურთიერთობებიც აღდგება, თქვენი მშობლების თაობაში თუ არა, თქვენს თაობაში მაინც. თუ ეს უკვე აღარც გაინტერესებთ?

ლანა გუდეევა: მგონი, ძალიან ძნელია. მეგობრულ ურთიერთობაზე უახლოეს მომავალში საუბარი ვერ იქნება, მაგრამ აგრესია ჩაცხრება.

ვადიმ დუბნოვი: ანა, იმავეს გკითხავდით.

ანა ვახტანგაძე: ძალიან მინდა, კონტაქტები აღდგეს. ჩემს თაობაში ბევრია ისეთი, ვისაც უნდა ურთიერთობა, უნდა უკეთ გაიცნოს ეს ხალხი. მგონია, მოვა დრო, როდესაც ნეიტრალური ტერიტორიის მიღმაც შეგვეძლება ურთიერთობა და მინდა ამას მოვესწრო.

XS
SM
MD
LG