Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი გადასახადებს ზრდის - გაიგეთ რატომ


რუსეთის ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი და ვლადიმირ პუტინი. ილუსტრირებული ფოტო.
რუსეთის ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი და ვლადიმირ პუტინი. ილუსტრირებული ფოტო.

ომს სულ უფრო და უფრო მეტი ფული სჭირდება. ვლადიმირ პუტინმა გადასახადების გაზრდა გადაწყვიტა. ასეთი რამ არ მომხდარა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში.

რუსეთში იწყება ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური საგადასახადო ცვლილებები, რომლებიც გულისხმობს პროგრესული გადასახადების შემოღებას. სიახლე გავრცელდება საშემოსავლო გადასახადზე ფიზიკური პირებისთვის და მოგების გადასახადზე კომპანიებისთვის. ეკონომისტების შეფასებით, სიახლემ შეიძლება გამოიწვიოს ინფლაციის ზრდა, თუმცა, მათი აზრით, მთავარი მაინც ის არის, რომ იცვლება ეკონომიკის სტრუქტურა: სახელმწიფო აპირებს ფულის ნაწილის ამოღებას ბიზნესიდან და მოსახლეობისგან უფრო მნიშვნელოვანი სექტორების დასაფინანსებლად.

რის შეცვლას აპირებენ?

ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადის პროგრესული სკალა გულისხმობს საპროცენტო განაკვეთის ზრდას 13%-დან 22%-მდე:

  • წელიწადში 2,4 მლნ რუბლზე დაბალი შემოსავლის მქონეთათვის - 13%;
  • წელიწადში 2,4-დან 5 მლნ რუბლამდე შემოსავლის მქონეთათვის - 15%;
  • წელიწადში 5 მლნ რუბლიდან 20 მლნ რუბლამდე შემოსავლის მქონეთათვის - 18%;
  • წელიწადში 20-დან 50 მლნ რუბლამდე შემოსავლის მქონეთათვის - 20%;
  • წელიწადში 50 მლნ რუბლზე მეტი შემოსავლის მქონეთათვის - 22%.

ეს იმას ნიშნავს, რომ სიახლე შეეხება პირებს, რომელთა შემოსავალი თვეში 200 ათას რუბლს აღემატება (გადასახადების დაუქვითავად). ამასთან, განაკვეთები არ ვრცელდება მთელ თანხაზე: თუ პირი იღებს 250 ათას რუბლს თვეში, 13%-ით დაიბეგრება 200 ათასი რუბლი, 15%-ით კი დანარჩენი 50 ათასი რუბლი.

ეკონომისტების შეფასებით, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ კომპანიებისთვის იზრდება მოგების გადასახადი 5%-ით ანუ 20%-დან 25%-მდე.

იზრდება წიაღისეულის მოპოვების გადასახადიც - მეტალურგებისთვის (1,15-ჯერ) და სასუქის მწარმოებლებისთვის (2-2,3-ჯერ იმისდა მიხედვით, თუ რა სახის სასუქს აწარმოებს).

ვის შეეხება გადასახადების გაზრდა?

„რუსეთის მოქალაქეებისთვის საშემოსავლო გადასახადის გაზრდა პასუხია საზოგადოების მოთხოვნაზე“, - განაცხადა რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა:

„რუსულ საზოგადოებას დიდი ხანია აქვს სოციალური სამართლიანობის, მათ შორის, პროგრესული დაბეგვრის სისტემის შემოღების მოთხოვნა”, - თქვა სილუანოვმა, რომლის თქმითაც, განაკვეთის გაზრდის შემდეგაც კი „რუსეთში გადასახადები სხვა ქვეყნებთან შედარებით კონკურენტუნარიანი დარჩება“.

რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 64 მილიონი დასაქმებულიდან ცვლილებები შეეხება 2 მილიონ ადამიანს, რაც არის დასაქმებულთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 3.2%.

ანტონ სილუანოვი და ვლადიმირ პუტინი
ანტონ სილუანოვი და ვლადიმირ პუტინი

საშუალო ხელფასი მოსკოვში თვეში დაახლოებით 146 ათასი რუბლია. გადასახადების ზრდა პირველ რიგში შეეხება „ქალაქში მცხოვრები საშუალო კლასის ზედა ნაწილს“, რომელშიც შედიან IT სპეციალისტები და მაღალტექნოლოგიური სექტორის სხვა თანამშრომლები.

„სავარაუდოდ, გადასახადების გაზრდა დაარტყამს ადამიანებს, რომლებმაც გარკვეულწილად თავი დააღწიეს ყველაზე ღარიბთა კატეგორიას და, რომლებსაც გაუჩნდათ საკმარისი თანხა მკურნალობის, განათლებისა და დასვენებისთვის“, - უთხრა ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიის რუსულ რედაქციას ეკონომისტმა ალექსანდრა ოსმოლოვსკაია-სუსლინამ, რომლის აზრით, გადასახადების გაზრდის გამო ამ ადამიანებს მოუწევთ უარი თქვან ან განათლებაზე, ან მკურნალობაზე, ან დასვენებაზე.

პროგრესული გადასახადის ყველაზე მაღალი ნაწილი შეეხება ძალიან მდიდარ ადამიანებს, რომლებიც ასევე არ არიან ბევრნი. საუბარია კლასზე, რომელიც დაიბეგრება მაქსიმალური განაკვეთით, თუ წელიწადში მათი შემოსავალი 50 მილიონ რუბლზე მეტია. გარდა ამისა, იზრდება საშემოსავლო გადასახადი დეპოზიტებზე, დივიდენდებსა და სხვა ფასიან ქაღალდებზე: 2,4 მილიონ რუბლამდე წელიწადში - 13%-ით, ხოლო 2,4 მლნ რუბლზე ზემოთ - 15%-ით.

Bloomberg Economics-ის თანამშრომლის ალექსანდრ ისაკოვის ვარაუდით, გადასახადის ზედა ზღვრული მაჩვენებელი - 22% არ უნდა იყოს საბოლოო: „ის აუცილებლად გაიზრდება 30-35%-მდე მომდევნო საარჩევნო ციკლში“.

რას მოხმარდება ეს ფული?

ალექსანდრ ისაკოვი ვარაუდობს, რომ თანხის ნაწილი სამხედრო ხარჯების დაფინანსებას მოხმარდება. Reuters-ის გათვლებით, 2024 წელს თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალებზე რუსეთის ბიუჯეტის დანახარჯების წილმა 38% შეადგინა.

სხვა ფაქტორებს შორისაა დემოგრაფიული ცვლილებები, რომლებიც იწვევს სოციალური ვალდებულებების ზრდას.

რუსეთის ფინანსთა სამინისტრო ვარაუდობს, რომ 2025 წელს საგადასახადო რეფორმის შედეგად ბიუჯეტი დამატებით 2,6 ტრილიონ რუბლს მიიღებს (1 ტრლნ რუბლი - 11,3 მლრდ დოლარი).

მთლიანობაში, 2024 წელს ბიუჯეტის შემოსავალმა უნდა შეადგინოს 35 ტრილიონი რუბლი, ხოლო ხარჯებმა - 36,6 ტრილიონზე მეტი (1 ტრილიონი რუბლი - 11,3 მლრდ დოლარი). იანვარ-აპრილში ბიუჯეტის შემოსავალმა შეადგინა 11,6 ტრილიონ რუბლზე მეტი. ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ გადასახადების ზრდა, არც ისე მნიშვნელოვანი ფაქტორია ბიუჯეტის შევსებაში, თუმცა, როგორც ეკონომისტები ამბობენ, სიახლის შედეგად იზრდება ე.წ. შიდა გადასახადები, რომლებიც არ არის დამოკიდებული გარე ფაქტორებზე და, შესაბამისად, ბიუჯეტის შევსების უფრო მდგრად საშუალებადაც მიიჩნევიან.

ცნობილია, რომ მცირდება რუსეთის შემოსავლები ნავთობიდან და გაზიდან, რომლებიც რუსეთის ბიუჯეტის შევსების მთავარი წყაროა. ეკონომისტების გათვლით, გრძელვადიან პერსპექტივაში - 2025-2030 წლებში - პუტინის მიერ ინიციირებულმა საგადასახადო ცვლილებებმა რუსეთის ბიუჯეტი 16,8 ტრილიონი რუბლით (190 მლრდ $) უნდა შეავსოს.

რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის ეკონომიკური მიმომხილველის, მაქსიმ ბლანტის ვარაუდით, გადასახადების გაზრდიდან მიღებული ფული წავა არა რეგიონულ ბიუჯეტებში, არამედ ფედერალურში:

„ამასთან ამბობენ, მთელი ფული წავა სოციალურ პროექტებში, თუმცა სოციალურ პროექტებზე ყველას თავისებური წარმოდგენა აქვს. ასეთად ითვლება, მაგალითად, ახალგაზრდების პატრიოტული აღზრდა და კომპენსაციების გაცემა ომში დაღუპულთა ოჯახებისათვის, ვეტერანების რეაბილიტაცია და ა.შ.“

მაქსიმ ბლანტი
მაქსიმ ბლანტი

მაქსის ბლანტის თქმით, პუტინის მიერ ინიციირებული ცვლილებები დაკავშირებულია ომთან, რადგან ძველი საგადასახადო სისტემა ვეღარ უპასუხებს ახალ რეალობას, რომელშიც იმყოფება რუსეთის ეკონომიკა:

„უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ეკონომიკამ დაიწყო დეფორმირება, შესაბამისად, 2000-იანი წლებიდან აშენებული საგადასახადო სისტემა უვარგისი გახდა. გადასახადების ზრდა ასახავს იმ სინამდვილეს, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ხარჯები მკვეთრად იზრდება და საჭიროა ამ ხარჯების დაფარვა. თუ ადრე ძირითადად არჩევნების წინ ხდებოდა ფულის დარიგება, ახლა პრინციპულად მნიშვნელოვანია მოსახლეობიდან ფულის ნაწილის ამოღება, რადგან ცენტრალურ ბანკს მეორე წელია არ შეუძლია ინფლაციის მოთოკვა, რეფინანსირების განაკვეთის შემცირება, მოთხოვნა კვლავინდებურად აჭარბებს მიწოდებას, ამიტომ პრინციპულად მნიშვნელოვანია არა ფულის უბრალოდ დარიგება რაღაც სოციალური პროგრამებით, არამედ ფულის ამოღება“.

ოლგა შამინა, BBC-ის რუსული სამსახურის ეკონომიკური რედაქტორი, რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივი პროექტის The CurrentTime-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთის მთავრობა ხვდება, რომ მისი ეკონომიკა სამხედრო ხარჯებითაა გაბერილი და ცდილობს რისკების დაზღვევას:

„რუსეთის ეკონომიკა ძალიან გაიბერა სამხედრო ხარჯებით. სამხედრო სექტორი, რომელშიც ბევრი ფული იღვრება, იბერება და შთანთქავს სამოქალაქო ეკონომიკის უფრო და უფრო მეტ სექტორს. ამას სჭირდება ფული. ხელისუფლება ფულს შოულობს სანქციების გვერდის ავლით ნავთობის გაყიდვიდან. მაგრამ ასეთი შემოსავალი დამოკიდებულია გარე პირობებზე. დასავლეთის ქვეყნებმა შესაძლოა ახალი სანქციები შემოიღონ, სანქციები დააწესონ ჩინური ბანკების წინააღმდეგ. ეს ყველაფერი დაარტყამს ამგვარ შემოსავლებს. საშემოსავლო და მოგების გადასახადების გაზრდით მიღებული თანხები კი გარანტირებულად დაცულია. ეს ლოგიკური ნაბიჯია იმ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლება ემზადება ხანგრძლივი ომისთვის“.

რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მიხაილ კასიანოვის თქმითაც, პუტინს ესმის, რომ „ომი გამოფიტვაზე“ მეტ ფულს მოითხოვს:

„პუტინი უზრდის მოქალაქეებს გადასახადებს, მაგრამ ამას ძალიან ფრთხილად აკეთებს - უწესებს 15%-ს მათ, ვისაც თვეში 150 ათას რუბლზე მეტი აქვს. ქვეყანა სწრაფად ღარიბდება, ამიტომ ეს „რეფორმა“ მხოლოდ 5 მილიონ ადამიანს შეეხება. ასე რისკები მისთვის მინიმალურია“.

გაიზრდება თუ არა ფასები?

რუსი ჟურნალისტისა და რადიო „ეხო მოსკვის“ ყოფილი მიმომხილველის ანტონ ორეხის თქმით, ხალხი რომ არ გააღიზიანონ, ცვლილებას დაარქვეს არა რეფორმა, არამედ „კორექტირება“:

„აქცენტი კეთდება იმაზე, რომ „მდიდრები გადაიხდიან“, რადგან არავის უყვარს მდიდარი ხალხი. თუმცა როგორც ირკვევა, მდიდარია ის, ვინც თვეში 2000 ევროს იღებს და ასეთების რიცხვი 3.2% ყოფილა“.

ანტონ ორეხის თქმით, საშემოსავლო გადასახადზე ბევრად მნიშვნელოვანია კომპანიებისთვის დაწესებული გადასახადის გაზრდა:

„კომპანიები ახლა 5%-ით მეტს გადაიხდიან. სწორედ ეს გადასახადი დააწვება ყველას და ყველაფერს. ფასებიც გაიზრდება არა 5%-ით, არამედ ბევრად მეტად. აი, ეს არის მთავარი ტარიფის კორექტირებაში“.

რუსეთში 2024 წლის მაისის ბოლოს ინფლაციის წლიურმა მაჩვენებელმა 8.1% შეადგინა. ეკონომისტების გათვლებით, გადასახადების მატებამ შეიძლება გაზარდოს ინფლაცია, თუ კომპანიები გადაწყვეტენ საზოგადოებას აზღვევინონ დამატებითი ხარჯები თავიანთი პროდუქციისა და მომსახურების ფასების გაზრდის მეშვეობით.

ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ეკონომიკამ, ხანმოკლე ვარდნის შემდეგ, სწრაფად დაიწყო ზრდა: როსსტატის მიხედვით, 2024 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიგა პროდუქტის 5.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ეკონომისტების თქმით, ამის მიზეზი საბიუჯეტო სტიმულირებაა: მთავრობა დიდ ფულს ხარჯავს თავდაცვის სექტორსა და ზოგადად უკრაინის ომზე, რაც თავის მხრივ ე.წ. სტეროიდების ეფექტს ქმნის.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG