Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის რუსეთში ეიზენშტეინისა და კალატოზოვის ფილმებს ხელახლა გადაიღებენ


კადრი სერგეი ეიზენშტეინის ფილმიდან "ალექსანდრე ნეველი"
კადრი სერგეი ეიზენშტეინის ფილმიდან "ალექსანდრე ნეველი"

რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტროს სურს, რომ რუსმა რეჟისორებმა გადაიღონ კინოს „ოქროს ფონდში“ შეტანილი საბჭოთა ფილმების ახალი, თანამედროვე ვერსიები, ე.წ. რიმეიკები. სიაში 30 მხატვრული ფილმია, მათ შორის - კანის, ბერლინისა და ვენეციის კინოფესტივალებზე დაჯილდოებული ნამუშევრები.

რუსეთის განათლების სამინისტრომ რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირს ასევე გადასცა იმ წიგნების ჩამონათვალი, რომელთა ეკრანიზაცია „ხელს შეუწყობს რუსეთის მოსწავლე-ახალგაზრდებში ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას და პატრიოტიზმის ჩამოყალიბებას“.

რუსული მედია იუწყება, რომ კინემატოგრაფისტთა კავშირმა კულტურის სამინისტროსგან მიიღო წერილი, განათლების სამინისტროს ინიციატივის შესახებ.

წერილს დართული აქვს ორი სია:

I სიაშია ფილმები, რომელთა „გათანამედროვებასაც“ რუსეთის განათლების სამინისტრო ითხოვს:

  • „ალექსანდრე ნეველი“ (1939 წ.) - რეჟისორი სერგეი ეიზენშტეინი
  • „ივანე მრისხანე“ (1944) - სერგეი ეიზენშტეინი
  • „მიფრინავენ წეროები“ (1957) - მიხეილ კალატოზოვი
  • „ბედი კაცისა“ (1959) - სერგეი ბონდარჩუკი
  • „ომი და მშვიდობა“ (1967) - სერგეი ბონდარჩუკი
  • „ასვლა“ (1976) - ლარისა შეპიტკო
  • (სიაში ასევე არის არარსებული ფილმი „სოტნიკოვი“ - ეს არის ვასილ ბიკოვის იმ მოთხრობის სათაური, რომლის მიხედვითაც გადაღებულია „ასვლა“)
  • „სერიოჟა“ (1960) - გ. დანელია, ი. ტალანკინი
  • „როგორ იწრთობოდა ფოლადი“ (1973) - ნ. მაშჩენკო
  • „ალპური ბალადა“ (1965) - ბ. სტეპანოვი
  • „შოპენი, სონატა ნომერი ორი“ (1978) - ნ. რაუჟინი
  • „ხვალ იყო ომი“ (1987) - ი. კარა
  • და სხვა, ჯამში 30 ფილმი

II სიაშია პროზაული ნაწარმოებები, რომელთა ეკრანიზაციასაც განათლების სამინისტრო ითხოვს:

  • „სევასტოპოლის მოთხრობები“ - ლევ ტოლსტოი
  • „მარია პეტროვნა“ - ვლადიმირ ვერესაევი
  • „მადლმოფენილი ადამიანები“ - ანდრეი პლატონოვი
  • „მარტორქა ხოჭოს თავგადასავალი“ - კონსტანტინ პაუსტოვსკი
  • „გოგონები ვასილიევსკის კუნძულიდან“ - იური იაკოვლევი
  • „მატრონას ეზო“ - ალექსანდრ სოლჟენიცინი
  • და სხვა, ჯამში 15 ნაწარმოები

რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირში გამოცემა „როსბიზნესკონსალტინგს“ (RBC) უთხრეს, რომ რიმეიკების შექმნის პრაქტიკა სავსებით გამართლებულია მსოფლიო კინემატოგრაფიული გამოცდილებით:

„მრავალი თაობის მაყურებლის საყვარელი ფილმები შეიძლება გამოდგეს ბრწყინვალე საფუძვლად ახალი კინოპროექტებისთვის, რომელთა მთავარი ამოცანაა მაყურებელთან გასაგებ ენაზე საუბარი. თუ მოხდება საბჭოთა კინოკლასიკის უბრალოდ კოპირება, მაშინ, ცხადია, საბიუჯეტო სახსრები უაზროდ დაიხარჯება“.

კადრი მიხეილ კალატოზოვის (კალატოზიშვილი) ფილმიდან "მიფრინავენ წეროები"
კადრი მიხეილ კალატოზოვის (კალატოზიშვილი) ფილმიდან "მიფრინავენ წეროები"

კინემატოგრაფისტთა კავშირში მიიჩნევენ, რომ საჭიროა სპეციალური სესიის ჩატარება სცენარისტების, სოციოლოგების, ისტორიკოსების, პროდიუსერების, დისტრიბუტორებისა და სხვა ექსპერტების მონაწილეობით, რათა ჩამოყალიბდეს ორიგინალის ადაპტაციის დრამატურგიული კონცეფცია, რომელიც ხელს შეუწყობს „ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებისა და პატრიოტიზმის ამოცანების განხორციელებას მასობრივი აუდიტორიის მოზიდვით“.

რუსეთის კულტურის მოღვაწეთა დიდმა ნაწილმა ეს წამოწყება გააკრიტიკა. რსფსრ სახალხო არტისტმა სერგეი ნიკონენკომ, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა ფილმში „ხვალ იყო ომი“, რომელიც ასევე შეტანილია სიაში, განათლების მინისტრის გადაყენება მოითხოვა. მისი თქმით, „განმანათლებლების“ ამ ზრახვებში მავნებლობის სულისკვეთება გამოსჭვივის:

„არასოდეს ასლი ან რეპროდუქცია ორიგინალზე უკეთესი არ ყოფილა. გადაიღეთ თქვენი ფილმები, დაე, ის იყოს უკეთესი, ოღონდ ხელი არ ახლოთ კლასიკას!“

კინორეჟისორ ვლადიმირ ბორტკოს თქმითაც, უმჯობესია ახალი, ორიგინალური ფილმების გადაღება, ვიდრე ისეთი კლასიკური ნამუშევრების ხელახლა ეკრანიზება, როგორიცაა სერგეი ეიზენშტეინის „ივანე მრისხანე“:

„არ არის საჭირო ეიზენშტეინის ხელახლა გადაღება. ყველამ თავისი ფილმი გადაიღოს“.

ვლადიმირ ბორტკო
ვლადიმირ ბორტკო

რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის დაკვირვებით, რუსეთის განათლების სამინისტროს ამ ინიციატივამ თანაბრად დაიმსახურა როგორც „ლიბერალების“, ასევე „პატრიოტების“ რისხვა. მოსკოვის საქალაქო სათათბიროს ვიცე-სპიკერმა და სრულიად რუსეთის სახელმწიფო ტელერადიომაუწყებლობის (ВГТРК) თანამშრომელმა, ანდრეი მედვედევმა განათლების სამინისტროს მოუწოდა, მრავალფეროვნების გამო მაინც შესთავაზოს საზოგადოებას რამე ჭკვიანური და სასარგებლო.

„ხელახლა გადაიღო "ბედი კაცისა". ნუთუ განათლების სამინისტროს ჩინოვნიკებს სჯერათ, რომ დღეს ვინმეს შეუძლია სერგეი ბონდარჩუკზე ძლიერი ფილმის გადაღება?! წარმოგიდგენიათ ამ ფილმის ყველაზე მთავარი სცენის ხელახლა გადაღება?! საერთოდ რა საჭიროა ხელახლა გადაღება?! რას ვამბობთ, რომ რა?“ - დაწერა თავის Telegram-არხზე ანდრეი მედვედევმა, რომელიც, რუსეთის ხელისუფლების დიდი ნაწილის მსგავსად, ასევე იმყოფება ევროკავშირის სანქციების ქვეშ.

ანდრეი მედვედევის კითხვას, რა საჭიროა „საბჭოთა კლასიკის“ ხელახლა გადაღება? - ირიბად უპასუხებს რუსეთიდან წასული ცნობილი ჟურნალისტი, ალექსანდრ ნევზოროვი, რომლის თქმითაც, რუსეთის განათლების სამინისტროს ინიციატივას ორი მიზანი აქვს: ერთი მიზანი პროპაგანდაა, მეორე მიზანი კი - შთაბეჭდილების შექმნა, რომ ვითომ რუსეთში მნიშვნელოვანი კულტურული პროცესები მიმდინარეობს:

„ეს არის რუმინაციის კლასიკური მაგალითი. რა არის "რუმინაცია"? ეს არის მომნელებელი ციკლის მახასიათებელი მცოხნელებში: მცოხნელი ცხოველები უკან, პირის ღრუში აბრუნებენ ცოტა ხნის წინ გადაყლაპულ საკვებს და იწყებენ მის ხელახლა ღეჭვას, როგორც სრულიად ახალი კერძისას. ეს საშუალებას აძლევს ცხოველს შეიქმნას დანაყრებისა და საკვების უწყვეტი მიღების ილუზია.

რუსეთს, რა თქმა უნდა, სჭირდება ემოციური და კულტურული საცოხნი. მასებმა უნდა მიიღონ თავიანთი საღეჭი. გასაგებია, რომ რუსეთის ფედერაციაში დარჩენილი "გონებრივი ძალა" აბსოლუტურად არასაკმარისია მოსახლეობის ახალი "კულტურული პროდუქტით" უზრუნველსაყოფად.

ამიტომ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ძველი საბჭოთა მთხლეობის ამოღებინებისა და ხელახლა „გადაღეჭვისა“, - დაწერა თავის Telegram-არხზე ალექსანდრ ნევზოროვმა.

რუმინაცია - დაღეჭილი საკვების საყლაპავიდან და კუჭიდან პირის ღრუში დაბრუნება და განმეორებითი გადაყლაპვა.

რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ მიმომხილველი ქსენია ლარინა შიზოფრენიას უწოდებს განათლების სამინისტროს ინიციატივას:

„არ ვიცი, ვიცინო თუ ვიტირო. ეს უბრალოდ შიზოფრენიაა! ხელახლა გადაიღო ეიზენშტეინი, შვაიცერი, გერასიმოვი, შეპიტკო! ეს ადამიანები თავიანთ ჭკუაზე არიან?! საინტერესოა, რამდენი მოხალისე მიაწყდება ამ ფანტაზიის ასრულებას. უნდა დავიმახსოვროთ მათი სახელებიც“.

ალექსანდრ პელევინიც - პატრიოტული ორიენტაციის რუსი მწერალი და „Z-პოეზიის“ წარმომადგენელი, მიიჩნევს, რომ რუსეთის განათლების სამინისტროს ინიციატივა დიდი სისულელე, ენერგიის, ფულისა და დროის ფუჭი ხარჯვაა აშკარა ნეხვობაზე:

„მით უმეტეს მაშინ, როცა გვაქვს მართლა კარგი ფილმების გადაღებისთვის საჭირო მასალა. და არა მხოლოდ სპეცოპერაციის შესახებ. ჩვენს ისტორიაში არის უამრავი საოცარი სიტუაცია და პერსონაჟი, რომლებიც იმსახურებენ ახალ სიცოცხლეს დიდ ეკრანზე“.

რუსი ადვოკატი ალექსეი შუმარინი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ეს დეგრადირების პროცესში მყოფი რეჟიმის კიდევ ერთი, ბოდვითი იდეაა.

„რატომ უნდა ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს ფანტაზიისა და საღი აზრის ნაკლებობა?! ვერცერთი რიმეიკი ვერ შეედრება ორიგინალს, მით უმეტეს მაშინ, როცა ყველაზე ჭკვიანმა და ნიჭიერმა ახალგაზრდებმა დატოვეს რუსეთი და ახლა დაეხეტებიან ბალის, ისრაელისა და ესპანეთის პლაჟებზე...

ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ დავაბრუნოთ ახალგაზრდობა რუსეთში და როგორ ავინაზღაუროთ ჰერ პუტინის მეფობის გიჟური წლების შემდეგ მილიონი არდაბადებული ბავშვით გამოწვეული მოსახლეობის კლება“.

სწორება ერთადერთ "ოფიციალურ ისტორიაზე"

2024 წლის 8 მაისს ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ისტორიული განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების შესახებ.

ამ განკარგულების მიხედვით, ისტორიული განათლება სახელმწიფოს მიერ რეგულირებად საქმიანობად გამოცხადდა, შესაბამისად, რუსეთში შეუძლებელია ისტორიული მოვლენების ალტერნატიული ინტერპრეტაცია.

„ამ პროცესის შეჩერება შეუძლებელია“, - ამბობენ რუსი ისტორიკოსები, რომლებიც პროცესის კიდევ უფრო გაფართოების საფრთხეზეც ამახვილებენ ყურადღებას. მათი ვარაუდით, დროთა განმავლობაში სახელმწიფო თავისი რეგულირების სფეროებში შეიტანს მეცნიერებისა და კულტურის სულ უფრო მეტ დარგსა და მიმართულებას.

რუსული პროპაგანდა ღიად აცხადებს, რომ ისტორიასთან კავშირში მყოფი ყველა ტექსტი, ფილმი თუ სხვა სახის მხატვრული ნაწარმოები შესაბამისობაში უნდა მოვიდეს რუსეთის ხელისუფლების მიერ დადგენილ ოფიციალურ პოზიციასთან.

ვლადიმირ პუტინის 8 მაისის განკარგულების მიხედვით, რუსეთი არის „დიადი ქვეყანა მრავალსაუკუნოვანი ისტორიით“, ერთგვარი „სახელმწიფო-ცივილიზაცია“, რომლის ისტორიასა და მეხსიერებას ებრძვის კოლექტიური დასავლეთი, რომელიც „აყალბებს ისტორიას და იყენებს დამახინჯებულ ფაქტებს საინფორმაციო ომში“.

„ამიტომ რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა სერიოზულად მოჰკიდოს ხელი ისტორიას, - ნათქვამია ვლადიმირ პუტინის განკარგულებაში, - მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ წვდომა სანდო და მეცნიერულად დასაბუთებულ ისტორიულ ცოდნასა და ობიექტურ ინფორმაციაზე რუსეთის ადგილისა და როლის შესახებ მსოფლიო ისტორიაში“.

რუსეთში იქმნება ისტორიის სწავლების ერთიანი მეთოდოლოგია და სასკოლო სახელმძღვანელოების ერთიანი ხაზი.

პუტინის იმავე განკარგულების მიხედვით, ისტორიული ცოდნის გავრცელებაში მნიშვნელოვანი როლი დაეთმობა მუზეუმებს, მედიას, თეატრებსა და კინოს.

მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტროს ინიციატივა, საბჭოთა ფილმების რიმეიკების გადაღებისა და ისტორიული ნაწარმოებების კინოადაპტაციის შესახებ, პუტინის განკარგულებით განსაზღვრული ისტორიული განათლების სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG