Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პიკი - ვართ, ჯერ არ ვართ თუ სად ვართ?


კორონავირუსის გავრცელების პიკში ვართ თუ ე.წ. პლატოზე? როდის დგება პიკი? როგორი პიკი შეიძლება იყოს საქართველოში? რამდენი ახალი დადასტურებული შემთხვევა უნდა გვყავდეს, რომ ჩავთვალოთ, რომ პიკში ვართ ან პიკი გადავიარეთ? როდის სრულდება პიკი? - ეს იმ კითხვების არასრული ჩამონათვალია, რომელიც საქართველოში, კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევის გამოვლენიდან, ანუ 26 თებერვლიდან, დღემდე მოგვყვება.

კითხვები კორონავირუსის ე.წ. პიკური პერიოდის შესახებ, განსაკუთრებით მას შემდეგ გამრავლდა და გამრავალფეროვნდა, რაც დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, ინფექციონისტები და ეპიდემიოლოგები ყოველ მეორე კვირას აცხადებდნენ, რომ „მომდევნო ორი-სამი კვირა“ იქნებოდა ყველაზე რთული პერიოდი ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით. პიკს ველოდით ხან აპრილის შუა რიცხვებში, ხან აპრილის ბოლოს, ხან მაისის პირველ ნახევარში და ხან შუაში.

„პიკი გვექნება ორ-სამ კვირაში“

აი, მაგალითად, პირველ აპრილს, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ვარაუდობს, რომ პიკი ორ-სამ კვირაში, ანუ 15-22 აპრილისთვის უნდა იყოს.

ზუსტად ერთი კვირის თავზე, 7 აპრილს, ის აცხადებს, რომ საქართველოში პიკი კვლავ მომდევნო ორი სამი კვირის შემდეგ, ანუ 21-28 აპრილს დადგება და დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1000-დან 2000-მდე იქნებოდა.

21 აპრილს კვლავ ვარაუდობს, რომ პიკს მომდევნო ორ-სამ კვირაში, ანუ, 5-12 მაისს უნდა ველოდოთ, თუმცა, ამასთანავე დასძენს: „ეპიდემიის პიკი ისეთი რამეა, რომ კონკრეტულად როდის დადგება, ამის კატეგორიულად ვერ იტყვი“.

და მაინც, დადგა თუ არა საქართველოში კორონავირუსის პიკი?

ერთ-ერთი პირველი, მეტ-ნაკლებად მკაფიო განცხადება საქართველოში COVID 19-ის პიკის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, 26 აპრილს გააკეთა. მან თქვა, რომ „ამჟამად, ჩვენ, წესით, COVID19-ით ავადობის პიკში ვართ და ჩვენი ამოცანა იქნება, რომ ეს პიკი რაც შეიძლება მეტი ხანი დავიჭიროთ, ასე ვთქვათ - პლატოზე და როგორც ჩემმა ერთმა კოლეგამ კარგად თქვა - ჯომოლუნგმა რომ არ იყოს და იყოს პატარა გორაკი“.

მომდევნო დღეს, 27 აპრილს კი ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და თქვა, რომ „დაანონსებული პიკი“ არ გვექნება: „აღარ არსებობს მოლოდინი, რომ აპრილსა და მაისში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა პიკს მიაღწევს. ჩვენ უკვე გვაქვს პლატო“.

როდის დგება COVID 19-ის პიკი?

თუკი სხვადასხვა ქვეყნის მაჩვენებლებს გადავხედავთ, სურათი ასე გამოიყურება:

  • პირველი შემთხვევის დარეგისტრირებიდან, შვიდი კვირის თავზე, 21 მარტს მიაღწია იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა და მან 6557 შეადგინა.
  • შვიდი კვირის თავზე მიაღწია ახალ დადასტურებულ შემთხვევათა პიკურ მაჩვენებელს ესპანეთმაც.
  • პირველი შემთხვევის დადასტურებიდან მერვე კვირაში დაფიქსირდა ახალ შემთხვევათა პიკი გერმანიაში.
  • მეექვსე-მერვე კვირაში დაფიქსირდა პიკი ჩინეთშიც, იქ, სადაც მსოფლიოში პირველი კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა.

ერთი მხრივ, სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ავადობის პიკური მაჩვენებელი სხვადასხვა ქვეყანაში პირველი შემთხვევის დადასტურებიდან მეექვსე-მერვე კვირაში ფიქსირდება, თუმცა, მეორე მხრივ, ეპიდემიოლოგები და ინფექციონისტები მიიჩნევენ, რომ ავადობის პიკი დგება ქვეყანაში პირველი შიდა გადაცემის ფაქტის დადასტურებიდან მეექვსე-მერვე კვირაში.

თუკი ამ ორ მაჩვენებლებს კალენდარულ გათვლებში გადავიტანთ და საქართველოს მაგალითზე ვიმსჯელებთ, მივიღებთ ასეთ შედეგს:

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა 26 თებერვალს. თუკი ითვლება, რომ ავადობის პიკი დგება პირველი დადასტურებული შემთხვევის გამოვლენიდან მეექვსე-მერვე კვირაში, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველომ პიკს მიაღწია 15 აპრილისთვის, მეშვიდე კვირაში (კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 42 ახალი შემთხვევა, სწორედ მეშვიდე კვირაში, 16 აპრილს დაფიქსირდა) და 29 აპრილს იწურება ავადობის პიკის თარიღი, რის შემდეგაც შემთხვევათა მაჩვენებელმა უნდა იკლოს.

ხოლო, თუკი პიკის დადგომის განსასაზღვრად ავიღებთ მეორე ვარიანტს, ანუ შიდა გადაცემის პირველი შემთხვევის თარიღს, რომელიც საქართველოში 14 მარტს დადასტურდა და სწორედ 14 მარტიდან გადავთვლით 6-8 კვირას, მაშინ დღეს ჩვენ ვიმყოფებით სწორედ მეექვსე კვირაში, რომლის ათვლაც 25 აპრილს დაიწყო და უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოში ავადობის პიკი დაწყებულია. აღსანიშნავია, რომ 26 აპრილს, კორონავირუსის ახალ შემთხვევათა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 30 შემთხვევა დადასტურდა. ამ გათვლების თანახმად, საქართველომ COVID 19-ის პიკი 16 მაისისთვის უნდა გადაიაროს.

პიკის თარიღის განსაზღვრის მართებულ ვარიანტად სწორედ ამ, მეორე გათვლას ასახელებს იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ის ამბობს, რომ დიახ, ჩვენ ახლა სწორედ ავადობის პიკის დასაწყისში ვიმყოფებით და ვარაუდობს, რომ საქართველო პიკს ბლაგვი მრუდით გაივლის. მისივე თქმით, სხვა ქვეყნების გამოცდილების თანახმად, პიკი, დაახლოებით 2-3 კვირას გასტანს:

„ჩვენი პიკი რეალურად დაწყებულია. დიახ, ეს არის პიკი. ჩვენთან ვერანაირი გათვლებით ვერ იქნება დღეში 1000 შემთხვევა. ჩვენი შემთხვევები ათეულების ფარგლებში დარჩება. შემთხვევათა მრუდი ცოტათი ზევით აიწევს და ეს მრუდი, დიდი ალბათობით, არ იქნება ციცაბო, რადგან ასე თუ ისე, ჩვენ ვიცავთ წესებს, არ დავდივართ სამსახურებში, ვიყენებთ ნიღბებს, ქალაქები ჩაკეტილია. არ ველოდები დიდ მატებებს. დღეს ჩვენ უნდა ჩავთვალოთ, რომ გვაქვს პიკური მდგომარეობა, მაგრამ ეს დიდად არ აისახება მრუდზე და გვაქვს ბრტყელი მრუდი“.

ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც შესაძლოა გამოიწვია მრუდის ე.წ. დაბლაგვება, ანუ შემთხვევათა სიმცირე, უკავშირდება დროულად მიღებულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის, ფრენების შეზღუდვას, საზღვრების ჩაკეტვას, სწავლის შეწყვეტას, ე.წ. ლოკდაუნის გამოცხადებას:

„ჩვენ ეს ღონისძიებები ევროპულ ქვეყნებზე ადრე დავიწყეთ. შესაძლოა, ეკონომიკური თვალსაზრისით ამით წავაგეთ, თუმცა, როგორც ჩანს, ამ ღონისძიებების ფონზე, საქართველოში არ მოხდა ინფიცირებულთა რაოდენობის პიკური ავარდნა. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებდა დღეში 500-კაციან მატებას“.

რაც შეეხება კითხვას, ხომ არ უკავშირდება ავადობის ე.წ. ბლაგვი პიკი იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში მცირეა ტესტირებული ადამიანების მაჩვენებელი, ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ საყოველთაო ტესტირების ჩატარება ამ შემთხვევაში აზრს მოკლებულია, თუმცა, ყველა პირს, ვისაც რესპირაციული ვირუსის ნიშნები აქვს, ტესტი უნდა უტარდებოდეს:

„ძალიან ბევრ შემთხვევაში, ადამიანებს, რომლებსაც ვირუსის სიმპტომები აწუხებთ, ოჯახის ექიმები ეუბნებიან, რომ არ არის პრობლემა, დარჩით სახლში, მიიღეთ სითხეები და ჩვენ პერიოდულად დაგიკავშირდებით. მე მიმაჩნია, რომ თუკი ადამიანს თუნდაც მინიმალური ჩივილი აქვს, მას უნდა ჰქონდეს PCR ტექსტის ჩატარების საშუალება. ცხადია, ჯანმრთელი ადამიანების რიგი არ უნდა დავაყენოთ, რადგან ეს სრულიად არაეფექტური იქნება, თუმცა, ადამიანებს, ვისაც გარკვეული სიმპტომები აწუხებთ, მათ უნდა ჰქონდეთ ტესტის ჩატარების საშუალება“.

28 აპრილის 18 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 511 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან გამოჯანმრთელებულია 156. საქართველოში კორონავირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG