Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პასუხგაუცემელი კითხვები 9 წლის გოგონას მკვლელობის საქმეში


გასული წლის ოქტომბერში გორში 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს წინასწარი პატიმრობის ვადა კიდევ ორი თვით გაუხანგრძლივეს. გარდაცვლილი გოგონას ოჯახის ადვოკატი გიორგი გელხაური არ გამორიცხავს, რომ იაგო ნებიერიძესთან ერთად მკვლელობაში ან ცხედრის ლიახვის სანაპიროზე გადატანაში კიდევ სხვა პირიც მონაწილეობდა. მისი თქმით, ექსპერტიზის შედეგების მიხედვით, გამოძიების მიერ ამოღებულ ურიკასა და სარეცხი საშუალების ბოთლზე მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის თითის ანაბეჭდები არ ამოვიდა. ასევე დაუდგენელია, რით იქნა გადატანილი გოგონას ცხედარი იმ ადგილზე, სადაც სამართალდამცავებმა იპოვეს. გელხაური რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ გამოძიების პროცესში კითხვები არსებობს და სამართალდამცავებმა ამ კითხვებს ამომწურავი პასუხი უნდა გასცენ.

„უამრავი ექსპერტიზა არის დანიშნული. მივიღეთ დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის პასუხი, რომლითაც დადგინდა, რომ ურიკა, რომელიც ამოღებულია და ზედ იყო ანაბეჭდი, ასევე სარეცხი საშუალება „ფეირის“ ბოთლიდან ამოღებული ანაბეჭდის კვალი არ დაემთხვა ბრალდებულის თითის ანაბეჭდის კვალს. ეს ჩვენ გვაფიქრებინებს, რომ შეიძლება ბრალდებული არ იყო მარტო. გამოძიების მიმდინარეობისას, სანამ ყველა კითხვას არ გაეცემა სრულყოფილი პასუხი, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. თუნდაც ის, რომ შეიძლება იგი მარტო არ მოქმედებდა, თუნდაც ის, თუ როგორ მოხვდა გარდაცვლილი ბავშვის გვამის მიტანა იმ ადგილზე, სადაც იგი იქნა აღმოჩენილი. ჯერ ეს კითხვები ისევ არსებობს და არ გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები“.

ადვოკატ გიორგი გელხაურის თქმით, ბიოლოგიურმა ექსპერტიზამ ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი და დაადგინოს, ურიკაზე არსებული სისხლისფერი ლაქა ემთხვევა თუ არა გარდაცვლილის სისხლს. თუ ეს ასე არ მოხდა, ადვოკატის თქმით, გამოძიებას კიდევ დრო დასჭირდება მტკიცებულებების შესაგროვებლად.

ამ დროისთვის ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც ოჯახისთვის არის ცნობილი, ეს არის ბრალდებულის ტელეფონიდან ამოღებული კადრები. ამ კადრებში ბავშვი ცოცხალია და იქვე ისმის ბრალდებულის ხმაც. ამ ყველაფრის მიუხედავად, როგორც რადიო თავისუფლებისთვის გახდა ცნობილი, ნებიერიძე ბავშვთან ნაცნობობას საერთოდ უარყოფს და ბრალს არ აღიარებს. გარდაცვლილი ბავშვის პაპა, გოჩა ბერიაშვილი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ოჯახი გამოძიების დასრულებას და სასამართლო პროცესის დაწყებას ელოდება. მისი აზრით, ნებიერიძე მარტო მოქმედებდა და ამ საქმეში არავინ ეხმარებოდა, თუმცა ადვოკატის კითხვებზე პასუხი აუცილებლად გასაცემია.

„გამოძიების დასრულებამდე ვერაფერს გეტყვით. არა მგონია, ეჭვი არ მეპარება, ის (იაგო ნებიერიძე) მარტო იქნებოდა“.

იაგო ნებიერიძეს წინასწარი პატიმრობის ვადა 21 დეკემბერს ამოეწურა, თბილისის საქალაქო სასამართლომ ეს ვადა კიდევ ორი თვით გაახანგრძლივა. გამოძიება ექსპერტიზის შედეგებს ელოდება. გარდა ამისა, მოწმეები დამატებით კიდევ უნდა დაიკითხონ.

გორში 9 წლის გოგონა გასული წლის 25 ოქტომბერს გაუჩინარდა, რამდენიმე საათში სამართალდამცავებმა ის ლიახვის სანაპიროზე გარდაცვლილი იპოვეს. მას ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. განზრახ მკვლელობისა და გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე, რომელიც ბრალს არ აღიარებს. მისი წინასწარი პატიმრობის ვადა 21 თებერვალს იწურება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, წინასწარი გამოძიების ჩასატარებლად მაქსიმალური ვადა 9 თვეა.

XS
SM
MD
LG