Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარტიების რეიტინგები და წითელი ხაზები - რას გეგმავს ოპოზიცია? 


ევროკავშირის მხარდამჭერი აქცია თბილისში, პარლამენტის წინ. 3 ივლისი, 2022 წელი
ევროკავშირის მხარდამჭერი აქცია თბილისში, პარლამენტის წინ. 3 ივლისი, 2022 წელი

ბოლო პერიოდში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, ოპოზიციური პარტიების უდიდესი ნაწილი ვერ გადალახავს 5%-იან საარჩევნო ბარიერს, რომლის შემცირებაც „ქართულმა ოცნებამ“ უკვე დიდი ხანია გადაიფიქრა.

როგორც რადიო თავისუფლებას ოპოზიციურ პარტიებში უთხრეს, პოლიტიკურ რეიტინგებზე მსჯელობა ჯერ ნაადრევია; მაგრამ აუცილებელი პირობაა, რომ - სამომავლო გეგმები 5%-იანი ბარიერის გადალახვის ამოცანას მოერგოს.

პარტიები მოქმედების სხვადასხვა სტრატეგიას ირჩევენ - ზოგი წინასწარვე წითელ ხაზებს ავლებს, ზოგს მიზიდულობის ცენტრის შექმნა სურს, ზოგიც გამოსავალს ძალების გამსხვილებაში ხედავს. ამბობენ, რომ დაწყებულია მოლაპარაკებები.

2024 წლის არჩევნებზე, კანონი პარტიებს ბლოკების შექმნას უკრძალავს. 5%-იანი ბარიერი მათ ცალ-ცალკე უნდა გადალახონ, რათა მოხვდნენ საქართველოს მომავალ პარლამენტში. მომავალი საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება და პარტიებს მანდატები პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით გაუნაწილდებათ.

ბოლო კვლევებით მესამე ადგილზე გასული პარტია „საქართველოსთვის“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას სრულიად დამოუკიდებლად, სხვა პოლიტიკურ ძალებთან კოორდინაციის გარეშე აპირებს.

პარტიის პოლიტიკური მდივანი, ბერდია სიჭინავა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ყველა კვლევაში საზოგადოება „ქართული ოცნების“ შეცვლისა და მესამე ძალის გამოჩენის მოთხოვნას ამჟღავნებს და, რომ სწორედ ამ როლის შესასრულებლად ემზადება პარტია „საქართველოსთვის“.

„5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა ჩვენს პოლიტიკურ პარტიას არ ექნება. მას ჩვენი კვლევებიც ადასტურებს. ბევრი პოლიტიკური განცხადება მოვისმინეთ სხვადასხვა პარტიისგან - რაღაც საერთო პლატფორმას ეძებენ, რომ გადალახონ ბარიერი. ასეთი ხელოვნური ერთობები პოლიტიკურ პროცესს არ წაადგება. ყველა პოლიტიკური პარტიის ამოცანა დღეს თავისი ამომრჩევლების რაოდენობის გაზრდა უნდა იყოს“, - ამბობს სიჭინავა და 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებს იხსენებს, როდესაც პარტიამ მესამე ადგილი და რამდენიმე მუნიციპალიტეტში გავლენიანი „ოქროს მანდატებიც“ მოიპოვა.

წითელი ხაზები წინასწარვეა გავლებული მომავალ საპარლამენტო საქმიანობაშიც. პარტიაში გვეუბნებიან, რომ კოალიციას არ შეკრავენ - როგორც „ქართულ ოცნებასთან“, ასევე „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რადგან ამ პარტიებს „მაღალი უარყოფითი რეიტინგი აქვთ“.

„იდეალური მოცემულობა ჩვენი პოლიტიკური პარტიისთვის იქნებოდა, რომ, ჯამში, „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ აიღონ 50%... წითელი ხაზები გვაქვს, მაგრამ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ამომრჩეველთა დღის წესრიგით იქნება ნაკარნახევი და შეეხება ევროპულ მომავალს, ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, მნიშვნელოვან რეფორმებს, ასეთ საკითხებს, ნებისმიერი მხარისას, დავუჭერთ მხარს“, - გვეუბნება ბერდია სიჭინავა.

ერთი წლის წინ, „ქართულმა ოცნებამ“ 5%-იანი ბარიერის 2%-მდე შემცირების აუცილებელ პირობად ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება დაასახელა. წელს, მაისში კი განაცხადა, რომ - ამ დაპირების ვადა 2022 წლის დეკემბერში ამოიწურა.
საარჩევნო ბარიერის დაწევა ე.წ. 19 აპრილის შეთანხმების ნაწილი იყო, რომელიც მმართველმა პარტიამ, „ნაციონალური მოძრაობის“ შეთანხმებაზე არმიერთების მიზეზით, ხელმოწერიდან 100 დღის თავზე ანულირებულად გამოაცხადა.

მას შემდეგ, რაც პატიმარმა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კვლავ ქართულ პოლიტიკაში გააქტიურების გადაწყვეტილება გამოაცხადა, გააქტიურდა ცნობილი დისკუსიებიც „ორპოლუსიანობისა“ და „ქართული ოცნებისთვის“ სასარგებლო პირობების შექმნის შესახებ. ამას „ოლიგარქის ნარატივს“ უწოდებს მიხეილ სააკაშვილი, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„მერე ვინ გიშლით ხელს - შექმენით მეორე, მესამე, მეხუთე პოლუსი და გაანძრიეთ ხელი... საბოლოო ჯამში ყველა გაერთიანებისკენ უნდა წავიდეთ და დიდ ერთობას ალტერნატივა არა აქვს“, - წერს სააკაშვილი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ყველა კვლევით, რეიტინგებში მეორე ადგილს იკავებს და მნიშვნელოვნად უსწრებს წინ ყველა სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას.

ახალი მიზიდულობის ცენტრის შექმნას „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე გეგმავს პარტია „ლელო“ და პოლიტიკურ ძალებსა თუ ინდივიდუალურ პირებს არა შერწყმისკენ, არამედ ძალების გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

„ლელოს“ ადმინისტრაციული მდივანი, პოლიტსაბჭოს წევრი, თაზო დათუნაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პოლიტიკურ რეიტინგებზე ლაპარაკი ახლა ნაადრევია, ყველაფერი უკეთესად გამოჩნდება შემოდგომიდან - „როცა ძალიან ბევრი სიახლე იქნება წარმოდგენილი“, ხოლო რაც შეეხება ბარიერს - პარტიას - „5%-იანი ბარიერის დამოუკიდებლად გადალახვის პრობლემა არ აქვს“.

„კვლევები აჩვენებს, რომ შემდეგი ხელისუფლება იქნება კოალიციური და, სავარაუდოდ, ამ კოალიციაში არ იქნება „ქართული ოცნება“...

ჩვენთვის მიუღებელია კოალიცია, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება დომინანტი და ითამაშებს უფროსი ძმის როლს. იმისთვის, რომ კოალიციაში „ნაციონალური მოძრაობა“ არ იყოს იმ მასშტაბით წარმოდგენილი, რა მასშტაბის შიშიც აქვს ქართულ საზოგადოებას, საჭიროა ახალი პოლიტიკური სიმძიმის ცენტრის შექმნა, რომელიც არ იქნება დაჯგუფებული „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო“, - ეუბნება დათუნაშვილი რადიო თავისუფლებას.

პოლიტიკოსი ასევე განმარტავს, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს პოლიტიკურ ძალებსა და პოლიტიკოსებთან, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ „ორბიტაზე თავს კომფორტულად არ გრძნობენ“ და აზუსტებს, რომ მაგალითად ლაპარაკობენ პარტიების სამეულთან [„სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“, „დროა“].

თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ წინასაარჩევნოდ წითელ ხაზებს არ ავლებს „სტრატეგია აღმაშენებელი“ და, როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ გვითხრა - ასეთია მთელი სამეულის პოზიციაც.

„წითელ ხაზებს არ ვავლებთ, რადგან ღირებულებით არჩევანს ვაკეთებთ - აქეთ არის თავისუფალი საქართველო, მისი ევროპული მომავალის გადარჩენა და იქით არის წარსულის წყენა, გაუგებრობა ან წარსულის შეცდომები. იმისთვის, რომ ოპოზიციის ხმები არ დაიკარგოს [როგორც ეს 2016 წელს მოხდა], პრაგმატულად ვურჩევთ ყველას, რომ გამსხვილება არის აუცილებელი... არჩევნები საქართველოში ფინანსური და ადამიანური რესურსებით კონკურენციას ნიშნავს... არ მგონია, რომ თან „ქართულ ოცნებასთან“ და თან ერთმანეთთან ბრძოლის რესურსი გვქონდეს“, - ამბობს მანჯგალაძე და ასევე ადასტურებს, რომ ელაპარაკებიან კოლეგებს როგორც „ლელოში“, ასევე სხვა პარტიებში. ის ფიქრობს, რომ ცალ-ცალკე, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, 5%-იანი ბარიერის გადალახვა ყველა პარტიას გაუჭირდება.

რას ნიშნავს გამსხვილება იმ პირობებში, როდესაც კანონი ბლოკების შექმნის უფლებას არ იძლევა?

„მაინც შეიძლება გავერთიანდეთ და ხალხმა იცოდეს, რომ, მაგალითად, ეს კონკრეტული ძალა არის ამ პროდასავლური პარტიების ერთობა... ხალხმა უნდა აირჩიოს - რუსეთი უნდა, თუ საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ასეთი არჩევნები უნდა ჩავატაროთ“, - ამბობს მანჯგალაძე.

ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებში იოლად შესამჩნევია, რომ კრიტიკულად განწყობილი ამომრჩეველი ოპოზიციას პასიურობას უწუნებს და მწვავედ აკრიტიკებს.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „რადიკალურ ოპოზიციას“ „სრულ კრახს“ უწინასწარმეტყველებს „ქართული ოცნება“, რომელიც, მათ შორის - ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GORBl-ს მიერ შესრულებული კვლევის მიხედვით, მანდატების 50%-ზე მეტის აღების იმედს გამოთქვამს. „ოცნება“ არ აღიარებს NDI-ის, IRI-ისა თუ Edison Research-ის კვლევების შედეგებს.

ბოლოს ჩატარებული კვლევებიდან ოპოზიციური პარტიები რამდენიმე მათთვის მნიშვნელოვან ტენდენციას გამოყოფენ: მზარდია ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერთა რიცხვი, არ იმუშავა „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა კამპანიამ და ამომრჩეველი ცვლილებებს ითხოვს.

ტელეკომპანია „ფორმულის“დაკვეთით „ედისონ რისერჩის“ მიერ 20 ივნისს გამოქვეყნებული გამოკვლევის შედეგებით, გამოკითხულთა 63% ამბობს, რომ პარლამენტში ახალი პარტიების ხილვა უნდა, ხოლო 37% მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ ყოფნას უმრავლესობაში.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG