პარლამენტარებმა კომიტეტზე ადვოკატ გიორგი ცობეხიასა და თავიანთ კოლეგას, იაგო ხვიჩიას მოუსმინეს.
დღევანდელ სხდომაზე კითხვები უნდა დაესვათ სამოქალაქო სექტორის ერთ-ერთი კანდიდატისთვის, ნაზი ჯანეზაშვილისთვის. მან გასაუბრებამდე რამდენიმე საათით ადრე განაცხადა, რომ კანდიდატურას არ ხსნის, მაგრამ გასაუბრებაზე მისვლას არ აპირებს:
"გასაუბრების პროცესმა მე არ დამიტოვა შთაბეჭდილება, რომ ისინი [მმართველი პარტიის დეპუტატები] რეალურად ისახავენ მიზნად შეარჩიონ კანდიდატი, რომელიც იქნება საზოგადოებისთვის მისაღები, დამოუკიდებელი, პრინციპული, კვალიფიციური... მგონია, რომ ეს არის ერთგვარი შოუ".
მანამდე, 19-დან კიდევ ორი კანდიდატი არ გამოცხადდა კომიტეტზე, მათ შორის, ჯემალ ნათელაშვილი და ნიკოლოზ ნიკოლაძე. მათ კონკურსიდან მოხსნა ითხოვეს.
გიორგი ცობეხია - იურისტი
ადვოკატმა გიორგი ცობეხიამ გასაუბრება გაიარა, თუმცა ამის შემდეგ მანაც მოხსნა თავისი კანდიდატურა:
"ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკული დამოკიდებულებები არ არის ის მოცემულობა, რომლითაც სახელმწიფო შეიძლება განვავითაროთ... მე ზუსტად ვიცი, რომ ჩემს კანდიდატურას, მინიმუმ, ხელისუფლების მხარდაჭერა არ მოჰყვება, სწორედ ამიტომ, მე ვხსნი კანდიდატურას, თუმცა მას შემდეგ, რაც ასეთი მძიმე დღე გავიარე თქვენთან ერთად", - თქვა მან გასაუბრების დასრულების შემდეგ დასკვნით სიტყვაში.
იაგო ხვიჩია - დეპუტატი
"გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ თავის 10-წუთიან შესავალ სიტყვაში მასსა და წინა სახალხო დამცველებს შორის განსხვავებებზე ისაუბრა.
დეპუტატმა და ამავე დროს ომბუდსმენობის კანდიდატმა მაგალითად მოიყვანა კორონავირუსის პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვები. იაგო ხვიჩიამ ინფიცირებულების სავალდებულო იზოლაციის პრაქტიკას "დაპატიმრებები" უწოდა და თქვა: "მე [რომ სახალხო დამცველი ვყოფილიყავი] არ დავუჭერდი მხარს არცერთ შემზღუდავ ღონისძიებას..."
სახალხო დამცველის პოსტზე არჩევის შემთხვევაში, იაგო ხვიჩიამ იმ საპარლამენტო პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც მას მხარს დაუჭერენ, ომბუდსმენის ორი მოადგილის პოსტზე კანდიდატების წარდგენა შესთავაზა.
კითხვები "ქართული ოცნებიდან"
"როდესაც პოლიტიკური პარტიის წევრი იღებს მონაწილეობას სახალხო დამცველის კონკურსში, ეს დადებითად აისახება თუ არა მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვაზე?" - იკითხა დავით მათიკაშვილმა "ქართული ოცნებიდან".
"...ვერანაირ პირობას ვერ დავდებ, რომ 2 კვირაში სხვა ადამიანი ვიქნები. თქვენ ამირჩევთ თუ არა... ჩემი პოლიტიკური რწმენა თუ მორალური აღქმა, არ შეიცვლება. ჩემი აზრით, ცხადია, რომ მე არც ქართული ოცნების აქტივისტი ვარ და არც ნაციონალური მოძრაობის... ვინც არ უნდა აირჩიოს პარლამენტმა, მას სჭირდება ქართული ოცნების მხარდაჭერა, ოღონდ მხოლოდ მათი მხარდაჭერა არაა საკმარისი. ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა თუ ვინმეზე შეთანხმდება, კი ბატონო. ის ნამდვილად მოგვიხსნის პრობლემებს 12-პუნქტიანი გეგმის თვალსაზრისით, მაგრამ თუ ასეთი არ არსებობს, ამ ბაზარზე მე ვარ ერთადერთი [პოლიტიკურად ყველაზე ნაკლებად მიკერძოებული] კანდიდატი".
მიხეილ სარჯველაძემ იაგო ხვიჩიასთან გასაუბრება იმავე კითხვით დაიწყო, რასაც თავად პარლამენტარი, სხვა კანდიდატებს უსვამდა. დეპუტატსა და ამ შემთხვევაში, კანდიდატ ხვიჩიას შორის ასეთი დიალოგი შედგა:
მიხეილ სარჯველაძე: თქვენ ვინ ბრძანდებით თუ რა ბრძანდებით?
იაგო ხვიჩია: ქართულის ლოგიკური წესიდან გამომდინარე, "ვინ" ვბრძანდები.
მიხეილ სარჯველაძე: სუბიექტი ხართ ანუ. თქვენი სხეული...?
იაგო ხვიჩია: რასაკვირველია, მე მეკუთვნის.
მიხეილ სარჯველაძე: [თქვენ და თქვენი სხეული] სხვადასხვა რამეა და სხვადასხვა ვინმე?
იაგო ხვიჩია: ჩემი სხეული მე მეკუთვნის.
მიხეილ სარჯველაძე: ყოფითი გაგებით არა. დააზუსტეთ, თქვენ და თქვენი სხეული სხვადასხვა რამეა?
იაგო ხვიჩია: ფაქტობრივად, მე და ჩემი სხეული განუყოფლები ვართ ერთმანეთისგან. კაცობრიობის ისტორიას აქვს მაგალითი, როცა ადამიანი და მისი სხეული სხვა ადამიანს ეკუთვნოდა. ამას ერქვა მონათმფლობელობა...
მიხეილ სარჯველაძე: არა, ადამიანის სხეული კი არ ეკუთვნოდა, ადამიანი ეკუთვნოდა. ეს სხვა რაღაცაა, როცა ადამიანი არ განიხილებოდა სამართლის სუბიექტად... თქვენ გეკითხებით, თქვენი სხეული და თქვენ, განსხვავებული კატეგორიებია?
იაგო ხვიჩია: რა ვიცი, მე და ჩემი სხეული... გააჩნია, რისი თქმა გვინდა...
მიხეილ სარჯველაძე: იურიდიულ გაგებაზე გვაქვს საუბარი. თქვენც ასე სვამდით კითხვას.
იაგო ხვიჩია: არ ვიცი, რას მეკითხებით.
მიხეილ სარჯველაძე: საკუთრება რას ნიშნავს?
იაგო ხვიჩია: საკუთრება ნიშნავს იმას, რომ მე შემიძლია რაღაცის განკარგვა, ნებისმიერი რამის, რაზეც ვსაუბრობთ, ჭიქა იქნება ეს, სხეული, ბოთლი...
მიხეილ სარჯველაძე: ვინმეზე გაქვთ საუბარი, თუ რამეზე?
იაგო ხვიჩია: ვინმეზე, საკუთარ თავზე.
მიხეილ სარჯველაძე: თქვენ საკუთარი თავის განკარგვის უფლება გაქვთ? საკუთარი თავის გაყიდვის უფლება გაქვთ?
იაგო ხვიჩია: საკუთარ თავს ვაქირავებთ ყოველდღიურად... ზოგი შეიძლება, ყიდის კიდეც, მაგალითად, როდესაც ადამიანები თირკმელს ყიდიან.
კითხვები ოპოზიციიდან და კანდიდატებიდან
პოლიტიკური დევნა და ოლიგარქები - "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა დავით ხაჯიშვილმა იაგო ხვიჩიას ჰკითხა, თვლის თუ არა მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა გვარამიას პოლიტპატიმრებად? გვყავს თუ არა ქვეყანაში ოლიგარქი? და ბიძინა ივანიშვილს მიიჩნევს თუ არა ოლიგარქად?
იაგო ხვიჩია: მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, მაგრამ მე მაქვს შინაგანი რწმენა, რომ მას ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის დანაშაული. მიუხედავად ამისა, მე მჯერა, რომ ის ციხეში არ იქნებოდა, მას რომ 2013 წელს პოლიტიკური საქმიანობა შეეწყვიტა.
ის, რასაც ნიკა გვარამიას ედავებიან, საერთოდ არ უნდა იყოს სისხლისსამართლებრივი ქმედება... აქედან გამომდინარე, ერთიც და მეორეც, სხვადასხვა მოტივებით, მიმაჩნია არაკანონიერ პატიმრად.
რაც შეეხება ოლიგარქს, მე მისი შინაარსი არ მომწონს და არ მესმის მისი შინაარსი საქართველოში... ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი და ეს არ არის მისი პრობლემა. ბიძინა ივანიშვილის პრობლემა, ისევე, როგორც სხვა ხელისუფლების მეთაურების პრობლემა, იყო ერთპიროვნული მმართველობა... არასწორი სახელის, ოლიგარქის შერქმევა, არასწორია.
რელიგიური უმცირესობები - ბოლო წლებში რელიგიური უმცირესობების მიმართ რომელ დისკრიმინაციულ მიდგომას იცნობთ და რომელზე გქონდათ ზოგადად როგორც პოლიტიკოსს ან საჯარო მოღვაწეს, განცხადება?
იაგო ხვიჩია: ...ზოგადად, მგონია, რომ თუკი კერძო ადამიანებს ერთმანეთის მიმართ არათანასწორი დამოკიდებულება აქვთ, ვერ იქნება დისკრიმინაცია... მაგრამ სახელმწიფო უწყებების მხრიდან არათანასწორი მოპყრობა, რა ჯგუფზეც არ უნდა იყოს ეს, შეიძლება, იყოს დისკრიმინაცია.
ხვიჩიას კითხვები დაუსვა უკვე გასაუბრებაგავლილმა ზოგიერთმა კანდიდატმაც.
ლგბტქ+ პრაიდი - კანდიდატი ალექსანდრე კობაიძე ერთ-ერთი იყო, ვინც კონკურენტისთვის კითხვების დასასმელად მივიდა კომიტეტზე. იგი დაინტერესდა, მიეცემა თუ არა ლგბტ თემს პრაიდის გამართვის შესაძლებლობა, თუკი ის სახალხო დამცველი გახდება?
იაგო ხვიჩია: ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, სადაც უნდა იქ გაიაროს, შეიკრიბოს მშვიდობიანად და უიარაღოდ, მაგრამ არსებობს რაღაც ტიპის უფლებები, რომელთა რეალიზებისთვის მე ვიბრძოლებ და არ ვიბრძოლებ. მაგალითად, იმ უფლების რეალიზებისთვის, რომ ვიღაცამ სადღაც სექსუალურ პრაიდზე გაიაროს, მე არ ვიბრძოლებ იქიდან გამომდინარე, რომ მე სხვა პრიორიტეტები მაქვს. თუნდაც [ლგბტქ] თემის წარმომადგენელი, რომელიც ციხეში ზის, ის უფრო საჭიროებს დაცვას, ვიდრე ადამიანი, რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესშია, სად ჩაატაროს პრაიდი.
სახალხო დამცველების კანდიდატების მოსმენა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში 25 ოქტომბერს დაიწყო და დღეს დასრულდა.
ორშაბათს 7 ნოემბერს დეპუტატები კომიტეტის სხდომაზე დასკვნას წარადგენენ, რის შემდეგაც იქნება კენჭისყრა.
სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, უფლებამოსილების ვადა ეწურება 2022 წლის 8 დეკემბერს. სახალხო დამცველის 6 წლის ვადით ასარჩევად 90 ხმაა საჭირო.