Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტარები ბავშვების „წინააღმდეგ“ - პიროტექნიკის გაყიდვა იზღუდება


ფეთქებადი, აალებადი, ხანძარსაშიში თუ გამაყრუებელი გართობა შეიზღუდება. მომავალი ახალი წლისთვის დაჯარიმდება ყველა, ვინც ჯანმრთელობისთვის სახიფათო პიროტექნიკას არასრულწლოვნებს (18 წლამდე) მიჰყიდის. ტრავმების შემაშფოთებელ სტატისტიკაზე დაყრდნობით, საპარლამენტო უმრავლესობა საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებული წესით დამტკიცებას ცდილობს. დაინერგება თუ ვერა კანონი პრაქტიკაში? რა იწვევს ეჭვებს, მათ შორის - „ქართული ოცნების“ გუნდშიც?

წინასაახალწლო სიჩქარე და ჯარიმა

პიროტექნიკის გამოყენებისას მიღებული ტრავმების გამო განსაკუთრებით საახალწლო დღეებში საავადმყოფოში ხვდება ათეულობით ადამიანი და მათ შორის - ბევრი არასრულწლოვანია. როგორც თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში უთხრეს რადიო თავისუფლებას:

  • 2018 წელს, 2 იანვრის მონაცემებით, საავადმყოფოში მოხვდა 44 ადამიანი, მათ შორის - 21 ბავშვი.
  • მათ მიღებული ჰქონდათ სხვადასხვა სახის ტრავმა, მათ შორის - ხელებისა და სახის დამწვრობა.
  • თითების ამპუტაცია დასჭირდა სამ არასრულწლოვანს.
  • 2017 წელს, 3 იანვრის მონაცემებით, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 54 ადამიანი დაშავდა.
  • მათგან ორს თითების ამპუტაცია დასჭირდა.

საპარლამენტო უმრავლესობა ინიციატივის კანონად ქცევას ჩქარობს - ახალი წელი ახლოვდება. „ამ ეტაპზე ასაკობრივი შეზღუდვა არის ის მინიმალური, პირველი ნაბიჯი, რომელიც დაიცავს ჩვენს შვილებს, მათ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას“, - განაცხადა კანონპროექტის ავტორმა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა 13 დეკემბერს, კანონპროექტის პარლამენტის სხდომაზე წარდგენისას. კერძო ბიზნესთან კონსულტაციების საჭიროების გამო, ამ ეტაპზე ვერ ხერხდება პიროტექნიკის შეფუთვა-მარკირებასთან დაკავშირებული რეგულაციების დაწესება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისთვის დასამატებელი ახალი მუხლის (1561) შესაბამისად, დაჯარიმდებიან ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც არასრულწლოვნებს პიროტექნიკას მიჰყიდიან.

  • ჯარიმა ფიზიკური პირისთვის - 100 ლარი;
  • ჯარიმა იურიდიული პირებისთვის - 200 ლარი;
  • განმეორების შემთხვევაში საჯარიმო თანხა ორმაგდება.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, პიროტექნიკაში იგულისხმება ნაკეთობა, „რომელიც განკუთვნილია სპეციალური სამუშაოების მიმდინარეობის, აგრეთვე მასობრივი, სადღესასწაულო (საზეიმო) ღონისძიებების ჩატარების დროს სინათლის, ხმის, კვამლის და კომბინირებული (მათ შორის, სასცენო) ეფექტების შესაქმნელად.“

ვინ აღასრულებს კანონს?

დაკანონების შემთხვევაში, კანონის აღსრულება მუნიციპალიტეტების აღმასრულებელ ორგანოთა შესაბამის სამსახურებს დაევალება. თუმცა კანონის პრაქტიკაში დანერგვასთან დაკავშირებით ეჭვები თავად საპარლამენტო უმრავლესობის რიგებშიც ჩნდება. მაგალითად, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნუკრი ქანთარია ფიქრობს, რომ:

  • ამდენი აკრძალვითა და ჯარიმებით საზოგადოება წუხდება;
  • ვერ მოხერხდება იმის დადგენა, ვისთან იყიდა ბავშვმა პიროტექნიკის ესა თუ ის ნაკეთობა, რომელმაც ტრავმა გამოიწვია;
  • პარლამენტი ვალს იხდის და შემდეგ თავსატეხს უჩენს მუნიციპალიტეტებს;
  • ინიციატივა ნაჩქარევია, რადგან ჯერ არ მომხდარა პიროტექნიკის კატეგორიებად დაყოფა და მარკირება.

ნუკრი ქანთარია პიროტექნიკის რელიზაციის შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:01:17 0:00

მარიამ ჯაშმა ნუკრი ქანთარიას კორექტულობაც დაუწუნა და უპასუხა, რომ ინიციატივა გააზრებულია და ის, გუნდთან ერთად, რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა ამ კანონპროექტზე. ჯაში ფიქრობს, რომ გაკონტროლება ძნელი არ იქნება, რადგან მუნიციპალიტეტების ზედამხედველობის ორგანოები ისედაც არიან პასუხისმგებელი გარე ვაჭრობის კონტროლსა და დარღვევების გამოვლენაზე. ამასთან, ამ საკანონმდებლო სიახლეს ექნება დიდი მნიშვნელობა საზოგადოების მობილიზების, ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით და არის იმედი, რომ „მშობლები ჩაერთვებიან საზოგადოებრივი კონტროლისა და მონიტორინგის პროცესში.“

სამაგიეროდ, ნუკრი ქანთარიას დაეთანხმა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ იღებს კანონებს და მერე მათი აღსრულება აღარ აინტერესებს, როგორც ეს, მაგალითად, შრომის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით მოხდა. „როდესაც კანონს არ ახლავს თან აღსრულების მკაფიო მექანიზმი, მკვდრადშობილი კანონები საზიანოა ჩვენი საზოგადოების კანონმორჩილებისათვის. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ვახალისებთ ირონიულ და გულგრილ დამოკიდებულებას“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ქანთარიასგან განსხვავებით, მარიამ ჯაშის პოზიცია სხვა თანაგუნდელებმა და კანონპროექტის თანაავტორებმა დაიცვეს. დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პირობა დადო, რომ პიროტექნიკის არასრულწლოვნებისთვის მიყიდვის აკრძალვა პრაქტიკაში ეფექტიანად დაინერგება და ადამიანები თავად მიხედავენ თავს. „ადამიანები თვითონ ასრულებენ კანონს. პოლიციელი, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი ან მანდატური კი არ აიძულებს მათ... ადამიანი თავისი შეგნებით გააკეთებს ამას, ისევე როგორც ეს ხდება არასრულწლოვნებზე თამბაქოს მიყიდვის თვალსაზრისით“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

„არ შეიძლება იმის გახმოვანება, რომ კანონს თავად ხალხი აღასრულებს, კანონმდებელი ამას არ უნდა ამბობდეს“, - „ქართული ოცნების“ დეპუტატებს პათოსი დაუწუნა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, სერგო რატიანმა. მისი თქმით, კანონი, რომელიც არ სრულდება კორუფციის წახალისების საფრთხესაც შეიცავს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG