Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სად გაქრა ირონია?


მარიო ვარგას ლიოსას რომანის, "დეიდა ხულიას და ვაი-მწერლის" მთავარ გმირს, დაუსრულებელი სერიალის სცენარისტ პედრო კამაჩოს თაყვანისმცემლები აუჯანყდებიან, რაკი ავტორი ხელახლა აამეტყველებს დიდი ხნის წინ მის მიერვე მოკლულ პერსონაჟებს, ოღონდ ამას არა განზრახ, არამედ პირადი თუ ზოგადი ქაოსისგან დაღლილი ჩაიდენს, რადგან უბრალოდ დაავიწყდება, ვინ როდის მოკლა და რატომ. მისი სერიალით მცხოვრები აუდიტორია კი აჯანყდება და მოითხოვს, რომ მკვდრები სამუდამო მკვდრებად დაშთნენ სერიალში და სცენარისტმა კი ისე ინებოს წერა, როგორც ამას აუდიტორიის და სერიალის ლოგიკა მოითხოვს.

სად გაქრა ირონია? - პარალელური რეალობა
please wait

No media source currently available

0:00 0:06:06 0:00
გადმოწერა

აქ ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ არა პუბლიკა, არამედ აჯანყებულ-განრისხებული პერსონაჟები, რომლებიც ავტორს დაეძებენ თავიანთი აღუწერელი სიუჟეტისთვის, რომელთა უავტორო დრამასაც მეტისმეტად დრამატულად მოჰყვა ლუიჯი პირანდელო თავის სტრუქტურულად რთულ, მაგრამ "ადამიანურად უაღრესად გასაგებ" პიესაში "ავტორის მაძიებელი ექვსი პერსონაჟი".

სწორედ ეს ორი ტექსტი გამახსენდა, როცა ვნახე, რა რეაქცია გამოიწვია ცნობილი ქართველი სცენარისტის პაროდიულმა კომენტარმა, რომელიც ვირტუალური საზოგადოების მიერ ბავშვობის ფოტოების სენტიმენტალურ-ექსჰიბიციონისტურ გამომზეურებას მოჰყვა ფეისბუქში.

ვინც არ იცის, რა და როგორ იყო, შევახსენებ, რომ ქართულ ფეისბუქს მოულოდნელად საყვარელი თვითტკბობის ტალღამ გადაუარა, ქართული ფეისბუქის დაღლილმა და თითქმის ყველაფერზე ობიექტურად თუ სუბიექტურად გაღიზიანებულმა მომხმარებლებმა დელიკატური შეჯიბრების ფორმით შეგვახსენეს თავიანთი ბავშვობა - სისაყვარლისა და ლეგიტიმური ინფანტილურობის უტყუარი მტკიცებულებები, როცა არც დაღლილები ვიყავით რითიმე და არც, მით უმეტეს, გაღიზიანებულები. რად უნდა იმას თქმა, რომ ყველა ბავშვი საყვარელია და ფოტოებიც ისე იყო შერჩეული, რომ ეს სისაყვარლე ხაზგასმულიყო: ერთგვარი მარადიული ბავშვურობა, კარგობა, საკუთარ ბავშვურობაზე შეყვარებულობა და სხვისთვის გაზიარება-შეთავაზება ამ სისაყვარლის.

და რაკი სისაყვარლის პრეზენტაციის დროს ყველაზე აქტიურები სსრკ-ში დაბადებულები აღმოჩნდნენ - მათ შორის, ცნობილი სცენარისტიც, რომელმაც, სხვების მსგავსად, თავადაც თვალსაჩინოდ აქცია ბავშვობის პორტრეტი - თითქოსდა ისიც გაგვახსენდა, რომ რაღაცა უდავოდ გვაკლდა საბჭოთა კავშირში, რაც, ბუნებრივია, სულაც არ გამორიცხავდა ჩვენი ბავშვობის სისაყვარლის ობიექტურობას. ოღონდ ნაკლებობა მაინცდამაინც იმით არ გამოჩენილა, რომ სსრკ "სტანდარტიზაციის" პლანეტა იყო, სადაც უმეტესობას ერთნაირი რეიტუზები გვეცვა, ქურთუკის სახელოებზე ხელთათმანები გვქონდა მიკერებული და ფოტოატელიეებში კი რატომღაც ტელეფონის ყურმილს გვაჭერინებდნენ პორტრეტის გადაღების დროს, ეს "არასაკმარისობა" უფრო ისტორიოსოფიული შთაბეჭდილების კატეგორიას განეკუთვნება, ანუ შთაბეჭდილების, რომელიც ისტორიულ დისტანციას ითვალისწინებს, საიდანაც ის კი არ ჩანს, რა აკლდა ან არ აკლდა კონკრეტულ ბავშვს ან ბავშვებს, არამედ როგორი იყო ზოგადად ეპოქა.

სწორედ ამ ისტორიოსოფიულ-პაროდიული თვითირონიით იყო გამსჭვალული ის ფეისბუქ-რეპლიკა, რომელიც თავისივე ფოტოს დაურთო ავტორმა, მაგრამ რაკი საქართველოში თითქმის აღარ არსებობს ირონიის აღქმის და წაკითხვის უნარი (რომელიც ადრე, თუნდაც სსრკ-ის პირობებში, უდავოდ არსებობდა), რეპლიკა, სადაც ავტორი გროტესკულად გვამცნობდა, როგორ შეწუხებულიყო პოსტსაბჭოთა ბროკოლდეფიციტური სახეების ცქერით (ირონია!), ოპერატიული სერიოზულობით იქნა გაზიარებული დილეტანტ-წამქეზებლური საინფორმაციო სააგენტოების მიერ (წამქეზებლობა კი აქ თუნდაც იმით ჩანდა, რომ ინფორმატორებმა მათთვის ჩვეული პროფესიონალიზმით უგულებელყვეს ავტორის ფოტო, რითაც მიგვანიშნეს, რომ "ქედმაღლური" რეპლიკის დამწერი სისაყვარლის პრეზენტაციის პროცესში მონაწილეობის გარეშე იწუნებდა სხვათა ბავშვობას). ამის შედეგად კი სრულიად ახლებური რისხვის გამოხატვის შესაძლებლობა მიეცა იმ მრავალს, ვისაც სისაყვარლე საბავშვო ფოტოებში ჩაეტოვებინა.

როგორც იქნა, ისევ გაგვაბრაზეს - საჯარო სათნოების გამოვლენის მცირე ეპიზოდი ისევ წარსულს ჩაბარდა.

მაგრამ საინტერესო აქ სხვა რამაა: ავტორზე უმეტესად ისინი განრისხდნენ, ვინც წლებია მისი შექმნილ-შეთხზული სერიალით ცხოვრობს - სწორედ ცხოვრობს ამ სერიალით და, მეტიც, ამ სერიალში ცხოვრობს კიდეც. გაბრაზდნენ ისინი, ვისაც უყვარს ეს ამბავი და ვისაც, შეიძლება ითქვას, ვეღარც წარმოუდგენია თავისი ყოფა ამ სერიალის ავტორის იუმორის და სტილის გარეშე. ჰოდა, რაკი უყვართ ეს სტილი, წესით, ხომ უნდა შესძლებოდათ ავტორის იუმორის აღქმაც, მაგრამ ნურას უკაცრავად (როგორც ამას კიდევ ერთი ცნობილი პერსონაჟი იტყოდა), თურმე სრულიად შესაძლებელი ყოფილა იმ სამყაროს შემქმნელის მიუღებლობა, არსიყვარული ან თუნდაც სიძულვილი, ვის შეთხზულ სამყაროშიც მოგვწონს და გვიყვარს არსებობა!

ავტორს პერსონაჟები აუჯანყდნენ - ფსიქოტიპები, ვისზეც სწორედ ეს ავტორი წერს და რომელთა სოციომენტალური საარსებო სივრცის ნაწილად ქცეულა მრავალსეზონური ტელეეპოპეა, რომელიც იმდენად შეჭრილა ქართულ რეალობაში, რომ უკვე ვეღარც გაიგებ, სადაა ფიქცია და სად სინამდვილე.

სერიალის მაყურებელ-პერსონაჟები დამაბნევლად შეუბრალებელნი აღმოჩნდნენ იმის მიმართ, ვინც მათ ამდენ ტკბობა-ბედნიერებას ანიჭებს თავისი შეთხზულით, თითქოს ეს სამყარო თავისთავად იქმნებოდეს, ადამიანისგან (დემიურგ-სცენარისტისგან) განცალკევებით, სადაც შესაძლებელი ყოფილა, გიყვარდეს შექმნილი და ვერ იტანდე შემქმნელს.

ნუთუ ეს მხოლოდ პერსონაჟთა ნევროზია და არა, ვთქვათ, ნაციონალური თვისება: ემტერებოდე იმას, ვინც უნდა გიყვარდეს და იძულებული იყო, გიყვარდეს ის, ვინც ამას არ იმსახურებს?!

  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

XS
SM
MD
LG