ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის დღიდან საქართველოს რიგით მეშვიდე ეკონომიკის მინისტრი ჰყავს - ნათია თურნავა. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მისი დანიშვნის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა უკვე ყოფილი ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას გათავისუფლებიდან დააახლოებით ორ საათში.
„აქ გასაკვირი არაფერია“
„გადაწყვეტილება უნდა მიმეღო მე, როგორც პრემიერ-მინისტრს და მე ეს გადაწყვეტილება მივიღე კიდეც გოგასთან ერთად. გარწმუნებთ, აქ არაფერი გასაკვირი არ არის“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას გათავისუფლების ამბავს მას შემდეგ, რაც მისი გათავისუფლებიდან მეორე დილით, ახალი მინისტრი, ნათია თურნავა წარუდგინა საზოგადოებას.
პრემიერმა შეაქო გიორგი ქობულია და შენიშნა, რომ „მისი განვლილი კარიერული გზა არის ნათელი პასუხი იმისა, თუ რა კომპეტენციის მატარებელია ეს ადამიანი და რომ მან თავისი მნიშვნელოვანი ცოდნა გამოიყენა იმ განვითარების გეგმების მოსამზადებლად, სხვადასხვა ეკონომიკური სექტორის მიმართულებით, რომელიც ერთად თავს იყრის ეკონომიკის სამინისტროში“.
გავრცელებული ინფორმაცია ქობულიასა და „ქართული ოცნების“ უთანხმოების შესახებ ბახტაძემ „ვითომ უთანხმოებად“ მოიხსენია, ხოლო კითხვას, თუ რა პრეტენზია აქვს მას ქობულიასთან, ასე უპასუხა:
„თუ რომელიმე მინისტრი იმ ტემპს ჩამორჩება, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ საზოგადოებას ვაჩვენოთ დაპირებული შედეგი, ბუნებრივია, გადაწყვეტილება არ დააყოვნებს“.
უფრო კონკრეტული მიზეზი, თუ რატომ მოაწერა ხელი მამუკა ბახტაძემ გიორგი ქობულიას გათავისუფლების ბრძანებას, მას საჯაროდ არ დაუსახელებია.
ქობულიას წასვლა
გიორგი ქობულიას ეკონომიკის მინისტრობიდან გადადგომის თუ მისი შესაძლო გათავისუფლების შესახებ მედიაში უკვე რამდენიმე თვეა ვრცელდება ინფორმაცია. თუმცა ქობულია ამ ინფორმაციას სულ უარყოფდა. ამბობდა, რომ ის მუშაობას აგრძელებს და „ამ ქვეყნის საქმეს ემსახურება“.
„ვვარაუდობ, რომ შესაძლებელია ეს ვიღაცას არ მოეწონოს, ზუსტად იმ ხალხს, ვინც ამ ჭორებს ყრის. მე სამუშაოს და მართალი საქმის სამსახურს გავაგრძელებ მანამდე, ვიდრე აქ ვარ“, - თქვა, მაგალითად, 6 მარტს გიორგი ქობულიამ.
მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი კიდევ ერთხელ, მას შემდეგ გააქტიურდა, რაც 9 აპრილს, ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში, ბიძინა ივანიშვილმა სამი მინისტრის (მათ შორის, ერთი ქალის) მიმართ უკმაყოფილება ღიად გამოხატა.
ცხრა თვის მინისტრობის შემდეგ გიორგი ქობულია გაათავისუფლეს. მისი შემცვლელი, ნათია თურნავა კი (ქობულიას მოადგილე) იმავე, 18 აპრილის საღამოს დანიშნეს.
როგორც იმავე საღამოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, კახა კახიშვილმაც განმარტა, ეს გადაწყვეტილება შეთანხმდა როგორც თავად ქობულიასთან, ასევე ნათია თურნავასა და უმრავლესობის ლიდერებთან. მედიაში გავრცელებული ცნობით კი, მოლაპარაკებები დიდხანს გრძელდებოდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ქობულიას თანამდებობიდან წასვლას სთხოვდნენ. ჯერჯერობით ის ამ საკითხზე მედიასთან არ ლაპარაკობს.
ქობულიას მოსვლა
საქართველოს ეკონომიკის მინისტრად გიორგი ქობულიას დანიშვნას თავიდანვე ახლდა ერთი კითხვა - რა უნდოდა წარმატებული საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია McKinsey-ს ასევე წარმატებული კარიერის მქონე ბიზნესის მართვის სპეციალისტს ამ თანამდებობაზე?
ამ კითხვას თავად ქობულიამ ნაწილობრივ მაშინვე უპასუხა: მან თქვა, რომ საქართველოში ჩამოვიდა მხოლოდ იმისთვის, რომ 20 წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებით დახმარებოდა და რომ „მას არ ეშინოდა სამსახურის დაკარგვის, რადგან ნებისმიერ მომენტში შეეძლო თავისი საქმის გაგრძელება საქართველოში, რუსეთსა თუ ამერიკაში“.
გიორგი ქობულია ივანიშვილის მთავრობაში რიგით მეექვსე ეკონომიკის მინისტრი იყო, გიორგი კვირიკაშვილის, დიმიტრი ქუმსიშვილის ორგზის მინისტრობის, გიორგი გახარიას და გიორგი ჩერქეზიშვილის ხანმოკლე მინისტრობის შემდეგ. ის საქართველოს მთავრობას 2018 წლის ზაფხულში შეუერთდა.
მის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ ის წლების მანძილზე უწევდა კონსულტაციას საერთაშორისო დონის მოწინავე მსხვილ კომპანიებს ურთულესი პრობლემების გადაჭრაში სტრატეგიული, მართვის სისტემების, საწარმოო საქმიანობის სფეროში. მედიასთან საუბრისას მან ერთხელ ისიც შენიშნა, რომ ამ თანამდებობაზე მოსვლას მისთვის არანაირი ფინანსური ინტერესი არ ჰქონია.
აქ შეგიძლიათ ჩახედოთ ეკონომიკის უკვე ყოფილი მინისტრის ქონებრივ დეკლარაციას.
ქობულიას გახმაურებული ფრაზები
ეკონომიკის მინისტრობის პერიოდში გიორგი ქობულია არაერთხელ მოექცა მედიის ყურადღების ქვეშ. ხან მისი, მედიის შეფასებით, მინისტრისთვის უჩვეულოდ ხშირი შვებულებით, ხან კი გამონათქვამებით, რომელიც ჟურნალისტებს არ გამორჩენიათ. მაგალითად, მისი პასუხი საპენსიო ფონდსა და მის დანაზოგზე:
მისი განცხადებები იმის შესახებ, რომ „ხალხს აქვს განცდა, რომ უარესად ცხოვრობს, მაგრამ ეს ასე არ არის“:
ლარის კურსის ვარდნაზე, რომ „არ არსებობს ლარის კურსის ვარდნის რეალისტური საფუძველი და ამას დოლარის მოცულობის მაჩვენებლებიც ადასტურებს. გიორგი ქობულია თვლის, რომ ლარის კურსს შიში და პანიკა აზარალებს“
ახალი საბანკო რეგულაციების საკითხის კომენტირებისას ნათქვამი: „ჩვენ არ გვჭირდება ხალხი, რომელიც კრედიტს მიიღებს იმისთვის, რომ მაცივარი იყიდოს ან ტელევიზორი იყიდოს და ამის მერე შავ სიაში მოხვდეს“ და სხვა.
რა ვიცით ნათია თურნავაზე?
19 აპრილს, ნათია თურნავას წარდგენისას, პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ახალ მინისტრზე განაცხადა, რომ მათ ერთობლივი მუშაობის მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება აკავშირებთ როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში და რომ ნათია არის ძალიან მაღალი კლასის პროფესიონალი, ძალიან სერიოზული გამოცდილებით.
„ ჩვენ ახლა გვჭირდება ძალიან სწრაფი გადაწყვეტილებები, ჩვენ გვჭირდება გადაწყვეტილებების მიღება ოპერატიულ რეჟიმში, რომელიც ემსახურება ჩვენი საზოგადოების ინტერესებს, ჩვენი მეწარმეების ინტერესებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ნათია აუცილებლად წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას... აქვე ისიც მინდა გითხრათ, რომ ის დავალებები და ვადები, რომელიც შესასრულებელი ექნება ნათიას თავის გუნდთან ერთად, არის ამბიციური და ძალიან მკაცრი. ნათიას აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერაც და მე დარწმუნებული ვარ, ის წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას,“ - განაცხადა პრემიერმა.
თურნავამ კი, თავის მხრივ, თქვა:
„...ეს ის სამინისტროა, რომელსაც მე ძალიან კარგად ვიცნობ. ეს ის სამინისტროა, სადაც ძალიან მაღალი რანგის პროფესიონალები არიან დასაქმებულები. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, კონკრეტული დავალებები, კონრეტულ ვადებში შესასრულებელი საქმეები და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს მაღალი ნდობა გავამართლო“.
ნათია თურნავას, თუ მისი სატელევიზიო ინტერვიუებიდან ვიმსჯელებთ, უყვარს ცვლილებები სამსახურში და როდესაც სამუშაო რუტინული ხდება, ის სამსახურს იცვლის - ასეთი გადაწყვეტილება მან რამდენჯერმე მიიღო, როდესაც საჯარო უწყებიდან კერძო სექტორში წავიდა და შემდეგ ისევ სახელმწიფო სამსახურში დაბრუნდა.
მინისტრობამდე თურნავა იყო ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მანამდე კი: 2013 - 2018 წლებში „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, 2006 – 2013 წლებში შპს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს წევრი, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ გენერალური დირექტორი, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე; 2005- 2006 წლებში საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე; 2005 წლის მაისიდან სექტემბრამდე საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე; 2000 – 2005 წლებში საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე; 1998 – 2000 წლებში თბილისის საკრებულოს წევრი, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; 1997 - 2000 წლებში - მუშაობდა სახელმწიფო კანცელარიაში სახელმწიფო მრჩევლად, ეკონომიკური სამსახურის საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის განყოფილების უფროსის მოადგილედ, ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილედ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოვალეობის შემსრულებლად. ხოლო 1994 – 1996 წლებში მუშაობდა საქართველოს პოლიტოლოგიის ინსტიტუტში, წამყვან მეცნიერ თანამშრომლად, აგრეთვე კითხულობდა ლექციებს ეკონომიკის სხვადასხვა დისციპლინაში თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში.
მისი ფინანსური მდგომარეობის ნახვა კი შეგიძლიათ აქ:
„ქობულიას, ჯერ შეთავაზებული პირობები უნდა შეუსრულონ, მაგრამ ამაზე ჯობს თავად ილაპარაკოს“
პოლიტიკის ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ქობულიას წასვლა პოსტიდან არ გადაწყვეტილა მართლაც ორ საათში, როგორც ეს ერთი შეხედვით გამოჩნდა. მისი სიტყვებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისათვის ეს დამახასიათებელია, ამბობს ხუხაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილის მოულოდნელი გადადგომის ამბავს იხსენებს.
მისი შეფასებით, როგორ და რატომ მიიღება ასეთი გადაწყვეტილებები, ამას საზოგადოება ვერასოდეს იგებს და მალევე ივიწყებს. და ასე იქნება გიორგი ქობულიას შემთხვევაშიც, თუ ის არ ილაპარაკებს.
ხუხაშვილის თქმით, ამ ამბავში ბევრი ტრაგი-კომიკური დეტალია, რაზეც ღიად თავად ქობულიამ უნდა ილაპარაკოს, რადგან სასწორზე მისი რეპუტაცია დგას:
„მე ვფიქრობ, რომ ის ამას აუცილებალდ იტყვის, ოღონდ არა თბილისიდან, არამედ რომელიმე სხვა ქალაქიდან“.
გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ეკონომიკის მინისტრის წასვლას აქვს სუბიექტური მიზეზიც.
„ის არ მიდიოდა ამ თანამდებობიდან არა სიჯიუტის გამო, არამედ იმიტომ, რომ როდესაც ჩამოიყვანეს, მას კონკრეტული პირობები შესთავაზეს. ქართული მხარე კი, რამდენადაც მე ვიცი, უარს აცხადებს ამ პირობების შესრულებაზე, რასაც ეს ადამიანი მთლად პოზიტიურად არ უყურებს".
ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ პრობლემას სხვა კუთხიდანაც უნდა შევხედოთ: „ქართული ოცნებიდან“ ყველა რომ წავიდეს და ივანიშვილმა ხალხი ქუჩიდან მოიყვანოს, არც ამ, შემთხვევაში შეიცვლება რამე:
„ორი პრემიერ-მინისტრი მოვინელეთ და სამ დღეში არავის არაფერი ახსოვდა. პრობლემა სახელებსა და გვარებში კი არა, მართვის ალგორითმშია, სისტემურ მანკიერებაში, როდესაც ინსტიტუციური ცენტრი სხვაგან არის და გადაწყვეტილების მიმღები ცენტრი - სხვაგან“, - გვითხრა გია ხუხაშვილმა.
მისი აზრით, როცა აქციების ასი პროცენტი ერთ სეიფშია ჩაკეტილი, და ეს განცდა დღეს საქართველოში არსებობს, ერთ ადამიანს შეუძლია ასეთი კარუსელი დაატრიალოს. ოღონდ არა ისე, როგორც სახელმწიფოს სჭირდება. არამედ ისე, როგორც მას მოეპრიანება.
პოლიტიკოსების გამოხმაურებები
საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა გია ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ გიორგი ქობულიას და მოქმედი ხელისუფლების ხედვა ქვეყნის განვითარებაზე ერთმანეთისგან რადიკალურად გასხვავებული იყო. ის დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილებაში ბიძინა ივანიშვილი ჩაერია:
„მთავრობა მთლიანად ადგას სხვა პოლიტიკას. გიორგი ქობულიას ხედვა იყო სხვა. ჩემი აზრით მისი ხედვები აბსოლუტურად ისეთია რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება. ეს არის განვითარებაზე ორიენტირებული ხედვები. სამწუხაროდ, ჩვენი მთავრობის პოლიტიკა ასეთი არ არის. ამიტომ ქობულიას ამ მთავრობაში ყოფნა შეუსაბამობაში იყო იმ პოლიტიკასთან. მთავრობა ერთიანად იღებს გადაწყვეტილებებს და ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი პარტიის ხელმძღვანელი. ცხადია, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ გადაწყვეტილებაში ალბათ მონაწილეობდა“, -განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
დამოუკიდებელი დეპუტატის, გედევან ფოფხაძის განცხადებით კი, ივანიშვილი თავის დროზე განსხვავებული ადამიანების მიმართ ძალიან ლოიალური იყო, მაგრამ ახლა ძალიან აგრესიული გახდა:
„თვითონ უნდა ახსნას ეს ყველაფერი. ვინაიდან მისი პოლიტიკური წონა იძლევა საფუძველს, რომ ეს კითხვები დაისვას, ის უნდა გამოჩნდეს საზოგადოებასთან და გასცეს კითხვებს პასუხები. საბოლოო ჯამში მივდივართ იქამდე, რომ მინისტრები არ გვყავს. ამ მოცემულობაში ფორმალურად ესა თუ ის ადამიანი იქნება თუ არა მინისტრის პოსტზე, ეს არსებითად არაფერს ცვლის“, - განაცხადა ფოფხაძემ.
„ქობულიას წასვლას „მოხსნას“ ვერ ვუწოდებდი“, - ასეთ გამოეხმაურა ახალ საკადრო ცვლილებას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო:
„ასე არ დავარქმევდი, რომ მოხსნეს. ამ წლების განმავლობაში მინისტრების ცვლილებები სულ იყო და ნამდვილად ვიცი, მომავალშიც იქნება. რაც შეეხება კონსულტაციებს, ვიცოდი, რომ კონსულტაციები მიმდინარეობდა, თუმცა მე თვითონ კონსულტაციებში არ ვმონაწილეობდი, რადგან ეს ამ შემთხვევაში არ არის ჩვენი სამინისტროს ფუნქცია“.
„ქართული ოცნების“ წევრმა ნური ქანთარიამ კი დაადასტურა, რომ გიორგი ქობულიას თანამდებობიდან გადაყენების საკითხი ბიძინა ივანიშვილის გარეშე არ გადაწყვეტილა.
„მე არ მიმიღია მონაწილეობა არავითარ კონსულტაციებში, მაგრამ სულ ვამბობ, რომ ცვლილებები არის დროის მოთხოვნა. ეს არის რეალობა, რომ მოხდეს მმართველ გუნდში ცვლილებები. ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი პარტიის თავმჯდომარე, დამფუძნებელი და საერთოდ აი, ამ დროის, 2012 წლის შემქმნელი. ასე რომ, ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილის ავლით ასეთი რამეები არ ხდება“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
საპარლამენტო ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ გიორგი ქობულიას მოხსნა, შესაძლოა, ივანიშვილთან უთანხმოებას უკავშირდებოდეს, რაც გამოწვეულია იმით, რომ ქობულიამ არ გაითვალისწინა მასზე გავლენიანი ადამიანების ინტერესები:
„ქობულიას თანამდებობიდან წასვლაც უკავშირდება შიდა დაპირისპირებას ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში, გავლენისთვის ბრძოლაში. როგორც ჩანს ქობულიამ არ გაითვალისწინა მასზე გავლენიანი ადამიანების ინტერესი და შეეწირა ამ პროცესს“, - უთხრა ჟურნალისტებს სალომე სამადაშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ წევრი, ირაკლი აბესაძე კი აცხადებს, რომ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, სავარაუდოდ, ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის კლანს დაუპირისპირდა.
„ეკონომიკის მინისტრის მუშაობა შეუძლებელია უკავშირდებოდეს მის ცუდ მუშაობას იმიტომ, რომ ასეთია „ქართული ოცნების“ მთელი მინისტრთა კაბინეტი. ეს ამბავი, შეიძლება, უკავშირდებოდეს სახელმწიფო სტრატეგიული და მნიშვნელოვანი ობიექტების პრივატიზაციის პროცესს, რომლის ხელში ჩაგდებას, სხვადასხვა ხერხით, შესაძლოა, ცდილობდეს უჩა მამაცაშვილი ან ივანიშვილის გარემოცვის და ოჯახის წევრები“.
ქობულიას გათავისუფლებასთან კავშირში უჩა მამაცაშვილის სახელი გამოცემა პრესა.გე-მაც ახსენა და დაწერა, რომ მამაცაშვილმა ქობულიას ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე მყოფი ქონების ხელში ჩაგდების სქემა შესთავაზა.
უჩა მამაცაშვილის სახელი ცოტა ხნის წინ ამოტივტივდა „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილსა და სავარაუდოდ, სპორტის ყოფილ მინისტრ ლევან ყიფიანს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერის გავრცელების დღეებშიც, როცა ყიფიანი ოქუაშვილს ფინანსური პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ $2 მილიონს სთხოვდა და ამბობდა, რომ ამ თანხის ნაწილი უჩა მამაცაშვილისთვის იყო განკუთვნილი.
მაშინ მამაცაშვილმა საგანგებო განცხადება გაავრცელა და ლევან ყიფიანი მისი სახელის ბოროტად გამოყენებით დიდძალი თანხის დაუფლების მცდელობაში დაადანაშაულა... უჩა მამაცაშვილი, ბიძინა ივანიშვილის სიტყვებით, მისი ყველაზე საყვარელი ნათესავია „მისი პატიოსნების“ გამო.
თავად გიორგი ქობულიას მისი გათავისუფლების რეალურ მიზეზებზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
რაც შეეხება იმას, ხომ არ მიჰყვება გიორგი ქობულიას კიდევ რომელიმე მინისტრი. ამაზე ბახტაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში საკადრო ცვლილებები არ განიხილება. მომავალში კი გადაწყვეტილებას მხოლოდ ციფრებით და კონკრეტული შედეგების მიხედვით მიიღებენ.