Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომის მოტანილი


საბჭოთა ჯარისკაცები ბერლინში. 1945 წლის მაისი
საბჭოთა ჯარისკაცები ბერლინში. 1945 წლის მაისი

9 მაისმა, ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების გარდა, საბჭოთა კავშირს მოუტანა ასევე აურაცხელი ქონება ნადავლის სახით.

„ნადავლის ბრიგადების“ ნადავლი

„ნადავლის ბრიგადებმა“ გერმანიის ტერიტორიიდან საბჭოთა კავშირში გაიტანეს:

  • 174 ტონა ოქრო, ვერცხლი და პლატინა, 447 ათასი ტონა ფერადი ლითონი, 72 ათასი ცალი ვაგონი, 3 ათასამდე ქარხანა, 96 ელექტროსადგური, 340 ათასი ჩარხი, 200 ათასი ელექტროძრავა, 458 ათასი რადიომიმღები, 1 მლნ. 355 ათასი სული პირუტყვი და ა.შ.
  • ტროის ლეგენდარული მეფის, პრიამოსის, განძი, რომელსაც სსრკ-ის ხელისუფლება მალავდა მთელი 51 წლის განმავლობაში.
  • 2 მილიონი წიგნი, 3 კილომეტრი საარქივო საქაღალდე და 200 ათასი სამუზეუმო ექსპონატი.

საბჭოთა კავშირმა, როგორც ომში გამარჯვებულმა ერთ-ერთმა ქვეყანამ, უარი თქვა საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ რეპარაციაზე - ომით მიყენებული ზარალის საკომპენსაციო თანხის მიღებაზე და ზარალი ნატურით აინაზღაურა.

სსრკ-ის ნადავლის მთავარმა სამმართველომ და მისმა საგანგებო ბრიგადებმა გერმანიის ტერიტორიიდან საბჭოთა კავშირში გაიტანეს: 174 ტონა ოქრო, ვერცხლი და პლატინა, 447 ათასი ტონა ფერადი ლითონი, 72 ათასი ცალი ვაგონი, 3 ათასამდე ქარხანა, 96 ელექტროსადგური, 340 ათასი ჩარხი, 200 ათასი ელექტროძრავა, 458 ათასი რადიომიმღები, 1 მლნ. 355 ათასი სული პირუტყვი, 2,3 მლნ. ტონა ხორბალი, 1 მლნ. ტონა კარტოფილი, 20 მლნ. ტონა სპირტი, 188 ათასი ხალიჩა, 154 ათასი ბეწვეულის ქურქი, 16 ტონა თამბაქო, 60 ათასი როიალი, 190 ათასი ხალიჩა, ავეჯის 940 ათასი ნივთი, 265 ათასი საათი, 1,2 მლნ. პალტო, 1 მლნ. თავსაბურავი და ა.შ.

1945 წლის 6 მაისს საბჭოთა კავშირის კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების კომიტეტმა (მომავალმა კულტურის სამინისტრომ) ბერლინში მიავლინა სპეციალისტების ჯგუფი, რომელსაც უნდა მოეძებნა ნაცისტების მიერ სსრკ-ის ტერიტორიიდან გატანილი სამუზეუმო და საბიბლიოთეკო ფასეულობები, თუმცა „ნადავლის საგანგებო ბრიგადები“ არ დასჯერდნენ მხოლოდ გატაცებულის დაბრუნებას. 1945 წლის 26 მაისს სტალინმა ხელი მოაწერა დადგენილებას (N 9256), რომელშიც წერია: „დაევალოს სსრკ სახალხო კომისართა საბჭოს გაიტანოს კომიტეტის მოსკოვში მდებარე ბაზებზე ხელოვნების განსაკუთრებულად ღირებული ნიმუშები (ფერწერა, სკულპტურა) და ანტიკვარული ნივთები სახელმწიფო მუზეუმების ფონდის შესავსებად“.

ნადავლის გატანის პროცესმა თავიდანვე დატაცებისა და ძარცვის სახე მიიღო. საბჭოთა ისტორიოგრაფიაში ცნობილია ე.წ. „ნადავლის საქმე“ (იგივე „გენერალთა საქმე“) - სსრკ უშიშროების ორგანოების კამპანია, რომელიც სტალინის პირადი მითითებით დაიწყო საბჭოთა გენერალიტეტის მიერ უფლებამოსილების გადამეტების გამო. ამ საქმის ფიგურანტი იყო თვით მარშალი ჟუკოვი, რომლის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო 1946 წელს დაპატიმრებული მარშალ ნოვიკოვის ჩვენებით. საქმეში დევს 1946 წლის 23 აგვისტოთი დათარიღებული სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ნიკოლაი ბულგანინის წერილი სტალინს: „იაგოდინკის საბაჟოზე (ქალაქ კოველის მახლობლად) დაკავებულია შვიდი ვაგონი, რომელშიც 85 ყუთი ავეჯია განთავსებული. დოკუმენტაციის შემოწმებისას გაირკვა, რომ ავეჯი ეკუთვნის მარშალ ჟუკოვს.“

„ნადავლის ბრიგადებმა“ გერმანიიდან საბჭოთა კავშირში გაიტანეს ტროის ლეგენდარული მეფის, პრიამოსის, განძი, რომელსაც სსრკ-ის ხელისუფლება მალავდა მთელი 51 წლის განმავლობაში (დაკარგულად მიიჩნეოდა), ვიდრე 1996 წლის 16 აპრილს არ გამოიფინა მოსკოვის პუშკინის მუზეუმში.

გერმანიიდან გაზიდული ნადავლის ნაწილი შეხვდა საბჭოთა საქართველოსაც. საქმე ისაა, რომ საბჭოთა კავშირმა კერძო და სახელმწიფო კოლექციებიდან 2 მილიონი წიგნი, 3 კილომეტრი საარქივო საქაღალდე და 200 ათასი სამუზეუმო ექსპონატი გაიტანა. საბოლოო ჯამში, ნაალაფარმა წიგნებმა (მათ შორის სხვა ოკუპირებული ტერიტორიებიდან გატანილმა 8 მილიონმა ტომმა) თავი მოიყარა მოსკოვში, უცხოური ლიტერატურის სახელმწიფო ცენტრალურ ბიბლიოთეკაში (ГЦБИЛ), საიდანაც, მოგვიანებით (1948 წ.) მოკავშირე რესპუბლიკების ბიბლიოთეკებში გადანაწილდა. საქართველოს „ნაალაფარი წიგნების“ 150 ათასი ტომი შეხვდა,

უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში დაცული „ნაალაფარი წიგნები“
უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში დაცული „ნაალაფარი წიგნები“

საქართველოს მთავრობამ წიგნების პირველი პარტია – დაახლოებით, 80 ათასი წიგნი – გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში რამდენიმე ეტაპად დაუბრუნა. „გერმანული წიგნების“ დარჩენილი ნაწილი - დაახლოებით, 70 ათასი ტომი - თავმოყრილია თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გრ. წერეთლის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, სადაც 1987 წლიდან ინახება ე.წ. „ნულ სართულზე“. წიგნების აბსოლუტური უმრავლესობა დაავადებულია ობის სოკოთი და მათთან შეხება სახიფათოა ჯანმრთელობისთვის.

2014 წელს საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მზადაა გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკას უკან დაუბრუნოს უკლებლივ ყველა წიგნი.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG