Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ქართველები ე.წ. საზღვრის შესაძლო დაკეტვამ შეაშფოთა


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ შესაძლოა, დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ენგურის ხიდი დაკეტოს. სავარაუდო თარიღად სახელდება 8 ივლისი, ანუ დღე, როცა რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მიერ 21 ივნისს გამოცემული განკარგულებით, საქართველოსთან სამგზავრო ავიამიმოსვლა უნდა შეჩერდეს.

ენგურთან ე.წ. საზღვრის დაკეტვის მოთხოვნით, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას მიმართა ადგილობრივი „პარლამენტის“ - ე.წ. სახალხო კრების დეპუტატმა დიმიტრი დბარმა. მან მოთხოვნის საფუძვლად დაასახელა საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, „ევროპული საქართველოს“ წევრის, აკაკი ბობოხიძის განცხადება, რომლითაც ის 20 ივნისს გამოვიდა თბილისში, პარლამენტის შენობაში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიაზე გამოცხადებული შესვენების დროს. ბობოხიძემ თქვა, რომ აფხაზეთში იბრძოდა და რუსეთის დუმის დელეგაციის წევრებს მიმართა: „მე ვკლავდი თქვენიანებს, ვკლავდი და ისევ მოვკლავ... წაეთრიეთ აქედან...“

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ქართველები აღნიშნავენ, რომ ე.წ. საზღვრის დაკეტვა პრობლემებს მათ შეუქმნის, რადგან დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე თითქმის ყოველდღე გადადიან ჯანდაცვის მომსახურების მისაღებად, ან პროდუქტის შესაძენად.

დიმიტრი დბარმა მიმართა დე ფაქტო გენერალურ პროკურატურასაც, აკაკი ბობოხიძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს სისხლის სამართლის კოდექსით. „ვთხოვოთ ჩვენს კოლეგებსაც - რუსეთის ფედერაციას, რომ ის გამოაცხადონ საერთაშორისო ძებნილად და აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ვთხოვოთ, რომ მხარი დაუჭიროს რუსეთს და დახუროს საქართველოსთან საზღვარი მდინარე ენგურზე, სანამ იქ სიტუაცია არ დამშვიდდება და არ დავინახავთ, რომ საქართველოდან არანაირი საფრთხე არ გვემუქრება. თუ ჩვენ ამაზე რეაგირება არ გვექნება, ისინი თავს გაცილებით მეტის უფლებას მისცემენ“, - განაცხადა დბარმა.

რადიო თავისუფლებას ოკუპირებული გალის რაიონის რამდენიმე მცხოვრებმა აცნობა, რომ დანარჩენი საქართველოსგან გამყოფ საოკუპაციო ხაზთან არსებული ერთადერთი ე.წ. გამშვები პუნქტი შესაძლოა, 8 ივლისს ჩაიკეტოს. „ზუსტად არავინ იცის, მაგრამ აქ ასე ამბობენ, რომ აპირებენ ჩაკეტვას 8 ივლისიდან. ამბობენ, საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამოო“ - გვითხრა ანჟელა ბასარიამ. გალის რაიონში მცხოვრებთა თქმით, როცა ინფორმაციის შემოწმება სცადეს ე.წ. საზღვართან მყოფ რუს მესაზღვრეებთან, პასუხად მიიღეს, რომ მათ არაფერი იციან.

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ქართველები აღნიშნავენ, რომ ე.წ. საზღვრის დაკეტვა პრობლემებს მათ შეუქმნის, რადგან დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე თითქმის ყოველდღე გადადიან ჯანდაცვის მომსახურების მისაღებად, ან პროდუქტის შესაძენად. 20 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენების შემდეგ რუსეთი სჯის ქართულ მოსახლეობას, ამბობს ერთ-ერთი გალელი.

ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი და დაკეტავს თუ არა ე.წ. საზღვარს. დეპუტატ დბარის მოწოდებისთვის პასუხი ჯერ არც დე ფაქტო პროკურატურას გაუცია.

XS
SM
MD
LG