რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ 26 მაისიდან ცალმხრივად გახსნა 3 თვის წინ, კორონავირუსის პანდემიის საბაბით ჩაკეტილი ე.წ. საზღვარი. აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაბრუნებას შეძლებენ. პირიქით გადაადგილება ისევ აკრძალულია.
ერთი დღით ადრე, 25 მაისს, გალის ტელევიზიამ დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარ სანიტარიულ ექიმზე, ლუდმილა სკორიკზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში დაბრუნებას 26 მაისიდან შეძლებდნენ ქართულ კლინიკებში სამკურნალოდ მყოფი მოქალაქეები.
სკორიკის თანახმად, „აფხაზეთის მთავრობის მიერ სანქცირებული ზომა განხორციელდება 2005 წლის საერთაშორისო სამედიცინი-სანიტარიული წესების ფარგლებში, რომელიც კარანტინის და განსაკუთრებით საშიში დაავადებების დროს მოქმედებს“.
ლუდმილა სკორიკმა ისიც თქვა, რომ მოქალაქეებს თან უნდა ჰქონდეთ კორონავირუსზე ჩატარებული ლაბორატორიული გამოკვლევის ცნობა, ხოლო მას, ვისაც ასეთი ცნობა არ ექნება, ტესტირებას ადგილზე ჩაუტარებენ. გარდა ამისა, ოკუპირებულ რეგიონში დაბრუნებულები 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში უნდა იმყოფებოდნენ.
მიუხედავად სკორიკის განცხადებისა, რომ აფხაზეთში დაბრუნებას ქართულ კლინიკებში სამკურნალოდ მყოფი მოქალაქეები შეძლებენ, დღეს, 26 მაისს, ენგურის ხიდის გავლით ოკუპირებული რეგიონისკენ გაემგზავრნენ სტუდენტებიც და ის მოქალაქეები, რომლებიც ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე სხვადასხვა მიზნით იმყოფებოდნენ და მარტში, ე.წ. საზღვრის დაკეტვის შემდეგ, საკუთარ სახლებში ვეღარ დაბრუნდნენ. ძირითადად, საუბარია გალის რაიონში მცხოვრებ მოქალაქეებზე.
მეუღლე მყავდა ავადმყოფი. აქ მყავდა სამკურნალოდ. შემდეგ ამ გზების ჩაკეტვამ მოგვისწრო და სამი თვეა არ გადავსულვარ. საბუთები აქ შემიმოწმეს ქართველებმა და გამიშვეს.
დღეს, ე.წ. საზღვარი რამდენიმე ათეულმა მოქალაქემ გადაკვეთა. გალის რაიონისკენ მიმავალმა მგზავრებმა რადიო თავისუფლებას ენგურის ხიდთან უამბეს ის, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკვე გადასული ნაცნობებისგან შეიტყვეს - მათ გადაადგილება შეძლეს მხოლოდ ე.წ. აფხაზური პასპორტების, ან ე.წ. ბინადრობის მოწმობის საშუალებით და მათთვის აფხაზ „მესაზღვრეებს“ არ მოუთხოვიათ კორონავირუსზე ჩატარებული გამოკვლევის ცნობა.
ბევრმა სწორედ ახლობლებისგან მიღებული ამ ინფორმაციის საფუძველზე გადაწყვიტა შინ დაბრუნება. „მეუღლე მყავდა ავადმყოფი. აქ მყავდა სამკურნალოდ. შემდეგ ამ გზების ჩაკეტვამ მოგვისწრო და სამი თვეა არ გადავსულვარ. საბუთები აქ შემიმოწმეს ქართველებმა და გამიშვეს. თანხმობაა იქედან და ამიტომ გამიშვეს ალბათ“, - გვითხრა გალისკენ მიმავალმა ქალმა.
„სამი თვეა აქეთ ვარ და სამი თვეა ჩემი სახლი მარტოა და არ მინახავს“, - გვეუბნება კიდევ ერთი, შუახნის ქალი.
ოკუპირებული აფხაზეთისკენ მიმავალ მოქალაქეებს ექიმებმა თერმოსკრინინგი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ჩაუტარეს. მათ შორის იყო ათამდე სტუდენტი, რომლებიც განათლებას ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში იღებენ.
„ოთხი თვეა სახლში არ ვყოფილვართ. ახლა მივდივართ და არ ვიცი, წინ რა გველოდება. ვიცით, რომ აფხაზეთის მცხოვრების დამადასტურებელ ცნობასთან ერთად საჭიროა საქართველოს პასპორტიც. ჯანმრთელობის ცნობას რაც შეეხება, იქ აგვიღებენ ანალიზებს“, - გვითხრა სტუდენტმა თამარ მორგოშიამ.
გალისკენ მიმავალი მგზავრების უმეტესობა მედიასთან საუბრისგან თავს იკავებდა. ისინი საჯაროდ საკუთარი აზრის გამოთქმას ერიდებიან. როგორც ამბობენ, არ უნდათ ვინმე გააღიზიანონ ტერიტორიაზე, რომელსაც თბილისი ვერ აკონტროლებს.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი 14 მარტს დაკეტა, თუმცა, მას შემდეგ ათეულობით მოქალაქეს მისცა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე სამკურნალოდ გადასვლის უფლება. მათ შორის იყვნენ არა მხოლოდ კორონავირუსის სიმპტომების, არამედ ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები.